ადამის მემკვიდრეობა
ადამის მემკვიდრეობა
(ქრისტიანული ფსიქოლოგიის ნარკვევები)
დასაწყისი იხ. "კარიბჭე" #8
თავი V

აქამდე ცოდვისადმი ჩვენი გონებრივი უნარების (როგორც წმინდა მამები ამბობენ, სულის გონიერი ნაწილის) დამონებულობაზე ვსაუბრობდით და დავასკვენით, რომ ცოდვა ბატონობს მასზე ჩვენი "მე"-ს საშუალებით. იგივე უნდა ვთქვათ ჩვენი მგრძნობელობითი უნარების (სულის გრძნობადი ნაწილის) შესახებაც, რომელთა შესაკრებელიც გულია. აქაც ჩვენი "მე"-ს გარეშე არაფერი ხდება. აქაც ცოდვა ღრმად არის ჩამალული მისთვის ესოდენ ძვირფას თავშესაფარაში.

პირდაპირ რომ ვთქვათ (და ზემოთაც აღვნიშნეთ), სწორედ გულშია ჩაბუდებული ცოდვებისადმი ჩვენი ყოველგვარი მიდეკილება, ანუ გულია ცოდვილ გულისთქმათა მთავარი შესაკრებელი. გონება კი ცოდვის მხოლოდ მეორეხარისხოვან თანაშემწედ გვევლინება და გულის ბრძანებეს - გულის კარნახს - ემორჩილება უსიტყვოდ. სწორედ გულშია ჩვენი სურვილების სათავე: გულიდან და არა გონებიდან მომდინარეობს, როგორც უფალი ამბობს, ბოროტი გულისთქმები (მთ. 15:19). მაგრამ რატომ არაფერს მოვკითხავთ ხოლმე გონებას ჩვენი სიტყვებისა თუ ქმედებების გამო? არადა, ეს რომ საჭიროა, იმითაც ჩანს, რომ სხვის ნამოქმედარს საკმაოდ განსჯის, ბევრად მკაცრად, ვიდრე თავად საქმის ვითარება გვკარნახობს ამას. მაშასადამე, უკიდურესად მიკერძოებით მსჯელობს...

ჩვენ მზად ვართ, საკუთარ თავს ყოველგვარი უმსგავსოება ვაპატიოთ, ყველაზე დიდი გარყვნილების (ნაკლის) გასამართლებლად შესაბამის სიტყვებს ვიშველიებთ: შეცდომა, ხუმრობა, ანგლობა, სისუსტე, - სულიერებაში მეტ-ნაკლებად გარკვეულ ადამიანებს კი გვაქვს ტერმინი - უძლურება, - და თითოეულ ამ სიტყვას მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის მოვიხმობთ; ხოლო სხვათათვის, თუნდ მართლაც უძლურთათვის, მზად გვაქვს სიტყვები: უსამართლობა, უხეშობა, უნამუსობა, უსირცხვილობა, სულმდაბლობა, უფრო მეტიც - გარყვნილება, სირცხვილი, დანაშაული...

რა გვრჯის, ამგვარი უსამართლობა ჩავიდინოთ? რა განაპირობებს მოყვასისა და ჩვენი "მე"-ს ამგვარ უთანასწორობას? რა უდევს საფუძვლად ჩვენ მიერ ერთსა და იმავე ქმედებათა მიკერძოებით განსჯას? რა თქმა უნდა, ამის მიზეზია არა ჩვენი არალოგიკური აზროვნება (ლოგიკის მოშლა), არამედ გადაგვარებულობა და სიყალბე, რომელიც გარყვნილი გულის სიღრმიდან მომდინარეობს.

და თუ გამოწვლილვით გამოვიძიებთ მოყვასისადმი ჩვენს უსამართლო დამოკიდებულებას, თუკი მონდომებით მივაყურადებთ გულის ხმას და არა გულისთქმას, ადვილად გავარჩევთ (ამოვიცნობთ) სიყალბესაც.

გული აიძულებს გონებას, მოყვასის ქმედება განსაჯოს და დაგმოს, მაგრამ სინდისი (ზოგჯერ ძლივს შესამჩნევადაც კი) წინააღმდეგობას უწევს: "ეგ შენი საქმე არ არის, შეწყვიტე განკითხვა!" ან "შენ მასზე უკეთესი არ ხარ!" და ეს შინაგანი წინააღმდეგობა მით უფრო ძლიერია, რაც უფრო მეტად ცდილობს კაცი ქრისტიანობას და რაც უფრო მეტად რბილი და თბილი ხასიათისაა ის ბუნებითად (ტემპერამენტით).

წმინდა მამებიც გულმოდგინედ აყურადებდნენ საკუთარი სინდისის ხმას და ყოველნაირად ცდილობდნენ, მოყვასისადმი მათი დამოკიდებულება ამ ხმასის საწინააღმდეგო არ აღმოჩენილიყო. სწორედ ამიტომ სიტყვით და საქმით ღვთისა და მოყვასისადმი მათ დამოკიდებულებაში, მთელ მათ მოღვაწეობაში იმგვარი ჰარმონია სუფევს, რომ ხორციელი გულისთქმებით მცხოვრებ კაცსაც კი მათდამი კეთილად განაწყობს.

მაგრამ რამდენი ძალისხმევა და შრომაა საჭირო, სულიერი სიმშვიდე რომ მოიპოვო! რამდენი ტანჯვაა

საჭირო, ღმერთს რომ დაუზავდე და საკუთარი თავი მოთოკო! ეს უდიდესი ღვაწლი (გმირობა) სისხლის დათხევას მოითხოვს, სულ მცირე სისხლიანი ოფლი მაინც უნდა გაიღო და ღვთის დიდი წყალობით ნაყოფსაც მოიღვაწებ.

თავი VI
წრფელი სინდისით მივაყურადოთ ჩვენს შინაგან სამყაროს, შევხედოთ, რა ინტერესებით ცხოვრობს, რის შესახებ ფიქრობს... მაგალითად, გამოწვლილვით გამოვიძიოთ, რას აკეთებს იმ წუთებში, როდესაც საკუთარ თავთან პირისპირ რჩება და საქმისგან თავისუფალია! ოჰ, რა ირონიულად ჟღერს ეს სიტყვა! რა გამაოგნებელი სურათი გადაგვეშლება თვალწინ! რა ქაოსია აზროვნებისა! სწორედ ისეთი, როგორიცაა ფუტკრების სიმრავლე სკის გარშემო ან მტვერი - ქუჩაში, ან კვამლი - ხანძრისას. ერთმანეთში ირევა ათასგვარი ურთიერთგამომრიცხველი წარმოდგენა, აზრები ერთურთს ენაცვლებიან, ხან ეწინააღმდეგებიან, ხან ხარისხდებიან, ჯგუფებად ერთიანდებიან და თავხედურად იჭრებიან ადამიანის სულიერ სამყაროში. წმინდა მაკარი ეგვიპტელი გონების ამგვარ მდგომაროებას (ტვინის "რყევას") მარცვლეულის ცხაურში გატარებას ადარებს. მართლაც, რა საოცრად ჰგავს ეს ყველაფერი გულიდან უამრავი გულისთქმის გამომდინარეობას!

მაგრამ ნორმალურია კი ჩვენი ამგვარი შინაგანი მდგომარეობა? ნუთუ სული არ ბატონობს გულზე? ნუთუ სულს არ შესწევს ძალა, გულიდან გააძევოს დაუპატიჟებელი სტუმრები? აძევებს კიდეც, მაგრამ გულში არის რაღაც ისეთი, რაც მათ განსაკუთრებით იზიდავს, და ამიტომაც კვლავ და კვლავ დაჟინებით მიიწევენ იქით. და როგორც სკიდან გაყრილი ფუტკრები კვლავ მისკენ მიფრინავენ, ასევე აზრებიც გამუდმებით იწევენ ჩვენი გულებისკენ, როგორც ძვირფასი თავშესაფრისკენ, და იქვე ცდილობენ დაბუდებას...

აი, ადამიანი საქმითაა დაკავებული: ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. უამრავი აზრი უტრიალებს გარშემო, მაგრამ რაკი მისი გონება სხვა რამითაა დაკავებული, მხოლოდ სუსტად გაკრთებიან მის წინაშე და მალევე განეშორებიან.

ადამიანი ლოცულობს: ამ დროს განსაკუთრებით გულის გამაწვრილებელი ხდება აზრები. საოცარია: მათ მაშინღა ამჩნევს გონება, როცა ამ აზრებით სრულიად გადავსებულია და ეს ყველაფერი ხდება ლოცვის დროს, სწორედ მაშინ, როცა ადამიანის გონება განსაკუთრებული მონდომებით ცდილობს ლოცვის თითოეულ სიტყვაზე კონცენტრირებას. დასაწყისისთვის გესმის (აცნობიერებ), რას კითხულობ, გულიც თითქოს ლღვება, რბილდება, მხურვალე ხდება, - მაგრამ რამდენიმე სტრიქონის შემდეგ გაოგნებს ერთგვარი მოულოდნელობა: გონება უკვე სხვა რამითაა დაკავებული, თანაც ისე, რომ ვერც კი შენიშნე, მტერი როგორ შემოგეპარა...

იწყებ გონების "გასუფთავებას", მტრების გაძევებას, ძალისხმევას არ იშურებ, რომ გონება როგორმე კვლავ მოიკრიბო, მთელი არსებით ცდილობ, გულისყური ლოცვის სიტყვებზე გადაიტანო, მაგრამ... აღმოაჩენ, რომ თვალით წაკითხული არც კი წაგიკითხავს, როგორც ჩანს, მტერი მთლიანად დაჰპატრონებია შენს გონებას, შენ კი ის არც კი შეგინიშნავს!.. მაგრამ, სამწუხაროდ, რამდენიმე სტრიქონის შემდეგ იგივე მეორდება... არის კი უფრო მეტი მტიცებულება საჭირო იმისთვის, ვირწმუნოთ, რომ ვიღაც ერევა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში?!

ასეთი არამყარია ჩვენი სიკეთისადმი მისწრაფება ღვთის დიდი წყალობისა და შემწეობის გარეშე! ასეთივე უსუსურია თვითგამოსწორების ყოველგვარი მცდელობა ვნებათა წინააღმდეგ, უსუსურია სწორედ ისე, როგორც ობობას ქსელი ქარიშხლის წინაშე, - მანამ, ვიდრე არ შეგვეწევა ყოველთა განმაძლიერებელი და განმამტკიცებელი ნუგეშისმცემელი. მანამდე კი ძალიან თავგანწირული ბრძოლაა საჭირო მტრის წინააღმდეგ, დიდი შემართება, რომ უკუაქციო მოძალადე, ბრძოლა არა ერთი ან ორი დღით, ან თუნდაც წლით, არამედ ზოგჯერ მთელი ცხოვრება!.. და, რა თქმა უნდა, დაუსრულებელი და განწირული იქნებოდა ადამიანის ყოველგვარი მცდელობა, მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად რომ იბრძოდეს (რაც, სინამდვილეში, არ გააჩნია) და მისი სიმდაბლის პასუხად უფალი რომ არ ეწეოდეს უხილავად (იმ დრომდე, ვიდრე ხილულად განუცხადებს მასთან მყოფობას). ამისთვის, უპირველესად, გულის განწმენდაა საჭირო. და იმარჯვებს მხოლოდ ის, ვინც ღვთის სათნოდ ებრძვის ვნებებს, ვინც სრულად ასუფთავებს გულს იქ ჩაბუდებული ცოდვილი გულისთქმებისგან, ვინც მთელი არსებით მოიძულებს ცოდვას და არა მხოლოდ გონებით. და მხოლოდ მაშინ, როცა სრულად დაწყვეტს იმ უხილავ ძაფებს, რომლითაც გული ცოდვას ებრძვის, ქაოსური და შემაშფოთებელი აზრების ნამდვილი არსიც გაცხადდება.

მოღვაწემ უკვე გამოცდილებით იცის, რომ ეს აზრები მისი არ არის, რომ ისინი ცოდვის მიერ იშვნენ. ეს ცოდვის ნაყოფნი, რომლებიც მის გულში ბუდობენ, მხოლოდ იმას ცდილობენ (თუ ცოდვილი გულისთქმებით არა, ცარიელი, ამაო აზრებით მაინც), როგორმე დაეპატრონონ მის არსებას, ოღონდ კი სულის ხსნისთვის ფიქრის დრო არ დაუტოვონ. ასეთ შემთხვევაში ღვთის შემწეობითა და ადამიანის ნებელობით გულიდან გაძევებული გულისთქმები უკვალოდ ქრებიან, უკიდურეს შემთხვევაში, იმდენად მაინც უძლურდებიან, რომ მათი დამღუპველი ძალმომრეობა სულის ხსნის გზაზე ხელს ვეღარ შეგვიშლის.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

მოამზადა
ეკეტერინე ქორიძემ
ბეჭდვა
1კ1