თავშეკავება
თავშეკავება
ზნეობრივი ღვთისმეტყველება
გვესაუბრება ბათუმის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

- ღვთის სასუფეველი ღვაწლით მოიპოვება. მაცხოვრის სიტყვებით: "სასუფეველი ცათა იიძულების". ქრისტიანმა საკუთარი თავი და ქცევა უნდა აკონტროლოს.

ქრისტიანული ცხოვრება დაუდუმებელი და მუდმივი სრულყოფის უმაღლესი ღვაწლია. წმინდა მოციქული პავლე თავის ეპისტოლეში მიანიშნებს ქრისტიანისათვის თავშეკავების აუცილებლობაზე, განსაკუთრებით კი გამოყოფს "სხეულებრივ ავხორცობას და მუცელღმერთობას" (1.კორ.9.25. წმინდა იოანე ოქროპირი). მოჰყავს რა მაგალითი მოასპარეზეებისა, მსრბოლელებისა: "ნუთუ არ იცით, რომ ასპარეზობისას ყველანი რბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს? ისე ირბინეთ, რომ მიიღოთ. ვინც იღვწის, ყველა ითმენს: ისე როდი გავრბივარ, თითქოს არ ვიცოდე, რისთვის; და არც მუშტებს ვიქნევ ისე, თითქოს ჰაერსა ვცემდე. არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, თავად არ ვიყო უღირსი". ჩვენ ვხედავთ, რომ თავშეკავება არის ქრისტიანული სულისკვეთების განსამტკიცებელი სულიერი საზრდო.

თავშეკავება, ფართო გაგებით, მოიცავს არა მხოლოდ "გარეგან", არამედ "შინაგან კაცსაც", ესე იგი ადამიანის მთელ სულიერ-ხორციელ ბუნებას. თავშეკავების ღვაწლი ვრცელდება ყველაფერზე, რაც ეწინააღმდეგება ღვთივსათნო ცხოვრებას. უწინარეს, ესაა თავშეკავება, ჩამოშორება ყოველგვარი ვნებისაგან, ბოროტი და ამაო აზრებისაგან, საქმეებისა და ნაკლისაგან, და ამასთან, ნაკლოვანების საწინააღმდეგო სათნოებების შეძენა. ამ მიმართებით თავშეკავება (ფართო მნიშვნელობით), როგორც სათნოება, დასაყრდენი, ძირითადია სხვა სათნოებებთან შეერთებით. თანამედროვეობის უდიდესი მამა პაისი ათონელი ბრძანებს: "კეთილი ზრახვების გამომუშავებით დავამარცხებთ უკეთურ ზრახვებს, რომელსაც ბოროტი გვთავაზობს". ესე იგი, ღვთივსათნო ცხოვრებისაკენ სწრაფვა არის ადამიანში სიკეთის ნიჭების გამოღვიძება, რომლებიც ღვთისგან მიეცა ადამიანს დასაბამიდან, მაგრამ დაცემის შედეგად მიაძინა სიკეთე (სინდისი) და დაემონა ბოროტებას.

თავშეკავების საგანი (ობიექტი) შეიძლება იყოს: ადამიანის ბუნების ბიწიერი ვნებები, ცოდვიანი მისწრაფებები და ადამიანის ბუნებრივი საჭიროებები, მოთხოვნილებები. აქედან მოდის თავშეკავების ორი ძირითადი მიმართულება. ნაკლოვანებებსა და ცოდვიან მისწრაფებებს კი უნდა ვებრძოლოთ გულმოდგინებით, თვითუარყოფით, შეუზღუდავად. აი, ქრისტიანის უპირველესი ამოცანა და ამოხსნილი ფორმულა, რომელიც თავად ღმერთკაცმა გვაჩვენა თავისი მიწიერი ცხოვრებით. მან გვიჩვენა მაგალითი თავშეკავებისა, თვითუარყოფისა და თავდადებისა. ქრისტე ხომ ჩვენთვის ჯვარს ეცვა და აღდგა მესამესა დღესა. აი, სწორედ ამის მიმართ უნდა ჰქონდეს ადამიანს მადლიერება და ის მიბაძავს მას, როგორც მოციქული პავლე ბრძანებს: "მბაძვიდეთ მე, რამეთუ მე ვბაძავ ქრისტესა". ყოვლის მომცველია ეს სიტყვები და ყოველივეს იტევს.

სრულიად სხვა ხასიათს იღებს თავშეკავება, როდესაც ვითვალისწინებთ ადამიანური ბუნების ბუნებრივ, სხეულებრივ საჭიროებებს. აქ თავშეკავებას აქვს თავისი საზღვრები, გამომდინარეობს იმ ქრისტიანული შეხედულებიდან, რომ უნდა მოვაკვდინოთ არა სხეული, არამედ ჩავკლათ ვნებები: "ჩვენ უნდა ვიყოთ არა სხეულის მკვლელები, არამედ ვნებებისა". ქრისტიანობა არ გვიქადაგებს სხეულის მკვლელობას, იგი უარყოფითადაც ეკიდება მის "დაუძლურებასაც", როდესაც, პრაქტიკულად, სხეულის აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების დაუდევრობაა (კოლ. 2 21-23): ხელს ნუ ახლებ, ნუ იგემებ, ნუ შეეხები ნურაფერს, რაც იხრწნება, კაცთა ცნებებისა და მოძღვრების მიხედვით. ქრისტიანმა ვნება უნდა დააუძლუროს, მარხვითა და ლოცვით მოაკვდინოს ხორციელებრი ვნებანი.

***
თანამედროვე ადამიანი ღვთისაგან განდგომილ დროში ცხოვრობს, ამიტომაც აუცილებელია, იყოს აქტიური წევრი დედა ეკლესიისა.

ბერი ეფრემ ფილოთეველი ბრძანებს: "დიდი სიფრთხილით უნდა ვატარებდეთ ჩვენი ცხოვრების დღეებს. მზაკვარი ეშმაკი ჩასაფრებულია, რომ სულიერი თვლემის დროს მახეში გაგვაბას და ღვთისა და სინდისის წინაშე დამნაშავეებად გვაქციოს. ჰოი, ღმერთმა გააცამტვეროს იგი, რომ ვერ შეძლოს ჩვენთვის ზიანის მოყენება. თუმცა, ღმერთი სამართლიანია და ადამიანს თავისუფალ ნებას არ ართმევს. ჩვენ ნებაყოფლობით ვემორჩილებით ეშმაკის ბოროტ შთაგონებას და ვცოდავთ, უპირველესად მე, - აი, ასე ამთავრებს ამ დიდებულ სიტყვას ბერი ეფრემი და მართლაც, ღვთის სამართალი განუსაზღვრელი და აუწონავია, ამიტომაც ადამიანი ამას ვერ შეაფასებს. ჩვენ უნდა მივყვეთ ღვთივგანცხადებულ კანონს, სახარებას და ის მიგვიყვანს ჭეშმარიტ ნავსაყუდელთან. სულიერი თვლემა კარგი შედარებაა. თანამედროვე ადამიანი კი არ თვლემს, არამედ საღათას ძილშია წასული. სიზმარი და ვირტუალური სამყარო, რომელიც თანამედროვე ადამიანის განუშორებელი ჭირია, თან სდევს კაცთა მოდგმას, როგორც მიწიერი ჯოჯოხეთი. თავის დახსნა ამ სიმწარისაგან შესაძლებელია. ეს არის ქრისტიანული მოთმინების სწავლა, შემეცნება, თავდადება და იმ ტკბილი ნეტარი განცდის გულში მიღება, რაც ამ სამ სათნოებას მოჰყვება.

ხშირად ქრისტიანი სულიერი ბრძოლის დროს დაღონდება. ეშმაკის აზრები სასოწარკვეთილებისაკენ უბიძგებს და ამ დროს ირღვევა უმთავრესი სულიერი ბალანსი მოთმინებისა და თავშეკავებისა. იწყება განუწყვეტელი ყვედრება საკუთარ თავთან: "შენ ეს ვერ შეძელი, ამით განუდექი ღმერთკაცს". ეს ყოველივე ბოროტის აზრებია, რომელსაც ადამიანი ეთანხმება, ითავისებს და ამ გათავისებით იწყება სულიერი დაღონება. აი, როგორ გვმოძღვრავს ბერი ეფრემი: "შენი ბრძოლის გამო ნუ დაღონდები. ნუ გეშინია, გამხნევდი; ეშმაკები ვერაფერს გავნებენ. ეს უფლის ხელით ხდება. გულითადი მადლობა შესწირე მას, რადგან ბრძოლა სულიერ თვალს აგიხელს და სწორ გზაზე დაგაყენებს. ძნელად მოსარჩენი ვნებები უმწარესი წამლებით განიკურნება. იცოდე, რომ თუ ამ ბრძოლაში მოთმინებას გამოიჩენ და ღვთის წინაშე დამდაბლდები, ღმერთი დიდ მადლსა და ნათელს მოგცემს, სულის თვალი აგეხილება და დაინახავ, როგორ სიბნელეში იყავი.

ჩვენ, თანამედროვე ქრისტიანებმა, არ ვიცით სულიერი ბრძოლის ხერხები. ამისათვის საჭიროა ღვთივსულიერ ადამიანებს დავემოწაფოთ, რაც ეკლესიის უძველესი გამოცდილებაა.

ბეჭდვა
1კ1