ვისიცაა პატივი და ძალი საუკუნო...
ვისიცაა პატივი და ძალი საუკუნო...
მრწამსის პირველ მუხლში ვკითხულობთ: "მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა". აქ ყოვლადწმინდა სამების პირველ პირზე - მამა ღმერთზეა ნათქვამი, რომ ის თავისი ბუნებით არის ღმერთი, ყოვლისმპყრობელი და ხილულისა და უხილავის შემოქმედი, რომ ღმერთი სულია, ე. ი. უსხეულო და უნივთო, ამიტომ შეუძლებელია, ვიხილოთ ან ჩვენი გონებით წარმოვიდგინოთ მისი არსება. თუ წმინდა წერილში ზოგჯერ მის ადამიანურ სხეულზეა საუბარი, ეს იმიტომ, რომ მისი უსასრულო და მიუწვდომელი თვისებები წარმოვიდგინოთ. თვალი - მის მხედველობას აღნიშნავს, ყური - შესმენის უნარს, ხელი - ყოვლისშემძლეობას. ამასთან, ის თავისი ნების გასაცხადებლად ხშირად ხილულად ევლინებოდა ადამიანებს, ან ანგელოზის სახით ეცხადებოდა, ან უხილავად ესაუბრებოდა მათ. ღმერთი თავისი არსებით მიუწვდომელია. პავლე მოციქული გვასწავლის: "რომელსაც ერთადერთს აქვს უკვდავება, მიუწვდომელ ნათელში მყოფს, რომელიც არ უხილავს არც ერთ კაცთაგანს, და ვერც შეძლებს მის ხილვას, ვისიცაა პატივი და ძალი საუკუნო..." (I ტიმ. 6. 16) წმ. კირილე იერუსალიმელი წერს: "რა არის ღმერთი, ამის ახსნა არ შეგვიძლია. კეთილგონივრულად ვაღიარებთ, რომ ზუსტი შემეცნება არ გაგვაჩნია. ღვთისადმი მიმართებაში ჩვენთვის ყველაზე დიდი ცოდნა - ჩვენი უმეცრების აღიარებაა". ყველა ქრისტიანულ დოგმათაგან უმნიშვნელოვანესი - ყოვლადწმინდა სამების დოგმატი ადამიანის შეზღუდული გონებისათვის ყველაზე რთულად გასააზრებელია. "ერთი ღმერთი" მრწამსში ადასტურებს, რომ ღმერთი თავისი არსებით ერთია და ამით წარმართთა ცრუ მოძღვრებებს არღვევს. ქრისტიანთა ღმერთი ერთია და სამი პირით წარმოდგენილი, მამა ღმერთის ხატებზე გამოსახვა არ ხდება, რადგან მამა არავის უხილავს. ძე ღმერთი გამოისახება იმ სახით, როგორიც იყო თავისი ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს: ქადაგებისას, ნათლისღებისას, ფერისცვალებისას, ჯვარცმული, ჯვრიდან გარდამოხსნილი, ცად ამაღლებული და ა. შ. სულიწმინდა ღმერთი გამოისახება მტრედის სახით, რადგანაც ასე გამოჩნდა იგი მდინარე იორდანეზე - უფლის ნათლისღებისას და ცეცხლის ენების სახით - როგორც მოციქულებს მოევლინა ქრისტეს ამაღლების შემდეგ.

ის, ვისაც წმინდა წერილში ისრაელის მამა, ან მამა ქრისტიანეთა და ყოველთა კაცთა ეწოდება, არის ჭეშმარიტი ღმერთი. აქ საეჭვო არაფერია, მაგრამ ამდენადვე უეჭველია ისიც, რომ ჭეშმარიტ ღმერთს მამა თავის მხოლოდშობილ ძესთან დამოკიდებულებაშიც ეწოდება, რომელიც მან შვა. წმინდა მოციქულები ღმერთს მამას ამ სიტყვის საკუთარი მნიშვნელობით უწოდებენ და შემოქმედად წარმოადგენენ. ამის შესახებ იოანეს სახარებაში ვკითხულობთ: "ღმერთი არავის არასოდეს უხილავს; მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა" (ინ. 1. 18), პავლე მოციქული კი ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: "ღმერთი, რომელიც ძველთაგან მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა მიერ, ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ" (1. 1.). ამრიგად, მხოლოდშობილი ძის მამაც ჭეშმარიტი ღმერთია, ისევე, როგორც თავად ძე და სულიწმინდა.
ბეჭდვა
1კ1