მარიამობა დღეს დაიბადა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მსახური, მრევლის ბებო, სიკეთის განსახიერება
მარიამობა დღეს დაიბადა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მსახური, მრევლის ბებო, სიკეთის განსახიერება
თუ მკითხავენ, ადამიანი როგორი უნდა იყოსო, თვალის დაუხამხამებლად ვუპასუხებ, - ნანი ბებოსნაირი-მეთქი.

ვინც ქუთაისის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელიბის ტაძარში ერთხელ მაინც ყოფილხართ გახსნის დღიდან 2015 წლამდე, ყველას გემახსოვრებათ ნანი ბებო (დიდ-პატარა ასე ეძახდა, ეს მისი თიკუნი იყო). ის ყველასთვის ბებო იყო, ძმაკაცი, ძმა, დედა, და, ოჯახის წევრი. ყველას ესიყვარულებოდა, ყველა უყვარდა, ყოველ ადამიანში მხოლოდ სიკეთეს ეძებდა, მისთვის წარმოუდგენელი იყო, ბოროტება რას ნიშნავდა. ყველას სადარდელი გულთან მიჰქონდა, თავის დიდ ტკივილს კი არასოდეს აგრძნობინებდა - მის გულს შვილიშვილი აკლდა...

ყველას თავს უტოლებდა, ცდილობდა, ყველასთვის პატივი ეცა. სრულიად უსასყიდლოდ მსახურებდა ტაძარში, მასზე ზრუნავდა, დილიდან საღამომდე ფუსფუსებდა, სანთელს ყიდდა...

ძველი მრევლი, სტიქაროსანი, მგალობელი თუ მღვდელმსახური ნანი ბებოზე არაერთ კეთილ ამბავს ტკბილად გაიხსენებს.

ტრადიციად ჰქონდა - წითელ პარასკევს ტაძარს ღამით არ კეტავდა, გარდამოხსნის წინ იდგა და მარტო ლოცულობდა. ერთხელ შეუძლოდ გახდა - წნევამ აუწია. დღეს ვერ შევძლებ ტაძარში გათენებასო, წუხდა, მაგრამ მალევე დამირეკა - ისეთი დღეა, რომ მოვკვდე, ამაღამ ტაძარი არ უნდა დავკეტოო.

2016 წელს საქართველო დავტოვე... ვცდილობდი, დაბადების დღეზე დამერეკა, მიმელოცა... მალე გადაინაცვლა სამარადისო საცხოვრებელში შვილიშვილთან.

სულ გვაფრთხილებდა, როდესაც გარდავიცვლები, ბიჭებმა (სტიქაროსნებმა) ფსალმუნები წამიკითხეთო. ვერ დავემშვიდობე, ვერ გავაცილე იმ ქვეყნად.

მარიამობა დღეს დაიბადა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მსახური, მრევლის ბებო, სიკეთის განსახიერება.

მე, ამავე ტაძრის ყოფილი სტიქაროსანი, მუდამ ვეცდები, ნანი ბებოს სახელი უკვდავი იყოს. ახალმა თაობამ, რომელიც ამ ტაძარში ერთხელ მაინც შევა, მინდა იცოდეს, რომ აქ მესანთლედ იყო სამაგალითო ადამიანი ნანი ბებო, რომელიც უანგაროდ ემსახურებოდა უფალს, ტაძარს. ვულოცავ მრევლს, სამღვდელოებას, ნანი ბებოს ოჯახს მისი დაბადების დღეს.
ნანი ბებო, დიდი მადლობა შენი სიცოცხლისთვის, ტაძარში მსახურებისთვის, სიყვარულისთვის.


დიდი სიყვარულით,

საფრანგეთში მყოფი ამავე ტაძრის ყოფილი სტიქაროსანი, თეიმურაზ მაჩიტიძე.

დიდი მადლობა ჟურნალ "კარიბჭეს", მის რედაქტორს და მთელ გუნდს, რომ მომეცით საშუალება, გამეხსენებია და თქვენი მეშვეობით მადლობა გადამეხადა ამ საოცარი, ერთგული, თბილი, ტკბილი ქალბატონის სულისთვის.
ბეჭდვა
1კ1