კაცობრიობა ათასწლეულების განმავლობაში ელოდა მაცხოვრის მოვლინებას, მაგრამ ის სწორედ იმ დროს მოვიდა, როცა საჭირო იყო - არც ადრე და არც გვიან
კაცობრიობა ათასწლეულების განმავლობაში ელოდა მაცხოვრის მოვლინებას, მაგრამ ის სწორედ იმ დროს მოვიდა, როცა საჭირო იყო - არც ადრე და არც გვიან
შობილი და არა ქმნილი
ადამიანებს, მათ შორის - მრევლის წევრებსაც, გვიჭირს ძე ღვთისას, იესო ქრისტეს შესახებ სწავლებაში ჩაწვდომა, მისი ორბუნებიანობის გააზრება. ცხადია, უფლის განკაცების საიდუმლოს სრულყოფილი აღქმა ჩვენი გონებისთვის შეუძლებელია, მაგრამ ის მაინც უნდა ვიცოდეთ, რატომ განხორციელდა უფალი, რა იყო ღვთის დედამიწაზე მოსვლის მიზანი. რა სწავლება აქვს ეკლესიას იესო ქრისტეს ორბუნებიანობის შესახებ? რატომ იწოდება ძე ღვთისა მხოლოდშობილად? რატომ ეწოდება მაცხოვარს სიტყვა - ლოგოსი? - ამ საკითხებზე გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:

- ძე ღვთისად იწოდება ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი, პირი, რომელიც მარადიულად იშვება მამისაგან უწინარეს საუკუნეთა. "როდესაც ვამბობთ, ძე ღვთისა შობილია უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ამით ვაჩვენებთ, რომ მისი შობა დროით არ შემოისაზღვრება და დაუსაბამოა. ძე ღვთისა ცოცხალი სახეა უხილავი ღმერთისა, მაგრამ მუდამ იყო მამასთან და მამაში და მისგან შობილია მარადიულად და დაუსაბამოდ", - განმარტავს წმინდა იოანე დამასკელი. ხოლო მას შემდეგ, რაც გარდამოხდა ზეცით, მოვიდა დედამიწაზე კაცთა ცხონებისთვის, ღვთაებრივ ბუნებასთან ერთად შეიმოსა სრული ადამიანური ბუნებაც, როგორც ამას ადასტურებს მრწამსის - სარწმუნოების სიმბოლოს მესამე წევრი: "რომელი ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით და ხორცი შეისხა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა". განხორციელება, განკაცება იმას ნიშნავს, რომ ძე ღვთისამ მიიღო კაცობრივი, ადამიანური ხორცი, სული და სამშვინველი - იქმნა სრულ კაცად, მაგრამ ამავე დროს იყო ღმერთიც - ყოვლადწმინდა სამება, ერთარსი და განუყოფელი. უფალ იესო ქრისტეს ჰქონდა სრული ღვთაებრივი და სრული ადამიანური ბუნება (სწორედ ეს იგულისხმება ორბუნებიანობაში), შეურწყმელად შერწყმული, განუშორებლად და განუყოფლად. უფალ იესო ქრისტეში იყო ყოველივე ღვთაებრივი და ადამიანური ბუნებისთვის დამახასიათებელი, გარდა ცოდვისა, მაგრამ ადამიანური ბუნება მთლიანად ღვთაებრივ ბუნებას ემორჩილებოდა. მასში ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება აბსოლუტურად შეურევნელად და უქცეველად მყოფობდა. შეურევნელად იმას ნიშნავს, რომ განკაცებულ უფალში ორივე ბუნება იმყოფებოდა, როგორც ორი სხვადასხვა ბუნება. უქცეველად კი იმას გულისხმობს, რომ ძე ღვთისას მიერ ადამიანური ბუნების მიღებით არ შეცვლილა არც ღვთაებრივი და არც კაცობრივი ბუნება, არც ღვთაებრივი ბუნება ქცეულა ადამიანურად და არც ადამიანური - ღვთაებრივად; ორივე ბუნება დარჩა უცვალებელად და სრულად.

იესო ქრისტეში ღვთაებრივ ბუნებას განეკუთვნება და ამოწმებს მის მიერ აღსრულებული სასწაულები და საზოგადოდ ყოველივე, რაც კაცობრივ ბუნებას აღემატება, რაც მისთვის შეუძლებელია. ადამიანური ბუნების გამოვლინება კი არის მწუხარება, შიმშილის, ტკივილის, სიცივის განცდა და ა.შ., რაც კი შეეფერება კაცობრივ ბუნებას, გარდა ცოდვისა.

ძე ღვთისას შესახებ სწავლება ჩვენთვის, ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მაცხოვარი არის გამომხსნელი ცოდვილი კაცობრიობისა, რაც ღვთის ადამიანებისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამო მოხდა. ღვთის განკაცებით ნათელი მოეფინა სამყაროს, რამეთუ განკაცებულმა უფალმა იესო ქრისტემ მოგვიტანა სახარებისეული სწავლება, მოგვცა გზა და საშუალებები სულის ცხონებისა, მარადიული ნეტარი ცხოვრების მოპოვებისა.

- მართალია, ძე ღვთისას დედამიწაზე მოვლინების, მისი განკაცების მთავარი მიზანი ცოდვის, ეშმაკისა და მარადიული სიკვდილის ტყვეობაში მყოფი კაცობრიობის გამოხსნა იყო, მაგრამ აღთქმული მესიის - იესო ქრისტეს მოსვლას ადამიანები ათასწლეულები ელოდნენ: მხსნელის მოვლინების აღთქმა ადამმა და ევამ, მათი სახით კი მთელმა კაცობრიობამ, შეცოდებისა და სამოთხიდან გამოდევნისთანავე მიიღეს ღვთისგან. თვით მაცხოვრის დედამიწაზე მოსვლა კი საუკუნეების შემდეგ მოხდა. რა იყო ამის მიზეზი, რატომ დასჭირდა ამხელა დრო მაცხოვრის ამასოფლად მოსვლას? და საერთოდ, რატომ გახდა საჭირო ღვთის განკაცება და განკაცებული უფლის ჯვარცმით სოფლის ცოდვისა და მარადიული სიკვდილის ტყვეობიდან გამოხსნა?

- უფალს, რომელმაც არარაისაგან შექმნა ყოველივე, შეეძლო, დედამიწაზე "გარდამოხდომისა" და განკაცების გარეშეც გამოეხსნა კაცობრიობა, და ეს დაუყოვნებლივ, პირველი ცოდვით დაცემისთანავე აღესრულებინა, მაგრამ ღვთის განგებულებამ ასე ინება, რათა ადამიანური ბუნება თანამონაწილე, თანაგამარჯვებული გამხდარიყო გამოხსნისა. წმინდა წერილიდან ვიცით, რომ კაცთა მოდგმა ადამიანის მკვლელის - გველის ვერაგობამ უბედურებებისა და დაღუპვის უფსკრულში გადაჩეხა. შესაძლებელი რომ გამხდარიყო ადამიანის ღმერთთან შერიგება და გამოსყიდვა, ძე ღვთისას ამასოფლად გარდამოსვლა შეიქმნა საჭირო. მას უნდა მიეღო კაცობრივი სხეული და სული, გამხდარიყო ღმერთკაცი, რათა თავისი ადამიანური ბუნებით სრულად აღესრულებინა ღვთის სამართალი, რომელიც კადნიერად დაარღვია ადამიანურმა უსამართლობამ. მას იოტამდე უნდა აღესრულებინა საღვთო სჯული, გამხდარიყო უდიდესი მართალი უსამართლო კაცობრიობის სანაცვლოდ, ესწავლებინა ადამიანებისთვის სიმართლე, ყოველგვარი ცოდვის მონანიება და სინანულის ნაყოფის გამოღება. განკაცებულმა უფალმა იესო ქრისტემ ყოველივე აღასრულა.

შობის დღესასწაულზე ქრისტეს დაბადებას, უფლის ხორციელად შობას ვულოცავთ ერთმანეთს, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს. შობა აუცილებელი იყო, რათა მთელი ადამიანი - სული, სამშვინველი და სხეული (ცოდვის გარდა) - ყოფილიყო აღქმული, მთელი ადამიანი ყოფილიყო სრულად გამოხსნილი. ის, რაც აღქმული არ იქნებოდა, ვერც გამოიხსნებოდა. შობის დღესასწაულით თანაგამარჯვებას, უფალთან კაცობრივი ბუნებით დანათესავებას აღვნიშნავთ, რასაც ნათლობით და ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ზიარებით ვაღწევთ. უფალი რომ არ განკაცებულიყო, არც მისი სისხლისა და ხორცის მიღების საშუალება მოგვეცემოდა. ეს უდიდესი საიდუმლო - ღვთის განხორციელება, კაცობრივი ბუნებით მოსვლა არის ახალი გამოცხადება, ახალი აღთქმა - განცხადდა ის, რაც დაფარული იყო. ის, ვინც შემოუსაზღვრელია, უსასრულოა, ყველგანმყოფია და ყოველივეს აღავსებს, ადამიანის სახით მოვიდა, ხორცი შეისხა, რეალურად იშვა და განიცდიდა ყოველივეს, რაც ადამიანურ ბუნებას ახასიათებს, რასაც კაცნი განვიცდით, გარდა ცოდვებისა - ცოდვა ღმერთში არ შეიძლებოდა ყოფილიყო. კაცობრივი ბუნების მიღებით ღმერთმა ადამიანი დაიმეგობრა, დაიახლოვა. ამ უდიდესი საიდუმლოს განხორციელების შემდეგ ჩვენში სიყვარული, ქრისტესმიერი სიყვარული შემოვიდა.

მართალია, კაცობრიობა ათასწლეულების განმავლობაში ელოდა მაცხოვრის მოსვლას, მაგრამ ის სწორედ იმ დროს მოვიდა, როცა საჭირო იყო - არც ადრე და არც გვიან. ეს მოლოდინი აუცილებელი იყო - კაცობრიობას უნდა შეეგნო თავისი უძლურება ცხონების საქმეში და უზენაესის შეწევნის საჭიროება დაენახა. ამას გარდა, როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, სნეულებას რომ ვუმკურნალოთ, ჯერ მისი სიმპტომების გამოვლენას უნდა დაველოდოთ, ამისთვის კი დროა საჭირო. ასევე უნდა გამოვლენილიყო კაცობრიობის სენის სიმპტომებიც - უსჯულოებას, მტაცებლობას და ბოროტებას კრიტიკულ ზღვრამდე უნდა მიეღწია, დამდგარიყო ჟამი სისავსისა, რათა მოსულიყო მკურნალი.

- განკაცებული უფალი იესო ქრისტე ჯვარს ხომ მხოლოდ ადამიანური ბუნებით ეცვა...

- მაცხოვარი ჯვარს ეცვა როგორც სრული კაცი და აღდგა როგორც სრული ღმერთი. რადგან ღმრთაება არ ევნებოდა, არ მიემსჭვალებოდა ჯვარს, არც მოკვდებოდა: "ხოლო აწ დაგიგნა გუამითა მით ხორცთა მისთაითა სიკუდილისა მიერ და წარგადგინა თქვენ წმიდად და უბიწოდ და უბრალოდ წინაშე მისსა" - პავლე მოციქულის ეს სიტყვები ცხადად მიგვანიშნებს, რომ ქრისტე ჯვარზე ხორციელი ბუნებით ევნო, რომელიც ქალწული მარიამისგან მიიღო, "თუმცა ღვთაებრივი ბუნება, მას შემდეგ, რაც თავის თავში ადამიანური ბუნება მიიღო, აღარასოდეს განშორებია - არც ვნების, არც ჯვარზე სიკვდილის შემდეგ", - ბრძანებს წმინდა იოანე დამასკელი. მართალია, სული სხეულს გაეყარა, მაგრამ ღმრთაება არც სულს გაყრია და არც სხეულს.

KARIBCHE- ეკლესიური მოძღვრებით, ქრისტეს სამმაგი, სამმხრივი მსახურება გამოიყოფა. რა იგულისხმება მაცხოვრის სამმხრივ მსახურებაში?

- გამოყოფენ მის როგორც მღვდელმთავრის, წინასწარმეტყველისა და მეფის მსახურებას. ქრისტე იყო მღვდელმთავარიც, წინასწარმეტყველიც და მეფეც. ამის კვალობაზე, მის მსახურებას სამმხრივი ეწოდება. სამივე მსახურების საერთო ნიშანი კი ცხებულობაა. ქრისტე სწორედ ცხებულს ნიშნავს. ძველი აღთქმის ჟამს მღვდელნი, წინასწარმეტყველნი და მეფენი ცხებულებად იწოდებოდნენ, რადგან მათ სამსახურში ჩადგომას მირონცხება ახლდა და ამ მისიის აღსრულებისთვის ღირს ქმნილნი სულიწმინდის მადლით განძლიერდებოდნენ. უფალი იესო ქრისტე სამივე მსახურებისთვის იყო ცხებული, თუმცა არა სხვათა მსგავსი მირონცხებით, არამედ უპირატესით, ყველაზე აღმატებულით - განკაცებული უფალი სულიწმინდისგან იყო ცხებული.

იესო ქრისტე არა ოდენ კრავია ღვთისა, ამა სოფლის ცოდვებისა და ცხოვრებისთვის შეწირული, არამედ მსხვერპლის მომტანი და შემწირველი მღვდელმთავარიცაა. იგია შემწირველიც და შეწირულიც, მიმღებიც და გამცემიც. როგორც ლიტურგიაზე, ქერუბიმთა საიდუმლო ლოცვაში იკითხება, თავად ეწირება და თავად სწირავს, თავად იწირავს და თავადვე გადასცემს სხვებს. ეს უდიდესი საიდუმლოა, ამიტომ მასში სრულად ჩაწვდომა შეუძლებელია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მსხვერპლის გარეშე არაფერი ხდება, მით უფრო არ მოხდებოდა გამოხსნა.

როდესაც ძველი აღთქმა დასრულდა და მოვიდა ჟამი ახალი აღთქმისა, ქრისტემ ახალ მღვდელმთავრად გამოაცხადა თავი. ეს ახალი სამღვდელოების, ახალი აღთქმის დასაბამია. ქრისტეს მოსვლის შემდეგ დასრულდა ძველი აღთქმის სისხლიანი მსხვერპლშეწირვა, საზოგადოდ, ყოველივე ძველაღთქმისეული. ძველი აღთქმის მსხვერპლი ხომ იესო ქრისტეს მოასწავებდა, ძე ღვთისას განკაცების შემდგომ კი, ვისაც სწირავდნენ, თავად მოვიდა, თვითონ გახდა შემწირველიც და შეწირულიც, დაასრულა ძველი აღთქმა და მოგვიტანა ახალი.

ქრისტეს, როგორც მღვდელმთავრის, მსახურებას პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში განმარტავს. იგი მაცხოვარს ძველი აღთქმის ღვთისმსახურებს ადარებს და მის უდიდეს უპირატესობაზე მიუთითებს. ქრისტე ახალი აღთქმის სამღვდელოების დამწყები, ფუძემდებელია.

რაც შეეხება წინასწარმეტყველის მსახურებას, იესომ, როგორც მახარებელმა, მასწავლებელმა და წინასწარმეტყველმა, ადამიანებს მათთვის გასაგებად, მთელი სისავსითა და სიცხადით აუხსნა ზეციური მამის ნება სოფლის გადარჩენისა და მისცა კაცთა მოდგმის გამომხსნელი, მაცხოვნებელი ახალი უსრულყოფილესი რჯული რწმენისა და ღვთისმსახურებისა. უპირველესად თავად უფალმა აღასრულა ეს მსახურება, შემდეგ კი მისმა მოწაფეებმა გაავრცელეს ქვეყნად და სამარადჟამოდ გადასცეს ეკლესიას. უფალი სარწმუნოების, ცხოვნებისა და კეთილმსახურების მახარებელი იყო, იმისა, რაც ნაუწყებია სახარებაში - საღვთო გამოცხადებისა: "თავისი საწინასწარმეტყველო ღირსება ქრისტემ ყველაზე მეტად მაშინ წარმოაჩინა, როცა მომავალს წინასწარმეტყველებდა, ოღონდ არა რომელიმე გამოცხადების მიხედვით, არამედ საკუთარი მცნობელობით, ვითარცა ღმერთი და ვითარცა კაცი", - განგვიმარტავს "სარწმუნოების მართლმადიდებლური აღსაარება".

მესამე ქრისტეს, როგორც მეფის, მსახურება გახლავთ. ცისა და ქვეყნის შემოქმედი და მეუფე ძე ღვთისა მარადიულია, მეფეა ღვთაებრივი და მეფე ღმერთკაცობრიობითაც. ასეთი იყო იგი დედამიწაზე მსახურების ჟამს, ჯვარზე აღსრულებამდე, და ასეთად დარჩა აღდგომის შემდეგაც. ქრისტეს, როგორც მეფის, მსახურება აღდგომამდე მის მიერ აღსრულებულ სასწაულებსა და ბუნებაზე მბრძანებლობაში, ჯოჯოხეთის ძალებზე ბატონობაში გამოიხატება, რასაც ეშმაკის განდევნის უამრავი მაგალითი ადასტურებს. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაც ღვთაებრივი მეუფების გამოხატულება იყო. იესო ქრისტეს - მეფის მთელი ძალმოსილება გამოჩნდა მაშინ, როცა იგი ჯოჯოხეთს შთავიდა, წარტყვევნა იგი, დაამსხვრია მისი ბორკილნი, აღდგა მკვდრეთით და გაიმარჯვა სიკვდილზე, ბოლოს კი ამაღლდა და გახსნა სასუფევლის კარი ყველასთვის, ვინც კი ირწმუნებს, მის სწავლა-მოძღვრებებს დაიმარხავს და აღასრულებს.

- რატომ იწოდება ძე ღვთისა მხოლოდშობილად?

- ძე ღვთისას მხოლოდშობილი ეწოდება იმის გამო, რომ მხოლოდ იგია არსისმიერად ძე ღვთისა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს სხვა ძე მამის ბუნებიდან. მამისგან არც მანამდე და არც მას შემდეგ შობილა ვინმე, რადგან ძე ღმერთი მარადიულად იშვება მამისაგან. იესო ქრისტე მიწიერად, ადამიანური ბუნებითაც მხოლოდშობილია, რადგან ყოვლადწმინდა მარიამისგან ის ერთადერთი იშვა.

- როგორ უნდა გვესმოდეს ძე ღვთისას შესახებ "მრწამსში" ნათქვამი სიტყვები: "მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა"?

- ამ სიტყვებით წარმოჩინებულია ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასის ძე ღვთისას ჰიპოსტასური, პიროვნული თვისება - "უწინარეს საუკუნეთა", უწინარეს დროისა, ჩვენი დროის არსებობამდე, მარადიულად შობა მამისაგან, მაცხოვარი ხომ მარადიულად იშვება მამისაგან, მისი შობა დროით არ შემოისაზღვრება და დაუსაბამოა. ძე ღვთისა საუკუნოა, როგორც მამა და სულიწმინდა. "მრწამსში" ამ სიტყვების მოტანით უარყოფილია არიოზის ცრუ მოძღვრება, რომელიც ასწავლიდა, იყო დრო, როცა ძე ღვთისა არ არსებობდა, იესო ქრისტე უფლის ქმნილებააო. ამ მწვალებლური მოძღვრების უარმყოფელია სიტყვები: შობილი და არა ქმნილი.

- რატომ იწოდება ძე ღვთისა სიტყვად, ლოგოსად?

- სამყაროს შექმნაში ყოვლადწმინდა სამების სამივე პირი მონაწილეობდა - სამყარო ერთმა ღმერთმა შექმნა. მეორე ჰიპოსტასი ძე ღვთისა მონაწილეობდა როგორც სიტყვა. მამამ თქვა და იქმნა. თქვა - სიტყვა, ძე ღვთისაა.

ზეციური რეალიების აღქმა, სრულყოფილად გააზრება და გადმოცემა შეუძლებელია. ადამიანი ვერ გაიგებს და ვერც გამოხატავს, რას ნიშნავს ყველგანმყოფობა, როგორ არის ღმერთი სამოთხეშიც და ჯოჯოხეთშიც, ჩვენშიც და ჩვენს გარეთაც, როგორ ამაღლდა ზეცად და სად არის მისი სხეული - ამას ვერ ახსნი, ეს ყოველივე უნდა შეიგრძნო და რწმენით მიიღო. პავლე მოციქული ბრძანებს, მესამე ცაზე რაც ვნახე, მანამდე არც თვალით მინახავს, არც ყურით გამიგონია და არც გულით შემიგრძნიაო - ვერ გადმოგვცემს ნანახს. ადამიანი კი ზოგჯერ სიზმარსაც ვერ ჰყვება. კაცმა ღვთაებრივი ენაც რომ იცოდეს და ზუსტად აგვიხსნას, რა როგორ ხდება, ბოლომდე მაინც ვერ გაგვაგებინებს. ჭიანჭველაც ხომ ვერ გაიგებს ტელევიზორის მუშაობის მექანიზმს, როგორც არ უნდა ავუხსნათ.

- მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ადამიანის სახით მოვიდა, ხატი მონისა შეიმოსა, მაინც ვერ იცნეს...

- ქრისტე ჯვარს აცვეს მღვდელმთავრებმა, მღვდლებმა, მწიგნობრებმა (ღვთისმეტყველებმა) და ფარისევლებმა, ფაქტობრივად, იმ ადამიანებმა, რომლებსაც ყველაზე მეტად უნდა მიეღოთ. ისინი ხომ ძველი აღთქმის ეკლესიის ყველაზე მორწმუნე და საიმედო წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ. პირიქით კი მოხდა: სწორედ ისინი გამოდგნენ განკაცებული უფლის ყველაზე დიდი მტრები, რადგან ღმერთად, მესიად ვერ შეიცნეს.

ცხადია, ღვთის განგებულებას არ გაუჭირდებოდა, მეფედ, პირველ მღვდელმთავრად ან პატრიარქად დაბადებულიყო, - მაშინ პირდაპირ დაამყარებდა ახალ აღთქმას, - მაგრამ კაცთა სიყვარულის გამო უბრალო ადამიანად იშვა, ხატი მონისა შეიმოსა, რამეთუ სიყვარული არ არის ამპარტავანი.

- განკაცებული უფალი იესო ქრისტე, როგორც ღმერთი, მეუფე ცათა და მიწისა, სრულად ვერც მისმა მოწაფეებმა შეიცნეს. მოციქულები მოძღვარს მიწიერი, ხორციელი თვალით ხედავდნენ, ვიდრე მათზე სულიწმინდა არ გარდამოვიდა და სულიერი თვალთახედვა არ გაეხსნათ.

- ღმერთი მისაწვდომიცაა და მიუწვდომელიც, მისადგომიც და მიუდგომელიც. ჩვენთვის მისაწვდომია წმინდა წერილში, ხატებზე, მის საიდუმლოებებში, სისხლისა და ხორცის მიღებაში, მაგრამ ადამიანი ღმერთს ბოლომდე მაინც ვერ შეიმეცნებს. განკაცებული უფალი, როგორც ღმერთი, თვით მოწაფეთათვისაც ბოლომდე შეუცნობელი რჩებოდა.

ღმერთი უპირველესად რწმენით უნდა მივიღოთ. თუ ადამიანს რწმენა აქვს, ღვთის შესახებ ცოდნასაც მიიღებს. ღვთისმეტყველება გულის გახსნას ითხოვს.

- ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაზე რას გვეტყვით?

- მკვდრეთით აღდგომა იყო გამოხსნის მთავარი დამადასტურებელი, ნაყოფი ხსნისა. ქრისტეს ჯვარზე სიკვდილით აღსრულდა ჩვენი გამოსყიდვა და მისი აღდგომით გვებოძა მარადიული ცხოვრება, ამიტომაც არის აღდგომა ეკლესიის მუდმივი დღესასწაული, დაუდუმებელი ზეიმი, რომელიც მწვერვალს ქრისტეს აღდგომის დღეს აღწევს.
ბეჭდვა
1კ1