რისთვის შეამთხვევ თავს ამხელა განსაცდელს?
რისთვის შეამთხვევ თავს ამხელა განსაცდელს?
მემთვრალეობისათვის
წმინდა ბასილი დიდი
მემთვრალეობა - განზრახ ეშმაკეულობაა, ადამიანთა მიერ შეძენილი და მოპოვებული. ის გულისთქმის მიერ შემოდის და მკვიდრდება სულში. მემთვრალეობა - დედაა უკეთურებისა, სათნოებების მოწინააღმდეგე, სიმამაცის შიშად გარდამქცეველი, პატიოსნების შემარცხვენელი, სიწმინდის წამბილწველი, სიმართლის არმცოდნე და სიბრძნის განმაქარვებელი.

უფალს ღვინო უძლურების ნუგეშინისცემისთვის მოუცია ბრძენთათვის, უგუნურთ კი იგი ცოდვის მიზეზად უქცევიათ. როგორც წყალი აქრობს ცეცხლს, ასევე დაშრეტს მემთვრალეობა ყოველგვარ სიბრძნეს. როგორც პირუტყვთა შორის გავრცელებულ მომაკვდინებელ, უკურნებელ სენს მკურნალნი, პირველ რიგში, ჯანმრთელი პირუტყვის წამლობითა და დაავადებულთაგან მათი განრიდებით იწყებენ, ხოლო დასნეულებულთ არც კი ეკარებიან, ასევე არც მემთვრალეობის ვნებით შეპყრობილი დაავადებული სულები განიკურნებიან მხოლოდ სიტყვით, რადგან სიტყვის ძალა მხოლოდ მათ რგებს, ვინც ჯერ კიდევ თავისუფალია ამ ცოდვისგან.

რით განსხვავდები პირუტყვისგან, ადამიანო? ღვთისგან ბოძებული მეტყველების უნარითა და ნიჭებით. ამასთან, ქვეყნიერების გვირგვინად და მეფედ დაგადგინა შემოქმედმა. ხოლო ვინც შეურცხყოს, განაცოფოს ასეთი პატივი მემთვრალეობით, "ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ" (ფსალ. 48-13). მართლაც, პირუტყვზე უარესნი არიან ასეთნი, რადგან ოთხფეხებს გამრავლებისა და შვილიერებისთვის განკუთვნილი ჟამი აქვთ, მემთვრალეობით შეპყრობილნი კი არაბუნებითი მხურვალებით აღავსებენ ხორცს და ყოველწამიერად ბილწ საქმეებს აღასრულებენ.

ლოთი ხან შეუჩერებლად ტირის, ხან კი უზომოდ იცინის, ზოგჯერ ამპარტავანი და უშიშარია, ზოგჯერ კი მხდალი და შეძრწუნებული. როცა სძინავთ, მძიმეა მათი დასვენება, რადგან სიკვდილის სახით არიან შემოსილნი: "მღვიძარებაი მათი უუგუნურეს არს ძილისა, რამეთუ ყოველი ცხოვრებაი მათი სიზმარ არს".

ერთი და იგივე ღვინო სხვადასხვა ვნებას აღძრავს თითოეულ ადამიანში: ზოგს სისხლს უდუღებს და ამხიარულებს, სხვებს ამძიმებს და მწუხარებაში აგდებს. უწესოდ ღრიალი, განრისხება და ამბოხი, "არარასა ზედა სიმტკიცე", ყოველი საცდურისკენ ადვილად მიდრეკა და სისაძაგლეა ნაყოფი მემთავრალეობისა.

მემთვრალეობა წყაროსავით აღმოაცენებს შეგინებულ გულისთქმებს, სიძვის სენს ამრავლებს ღვინის სიმრავლესთან ერთად. პირუტყვებმაც კი იციან თავიანთი ბუნების საზღვარი, ხოლო ლოთობის მოყვარე მამაკაცთა შორის დედაკაცებს ეძებს, დედაკაცთა შორის კი მამაკაცებს.

ღვინის ბოროტად მომხმარებელი გარეგნულადაც იცვლება - მისი სხეული დასნეულებულია და მოკლებულია ბუნებრივ ძალასა და სიჯანსაღეს, შეშუპებული და განსივებულია, თვალები - ჩასისხლიანებული და ამღვრეული, პირი - გამომშრალი. სახე ბუნებრივ ფერს კარგავს... ენა - მოლაყბე და მომროშველია, ხმა - უმსგავსო, სიარული და ნაბიჯები კი მცირე ყრმასავით არამყარი და არეული. მემთვრალეთა სულები ღვინის მორევშია დანთქმული...

საბრალოა ეშმაკეული, მთვრალი კი არ არის წყალობის ღირსი, რადგან საკუთარი ნებითა და განზრახვით აქცია თავისი ცხოვრება ბოროტად.

როგორც უზომო ბრწყინვალება აბნელებს თვალებს, მძლავრი, უხეში ხმიანობა კი ახშობს სმენას, ასევე უმსგავსო, ზღვარს გადასული ღვინისმოყვარეობა რყვნის და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აგდებს ადამიანს.

სიმთვრალის მოყვარულნი განწირულნი არიან გლოვისთვის, რადგან ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. ღვინო შფოთს ამკვიდრებს გონებაში და მის მოყვარულთ აღარ ესმით მოძღვართა შეგონება, სწავლება, რჩევა, რადგან ყრუნი არიან და მძინარენი, მთქნარებაში ატარებენ სიცოცხლეს, ნისლივით ბუნდოვანია მათი ყოფიერება. "ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლისა მიერ არს ბილწებაი" (ეფეს. 5,18) - ისინი ეურჩებიან მოციქულის ამ სიტყვებს და იმკიან კიდეც მემთვრალეობის ნაყოფს.

რისთვის შეამთხვევ თავს ამხელა განსაცდელს? რატომ სწირავ სიცოცხლეს კაენზე აღსრულებული წყევლისთვის? რატომ გსურს, შენც შიშითა და კანკალით განლიო ცხოვრების დღენი? როდემდე იქნები ამგვარად, უბადრუკო? ნუთუ ვერ ხვდები, "რაი ეგე მოიწევის შენ ზედა?" ჭუჭყად და ტალახად იქეცი, ღვინოს აღერიე და მასთან ერთად ლპები... გახრწნილ, მყრალ ჭურჭელს დაემსგავსე, რომელიც ყარს თავისი სიბილწით. სწორედ ასეთებზე ამბობს ესაია წინასწარმეტყველი: "ვაი არს მათდა, რომელნი აღდგებიან განთიად და თაფლუჭსა (თაფლუჭად ჰურიები მოიხსენებენ "ყოველსავე დათრობად შემძლებელსა") სდევენ, რომელნი დაჰყოფენ მწუხრამდე, რამეთუ ღვინომან მან შეწუნეს იგინი, რამეთუ ორძლითა და სტვირებითა სუმენ ღვინოსა მას და საქმეთა უფლისათა არა მიხედვენ და ქმნულსა ხელთა მისთასა არა განიცდიან" (ესაია 5,11-12). უფლის წინასწარმეტყველი უდიდესი გულისტკივილითა და მწუხარებით იგლოვს მათ, ვინც ცხოვრების მნიშვნელოვან, საოცარ წუთებს ლოთობაში ატარებს, არ განუცდია მადლი და სიხარული საღვთო მშვენიერებისა, რადგან არ რჩება დრო ზეცად ახედვისა, რათა შეიგრძნოს დაბადებულთა შორის არსებობული ყოველი სიკეთე და ამით ამოიცნოს და ადიდოს შემოქმედი თვისი.

სიმთვრალე გონების დამაქცეველია, სულის გამხრწნელია, უდროო სიბერეა, მკვდართა მიმსგავსებაა და სახეა კერპისა. განა კერპს არ ემსგავსება მთვრალი? "პირ ათქს და ვერ იტყვიან, თუალ ასხენ და არა ხედვენ, ყურ ასხენ და არა ესმის" (ფსალ. 113,13-14). ღვინოს დამონებული ღვთის ტაძრის ნაცვლად ეშმაკთა და კერპთა ტაძრად იქცევა.

მაგრამ მიუხედავად ასეთი ძლიერი სენისა, ამგვარი მომაკვდინებელი მდგომარეობისა, ნუ მიეცემით უიმედობას - ეს კიდევ უფრო დაამძიმებს და განუკურნებელს გახდის ამ ჯოჯოხეთურ დაავადებას, რამეთუ სასოწარკვეთილება დედაა წარწყმედისა და საუკუნო სიკვდილისა. გახსოვდეთ - სადაც სენია, იქ ყოველთვის არის წამალიც, "რომელსა ძალ-უც ცოდვათა დიდთა კურნებად" (ეკლეს. 10,4). მარხვა აღმომფხვრელია სიმთვრალისა, ფსალმუნება დამანგრეველია "შეგინებული ხმისა", ცრემლი განმაქარვებელია უჯერო სიცილისა, ხოლო "როკვისა წილ მუხლნი მოიდრიკენით ღმრთისა მიმართ".

ლმობიერი და ღვთისმოშიში ადამიანი წუხს და გული შესტკივა მოყვასზე, რაჟამს ასე დაცემულსა და შეურაცხყოფილს ხედავს. ებრალება, ლოცულობს მისთვის, მაგრამ ამავე დროს განერიდება კიდეც: "განვედით შორის მათცა და განეშორენით მათ და არაწმიდასა ნუ შეეხებით" (ესაია 52,11), რათა ასეთი საქციელით მიხვდნენ თავიანთ უმსგავსობას და შერცხვეთ საკუთარი ბოროტი ჩვევისა, მათი კეთილისმყოფელნი კი უდიდეს სასყიდელს მიიღებენ უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბეჭდვა
1კ1