ვინც ქრისტეს სახელით დაითმენს, ღმერთი მას მრავალ ჯილდოს აღუთქვამს ცათა სასუფეველში
ვინც ქრისტეს სახელით დაითმენს, ღმერთი მას მრავალ ჯილდოს აღუთქვამს ცათა სასუფეველში
სტუდენტები საღვთისმეტყველო საკითხებზე
მაცხოვრის მთაზე ქადაგების, ცხრა ნეტარებისა და სჯულის განახლების შესახებ გვესაუბრება თბილისის სასულიერო სემინარიის პირველი კურსის სტუდენტი დავით პაპიაშვილი:

ქადაგება მთაზე
მაცხოვრის მთაზე ქადაგების ამბავი მოთხრობილი აქვს ორ მახარებელს: მათესა დაLლუკას. მათე მოგვითხრობს ვრცლად და თანმიმდევრულად, ხოლო ლუკა - შემოკლებით და ფრაგმენტულად. მივყვეთ მათეს თხრობას.

ეს მთა კაპერნაუმის ახლოსაა და მას დღესაც ეწოდება "მთა ნეტარებათა" (ელეონის მთა). ეს თემა ბევრ საკითხს აერთიანებს, მაგალითად:

- ცხრა ნეტარებას;

- იესო ქრისტესა და ძველი აღთქმის სჯულს;

- ლოცვისა და მარხვის შესახებ მოძღვრებას და ასე შემდეგ.

ჩვენ კონკრეტულად ავირჩიოთ ცხრა ნეტარება და იესო ქრისტეს მოძღვრება ძველი აღთქმის სჯულის შესახებ.

პირველი ნეტარება: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა".

გლახაკი სულითა არ გულისხმობს დაბეჩავებულობას და სისუსტეს. ეს არის თავმდაბლობა ადამიანისა, რომელსაც შეგნებული აქვს, რომ ღვთის გარეშე არაფრის გაკეთება არ შეუძლია. იოანე კრეტიანკინი ასე განმარტავს: "გლახაკი სულითა ნიშნავს გქონდეს სიამაყის, ამპარტავნების, ქედმაღლობის საპირისპირო თვისებები". სიმდაბლე არის ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისი.

მეორე ნეტარება: "ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ".

კაცი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება ტიროდეს. Nნეტარად ის კი არ იწოდება, ვინც მიწიერი სატკივრის გამო ტირის, არამედ ის, რომელსაც შეგნებული აქვს თავისი სულიერი სიღატაკე და უძლურება და იწყებს გლოვას და სთხოვს ღმერთს ცოდვათა მიტევებას. ასევე ღვთისთვის სათნოა, ვინც მოყვასისთვის ზრუნავს და გლოვობს.

მესამე ნეტარება: "ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიკვიდრონ ქვეყანა". მშვიდნი არიან ისინი, რომლებიც მზად არიან მოითმინონ და აიტანონ შეურაცხყოფა უდრტვინველად. ცდილობს, მოსპოს მტრობა და ბოროტება, თუნდაც ამით შეილახოს მისი ღირსება. ეს არ არის მშიშრობა. იოანე ოქროპირი ამბობს: "როდესაც ვხედავთ, რომ სხვებს შეურაცხყოფას აყენებენ და არ ვესარჩლებით მათ, არამედ გაჩუმებულნი ვართ, ეს არის სულმოკლეობა. ხოლო როდესაც ვითმენთ ჩვენდა მოყენებულ შეურაცხყოფას, ეს არის სიმშვიდე". თავად მაცხოვარი უპირველესად მოგვიწოდებს მისგან ვისწავლოთ სიმშვიდე: "აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, და ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქვენთაი"(მთ 11; 29).

მეოთხე ნეტარება: "ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღნენ".

აქ იგულისხმება მოცემული სჯულის თანახმად ცხოვრება. ქრისტეს მსახური ისევე უნდა ცდილობდეს ღვთის მცნებათა თანახმად ცხოვრებას, როგორც მშიერ-მწყურვალი ცდილობს შიმშილ-წყურვილის დაკმაყოფილებას.

მეხუთე ნეტარება: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ".

მოწყალეა ისეთი ადამიანი, რომელიც ხედავს მოყვასის გაჭირვებას და ეხმარება ყველაფრით, რითაც შეუძლია: რჩევა-დარიგებით, ქონებით. Mმოწყალეა ის, ვინც გზაზე დააყენებს შეცთომილს, შიშველს შემოსავს, მშიერს გააძღებს და ასე შემდეგ.

მეექვსე ნეტარება: "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ".

გულით წმინდა არის ის კაცი, რომელიც ცდილობს, არაფერი ბოროტი და ცუდი განზრახვა არ იქონიოს გულში, რადგანაც გული არის ძირი და წყარო ყოველივე კეთილისა და ბოროტისა. მისი საქმეები ისეთი იქნება, როგორი გულიც აქვს მას. დავით მეფსალმუნეც ხომ შესთხოვს ღმერთს: "გული წმინდაი დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო".

მეშვიდე ნეტარება: "ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ".

მშვიდობის მყოფელი ეწოდება ისეთ კაცს, რომელსაც უყვარს მშვიდობა და მყუდროება, ცხოვრობს მშვიდობიანად და ცდილობს, წაჩხუბებულნი შეარიგოს. თავად მაცხოვარი იესო ქრსიტე მოვიდა მშვიდობისათვის, რომ შეერიგებინა ღმერთი და კაცი. ამიტომ ვინც ცდილობს მშვიდობის ჩამოგდებას, ის მსგავსია ქრისტესი.

მერვე ნეტარება: "ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა".

ჭეშმარიტ მორწმუნედ ქრისტეს გულისთვის მოელის დევნა, ტანჯვა, ცილისწამება, დაცინვა. იოანე კრესტიანკინი ამბობს: "ამ მცნების მიხედვით სიმართლე ნიშნავს ქრისტიანულ სარწმუნოებასა და ქრისტესმიერი მცნებებით ცხოვრებას. ნეტარია ის, ვინც დევნილია თავისი რწმენის, სათნოებების, კეთილი საქმეებისა და ურყევი, მტკიცე სარწმუნოების გამო".

მეცხრე ნეტარება: "ნეტარ იყვნენ თქვენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაი ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუვით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა".

***
უდიდესი ნეტარება მოელით მათ, ვინც ქრისტეს სარწმუნოებისთვის ეწამებიან. ამქვეყნიური ცხოვრება უსამართლოა. ვინც ქრისტეს სახელით დაითმენს, ღმერთი მას მრავალ ჯილდოს აღუთქვამს ცათა სასუფეველში.

იესო ქრისტემ ახალი სჯულის ქადაგება დაიწყო. იქ მისულ საზოგადოებას შეეძლო ეფიქრა, რომ ამით ცდილობს ძველი სჯულის გაუქმებასო, რისთვისაც მაცხოვარი ამბობს: "ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დახსნად სჯულისა გინა წინასწარმეტყველთა; არა მოვედ დახსნად, არამედ აღსრულებად" (მათე 5.17). მან თავისი ცხოვრებით, ქადაგებით, გაასრულა და განმარტა აზრი ძველი სჯულისა.

ძველ აღთქმაში მეექვსე მცნებად მოცემული იყო "არა კაც-ჰკლა". იგი წმინდა და უცვალებელი იყო ყველა ებრაელისათვის. ამ მცნებას კანონის ძალაც ჰქონდა და ვინც დაარღვევდა ისჯებოდა. Mმაცხოვარმა თქვა: ვინც განურისხდება თავის ძმას, მიიღებს ისეთსავე სასჯელს, რომელსაც ძველ აღთქმაში კაცის მკვლელი მიიღებდა. იოანე ოქროპირი ამ მუხლს ასე განმარტავს: "მცნება, არა კაც-ჰკლა, არ უქმდება მცნებით: არ განრისხდე; პირიქით, უკანასკნელი ემსახურება პირველის დასრულებასა და განმტკიცებას".

იოანე ღვთისმეტყველი ამის შესახებ ამბობს: "ყოველსა, რომელსა სძულდეს ძმა თვისი, იგი კაცის მკვლელი არს".

ადამიანი, რომელიც მიაღწევს ზნეობრივ სისრულეს და არ განურისხდება კაცს, ის არც მოკლავს. "მკვლელობის ფესვი მრისხანებაა, ამიტომ ვინც ამოძირკვავს ფესვს, ის უეჭველია, მოიკვეთს ყლორტებსაც, უფრო უკეთ არ დაუშვებს მათ აღმოცენებას" (იოანე ოქროპირი). ასევე ადამიანი, რომელიც თავის ძმას სიტყვით შეურაცხყოფს, ღირსია გეენიის ცეცხლისა.

გეენის ცეცხლი ეწოდებოდა ღელეს, რომელიც მდებარეობდა სამხრეთ-დასავლეთის მხარეს, იერუსალიმის ახლოს. ებრაელთა კერპთმსახურების დროს აქ სრულდებოდა მოლოქის კერპის თაყვანისცემა. როცა ებრაელებმა შეიძულეს კერპთმსახურება, შეიძულეს ეს ადგილიც და ყრიდნენ აქ ყოველგვარ უწმინდურებას. ამის გამო ჰაერი მუდამ მოწამლული იყო და მის განსაწმენდად გაუქრობელი ცეცხლი ენთო. ამიტომ ეს ადგილი ჯოჯოხეთში ცხოვრებისა და ცოდვების ტანჯვის სახედ ასოცირდებოდა.

მოსეს სჯულის მიხედვით, მეშვიდე მცნება არის "არა იმრუშო". ეს უკრძალავდა ებრაელებს გარეგან მოქმედებას - მრუშობის სახით. მაცხოვარი კი ბრძანებს, რომ ცოდვა არის არა მარტო საქმით ჩადენა, არამედ გულისთქმით შეხედვაც კი. ათანასე დიდი ამ მუხლს შემდეგნაირად განმარტავს: "მრუშობს ქალთან გულსა შინა თვისსა ყველა, ვინც თანახმაა საქმეზე, მაგრამ ხელს უშლის მას დრო, ადგილი ან სამოქალაქო კანონთა შიში".

ძველ აღთქმაში თუ ქმარი მოისურვებდა ცოლის გაშვებას, ის ვალდებული იყო, მიეცა მისთვის განსატევებელი წერილი, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა გაშვების მიზეზი. მაცხოვარი ამბობს: "ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტევოს ცოლი თვისი თვინიერ სიტყვისა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს მანცა იმრუშა" (მთ 5,32). აზრი მაცხოვრის ამ სიტყვებისა ასეთია: მეუღლეთა განშორება მხოლოდ ერთ-ერთის მრუშობის გამო შეიძლება, რადგანაც ეს არღვევს ღმერთის მიერ დადგენილ მეუღლეთა შორის ერთობას.

ის, ვინც გაეყრება სხვა რაიმე მიზეზისა და არა მრუშობის გამო, აძლევს განტევებულ პირს მრუშობის მიზეზს. ერთ ცოდვას მეორე მოსდევს და ეს ცოდვა იმის კისერზეა, ვინც უმიზეზოდ გაუშვებს მეუღლეს. მეუღლეთა უმიზეზო გაყრა არის ბევრი ცოდვის შეერთება.

ახალი აღთქმის სჯულის თანახმად მეშვიდე მცნება კრძალავს:

- უბიწოების შებღალვას აზრით, სიტყვით, საქმით;

- სიძვას; მრუშობას;

- სისხლის აღრევას.

ძველ აღთქმაში სჯულით აკრძალული იყო სასამართლოში ცრუ ფიცი ღვთის სახელით. ვინც დაიფიცებდა და არ აღასრულებდა, ეს ღვთის ამაო ხსენებად ითვლებოდა და იგმობოდა მისი წმინდა სახელი. ამიტომ სასჯელის თავიდან აცილების მიზნით ებრაელები იფიცებდნენ ცას, იერუსალიმს, თავის თავს. მათი აზრით, ასეთი ფიცის დარღვევა ცოდვად არ ითვლებოდა, რდგანაც ეს არ იყო ფიცი ღვთის სახელით. მაცხოვარმა კი უთხრა: "არა ფუცვად ყოვლადვე" და განუმარტა ეს სიტყვები. რადგანაც ცა არის საყდარი ღმერთისა, ქვეყანა მისი სამკვიდრებელი, იერუსალიმი დიდი მეუფის ქალაქი, ამიტომ მათი დაყოფა არის ფიცი მათი შემოქმედის სახელით. თავისი თავის დაფიცებაც აუკრძალა, რადგანაც შემოქმედის ხელშია კაცის სიკვდილ-სიცოცხლე. ადამიანის ფიცი უნდა იყოს "ჰო" და "არა". ეს საკმარისია დასამტკიცებლად.

მაცხოვარმა ძველი სჯულის დასარღვევად კი არა, მისი უფრო მეტად დაცვისათვის მოგვცა ახალი სჯული.

ბეჭდვა
1კ1