რატომ მოგაქვს თავი ამ სამარცხვინო საქმეებით, ადამიანო?
რატომ მოგაქვს თავი ამ სამარცხვინო საქმეებით, ადამიანო?
ცოდვის, ამპარტავნებისა და სასჯელისათვის
წმინდა იოანე ოქროპირის მიხედვით
მართლაც არაფერია ამპარტავნების სენზე უარესი და მომაკვდინებელი სულისთვის - ეს ვნება სრულად ანადგურებს ადამიანის ცნობიერებას. უგუნურია, ვისაც თავი მთაზე მაღალი ჰგონია, ასევე ბრმა და საბრალოა ამპარტავანი, რომელიც თავის შესაფერისად და სწორად არავის მიიჩნევს, რომელსაც საკუთარი თავი ყოველ მოკვდავზე მეტად გონიერი და უკეთესი წარმოუდგენია. ამპარტავნების სენით მოწყლული სული ვერც ცოდვის სიმძიმესა და მომაკვდინებელ ძალას აცნობიერებს, რადგან ტყვესავით ემონება ეშმაკს, დაჰბნელებია თვალი გონებისა, ბოროტებითა და ამაოებით იკვეხნის, წარმავალი დიდებისთვის, სიმდიდრისთვის, ხორციელი საქმეებისთვის იღვწის და "მასვე ზედა მაღლოინ". რატომ მოგაქვს თავი ამ სამარცხვინო საქმეებით, ადამიანო? განა ყოველივე "ამაოებაი არა არს ამაოებისაი?" (ეკლ. 1,2). და რა არის გვარიშვილობა? მხოლოდ სახელი და ყოველ საქმეთაგან სიცარიელე. ამ სიტყვების ჭეშმარიტებას სიკვდილის დღეს შეიცნობ განცხადებულად.

მრავალი განსაცდელი, მწუხარება, სნეულება და თვით სიკვდილი მდიდრებსაც და გლახაკებსაც თანასწორად "მოეფინება". ღარიბს არ შეიწყალებს სიკვდილი სიდუხჭირის გამო, არც მდიდარსა და სახელოვანს "არა ჰრიდებენ" ამ ქვეყნიდან განსვლის ჟამს. მდიდარს მუდამ თან სდევს შიში სიმდიდრის დაკარგვისა, განსხვავებით გლახაკისაგან, რომელიც ამ ყველაფრისგან თავისუფალია და, შესაბამისად, შემსუბუქებულია მისი სულიც. ხორციელად გლახაკი იყო წმინდა იოანე ნათლისმცემელი, არავითარი ამსოფლიური დიდება და პატივი არ გააჩნდა, მაგრამ "მეფენი ძრწოდეს მისგან". "ჰეროდე შეიპყრა იოვანე და შებორკილა იგი და საპყრობილესა შეაყენა ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თჳსისა. რამეთუ ეტყოდა მას იოვანე, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად" (მათ. 14,3-4).

მეტად მძიმეა სული სიმდიდრით განებივრებული ამპარტავნისა, რადგან მონაა იგი საკუთარი დიდებისა, პატივისა, ოქრო-ვერცხლისა და ყოველგვარი ცოდვისა. როგორც მცენარე იზრდება წყლის დასხმით, ასევე ყოველწუთიერად კერპდება თავის ცოდვაში მედიდური სული, რომელიც სიმდიდრის წყლით დღენიადაგ რწყავს საკუთარ ურჯულოებასა და უმსგავსობას. საბრალოა უმეცარი სული, მიუტოვებია მყუდრო ნავსაყუდელი და ცოდვის ღელვაში დასახრჩობადაა განწირული.

რატომ გვიყვარს მხოლოდ კეთილი სახელი, მის შესაფერისად ცხოვრება კი - არა? საქმეთაგან ცარიელი დიდება, ძალა, სიმდიდრე მხოლოდ მიწიერი საცთურია და სხვა არაფერი. მარტოოდენ ღვთის მოყვარე სული, უფლის ერთგული გონიერი სული შეიძლება ჭეშმარიტად მდიდრად, ძლიერად, სახელოვნად იწოდებოდეს, რადგან ყოველივე კეთილი მის შორის მტკიცეა და შეურყეველი, სამარადისოა და წარუვალი. დავით წინასწარმეტყველი იტყვის: "რამეთუ ყოველთავე ცუდ არს ყოველი კაცი ხორციელი" (ფსალმ. 38,5) და ყოველი საქმე ამა სოფლისა ცრუ და წარმავალია. ყველაფერს დავტოვებთ, როგორც ვიშვით, შიშვლები გავალთ ამ ცხოვრებიდან, ღვთის მართლმსაჯულების წინაშე წარვდგებით და ვიხილავთ ყოველ დაბადებულს შეკრებილსა და წარდგინებულს ზეციური მსაჯულის წინაშე, რათა პასუხი აგონ თითოეული საქმისთვის, რაც წუთისოფელში აღუსრულებიათ.

ვისმინოთ უფლის სიტყვა დანიელ წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი: "საყდარნი დაიდგნეს და ძველი იგი დღეთაი დაჯდა, საყდარი მისი ვითარცა ალი ცეცხლისაი იძვროდა წინაშე მისსა და ათასნი ათასთანი დგეს წინაშე მისსა, და ბევრნი ბევრთანი ჰმსახურებდეს მას, და იგი ჯდა და განიკითხავდა, წიგნნი მატიანისანი განეხუნეს წინაშე მისსა. მე, დანიელ, ვიხილე ესე ყოველი და შემიძრწუნდა გული ჩემი, და იცვალა ხატი ჩემი, და შეშფოთნა გონებაი ჩემი შიშისაგან და ზარისა" (დან. 7,9-15). მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის ყოველი დიდება! თუკი წინასწარმეტყველმა ოდენ ჩვენებით იხილა ყოველივე და შეძრწუნდა, რაღა ვთქვათ ჩვენ ცოდვილებმა, ცხადში რომ წარვდგებით და საკუთარ თავზე გამოვცდით ყველაფერს?

როცა ვიხილავთ ცოდვილთ, რომელთაც "ეტვირთნენ ცოდვანი მათნი ბეჭთა მათთა ზედა და დადგნენ განქიქებულნი", როცა სირცხვილის გამო ვერ შევძლებთ ზეცაში ახედვას, მაშინ მგმობართა ბაგე დაიწვება და ენა მათი ცეცხლს მიეცემა; კბილნი მწვალებლებისა შეიმუსრება "ხელითა ანგელოზთა მათ უწყალოთაითა"; თვალები წამწამებთან ერთად ამოიწვება და არავინ იქნება მშველელი მათი: არც მამა, არც დედა, არც ძმები, არც დები და არც ნათესავები. სადღა იქნება მაშინ დიდებულება მეფეთა, ხელმწიფება მთავართა და მედიდურობა დიდებულთა? სადღა იქნებიან მსაჯულნი სიცრუისანი, ქრთამს რომ იღებდნენ და დამნაშავეთ ამართლებდნენ? "სად იყოს შუენიერებაი იგი ჭაბუკთაი, სიქადული საფასეთაი, სიკეთე მარგალიტისა პატიოსნისაი"? მაშინ შერცხვებიან მთქმელნი: "ღმერთი მოწყალე არს და არა მიაგებს ცოდვილთა საქმეთა მათთაებრ".

დავიცვათ ჩვენი სულები, ვიღვაწოთ სიკეთისთვის, სანამ მცირეოდენი დრო მაინც გვაქვს, შევინანოთ სათნო სინანულით, გამოვიღვიძოთ სულიერი ძილისგან, ზარმაცობისა და მოწყინებისგან! ნუ აღმოვჩნდებით მათ გვერდით, რომლებიც უფლისგან შემაძრწუნებელ სიტყვებს მოისმენენ: "არა გიცნი თქუენ, რამეთუ მშიოდა და არა მეცით მე ჭამადი, და მწყუროდა და არა მასუთ მე, შიშუელ ვიყავ და არა შემმოსეთ მე, სანეულ ვიყავ და არა მიხილეთ მე, საპყრობილესა ვიყავ და არა მოხუედით ჩემდა" (მათ. 13,25). ამას საშინელი განჩინება და სასჯელი მოჰყვება: "წარვედით ჩემგან ბნელსა მას გარესკნელსა, რომელი განმზადებულ არს თქუენთვის უწინარეს ჟამთა, სადა იგი არს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი" (მათ. 22,13). მართალნი კი საუკუნო ცხოვრებაში გაბრწყინდებიან და "დადგენ იგინი მარჯუენით სიძისა ქორწილსა მას ზეცისასა".

ღვთის რწმენასა და შიშს დავუმორჩილოთ სულები, ნუ ვწყალობთ და ვაფუებთ ხორცს, რომელიც მიწაში გაიხრწნება და მატლების შესაჭმელი გახდება. ვევედროთ უფალს, განგვინათლოს გონების თვალი, გამოგვაღვიძოს სულიერი ძილისგან, სიზარმაცისგან, მოწყინებისა და უგულისყურობისგან, რადგან ჟამი სიკვდილისა აუცილებლად დადგება და "ღონე არა არს განრომისა მისგან".

მეტად ხანმოკლეა ამქვეყნიური სიცოცხლე. საოცრად სწრაფად გარბიან ცხოვრების წლები. მოდის სიბერე, უძლურება, ტკივილი... სიკვდილი კართან დგას და მოუთმენლად ელის მის გაღებას. დაშრება ხორხი და უძლური გახდება ბაგე მეტყველებისთვის, დადუმდება ენა "და თვალნი ვეღარ ხედვენ ნათელსა დღისასა". მშობლები, ნათესავები, ახლობლები და მეგობრები ტირილსა და გოდებას მოჰყვებიან, მაგრამ ვერაფერს გარგებენ, ვერ შეეწევიან შენს გასაჭირს. მხოლოდ ღმერთს - ერთადერთ ჭეშმარიტ მსაჯულს ესმის შენი გაჭირვება, გრძნობს შენი სულის ტკივილს, მაგრამ ბოროტი ცხოვრება, მოუნანიებელი ცოდვები შენი დახმარებისა და გადარჩენის საშუალებას არ აძლევენ.

გულმოდგინებით, დაუღალავად ვემსახუროთ უფალს ჩვენი ხანმოკლე ცხოვრების გზაზე. ვეძებოთ იგი ყველგან და ყველაფერში. რაც უნდა დიდი და მძიმე იყოს ჩვენი ცოდვები, ერთი წვეთი ცრემლი სინანულისა გაცილებით ძვირფასი და საყვარელია ღვთისთვის. უფალი კაცთმოყვარეა და სიყვარულითაა ნასაზრდოები მისი სამართალი. ძალზე უხარია, მონანულ, უბრალო სულს რომ ხედავს. მოვიძულოთ ქედმაღლობა, ამპარტავნება, სიცრუე და ორგულება, შევიყვაროთ სიმდაბლე, სიმშვიდე, უმანკოება და სიკეთე, რათა სათნოვეყოთ ღმერთს ჩვენი ცხოვრებით, ვიხარებდეთ მასთან ერთად ჩვენი ყოფიერებით, რათა უფლის მადლითა და კაცთმოყვარებით ღირსი გავხდეთ საუკუნო მარადიული ცხოვრებისა, ქრისტესთან ერთად სიხარულისა, რომელსაც ეკუთვნის ყოველი სიმტკიცე, დიდება და პატიოსნება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ბეჭდვა
1კ1