ღმერთმა აცხონოს მიტროპოლიტ სერგის უკვდავი სული
ღმერთმა აცხონოს მიტროპოლიტ სერგის უკვდავი სული
გუშინ, 19 სექტემბერს თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით გარდაიცვალა საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი). იგი 62 წლის იყო. მიტროპოლიტი სერგი, ერისკაცობაში ზურაბ ნიკოლოზის ძე ჩეკურიშვილი, დაიბადა 1959 წლის 13 აპრილს ქ. რუსთავში.

1975 წელს დაამთავრა რუსთავის N6 საშუალო სკოლა, გატაცებული იყო სპორ-ტით. იყო საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრი. 1979-1981 წლებში იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1981 წლიდან ზურაბ ჩეკურიშვილი სწავლობდა ხარკოვის პედაგოგიურ ინსტიტუტში. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში იგი სერიოზულად დაინტერესდა მართლმადიდებლური სარწმუნოებით. როგორც თვითონ აღნიშნავს: "ერთ მორწმუნე მეზობელ ქალ მარიასთან დავინახე ბიბლია. მანამდე არ ვიცოდი როგორი იყო, ავიღე, გადავშალე და პირდაპირ ეს სიტყვები ამოვიკითხე: "ნუ გეშინია, მე შენთანა ვარ"… მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად დიდი, ძლიერი ვიყავი, კბილის ამოღების ძალიან მეშინოდა. ჩემმა ძმამ წამიყვანა ხარკოვში ერთ დამსახურებულ ყბა-სახის ქირურგთან, ნარკოზის გაკეთება შემომთავაზეს, გავიკეთე და მოვკვდი. თხუთმეტი წუთი ჩემს თავს დავყურებდი ზემოდან. გამოფხიზლებული ისეთი შეშინებული გამოვვარდი, პირდაპირ ეკლესიაში წავედი… რწმენასთან დაახლოების გამო ინსტიტუტიდან გამომიშვეს".

1985 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ზურაბ ჩეკურიშვილმა სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, 1986 წლიდან იგი მორჩილად გადავიდა მოსკოვის წმიდა სამების სერგის ლავრაში. 1987 წლის 13 აპრილს მორჩილი ზურაბი აღკვეცეს ბერად და წმიდა სერგი რადონეჟელის საპატივცემულოდ უწოდეს სახელი სერგი. სულ მალე იგი ჯერ ბერდიაკვნად, ხოლო 1988 წელს მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა საფარის მონასტრის წინამძღვრად. მღვდელმონაზონმა სერგიმ საფარის მონასტერში ბევრი იღვაწა რწმენისა და ცოდნის აღორძინებისათვის. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით იგი აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში (1991 წ.), ხოლო 1992 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა არქიმანდრიტი სერგი ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსად გამოირჩია.

1992 წელს მეუფე სერგი დაინიშნა წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ახალციხის სემინარიის რექტორად. 1996 წელს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის იგი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.

1997 წლის 14 ნოემბრიდან მთავარეპისკოპოსი სერგი გადაყვანილ იქნა ნეკრესის ეპარქიის მმართველად. ნეკრესის ეპარქია ერთ-ერთი უძველესია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, როგორც "ქართლის ცხოვრება" მოგვითხრობს, IV საუკუნის II ნახევარში თრდატ მეფემ "ნეკრესს კახეთისასა ეკლესია აღაშენა განსრულებით", ხოლო მეფე ვახტანგ გორგასალმა ნეკრესში საეპისკოპოსო კათედრა დაადგინა.

ისტორიულმა ძნელბედობამ თავისი კვალი დაამჩნია უძველეს ეპარქიას. XVII საუკუნის დასაწყისიდან შაჰ აბას I-მა კახეთს ნეკრესის სამღვდელმთავრო ტერიტორიის ნაწილი ჩამოაშორა და აქ მუსლიმანური სასულთანო შექმნა, დაიწყო ქართველი ქრისტიანი მოსახლეობის არნახული შევიწროება, გამაჰმადიანება. "ინგილო" ამ მხარეში გაბატონებული ლეკებისთვის ახლად გამაჰმადიანებულს, "ინჯილის" ანუ სახარების პატივისმცემელს ნიშნავდა. XIX საუკუნეში საინგილოში მცხოვრები ქრისტიანი ქართველები ალავერდის ეპარქიაში შედიოდნენ… საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1925 წელს, შეიქმნა ბოდბის ეპარქია, რომელშიც გაერთიანებული იყო საინგილოს სამწყსოს ნაწილიც, მაგრამ XX საუკუნის 20-30-იანი წლების აგრესიული ათეიზმის პოლიტიკის წყალობით ეპარქიაში მოქმედი ეკლესია-მონასტრების უმრავლესობა ადმინისტრაციული წესით დაიხურა.

სასულიერო პირები დევნილ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. 1995 წელს აღდგა ნეკრესის ეპარქია, რომელსაც 2002 წლის 17 ოქტომბრის წმიდა სინოდის განჩინებით ეწოდა ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია. 2002 წლიდან (ეპარქიის გაყოფამდე) მეუფე სერგი ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიის პირველი მღვდელმთავარი იყო. დღესასწაულებზე მეუფე სერგი ხშირად სტუმრობდა კახის რაიონს და აზერბაიჯანის მოქალაქე ქართველები მას კარგად იცნობენ. მეუფე სერგის სხვა არაერთ საქმესთან ერთად დიდი ღვაწლის მიუძღვის საინგილოს ქართველებში რწმენის აღორძინებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების საქმეში.

ერთ-ერთ ქადაგებაში მეუფე სერგი ბრძანებდა - "სულ მთელი ჩვენი ცხოვრება ვკარგავთ და ვკარგავთ მიწებს, მაგრამ ჭკუაზე მაინც ვერ მოვდივართ. ამიტომ ღმერთმა იქნება ამ ნაღველით, ამ უბედურებით, ამ აფხაზეთის წართმევით, იმ ტაო-კლარჯეთის დაკარგვით, იმ საინგილოსი... ჩვენი ხალხის გულებში ამ სიმძიმემ იქნებ სარწმუნოებაზე მოაქციოს ჩვენი ხალხი... ილოცეთ ყოველდღე, ვინც არ იცით ლოცვა, მამაო ჩვენო მაინც იკითხეთ, რომ ღმერთმა თავისი ნება გაატაროს საქართველოში... როგორც კი უფლისაკენ მიიხედავს ჩვენი ხალხი, დაწყნარდება, დამშვიდდება, ყველა დაგვიმეგობრდება, ყველა პატივსა გვცემს..."

2000 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მეუფე სერგის ებოძა მიტროპოლიტობა, ხოლო 2007 წლის 25 დეკემბერს იგი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით. ღმერთმა აცხონოს მისი უკვდავი სული!

მეუფე სერგის 23 სექტემბერს 14 საათზე ლაგოდეხის ყაზანის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ


სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი
ბეჭდვა
1კ1