როგორც მჟავა ჭამს და განლევს რკინას, ასევე ანადგურებს სულს შურიც
როგორც მჟავა ჭამს და განლევს რკინას, ასევე ანადგურებს სულს შურიც
შურისათვის
წმინდა ბასილი დიდის მიხედვით
ღმერთი სიკეთეა და სიკეთეს ანიჭებს ყოველ კეთილის მოქმედს. ბოროტია ეშმაკი და ყოველივე ბოროტის მოქმედი. როგორც უშურველობაა თვისება სიკეთისა, ასევეა შური თვისება ბოროტებისა. აუცილებელია, დავიცვათ თავი ამ საშინელი ვნებისაგან, რათა არ ვეზიაროთ ეშმაკის საქმეს და მასთან ერთად არ დავისაჯოთ.

თუკი ამპარტავანნი ვერ ასცდებიან ეშმაკთა და მის მსახურთათვის გამზადებულ სასჯელს, განა შურიანი ასცდება რისხვას ღვთისას?

არ არსებობს შურზე დიდი ვნება, რადგან იგი ნაშობია ამპარტავნებისა. როგორც მჟავა ჭამს და განლევს რკინას, ასევე შური ჭამს და ანადგურებს სულს. შური მწუხარებაა მოყვასის კეთილდღეობის გამო, ამიტომაც საბრალოა შურიანი, რადგან ჭირი და დარდი არასდროს ანებებს თავს. როცა განმდიდრდება ადამიანი და მის სახლში სიხარული დაისადგურებს, შურიანს ბოღმითა და ღვარძლით უსივდება გული და შვებას ვერსად პოვებს. თუ ვინმე სიბრძნით, მადლითა და წყალობით გამოირჩევა, ახალი სადარდებელი არ ასვენებს ამ ვნებით შეპყრობილს. მარად დაწყლულებულია მოშურნე ადამიანის სული. ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ ასეთს არც განკურნება სურს, რადგან არ იღებს სულის წამალს - საღვთო სწავლებას, რომლითაც სავსეა წმინდა წერილი. მხოლოდ ერთს ელის - იხილოს ვინმე დაცემული და განადგურებული, რათა ამით საწადელს მიაღწიოს, რაც ერთადერთი სიხარულია მისი.

ასეთი კაცი მხოლოდ მაშინ დაგიმეგობრდება, როცა მტირალსა და მგლოვიარეს გიხილავს, მოხარულთან სიხარული კი მისთვის უცხოა. მტირალთან ერთად რომ ტირის, ამას კაცთმოყვარეობის გამო კი არ სჩადის, არამედ იმისთვის, რათა უარესად დაუმძიმოს კაცს ყოფა, იმედი გადაუწუროს და გულისტკივილი გაუხანგძლივოს.

როცა ვინმე გარდაიცვლება, მაშინღა მოჰყვება მის ქებას, ხოტბას შეასხამს მის სახელს და პატივს მიაგებს მის ხსოვნას, სიცოცხლეში კი ერთი ტკბილი სიტყვაც არ გაუმეტებია მისთვის. ხშირად მკვდრისაც კი შურს, თუკი ხედავს, რომ მრავალნი აქებენ მას. მოყვასის სიმდიდრეს "შემდგომად დაცემისა აქებნ", რადგან მოისპო მიზეზი მისი შურისა. შურიანისთვის ყველა წარჩინებული სიცოცხლეში მტერი და მეტოქეა, მხოლოდ სიკვდილისა და განადგურების შემდეგ ხედავს მათში მოყვარეს.

რა უნდა იყოს ამ ვნებაზე უფრო საშინელი? იგი განხრწნაა სიცოცხლისა, დაწყლულებაა ბუნებისა, მტრობაა ღვთისა და მის მიერ მონიჭებული ყოველი სიკეთისა. განა შურმა არ დათესა ბოროტება, როცა ეშმაკმა ბრძოლა გამოუცხადა ადამიანს, ღვთისაგან უდიდეს პატივში დადგინებული რომ იხილა? განა ეშმაკი ადამიანით არ ებრძვის ღმერთს, რადგან თავად უფალთან საბრძოლველად ძალა არ შესწევს? კაცთა შორის პირველი კაენი დაეცა ამ ვნებით. იგი დაემოწაფა ეშმაკს და მისგან ისწავლა შური და კაცისკვლა. განვერიდოთ ამ საშინელ სენს - ღვთის წინააღმდეგ ბრძოლის წინამძღოლს.

რატომ მწუხარებ, ადამიანო, როცა არ გაქვს მიზეზი წუხილისა, რადგან "არარაი ბოროტი გჭირს"? რატომ ებრძვი სიკეთეში მყოფს, მას ხომ შენთვის არაფერი წაურთმევია? თუკი გშურს მისი, განა ამით საკუთარ თავს არ ვნებ? მართლაც ძალზე ძნელია ამ საშინელი სენისგან თავის დაღწევა! შესაძლოა, მტერი სიკეთით მოაქციო, შურიანი კი უმეტესად აღეგზნება, რაჟამს პატივს სცემ და შეეცდები, სიყვარულით უწამლო მის უგუნურებას.

შური და ამპარტავნება იყო მიზეზი ჰურიათაგან მაცხოვრის ტანჯვისა და ჯვარცმისა. სწორედ შურმა შვა მათი უკეთურება. მაცხოვრის მიერ აღსრულებული სასწაულები გახდა მიზეზი მათი გაბოროტებისა და ღმერთკაცის მკვლელებად ქცევისა. არადა ამ სასწაულების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ კაცობრიობის ცხონება გახლდათ. ქრისტემ გამოზარდა მშიერნი, მათ კი თავისი გამომზრდელის შურდათ; უფალმა აღადგინა მკვდარნი, მათ კი აღმადგინებელი სიკვდილით დასაჯეს; კეთროვანნი განიწმინდებოდნენ, ბრმები ხედავდნენ, ყრუთა ესმოდათ, შურით დაავადებულნი კი კვლავ სიბნელესა და ეშმაკის მორჩილებაში დარჩნენ. როგორც ადვილად დასაწველ ნივთს ვარიდებთ ცეცხლს, ასევე უნდა ვერიდებოდეთ იმ ადამიანებს, შურით რომ არიან აღვსილნი, რათა მათ მიერ ნასროლი ისრებით არ მოვიწყლათ. სოლომონ ბრძენი ამბობს: "შური კაცისაი მოყუსისაგან მისისა არს" (ეკლეს. 4,4).

თვით გველზე უარესნი არიან შურიანნი, რადგან გველი კბენით გესლავს მსხვერპლს, შურიანი კი ხედვითაც ვნებს ადამიანს.

შურიან კაცს იერიც შესაფერი აქვს. მის თვალებში სინათლის სხივი არასოდეს აისახება. პირისახე მუდამ დაღვრემილი და დამწუხრებული აქვს, სული - ვნებითა და ბოროტებით შემღვრეული. ჭეშმარიტად საბრალოა ამგვარი ადამიანი, რამეთუ სიხარული არ განუცდია მის გულს.

ამ მომაკვდინებელ ცოდვას რომ გავექცეთ, უპირველესად, არარად უნდა შევრაცხოთ ყოველი კაცობრივი, მიწიერი საქმე. ნურც ამქვეყნიურ სიმდიდრეს, ნურც დიდებასა და პატივს, ნურც წარმავალ სიკეთეთ გავიხდით ცხოვრების მთავარ საზრუნავად. არც ნიჭი და მადლი, რომელიც ადამიანმა ღვთისგან მიიღო, უნდა იქცეს თვითმიზნად, რადგან მათ თავიანთ თავში ნეტარება არ გააჩნიათ, არამედ ოდენ ჭურჭელნი არიან სათნოებისა და მხოლოდ ჭეშმარიტი, მართებული გამოყენების შემდეგ იქცევიან მაცხოვნებელ იარაღად.

ვინც გონებით, სულიერი ხედვით ამაღლდა ნივთიერ სამყაროზე, შეიგრძნო კიდეც გემო ჭეშმარიტი სიცოცხლისა. ბრძენია ადამიანი, რომელმაც სიბრძნით მოიხმარა ღვთისგან მინიჭებული სიკეთენი.

გიყვარს სიმდიდრე? - ეძებე სათნოებანი. გიყვარს პატივი? - ყოველივეში უფლის დიდებას ხედავდე. ჭეშმარიტი სიბრძნე და მჭევრმეტყველება სიბრიყვე და ენაბრგვილობაა ამა სოფლის საქმეთა მიმართ.

ორგულობაც, უდიდესი ბოროტება, ნაყოფია შურისა. ადამიანი, რომელსაც სულის სიღრმეში სიძულვილი აქვს, კაცთა მოსატყუებლად კი სიყვარულის ნიღაბი აუფარებია, მსგავსია წყალქვეშა კლდეებისა, გაუფრთხილებელ კაცს დიდ საფრთხეს რომ შეამთხვევენ.

შურმა დათესა და აღმოაცენა ადამიანთა შორის სიკვდილი, ღვთის ურჩობა, სიკეთისაგან განდგომა და საღვთო მცნებათა შეურაცხყოფა. ვისწავლოთ მოციქულისგან, რომელიც გვმოძღვრავს: "არა ვიყვნეთ ამპარტავან, ურთიერთას მოლალე, ურთიერთას მოშურნე" (გალატ. 5,26), არამედ "ტკბილ და კეთილ, მიმტევებელ ურთიერთას, მიმნიჭებელ სიხარულისა", ისევე როგორც ღმერთმა მოგვანიჭა იესო ქრისტეს მიერ, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ბეჭდვა
1კ1