გენეალოგია უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი
გენეალოგია უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი
ვესაუბრება თბილისის სასულიერო სემინარიის პირველი კურსის სტუდენტი სერგო ყიასაშვილი:

"წიგნი შობისა იესო ქრისტესი"
წიგნი შობისა - აქ მათე მახარებელი, წინასწარმეტყველთა მსგავსად, არ იყენებს სიტყვებს: "ხილვა" ან "სიტყვა". მაგალითად, როგორც დაწერილია: "ხილვა, რომელი იხილა ესაია" ან "სიტყვა, რომელი იყო ესაიასადმი", არამედ წერს წიგნი შობისა, რადგან წინასწარმეტყველები გულქვასა და ურჩ ხალხს მიმართავდნენ და ამიტომაც ამბობდნენ ეს საღვთო ხილვა და ღვთის სიტყვა არისო, რომ ხალხი შიშით მოკიდებოდა და მათი ნათქვამი აბუჩად არ აეგდოო. მათე კი მორწმუნე და კეთილგონიერ ხალხს მიმართავს, თან მას არც ხილვა ჰქონდა, არამედ გრძნობისმიერად იყო და ჭვრეტდა ჩვენს უფალს.

ზოგიერთთა აზრით, პირველი გამოთქმა, "წიგნი შობისა იესუ ქრისტესი", საერთო სათაურად ემსახურება მთელ სახარებას. ეს მოსაზრება არ უნდა იყოს უსაფუძვლო, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათე მახარებელი ებრაელთათვის წერდა, იმ პერიოდისთვის კი, ებრაული ტრადიციით, ყოველ ტომს გააჩნდა საკუთარი გენეალოგია.

წიგნი შობისა იესო ქრისტესი. სიტყვა იესო (ებრაულად "იეშუა") განიმარტება, როგორც "მხსნელი", "მაცხოვარი". უფალთან მიმართებაში კი მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ის გამოხატავს კაცთა მოდგმის ხსნის, ცხოვნების მის მიერ აღსრულებულ საქმეს. ხოლო ზედსართავი სახელი "ქრისტე" - ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავს "ცხებულს", ანუ იგივეს, რასაც ებრაული სიტყვა "მაშიაჰ" - "მესია", რის გამოც უფალი ჩვენი იწოდება ხან ქრისტედ, ხანაც მესიად, რაც ერთი და იგივეა.

ძველ დროში ქრისტეებად მეფეები და მღვდელმთავრები იწოდებოდნენ, რადგანაც მათ წმინდა ზეთს სცხებდნენ კურთხევისას, ზეთს, რომელიც რქაში იდგა და საკურთხებელი პიროვნების თავზე გადმოაპირქვავებდნენ ხოლმე. როგორც წმინდა მამა ირინეოს ლეონელი მოგვითხრობს: "სახელში ქრისტე იგულისხმება მცხებელიც და ცხებულიც, და თვით ცხებაც, რომლითაც იგი არის ცხებული, როგორც ესაიას პირით იტყვის სიტყუა: "სული უფლისაი ჩემ ზედა, რომლისა ძალით მცხო მე", აღნიშნავს რა მცხებელ მამასაც, ცხებულ ძესაც და თვით ცხებასაც, რომელი არს სულიწმინდა".

გენეალოგიაში მოხსენიებულ და გამოტოვებულ პირთა შესახებ
"ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი". იესო ქრისტეს წარმომავლობა დავითისაგან და აბრაამისგან ყოველი იუდეველის თვალში უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი დადასტურება იყო მისი მესიანური ღირსებისა, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა: რატომ ასახელებს მახარებელი პირველად დავითს და შემდეგ აბრაამს? აბრაამი ხომ დავითამდე დიდი ხნით ადრე ცხოვრობდა და პირველმაც მან მიიღო აღთქმა, ხოლო შემდეგ დავითმა, თან მახარებელი უშუალოდ გენეალოგიაზე გადასვლისას ხომ აბრაამით იწყებს პიროვნებათა სახელების ჩამოთვლას და შემდეგ ახსენებს დავითს? როგორც ჩანს, მათე მახარებელი ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ დავითისადმი მიცემული აღთქმა მთელ იუდეველ ერს კი არ განეკუთვნებოდა, როგორც ეს აბრაამისადმი მიცემულ აღთქმაში იყო, არამედ იგი უფრო კერძო იყო და დავითის სახლს ეკუთვნოდა. პირველად დავითის დასახელებით მახარებელს სურს აჩვენოს ებრაელებს, რომ სწორედ იმ მესიაზე საუბრობს, რომელსაც იუდეველები მოელოდნენ, როგორც დავითის ძეს და აღთქმული დიდებული მეუფების მემკვიდრეს.

"აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი; ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე; იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაის ცოლისაგან".

რატომ მოიხსენია წმინდა მათემ იესო ქრისტეს გენეალოგიაში მხოლოდ იუდას ძმები და არაფერი თქვა არც ისააკის ძმა - ისმაილზე და არც იაკობის ძმა - ესავზე?

"ამის მიზეზად ზოგიერთი ესავის ავზნიანობას მიიჩნევს, ამასვე ამბობენ ზოგიერთ სხვაზე - წინაპართაგან, მაგრამ მე ამას არ ვიტყოდი: ეს თუUასეა, მაშ რატომ ხდება, რომ ცოტა ხნის შემდეგ მახარებელი იხსენიებს უზნეო ქალებს? ნათელია, რომ აქ იესო ქრისტეს დიდება ცხადდება საწინააღმდეგოში, არა მისი წინაპრების დიდებულებით, არამედ მათი არარაობითა და სიმდაბლით. მაღლისათვის ხომ სწორედ ისაა უდიდესი სიმაღლე, რომ მას უკიდურესი თავის დამდაბლება შეუძლებელია. მაშ, რატომ არ იხსენიებს მახარებელი ესავსა და სხვებს? იმიტომ, რომ სარკინოზებსა და ისმაიტელებს, არაბებსა და ყველა სხვას, ვინც ამ წინაპრებისგან წარმოდგება, არაფერი ჰქონდათ საერთო ისრაელის ხალხთან. სწორედ ამიტომ დუმს იგი მათ შესახებ და პირდაპირ იესოს წინაპრებზე, იუდეველ ხალხზე საუბრობს, როდესაც ამბობს: იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი.Aაქ უკვე იუდეველთა მოდგმა იგულისხმება".

საინტერესოა, რა აზრი და მნიშვნელობა ჰქონდა, როდესაც მახარებელი მაცხოვრის გენეალოგიაში ისეთ მდედრობით პირებს იხსენიებდა როგორებიც იყვნენ: თამარი, რექაბი, რუთი და დავით მეფის უკანონო ცოლი, რომელიც მან ურიას წაართვა?

წმინდა იოანე ოქროპირი გაკვირვებით წამოიძახებს: "რას იქმ შენ, ღმრთივშთაგონებულო მამაო, უსჯულო სისხლის შერევის ამბავს რომ გვახსენებ?Dდა თვითონვე პასუხობს: "განკაცებული ღმერთის გენეალოგია არათუ არ უნდა დამალო, არამედ მთელი ხმით უნდა იუწყებოდე მის შესახებ, რათა ამით მისი ზრახვები და დიდებულება წარმოაჩინოო. იგი იმისთვის კი არ მოვიდა, რომ განრიდებოდა ჩვენს შერცხვენას, არამედ იმისათვის, რომ გაენადგურებიდა იგი".

ზემოთ ხსენებულ დედაკაცთა ისტორია ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, ახლა კი ყურადღება მხოლოდ თამარზე გავამახვილოთ, რომელმაც იუდას ორი ტყუპი ვაჟი უშვა, ფარეზი და ზარა. განმმარტებელთა აზრით, მახარებელი აქ ორივე პიროვნებას იმიტომ ასახელებს, რომ ისინი ქრისტეს სასუფეველში შესული ორი ხალხის - იუდეველთა და წარმართთა წინასახენი იყვნენ.

დაბოლოს: "როცა ასეთი დედაკაცნი შეჰყავდა იესო ქრისტეს გენეალოგიაში, ამით მახარებელს სურდა ეჩვენებინა, რომ იესო ქრისტე თავის ღირსებას ხორციელ წინაპართაგან კი არ იღებს, რომ მისი ზეგარდმო წარმოგზავნილობა კაცობრივ დამსახურებებს კი არ ეფუძნება, არამედ ღმერთის სახიერებასა და მოწყალებას.. ქრისტე ამქვეყნად მხოლოდ ებრაელთათვის კი არა, არამედ ყოველი ხალხის საცხოვნებელად მოევლინა, ყოველგვარი გვარტომისა და წარმომავლობის, ღირსებისა და სქესის მიუხედავად.

***
"სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია, აბიამ შვა ასა; ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზიამ შვა იოათამ; იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია; ეზეკიამ შვა მანასე; მანასემ შვა ამონ; ამონ შვა იოსია; იოსიამ შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა".

იესო ქრისტეს გენეალოგიის ამ მეორე განყოფილებაში, უმთავრესად ყურადღებას იქცევს პირველი: იუდეველთა სამი მეფის - ოქოზიას, იოსიასა და ამასიას გამოტოვება, იორამსა და ოზიას შორის. განმმარტებლები მიიჩნევენ, რომ მახარებელმა ეს მეფეები მათი წარმომავლობის გამო გამოტოვა, რადგან ისინი ეკუთვნოდნენ აქაბის გვარს, მეფე ოქოზიას დედის მხრიდან, ანუ ისეთ გვარს, რომელზეც ღმერთმა ორგზის წარმოთქვა შეჩვენება. მეორე გამოტოვება იოსიას ძისა და იექონიას მამის სახელს - იოაკიმეს შეეხება. მიიჩნევდნენ, რომ ეს გამოტოვება გადამწერთა ბრალი უნდა იყოს იოაკიმესა და იექონიას სახელთა მსგავსების გამო. ამიტომ მიიჩნევენ, რომ მათე მახარებლის ეს ადგილი შემდეგნაირად უნდა იქნას წაკითხული: იოაკიმე შვა იექონია ტყვეობასა მას ბაბილონელთასა. ანუ თვით ამ ტყვეობის დროს ან ტყვეობაში გადასახლების წინ ისრაელი ერისა.

"შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ; აბიუდ შვა ელიაკიმ; ელიაკიმ შვა აზორ; აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ; ალიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატათან; მატათან შვა იაკობ; იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქუან ქრისტე".

რადგან წმინდა მათე თავის სახარებას უპირატესად იუდეველთაგან გამოსული ქრისტიანებისთვის წერდა, რომელთა ურწმუნოებაც იესო ქრისტესადმი, როგორც აღთქმული მესიისადმი, მისთვის კარგად იყო ცნობილი, ამიტომ მან შეიყვანა კიდეც ამ გენეალოგიაში იოსებიც, რომელსაც იუდეველები იესო ქრისტეს ბუნებრივ მამად თვლიდნენ. მით უმეტეს, რომ იუდეველებში დამკვიდრებული იყო ჩვეულება გენეალოგია მხოლოდ მამების ხაზით ეწარმოებინათ. იოსები რომ მარიამის ქმრად არის მოხსენიებული, ეს, ერთი მხრივ, იმით აიხსნება, რომ იუდეველთა წეს-ჩვეულებით, სასიძო და საპატარძლო დაწინდვისთანავე ცოლ-ქმრად იწოდებოდნენ. მეორე მხრივ კი იმით, რომ იოსებმა, უფლის ანგელოზის ბრძანებით, ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი თავის სახლში მიიღო, როგორც თავისი ცოლი.

იოსები
იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისგანაც იშვა იესო, რომელსა ჰრქვიან ქრისტე.

ყოველივე ზემოთქმულის მსგავსად როდი ამბობს მახარებელი, იაკობ შვა იოსებ და იოსებ შვა იესოო, არამედ მიაწერს რა მხოლოდ ღვთისმშობელ მარიამს იესოს შობას, ამბობს: "იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესო". აქ ნათლად წარმოაჩენს, რომ იოსები არ ყოფილა მაცხოვრის ბუნებრივი მამა, რომ მაცხოვარი მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეშვეობით მოევლინა ქვეყანას და იოსებს მის შობაში არანაირი წილი არ მიუძღვის, რამეთუ ძე ღმერთს ჰყავს რა ერთი ბუნებითი მამა, რომლისგანაც იშვა იგი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და იშვება მისგან მარადჟამს. აქ მახარებელი ხაზს უსვამს მაცხოვრის ღვთაებრივ შობას ქალწული მარიამისგან და ამზადებს მკითხველს მოსასმენად იმისა, თუ როგორ მოხდა ჩასახვა დაუტევნელი ღმერთისა ქალწულის წიაღში და მისი განკაცება.

ჩნდება კითხვა, თუ ქრისტეს შობა მხოლოდ ქალწული მარიამისგან მოხდა, მაშინ რატომაა, რომ მახარებელი აღწერს იოსების გენეალოგიას და არა მარიამისას?

საქმე ისაა, რომ ებრაული ტრადიციით, ქორწინდებოდნენ მხოლოდ ერთი ტომის წარმომადგენლები, რამეთუ მოლოდინი იყო მესიისაა, რომელიც ღმერთმა აღუთქვა აბრაამს, მის შთამომავალთ, იუდას და შემდეგ უკვე ღვთაებრივ დავითს, რომ მისი სახლიდან წარმოსდგებოდა ის, ვისთვისაც იყო განჩინებული მოსვლა: "არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა". შენ იტყვი, რომ ეს წინასწარმეტყველება მართლაც იმას აჩვენებს, რომ ქრისტე იუდას ტომიდან იყო, მაგრამ იმას, რომ იგი ნამდვილად დავითის სახლის წარმომადგენელია, არ ადასტურებს. განა იუდას ტომში დავითის გარდა სხვა მოდგმა არ არსებობდა? არა, სხვებიც იყო და ის შესაძლოა, ყოფილიყო იუდას ტომიდან, მაგრამ დავითის სახლიდან არ წარმოშობილიყო. იმისათვის, რომ ეს არ თქვა, მახარებელი შენი ეჭვის გასაქარვებლად ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან და სახლიდან იყო. თუკი ამაში სხვა საშუალებებითაც გსურს რომ დარწმუნდე, სხვა დამამტკიცებელი საბუთების მოტანაც არ გაგვიჭირდება. იუდეველებს ნება არ ჰქონდათ ცოლი შეერთოთ არა მხოლოდ სხვა ტომიდან, არამედ სხვა მოდგმიდან და სახლიდან. ამიტომ თუკი სიტყვებს: "სახლისგან და ტომისა დავითისა" მივაწერთ ქალწულს, ჩვენი ნათქვამი სრულიად უეჭველი გახდება, ხოლო თუკი ამავე სიტყვებს მივაწერთ იოსებს, მის შესახებ ნათქვამი მაინც შეეხება ქალწულსაც: თუკი იოსები დავითის მოდგმიდან და ტომიდან იყო, ის ცოლს მოიყვანდა არა სხვა ტომიდან, არამედ სწორედ იქიდან, რომლის წარმომადგენლებიც იყო თავად. შენ მეტყვი: მაგრამ თუკი მან სჯული დაარღვია? მახარებელმა ამგვარი ეჭვიც გაითვალისწინა და დაამოწმა, რომ იოსები მართალი იყო. ამგვარად, რამდენადაც მისი სათნოებები იცი, შეგიძლია, დარწმუნებული იყო იმაშიც, რომ ის სჯულს არ დაარღევდა.

გენეალოგიის დაყოფა სამ ნაწილად
ყოვლი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაით ვიდრე ქარისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.

მახარებელი გენეალოგიას სამ ნაწილად ჰყოფს და ეს არ არის უმიზეზოდ. ამ დაყოფას საფუძვლად უდევს სამი მეტად მნიშვნელოვანი მდგომარეობა ებრაელი ხალხის ისტორიაში:

პირველი - აბრაამიდან დავითამდე პერიოდი მოიცავს ებრაელი ერის ჩამოყალიბების დაწყებას და თეოკრატიის პერიოდს დავით მეფის გამოჩენამდე.Aამ პერიოდში ებრაელები პატრიარქების, წინასწარმეტყველთა და მსაჯულთა მმართველობის ქვეშ იყვნენ.

მეორე - ეს პერიოდი მოიცავს მეფეთა დროს ერის დამოუკიდებლობის დაკარგვამდე, როდესაც დაიწყო ბაბილონში გადასახლება ანუ ტყვეობა.

მესამე - ხოლო ეს უკვე ის დროა, როდესაც ებრაელი ერი ცდილობს დამოუკიდებლობის აღდგენას და მათ ხელმძღვანელობენ მღვდელმთავრები მაცხოვრის გამოჩენამდე.

"წინასწარმეტყველებათა მიხედვით, მესია უნდა ყოფილიყო წინასწარმეტყველიც, მეფეც და მღვდელმთავარიც. ამგვარად, ეს სამი განყოფილება იესო ქრისტეს გენეალოგიისა 1. პატრიარქების, მსაჯულებისა და წინასწარმერტყველთა ხელმწიფების პერიოდი. 2. მეფობის პერიოდი და 3. მღვდელმთავართა პერიოდი, რომლებიც წინ უსწრებდნენ მესია-ქრისტეს მოვლენას, თითქოსდა ერთგვარი წინასწარმეტყველებაა მის შესახებ.

მათე და ლუკა მახარებლების მიერ გადმოცემულ გენეალოგიათა განსხვავებების შესახებ
ზოგიერთები კითხულობენ: რატომ არის, რომ მათე იოსებს იაკობის ძეს უწოდებს, ლუკა კი ელიას? ვინაიდან შეუძლებელია, ამბობენ, ერთი და იგივე ორი მამის შვილი იყოს. ამაზე ვპასუხობთ, რომ იაკობი და ელია ერთი დედის შვილები იყვნენ, მაგრამ სხვადასხვა მამისგან და ელიას სიკვდილის შემდეგ, მისი ცოლი იაკობმა მოიყვანა, რათა აღედგინა მისთვის თესლი და ამიტომ იოსები იწოდება იაკობის ძედ ბუნებითად, ხოლო ელიასად - სჯულის მიხედვით. ვინაიდან იაკობმა მართლაც შვა იგი ბუნებითად და იგი მისი ღვიძლი შვილი იყო, ხოლო ელიას შვილი იგი მხოლოდ სჯულის მიხედვით იყო, ვინაიდან სჯული ავალდებულებდა, რომ უშვილოდ გარდაცვლილის ცოლი მის ძმას შეერთებოდა და ამ კავშირის შედეგად შობილი გარდაცვლილის შვილად ჩათვლილიყო (II სჯ. 25, 5-6), თუმცა ბუნებითად იგი ცოცხალისგან იყო. ამიტომ მახარებლები სწორად ამბობენ და არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. მათემ ჩაწერა იოსების ბუნებითი მამა, ხოლო ლუკამ ის, ვინც სჯულის მიხედვით ერგებოდა მას მამად, ანუ ელია; ხოლო ორივენი ერთად უჩვენებენ, რომ უფალი იშვა იმისათვის, რათა ეკურთხებინა ბუნებაცა და სჯულიც.

ბეჭდვა
1კ1