"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი 1
თავი 9. წმინდა ათანასე დიდი
სწავლება სამყაროს შექმნის შესახებ

ისევე, როგორც ორიგენეს შემთხვევაში, ათანასე დიდის ღვთისმეტყველების გასაღებიც სამყაროს შექმნასთან დაკავშირებულ სწავლებაში ძევს. ორიგენეს სისტემაში შესაქმის აქტი მარადიული პროცესია და შესაქმე თავად ღმერთის არსის გამოვლინებად მიიჩნევა. თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ღმერთს არ შეუძლია არ ქმნიდეს და ამიტომ ის ქმნის ყოველთვის, მუდამ. მის მიერ შექმნილი გონიერი არსებები სამებასთან უწყვეტ კავშირში არიან: სწორედ აქ, დროის უარყოფის ამგვარად დასმულ საკითხშია ორიგენეს სწავლების მთავარი სისუსტე. ვინაიდან ღმერთი სამყაროს თავისი თავისუფალი ნების შესაბამისად კი არა, თავისი "არსის" გამო ქმნის, ვინაიდან ქმნილ სამყაროს რეალურად დამოუკიდებელი არსებობის შესაძლებლობა არ გააჩნია; ღვთის მიერ ქმნილ გონიერ არსებებსაც არა აქვთ ჭეშმარიტი თავისუფლება, ისინი თავის შემოქმედზე არიან მიჯაჭვულნი, ხან მოწყდებიან მას და ხანაც უეჭველად დაუბრუნდებიან მისი ღვთაებრივი არსის ჭვრეტას. მართლაც ასეთი რომ ყოფილიყო ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ადამიანური ისტორია რეალურ აზრს მოკლებული იქნებოდა: დაცემული ქმნილების მის შემოქმედთან დაბრუნება დასაბამიდან იქნებოდა განსაზღვრული და ასეთ წრებრუნვაში არც ღმერთს და არც მის ქმნილებას ჭეშმარიტი თავისუფლება არ ექნებოდა.

წმინდა ათანასე დიდმა ამგვარი მიდგომა საფუძველშივე უარყო. განსხვავება ღვთაებრივ ბუნებასა (ფ"ისისი) და მის ღვთაებრივ ნებას (თ"ელიმა) შორის ათანასეს სწავლების საფუძველში დევს. თავისი ბუნებით ღმერთი მამაა. მისგან იშვება ძე; მისივე ბუნებით მისგან გამოვალს სულიწმიდა. მაგრამ სამყარო, ღმერთი ბუნების გამო კი არ იქმნება, არამედ უფალი სამყაროს თავისი ნებით ქმნის:

ღვთისმოსაობა გვკარნახობს და უნდა ვთქვათ, რომ ქმნილი არსებები ღმერთმა თავისი კეთილი ნებით და სურვილით ყოფიერებაში შემოიყვანა. სხვა საქმეა მიუწვდომელი ძე, რომელიც, ქმნილებათა მსგავსად, ღვთის ნებით ქმნილი არ არის, თავისი ღვთაებრივი არსის შესაბამისად, ის შობილია, რადგან როგორც მამა ღმერთის სიტყვა, საბაბს არ გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ მის გაჩენას წინ მამის სურვილი უსწრებდა. სწორედ ძე არის მამის ბჭობა, მამის ძალა და მამის ნების აღმსრულებელი... ამრიგად, თუ ქმნილებები ნებისა და სურვილის შესაბამისად გაჩნდა... და ქმნილს მყოფობა სიტყვამ შესძინა, ნათელია, რომ თავად ღვთის სიტყვა არ შეიძლება ქმნილი იყოს და მისი შობა, ქმნილების მსგავსად, ნებით არ არის განპირობებული.
("სიტყვა არიანელების წინააღმდეგ" სიტყვა 3:63,66)

ამრიგად, ქმნილი სამყაროს განხორციელება ღმერთისათვის არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა. სამყაროს შექმნით უფალს არც არაფერი მოემატა და არც არაფერი მოაკლდა. სწორედ ესაა განსხვავება ბუნებასა და ნებას შორის: ღმერთს, რადგან ბუნებით ის მშობელია, არ შეიძლებოდა ძე არ ეშვა; სამყაროს შექმნა ღმერთისათვის აუცილებელი სულაც არ იყო, მაგრამ შექმნა, რადგან ასეთი იყო მისი ღვთაებრივი და ყოვლადკეთილი ნება. უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ პოტენციური თვალსაზრისით, იყო დრო, როდესაც ღმერთი სამყაროს არ ქმნიდა და სამყარო არ არსებობდა.

ღვთაებრივი ნებით შექმნილი სამყარო არსობრივად განსხვავდება ორიგენეს სამყაროსაგან, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს სამყარო ღვთაებრივი ბუნების გაგრძელებაა და ამიტომ შემოქმედის ნებისაგან ჭეშმარიტად თავისუფალი არ არის. ათანასეს სისტემაში ქმნილება ღვთის ნებით გაჩნდა, მაგრამ ის თავისთავად არსებობს. ღმერთსა და მის ქმნილებას განსხვავებული ბუნება აქვთ. სამყარო ღმერთმა თავისი ნებით არაფრისაგან შექმნა და მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავაც აგრძელებს სამყაროს მართვას, მისი "ქმედების" მიუხედავად, მის მიერ ქმნილი თავისუფალი, ავტონომიურად მოქმედი სამყარო მისსავე საპირისპიროდ მოქმედებს. ამის მიზეზი ისაა რომ: ღმერთმა სამყარო გარკვეული მიზეზით შექმნა, ყოველი არსება და მთელი სამყარო ერთმანეთთან კავშირში და ღმერთთან ერთობაში უნდა ყოფილიყო; ღმერთი ქმნიდა სიყვარულით და ქმნილებისგან სიყვარული უნდა მიეღო. ქმნილების ცენტრალური ფიგურა და გვირგვინი ადამიანია, თავისი საქმით მას უნდა გაეერთიანებინა ყოველი ქმნილი თავის სიყვარულში განხორციელებული ღვაწლით, ღმერთსა და სამყაროს შორის კავშირი შეეკრა. შემოქმედის მიმართ ქმნილის ამ თავისუფალმა ლტოლვამ გარკვეულ მომენტში სწორ გზას გადაუხვია. ბიბლიის ენით რომ ვთქვათ, მოხდა ცოდვით დაცემა. როდესაც წმინდა ათანასე ცოდვით დაცემისა და სიკვდილის შესახებ საუბრობს, იყენებს ტერმინს - ხრწნადობა, რომელსაც როგორც ფიზიკური, ისე სულიერი თვალსაზრისით მოიაზრებს:

როდესაც სიკვდილი სულ უფრო მეტად იპყრობდა ადამიანებს და მათში ხრწნადობა საბოლოოდ მკვიდრდებოდა, ადამიანთა მოდგმას ხრწნადობა დაეუფლა, მეტყველი, ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი ქრებოდა და ღვთის წამოწყებას დაღუპვა ემუქრებოდა: რადგან. სიკვდილი ჩვენზე უკვე სრულიად კანონიერი ძალით გაბატონდა და რადგან კანონი დანაშაულის გამო დაადგინა უფალმა, შეუძლებელი გახდა ამ კანონისგან თავის დახსნა. სხვაგვარად, რაღაც წარმოუდგენელი და ამავე დროს უმსგავსო სინამდვილე დამკვიდრდებოდა. არავითარ შემთხვევაში ღმერთი სიყალბეს არ ჩაიდენდა... თუ ღმერთს ნათქვამი ჰქონდა, მოკვდები, და ეს არ განხორციელდებოდა, ღმერთში სიმართლის მკვიდრობა უბრალოდ ვეღარ გაგრძელდებოდა. მეორე მხრივ, არც ის იქნებოდა სწორი, ღვთის მიერ ერთხელ შექმნილი გონიერი არსებები და მათში მოქმედი ღვთის სიტყვა განადგურებულიყო და საბოლოოდ გახრწნის შედეგად არყოფნაში გამქრალიყო. შეუფერებელი იქნებოდა ღვთაებრივი კეთილისმყოფლობისთვის მისი ქმნილება ეშმაკს თავისი ნებით გაენადგურებინა და უკვალოდ გაექრო. მეორე მხრივ, შეუფერებელი იქნებოდა ადამიანები ან მათივე დაუდევრობის, ან ეშმაკის მიერ მათი ცდუნების გამო, როგორც ღვთაებრივი შემოქმედების ნაყოფნი, სამყაროდან აღგვილიყო.

ამრიგად, როდესაც იხრწნებოდნენ მეტყველი ქმნილებები და ნადგურდებოდა იგი, რაც ღმერთის შემოქმედების შედეგი იყო, დაუშვებდა ის, ვინც სიკეთეა, რომ ხრწნადობას გაემარჯვა და მათ სიკვდილი დაპატრონებოდა? მაშ, რისთვის იქმნებოდა, დასაწყისში რაც იქმნებოდა? იქნებ სჯობდა, არ შექმნილიყო, თუ რაც შეიქმნა უკვალოდ უნდა განადგურებულიყო. თუ ღმერთი შექმნის და შემდეგ თავის ქმნილებას ისე უყურადღებოდ მიატოვებს, რომ ქმნილება გახრწნას ეძლევა, ასეთ გულგრილობაში უძლურება გამოვლინდება და არა ღვთაებრივი კეთილქმედება, ამ შემთხვევაში უფალი თავიდანვე არ შექმნიდა ადამიანებს... ამრიგად, ნათელი ხდება, რომ ადამიანების ხრწნილებაში დაღუპვას ღმერთი არ დაუშვებდა, რადგან მისი კეთილი ბუნებისა და ღირსებისათვის ეს შეუფერებელი იქნებოდა.

("სიტყვა ღმერთი - სიტყვის განკაცებისა და სოფელსა შინა, ჩვენ შორის, ხორციელად დამკვიდრების შესახებ", 6)

ისევე როგორც ეკლესიის ყოველი მამა, ათანასე მიიჩნევს, რომ სიკვდილი და ხრწნილება ღმერთს არ შეუქმნია, ისინი სამყაროში ცოდვით დაცემის შედეგად შემოვიდნენ. ღმერთმა ყოველივე შექმნა "კარგი" (როგორც ბიბლია გვასწავლის "კეთილ"), ამავე დროს ყველაფერს მისცა თავისუფალი ნება და მის წინააღმდეგ ამბოხების შესაძლებლობა. ამბოხების შედეგად ძლიერი კოსმოსური რეალობა - სიკვდილი გაჩნდა, რამაც მოიპოვა ძალაუფლება და რაც ბატონობს "ამ ქვეყანაზე".

შემდეგ: სწავლება გადარჩენის შესახებ


ბეჭდვა
1კ1