საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, ტკბილო მოძღვარო! - 19 მაისს მამა ვახტანგ ასათიანს გარდაცვალებიდან 40 დღე შეუსრულდა
საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, ტკბილო მოძღვარო! - 19 მაისს მამა ვახტანგ ასათიანს გარდაცვალებიდან 40 დღე შეუსრულდა
ვიცი კაცი ღმრთისა მიერ
ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის წინამძღვარს, მამა ვახტანგ ასათიანს დიდი სიყვარულით იხსენებს მისივე აღზრდილი, დიდი დიღმის 100 ათასი მოწამის სახელობის ტაძრის მღვდელი ირაკლი დუმბაძე:

-აღდომა სიცოცხლის დღესასწაულია,რომელიც ადამიანს შემოქმედთან ცოცხალი ურთიერთობით ენიჭება. მთელი ჩემი ახალგაზრდობა ერთი კითხვა მაწუხებდა,თუკი აღდგომის საგალობლით ერთმანეთს ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვებას ვახარებთ, რატომ კვდებოდნენ მაინც ადამიანები,რომელ სიკვდილზე გაიმარჯვა მაინც უფალმა?

და აი პასუხი, რომელიც წლების შემდეგ მოვიძიე. პირველ ქმნილ ადამს ღმერთმა უთხრა, როგორც კი მის მიერ მიცემულ მცნებას დაარღვევდა, სიკვდილით მოკვდებოდა. ანუ არსებობს სიკვდილის ორი ფორმა სულიერი და ფიზიკური. სულიერად ადამი იმ წამსვე მოკვდა, როგორც კი მცნება დაარღვია, ფიზიკურად კი 900 წლის შემდეგ. მაცხოვარმა სწორედ ეს გამარჯვება მოიპოვა, რომ ადამიანს დარღვევული კავშირი აღუდგინდა სიცოცხლის წყაროსთან, ხოლო მეორე ფორმა სიკვდილისა კვლავ ძალაში დატოვა, რადგან სანამ ეს სამყარო ამ ფორმით იარსებებს, მუდამ იქნებიან ადამიანები ვინც ცხოვრების წესად ბოროტებას აირჩევენ და რა იქნებოდა ეს წუთი სოფელი ღმერთს მათი მოქმედებისთვის წერტილი რომ არ დაესვა. ყველა დამეთანხმება, რამდენად რთულია ამ ყოფაში კეთილმა ადამიანმა სიკეთეც ბოლომდე შეინარჩუნოს. ეს ცხოვრება ხომ მუდმივი გამოცდაა, სადაც ღმრთის მოყვარემ მისი ღმრთისადმი სიყვარული საკუთარი თავის უარყოფით და შემოქმედისადმი უანგარო მსახურებით უნდა დაამტკიცოს.

ამიტომ ღმერთს კეთილის მქმნელებიც გაყავს ამ ქვეყნიდან. ყოველივე სიკეთე და ნიჭი სრული რომლითაც ადამიანები შეიმკობიან, "შთამომავალ არს მამისაგ ნათლისა", ანუ პავლე მოციქულის სიტყვისაებრ ესეთი ადამიანები ღმრთისა მიერნი არიან. რამდენიმე სიტყვა ესეთ ღმრთისა მიერზე მინდა გითხრათ!

"ვიცი კაცი ღმრთისა მიერ", რომელიც კომუნისტების უღმერთო ხელისუფლების ჟამს, ჯერ კიდე ჭაბუკი საოცარი რწმენით და უფლისადმი სიყვარულით განმსჭვალული არ დაგიდევდა შიშს და როცა საქართველოს ეკლესიას მრევლად თეთრ თავსაფრიანი მოხუცი ბებიები შემორჩენოდნენ, საოცარი აღმსარებლობის სულით არ შორდებოდა ეკლესიას.ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს და 1981 წელს, 31 წლის ასაკში იგი მღვდლად აკურთხა.

"ვიცი კაცი ღმრთისა მიერ", რომელმაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თავს იდვა ეკლესიების აღდგენა და მათვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა,როგორც როგორც ხორციელი,ასევე სულიერისა. 1989 წელს მანვე იტვირთა თბილისში აბანოდ ქცეული ივერიის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისათვის ძველი დიდების მინიჭება, რომელიც 1997 წელს მისი საზეიმო კურთხევით დაგვირგვინდა. ეს ტაძარი ჭეშმარიტად იქცა სავანედ, სადაც მორწმუნენი განსაკუთრებულად გრძნობენ დედა ღვრთისას საოცარ მზრუნველობას.

"ვიცი კაცი ღმრთისა მიერ", რომელიც თავის სამწყოს უფლის ჭეშმარიტ ხატად ჰყავდა. მოძღვარი ხომ თავად ემსგავსება შემოქმედს. როგორც ღმერთი ყველასია,მაგრამ რაღაცით განსაკუთრებულად შენი, ასევე მოძღვარი, იგი ყველასია, განსაკუთრებით კი-შენი და ეს ყველაფერი სწორედ შენთან განსაკუთრებულ ურთიერთობაში ვლინდება.

"ვიცი კაცი ღმრთისა მიერ", რომელიც მასთან მისულ ყოველ ადამიანს ბავშობაში აბრუნებდა, ანუ იმ წმინდასთან მიაბრუნებდა ბავშვობაში რომ აქვს ყველა ჩვენგანს და ასე მან მრავალი ერთგული შვილი გაუზარდა ქრისტეს ეკლესიას. ბევრი მათგანი სასულიერო წოდებით ემსახურება სამყაროს შემოქმედს. "ვიცი კაცი ღმრთისა მიერ" ,ვის გულშიც უამრავმა ადამიანმა დაიდო ბინა როგორც ცოცხალმა ასევე მიცვალებულმა და ეს სისავსე ყოველ საღმრთო ლიტურგიაზე შევედრებულ იქმნებოდა უფლისა მიმართ.

"ვიცი კაცი ღმრთისა მიერ", რომელიც 40 წელი ანთებული კელაპტარივით იდგა წმინდა ტრაპეზის წინ და მასში ლოცვის ცეცხლოვანება და სურნელება არ ჩამქრალა.ხელიდან ხელში გადასცემდა მის სამწყსოს ცოდნას იმისას, რომ ქრისტიანი მაშინაა ცოცხალი, როცა მასსში ლოცვა ცოცხლობს. 70 წლის ასაკში, მან, ვინც არის დამაშვრალთა ნუგეშინისმცემელი და ტვირთმძიმეთა განსვენება,მოძღვრის საუკუნო განსასვენებელში გადასახლება განიზრახა.

"ვიცი კაცი ღმრთისა მიერ", რომელსაც სახელად მამა ვახტანგი ჰქვია და გვწამს, რომ მისი ღაღადება სურნელოვან საკმეველივით ეფინება აწ უკვეზეციურ საკურთხეველს.

საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, ტკბილო მოძღვარო! შენდობას ვითხოვთ თუკი შენს სიყვარულს რაიმე დავაკელით.



ბეჭდვა
1კ1