ზნეობრივი ღვთისმეტყველება, ანუ როგორ ვიცხოვროთ ქრისტეში
ზნეობრივი ღვთისმეტყველება, ანუ როგორ ვიცხოვროთ ქრისტეში
"კარიბჭის" მკითხველს ვთავაზობთ ახალ რუბრიკას - ზნეობრივი ღვთისმეტყველება. ამ თემებზე საგულისხმო საუბრებს შემოგვთავაზებს ბათუმის წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე.

- მართმადიდებლური ცხოვრების სისტემური სწავლება ემსახურება მორწმუნის სწორი აზროვნების ჩამოყალიბებას. სწორედ ზნეობრივი ღვთისმეტყველება არის ის საღვთისმეტყველო საგანი, რომელიც ადამიანს ასწავლის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. თუ როგორ იცხოვროს ქრისტეში.

ქრისტიანობა არის უფალ იესო ქრისტეში ჩვენი ცხონების საშუალება. ადამიანს ღმერთის გარეშე არ შეუძლია ცხონდეს, ამიტომაც მართმადიდებლობა ასწავლის, თუ რა გააკეთა უფალმა ადამიანისათვის და რა უნდა გააკეთოს, ღმერთს რომ შეუერთდეს.

ქრისტეს აღდგომა ეს არის ადამიანის რწმენის გვირგვინი. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: "რომ არ ყოფილიყო აღდგომა, რა იქნებოდა ჩვენი სარწმუნოებაო". ეს სიტყვები გვმოძღვრავს მართლმადიდებლებს, რომ სიღრმისეულად შევისწავლოთ მართლმადიდებლობა, წმინდა სწავლება ცხოვრების წესად ვაქციოთ.

***
მართლმადიდებლობა საღვთო ფასეულობებით ცხოვრებაა. ამიტომაც ქრისტიანმა ზედმიწევნით უნდა შეიტკბოს ღმერთკაცი, რომლისგანაც შევიმეცნეთ, გაგვენდო წმინდა სამების საიდუმლოება, უნარი, თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს ქრისტე. თანამედროვეობის უდიდესი მამა, ბერი ეფრემ ფილოთეველი ბრძანებს, - მეფე სადაც მიდის, იქიდან მისი მტრები იდევნებიან, როცა ქრისტე მისი წმინდა სახელით გულში შედის, იქიდან ეშმაკთა რაზმებს გამოაძევებს.

უფლის მკვიდრობა ადამიანის სულში არის განმსაზღვრელი ადამიანის სულიერი მორჩილებისა, რომელსაც აჰყავს მორწმუნე უმაღლეს მდგომარეობაში, რასაც ღვთის შეცნობა და მის მიმართ მადლიერების გამოხატვა ჰქვია.

ჩვენს თანამედროვეობაში ელიტარულ დარგად იქცა ათეიზმი ანუ უღმერთოთა რელიგია, რელიგია, რომელსაც ღმერთი არ ჰყავს. ისმის კითხვა, ვინ არის ათეიზმის ღმერთი, რა ჰქვია მას? ეს არის ადამიანის დაცემული გონება, რომლის მიღმაც დგას, როგორც ამას ეკლესიის მამები უწოდებენ, "გონიერი გონება" ანუ რწმენა. რწმენა არის გულისმიერი ქმედება და ჩაღრმავება საკუთარ სულში.

ზნეობრივი ღვთისმეტყველების სწავლება ახსნა და განმარტებაა ჭეშმარიტი ზნეობრივი ცხოვრებისა, რომელიც ადამიანს ანიჭებს უმაღლეს ბედნიერებასა და ღვთისნიერ სიკეთეს. ზნეობრივი კანონის ცოდნა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ზნეობრიობას. შეიძლება ადამიანმა კარგად იცოდეს ის, მაგრამ მცნებებით არ იმოქმედოს. ასეთი შემთხვევები, საუბედუროდ, ხშირია.

***
სასულიერო პირი თავისთავად უნდა იყოს უმაღლესი ზნეობრივი ცხოვრების მატარებელი, ამიტომაც აუცილებელია მან იცოდეს ზნეობრივი ღვთისმეტყველების, როგორც თეოლოგიური საგნის, სიღრმეები. რადგანაც მღვდელმსახური წინამძღვარია სულიერი შვილებისა და ის არის თავისი დარიგებებითა და სულიერი რჩევებით ღვთის გზის მაჩვენებელი, ის დგას ყველაზე ახლოს მორწმუნის სულთან, როგორც კეთილი მკურნალი, მან უნდა აიყვანოს ქრისტესთან სულიერი შვილი.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი რწმენა ქმედითია მხოლოდ სიყვარულით. ღირსი ისააკ ასური შეგვაგონებს: "მეცნიერების სწავლა არ ათავისუფლებს ადამიანს ამპარტავნებისა და თავის თავზე დიდი წარმოდგენისაგან". ასე რომ, წინ დიდი და ღრმა განსჯა გვიდევს საკუთარი სულისა და მართლმადიდებლობის ქმედით მდგომარეობაში მოყვანისა, რომლითაც განვმართლდებით და სულიერად ავმაღლდებით.

ბეჭდვა
1კ1