"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
 "წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი 1
თავი 10. წმინდა კირილე იერუსალიმელი
ნათლისღების საიდუმლოს შესახებ წმინდა კირილე ბრძანებს:

დიდი საქმეა მოახლოვებული ნათლისღება, ეს არის ტყვეთა გამოსყიდვა, შემცოდვეობაზე უარის თქმა, ცოდვის სიკვდილი, ნათლით შემოსვა, წმინდა წარუშლელი ბეჭდით დაბეჭდვა, ზეციური ეტლი და აღფრთოვანება, სასუფევლის შემზადება, ძეობის მინიჭება.
("ნათელღებამდელი სიტყვა", პარ. 12)

ამ მონაკვეთის საინტერესო თავისებურება ისაა, რომ ნათლისღება, როგორც გათავისუფლება და როგორც მარადიული ცხოვრების კარიბჭე, მხოლოდ დადებით კონტექსტში განიხილება, ლათინურ (და ასევე ლათინური ზეგავლენით დაწერილ) კატეხიზისებში ნათლისღება უარმყოფელ - ცოდვისგან განმწმენდი ან იურიდიული შინაარსის მატარებელია. ლათინთა ნათლისღება კონცენტრირებულია ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული პირველქმნილი ცოდვისგან გათავისუფლებაზე. ამ ამოცანას მართლმადიდებელ მამებთან ჩვენ ვერ ვხედავთ. წმინდა მამები მიიჩნევენ, რომ ადამიანს შთამომავლობით დამნაშავეობა კი არა, ხრწნადობა - მოკვდაობა გადმოეცა. ეშმაკი "კაცის-მკვლელი იყო დასაბამითგან" (იოან. 8:44) და სოფელს, ის დღესაც სიკვდილის ძალით მართავს. ამიტომ ნათლისღება იწყება მოსანათლიდან ბოროტი ძალის განდევნით (ეკზორციზმით - სპეციალური ლოცვებით) და ყველა ლოცვაში ეშმაკისა და სიკვდილის ტყვეობიდან გამოხსნაზეა საუბარი.

როგორც ჩვენ სინამდვილეში, ადრექრისტიანული ლოცვის წესის აღსრულების დროსაც, მოსანათლად განმზადებული, ანუ კათაკმეველი, მიღებული სწავლების სისრულისა და იმის გამოსახატავად, რომ მზად არის "შეუდგეს ქრისტესა", კითხულობს რწმენის სიმბოლოს - მრწამსს. IV საუკუნეში ნიკეას მრწამსი ჯერ კიდევ ყველგან არ იყო აღიარებული და ამიტომ ადგილობრივი ეკლესიები საკუთარ ტექსტებს იყენებდნენ. წმინდა კირილეს ქადაგებებში გამოყენებულია (როგორც ჩანს, თავად კირილეს მიერ შედგენილი) სიმბოლო, რომლითაც, შესაძლებელია, იერუსალიმის ეკლესიები სარგებლობდნენ:

...მრწამს ღმრთის ერთი ძისაც - ჩვენი ერთადერთი ღმერთისა იესო ქრისტესი, ღმერთისაგან შობილი ღმერთისა, ცხოვრებისგან შობილი ცხოვრებისა, ნათლისგან შობილი ნათლისა, ყველაფრით მშობლის მსგავსისა, არა დროში, არამედ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა მამისგან მარად და მიუწვდომლად დაბადებულისა, ღვთაებრივი სიბრძნისა და ძალისა, იპოსტასური ჭეშმარიტებისა, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა მჯდომისა მარჯვენით მამისა. არც ვნებების გამო განადიდა მამამ თავისი მხოლოდშობილი ძე (როგორც ზოგიერთი ფიქრობს) და არც მოთმინების გამო მიიღო ძემ ტახტი მამისაგან, თავად ძე არის მამასთან ერთად დაუსაბამო (მარად მყოფადია შობილი), რადგან... ის არის ღმერთი, ის არის სიბრძნე და ის არის ძალა. მამასთან ერთად სწორედ ის არის ყოვლის მპყრობელი და შემოქმედი: ღვთაებრივ ღირსებაში ძე უნაკლოა, ძემ იცის მშობელი, ისევე როგორც მშობელმა იცის თავისი ძე... ნუ განაშორებ ძეს მამისაგან, ნურც შეურევ, ნურც ჩაანაცვლებ, გწამდეს, რომ ერთ ღმერთს, ერთი ერთარსი ძე ჰყავს - ღმერთი სიტყვა შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, სიტყვა გამოუთქმელი, ჰაერთან განფენილი, რომელიც არ ჰგავს სიტყვას განუხორციელებელს, სიტყვა-ძე - მეტყველთა შემოქმედია, სიტყვა-ძე შემსმენელიც არის მამისა და თავადაც არის მხმობელი...
("საკათაკმევლო სიტყვა", თავი 4, პარ. 7)

კირილეს არ სურდა, იმ დროის არსებულ სახიფათო დავებში ჩაბმულიყო და ამის გამო არ იყენებდა სიტყვას "ერთარსი". სანაცვლოდ, მის ქადაგებაში ჩვენ ვხვდებით გამოთქმას, "იესო ქრისტე... ყველაფრით მსგავსი მამისა", რაც არიანულ თვალსაზრისადაც შეიძლებოდა განმარტებულიყო. მთლიანობაში კი მისი ტექსტებიდან სჩანს, რომ კირილე აშკარა მართლმადიდებლურ პოზიციაზე იდგა. ამის დასტურია მაგალითად, გამოთქმა "იპოსტასური ჭეშმარიტება" რაც ძალიან ახლოსაა კაპადოკიელებთან; ფრაზა - "ძე არც ვნებების გამო განადიდა მამამ... თავად ძე არის დაუსაბამო", აშკარად ადოპციონიზმის ერესის საწინააღმდეგოდ არის მიმართული (რომლის მიხედვითაც: ადამიან იესოში ღვთის სიტყვა ან მისი ნათლობის დროს, ან მისი ვნებებისა და აღდგომის შემდეგ ჩასახლდა); "ნუ განაშორებ ძეს მამისაგან, ნურც შეურევ და ნურც ჩაანაცვლებ, გწამდეს, რომ ერთ ღმერთს, ერთი ერთარსი ძე ჰყავს" - აშკარად მოდალიზმის საწინააღმდეგო ფრაზაა. საინტერესოა, რომ წმინდა კირილემ და მეთოდემ, სლავურ ქვეყნებში ლათინური მრწამსის (Fილიოქუე-ს) შემომტანი მისიონერები "ძემამობის" ერესში დაადანაშაულეს, - რადგან ისინი ამბობდნენ, რომ "სულის დასაბამი, როგორც მამაა, ისევეა ძე". ტერმინი "ძემამობა", როგორც სამების შესახებ ლათინური სწავლების გამომხატველი, წმინდა პატრიარქმა ფოტიმაც გამოიყენა.

წმინდა კირილე ისეთ საკითხებსაც განიხილავს, რომელიც ეკლესიის რაობასთან არის დაკავშირებული. მე-18 "ნათელღებამდელ სიტყვაში" მოცემულია მეტად ცნობილი განსაზღვრება "და ერთი, წმიდა, საყოველთაო (კათოლიკე) ეკლესია", რაც შემდეგნაირად განიმარტება:

ეკლესია იწოდება საყოველთაოდ (კათოლიკედ), რადგან ის მთელ სამყაროს: დედამიწას ერთი კიდიდან მეორე კიდემდე, მოიცავს და იმის გამო, რომ მთელ ამ საყოველთაობაში ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ყველაფერი ადამიანის განკარგვაშია, მათ შორის ყველა დოგმატი, რომელიც მოიაზრებს ხილულსა და უხილავს, ზეციურსა და მიწიერს; კიდევ იმის გამო, რომ მთელ კაცთა მოდგმას, უფროსებსაც და დაქვემდებურებსაც, სწავლულებსაც და უსწავლელებსაც, ღვთისმოსაობას უქვემდებარებს, კიდევ იმის გამო, რომ ყველგან და ყოველთვის კურნავს და განაგდებს ყოველგვარ სულიერ და ხორციელ ცოდვას; და კიდევ იმის გამო, რომ რაც სათნოებად იწოდება საქმეებში, სიტყვებში და ყოველგვარ სულიერ ნიჭში - ყველაფერი მისგან იღებს სათავეს.
(იქვე, თავი 18, პარ. 23)

მაშინ, როდესაც წმინდა ეგნატე ანტიოქიელისათვის მცნება "კათოლიკე" ადგილობრივ ქრისტიანულ საზოგადოებას გულისხმობს ("სადაც ქრისტეა, იქ არის ეკლესია"), წმინდა კირილე, უწინარეს ყოვლისა, აქცენტს ეკლესიის უნივერსალურობაზე აკეთებს. ეკლესია კათოლიკეა (ანუ ყოვლისმომცველია), ჯერ ერთი, გეოგრაფიული თვალსაზრისით ("ის მთელ სამყაროშია"), ეს პრაქტიკულად შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც კონსტანტინე პირველმა ეკლესიას თავისუფლება მიანიჭა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. და კიდევ, ეკლესია კათოლიკეა იმიტომ, რომ ის (ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ასწავლის ყველა დოგმატს) სრულად ქადაგებს ჭეშმარიტებას. მესამე მიზეზი ის არის, რომ მიუხედავად კლასობრივი მდგომარეობისა და პროფესიისა, სრულად მოიცავს ეკლესია კაცობრიობას ("უფროსებსაც და დაქვემდებურებსაც, სწავლულებსაც და უსწავლელებსაც"), და ბოლოს, მეოთხე - ეკლესია მუდმივ შეხებაშია ადამიანურ ზნეობასთან ("კურნავს და განაგდებს ყოველგვარ სულიერ და ხორციელ ცოდვას; მასშივე იპოვება ყველაფერი რაც სათნოებად იწოდება - საქმეებშიც, სიტყვებშიც და ყოველგვარ სულიერ ნიჭშიც"). ამრიგად, წმინდა კირილესათვის კათოლიკეობა ან ყოვლისმომცველობა ნიშნავს მის სისრულეს, მის უნარს მოიცავდეს კაცობრიობის ყოფიერების ყოველ, როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ მხარეს.

თავად ტერმინი "კათოლიკური" თავისი არსით იგივეა, რაც "მართლმადიდებლური". ეს სიტყვა ბერძნულიდან მომდინარეობს და ნიშნავს ("თანახმად ეთიანისა"). მართლმადიდებლური ეკლესია თავის თავს ყოვლისმომცველობასთან აიგივებს, თავის ეკლესიას ასევე მართლმადიდებლურს უწოდებს რომის კათოლიკური ეკლესიაც. აღმოსავლეთის ეკლესიამ არჩევანი "მართლმადიდებლურზე" შემთხვევით შეაჩერა, ისე კი ორივე ტერმინი ურთიერთშეცვლადი შინაარსის მატარებელია.

სიტყვა ეკლესია თავისი პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენება, რადგან ყველას თავს უყრის და აერთიანებს.
(იქვე, თავი 24)

ბერძნულად სიტყვა ეკლესია, ნიშნავს იმათ შეკრებას, ვინც მოხმობილია და მოწვეულია. ეს არ არის პერსონალური მოწვევისა თუ გამოძახების გამო შემთხვევით თავმოყრილი ბრბო. სლავური სიტყვა "ცერკოვ" ამ აზრს არ გამოხატავს. ისევე, როგორც (ქართ. "ტაძარი", - რ.ჩ.), გერმანული "კორხ" და ინგლისური "ჩერჩ" - "ცერკოვ" ნიშნავს ნაგებობას ან ბინას, სადაც კვირა დღეს ადამიანები იკრიბებიან და ბოლოს მათი კრებული ბერძნულ სიტყვამდე, კირიოს - უფლამდე, მაღლდებიან.

წმინდა კირილე ეკლესიაში სულიწმიდის მოქმედებას შეკრებილ წევრთა სიმრავლესთან და სულიწმიდის იმ ურცხვ და მრავალფეროვან მადლთან აკავშირებს, რომელიც ამ ადამიანებზე ნაწილდება:

დიდია, ყოვლადძლიერია და საოცარია სულიწმიდის ნიჭები. გადაითვალეთ, აქ რამდენი დგახართ, რამდენ პიროვნულ სულად ხართ თავმოყრილი. სულიწმიდა ყველას სასიკეთოდ ეძლევა და ჩვენს შორის ყოფნით, ის ხედავს ყოველი ჩვენგანის ზნეს, ზრახვას, მოსაზრებას, იცის, რაზე ვსაუბრობთ და რას ვფიქრობთ. მართლაც დიდი შინაარსის მატარებელია, რაც ახლა ითქვა, მაგრამ ესეც ძალიან მცირეა. აბა, წარმოიდგინეთ, უკვე რამდენის გონება განათლდა, რამდენი ქრისტიანია საეპისკოპოსოში, რამდენნი არიან ისინი პალესტინაში, აქედან გამომდინარე კი გონების თვალით გახედე რომის სამფლობელოებს, შემდეგ გადაავლე თვალი მსოფლიოს, სპარსელებს, ინდოელ ხალხებს, გოთებს, სარმატებს, ესპანელებს, მავრებს, ლიბიელებს, ეთიოპიელებს და სხვა ტომებს, რომელთა სახელწოდებები ჩვენთვის უცნობია, რადგან ჩვენთვის ბევრ მათგანს სახელი არ გააჩნია. მიაქციე ყურადღება ყოველი ხალხის ეპისკოპოსებს, პრესვიტერებს, დიაკვნებს, ბერმონაზვნებს, დედებს და სხვა ერისშვილებს. წარმოიდგინე მთელი ამ ხალხის ნიჭების გამნაწილებელი, რომელიც მთელ მსოფლიოში ზოგს სიწმინდეს, ზოგს მარად ყრმობას, ზოგს გულმოწყალებას, ზოგს მომხვეჭელობაზე უარის თქმის უნარს, ზოგს ბოროტი სულების განდევნის ძალას აძლევს. როგორც სინათლე ანათებს ყველაფერს ერთი თავისი სხივით, ასევე, სულიწმიდა გაანათებს ყველას, ვისაც თვალი აქვს. რადგან, თუ ვინმე თვალს იბრმავებს და მადლს ვერ გუობს, მიზეზი საკუთარ თავში ეძებოს და თავისი ურწმუნოების გამო სულიწმიდას ნუ დაადანაშაულებს.
(იქვე, 16, თავი 22)

ამ მონაკვეთში წმინდა კირილე აშკარად მოციქულებზე სულიწმიდის გადმოსვლასთან დაკავშირებულ მოვლენასთან კავშირზე მიგვანიშნებს (საქმ. 2). სულიწმიდა ყოველთვის ყოველ ჩვენგანთან ცალ-ცალკე მოდის. ადამიანთა უბრალო თავყრილობა სულიწმიდის მადლით გონიერ საზოგადოებად - ეკლესიად გარდაიქმნება. ამ დროს სხვადასხვა ნიჭები კი არ ჰყოფს, არამედ აერთიანებს ეკლესიის წევრებს. იყო სხვადასხვაგვარი - დიდი სიკეთეა, ამ სხვადასხვაგვარობას ეკლესია ნათელს ჰფენს და აერთიანებს ამ ადამიანებისა და ხალხების მთელ მრავალფეროვნებას.

შემდეგ: წმინდა კირილეს შეხედულება ნათლისღების საიდუმლოს შესახებ

ბეჭდვა
1კ1