ქრისტიანთა რწმენით და ლოცვით დიდი შეწევნა აქვთ მიცვალებულთა სულებს
ქრისტიანთა რწმენით და ლოცვით დიდი შეწევნა აქვთ მიცვალებულთა სულებს
ლოცვა მიცვალებულთათვის
ყველაზე უფრო ამაღელვებელი წეს-ჩვეულება მართლმადიდებლურ ეკლესიაში არის მიცვალებულთა მოხსენება და მათთვის ლოცვის აღვლენა.

წმინდა ეკლესია, გააცილებს რა მომაკვდავი ადამიანის სულს უკანასკნელ გზაზე, არც შემდეგში ტოვებს ამ სულს ლოცვითი შეწევნის გარეშე. მთელი რიგი გულისამაჩუყებელი თხოვნებით, რომლებიც ეგრეთ წოდებულ პანაშვიდის ლოცვას შეადგენენ, ეკლესია თავისი გარდაცვლილი სულიერი შვილისთვის ცოდვების მიტევებას და მარადიულ ნეტარებას გამოითხოვს; აგრეთვე, ცდილობს შეამსუბუქოს იმქვეყნიური ხვედრი ადამიანისა იმ ძალით, რომლითაც ევქარისტიის საიდუმლოა აღბეჭდილი. სახელდობრ, ლიტურგიის პირველი ნაწილის, პროსკომიდიის დროს მორწმუნეებს თავიანთ ახლობელ მიცვალებულთა მოსახსენებლად მიაქვთ სეფისკვერები, რომელთაგან ხდება კვეთა და იმავდროულად აღნიშნულ მიცვალებულ პირთა სახელების მოხსენიება. წირვის დასასრულს, მორწმუნეთა ზიარების შემდეგ, ხდება ამ ნაწილთა ჩაშვება ბარძიმში, რომელშიც წმინდა ნაწილები განისვენებენ და ასე ხდება მათი შეხება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცთან და სისხლთან. ამ დროს მღვდელმსახური წარმოთქვამს შემდეგ სიტყვებს: "განბანე, უფალო, ცოდვანი აქა მოხსენიებულთა სისხლითა შენითა პატიოსნითა ლოცვითა წმიდათა შენთათა".

ქრისტიანთა რწმენით და ლოცვით, ასევე განმაცხოველებელ ნაწილთა საიდუმლო ძალით დიდი შეწევნა აქვთ მიცვალებულთა სულებს. ცოდვილთა სულებს ამ დროს ტანჯვა უმსუბუქდებათ, მართალი სულები კი სიხარულში წარემატებიან.

უპირველეს ყოვლისა მტკიცედ უნდა გვწამდეს: ადამიანის სული არ კვდება; ის მხოლოდ ტოვებს სხეულს და ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის – გარდაიცვლება.

საღმრთო გამოცხადებისა თუ თვითმხილველთა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების შედეგად ეკლესიას დაუგროვდა გარკვეული ცოდნა სულის იმქყვეყნიური ცხოვრების შესახებ. ეს სწავლება გადმოცემულია მამათა ნაწერებში, მოკლედ კი მისი არსი შემდეგია;

გარდაცვალებისას სული განეშორება სხეულს. პირველი სამი დღე იგი იმყოფება დედამიწაზე, დასტრიალებს საკუთარ სხეულს, ახლობელ ადამიანებს, ემშვიდობება მათ; განსაკუთრებით უხარია იმ ადგილების მონახულება, სადაც ოდესმე სიკეთე ჩაუდენია.

მესამე დღეს (პირველ დღედ გარდაცვალების დღე ითვლება) ანგელოზები სულს ზეცაში აიყვანენ და წარადგენენ უფალთან, ამის შემდეგ ექვსი დღის განმავლობაში ათვალიერებენ სასუფევლის სანახებს.

გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს მას კვლავ წარადგენენ უფალთან, რის შემდეგაც ახლა ჯოჯოხეთს მოატარებენ.

მეორმოცე დღეს შედგება ახლად გარდაცვალებულის პირადი სამსჯავრო. ანგელოზები წარმოადგენენ მის კეთილ საქმეებს, რაც სიცოცხლეში ჩაუდენია, აგრეთვე იმ სიკეთესაც, რომელიც მის სახელზე სხვამ აღასრულა, განსაკუთრებით გარდაცვალების შემდეგ ორმოცი დღის განმავლობაში; დაცემული სულები კი წარმოაჩენენ მის ცოდვილ ცხოვრებას. უფალი ჩვენი იესო ქრისტე გაასამართლებს სულს და დედამიწაზე თავის მეორედ მოსვლამდე მიუჩენს დროებით სამყოფელს სასუფეველში ან ჯოჯოხეთში.

ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ შედგება საერთო სამსჯავრო, სადაც თითოეული ადამიანის სულს უფალი ხელახლა გაასამართლებს ყველას თანდასწრებით და უკვე სამუდამო ადგილ-სამყოფელს მიუჩენს. იმის მიხედვით, თუ როგორ ზრუნავდნენ მისთვის ახლობლები, როგორ ლოცულობდა ეკლესია, შეიძლება სული ჯოჯოხეთიდან სამოთხეშიც იქნეს აყვანილი. განსაკუთრებით ძლიერია დედის ლოცვა.

ასე რომ, ახლობელ ადამიანს ჩვენ მხოლოდ დროებით ვშორდებით, რათა შემდეგ სამუდამოდ შევეყაროთ. ცხადია, ადამიანისათვის ნებისმიერი განშორება მძიმეა, მით უმეტეს ასეთი გაურკვეველი ვადით, მაგრამ სასოწარკვეთასა და წრეგადასულ მწუხარებას მაინც არ უნდა მივეცეთ. გვახსოვდეს, არც ღმერთი მოგვიწონებს ამას და მიცვალებულსაც საშინელ ტკივილს მივაყენებთ.

ადამიანისათვის თავის მახლობელთა მწუხარება განსაკუთრებით მძიმეა მისი გარდაცვალების ჟამს, როდესაც გარეგნულად სიცოცხლე აღარ ეტყობა, როდესაც სული ცხედართან ახლოს იმყოფება.

ჩვენ დარდს ორი გარემოება ამსუბუქებს: ერთი, რაც უკვე ვთქვით, რომ სული არ კვდება და მასთან განშორება არაა მარადიული, და მეორე – ჩვენ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ მისი სამუდამო ადგილსამყოფელის განსაზღვრაში, ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ მისთვის.

პანაშვიდი
ახალშესვენებულს ეკლესიაში უნდა გადავუხადოთ პანაშვიდი:

პირველ დღეს - როცა გარდაიცვლება;

მე-3 დღეს - როდესაც პირველად წარდგება უფალთან;

მე-9 დღეს - როდესაც მეორედ წარდგება უფალთან;

მე-40 დღეს - როცა ის პირად სამსჯავროზეა.

და ამის შემდეგ გარდაცვალების ყოველ წლისთავსა და დაბადების დღეზე.

გარდა ამისა, როგორც საზოგადო ლოცვების განხილვისას აღვნიშნეთ, ეკლესიაში წლის განსაკუთრებულ დღეებში დანიშნულია საზოგადო პანაშვიდები (ეს დღეები ყოველწლიურად უნდა ვნახოთ საეკლესიო კალენდარში ან შევიტყოთ ეკლესიაში), რომელსაც უნდა დაესწროს ჭირისუფალი.

კარგი იქნება, თუ მეორმოცე დღისათვის შევუკვეთთ წირვას მიცვალებულის სახელზე, რომელსაც დაესწრებიან ოჯახის წევრები და მიიღებენ წმინდა ზიარებას შესაბამისად მომზადებულნი. ამის შემდეგ სასურველია, დროდადრო კიდევ შევუკვეთოთ წირვები. ძველი ტრადიციით მიცვალებულისათვის შვიდი წირვა სრულდებოდა.

წესის აგება
გასვენების დღეს მიცვალებულს წესი უნდა ავუგოთ; წესის აგებას ასრულებს მღვდელი ან ოჯახში ცხედართან, ან ეკლესიაში.

თუ გასვენების დღეს რაიმე მიზეზით წესის აგება არ ხერხდება, შეიძლება შესრულდეს ადრეც. აგრეთვე, ამ ლოცვის შესრულება შეიძლება ძველი მიცვალებულისთვისაც, რომელსაც თავის დროზე წესი არ აუგეს.

სასურველია ოთახში მიცვალებული ისე იყოს დასვენებული, რომ აღმოსავლეთს უყურებდეს (თუ ფართობი საშუალებას გვაძლევს). მას თავთან უნდა ედგას ნაკურთხი წყალი, ხორბალი და ენთოს კანდელი (კანდელი არის მცირე ზომის ჭურჭელი ზეთით, რომელშიც ჩადებულია ბამბის ძაფის პატრუქი. იგი შეიძლება შევიძინოთ ეკლესიაში ან დავამზადოთ სახლში).

მიცვალებულთან შეიძლება ენთოს სანთელიც.

ფსალმუნების კითხვა
მიცვალებულთათვის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმაც უნდა ილოცონ. საუკეთესო ტრადიციული ფორმა არის საგალობლების კითხვა წმინდა დავით წინასწარმეტყველის "ფსალმუნებიდან", რომელიც იყიდება ეკლესიაში. წიგნი სანიშნით მიცვალებულთან ახლოს, გამოსაჩენ ადგილას უნდა იყოს, რომ ყველა მსურველს შეეძლოს წაკითხვა, რაც მიცვალებულის სულს დიდ შემწეობას უწევს.

ავიღებთ წიგნს, გავაგრძელებთ კითხვას დანიშნული ადგილიდან. წავიკითხავთ სადამდეც შევძლებთ, დავნიშნავთ და დავდებთ თავის ადგილზე, რომ შემდეგ სხვა მსურველმაც წაიკითხოს. გასვენებამდე რაც მეტჯერ მოესწრება წიგნის ბოლომდე წაკითხვა, მით უკეთესი.

ძველად ფსალმუნებს შეუწყვეტლად უკითხავდნენ მიცვალებულს მთელი დღე-ღამის განმავლობაში. აქედან მოდის დღემდე შემორჩენილი ტრადიცია ცხედართან ღამისთევისა. ასე რომ, თუ ჭირისუფლები მიცვალებულს ღამეს უთევენ, სასურველია რიგრიგობით ფსალმუნის კითხვა.

მიცვალებულის სული, გარდა საკუთრივ მისთვის მიძღვნილი ლოცვისა, შეიძლება მოვიხსენოთ საზოგადო ლოცვაში.

მოხსენება კვეთაში
მეტად მნიშვნელოვანია მოხსენება მღვდლის მიერ წირვის დროს. წირვის დაწყებამდე დილით ან წინა საღამოს ეკლესიაში უნდა შევიძინოთ საგანგებოდ გამომცხვარი მცირე ზომის პური - სეფისკვერი; შემდეგ ფურცელზე დავწეროთ "გარდაცვლილნი" და ჩამოვწეროთ ახლობელ მიცვალებულთა სახელები (ტრადიციულად მიცვალებულისათვის შევიძენთ ხოლმე ჯვრისგამოსახულებიან, ხოლო ცოცხალი ადამიანის მოსახსენებლად - ყოვლადწმინდა სამების ან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოსახულებიან სეფისკვერს, ერთი სეფისკვერი შეიძლება შეიგზავნოს ერთი ან რამდენიმე ადამიანისათვის). სეფისკვერსა და მოსახსენებელ ფურცელს დატოვებთ შესაბამის ადგილზე, საიდანაც მნათე შეიტანს საკურთხეველში. მღვდელი წირვის დროს ამ სეფისკვერიდან მოხსენებულთა სახელზე ლახვრით ამოკვეთს მცირე ზომის ნაწილებს, შესწირავს მსხვერპლად და წირვის ბოლოს ჩაუშვებს წმინდა ბარძიმში.

შენიშვნა: არის შემთხვევები, როდესაც მიცვალებულის მოხსენება კვეთაში არ შეიძლება:

1. თუ ადამიანი არ იყო მონათლული მართმადიდებლურად;

2. თუ იგი სიცოცხლის ბოლომდე გმობდა ღმერთს;

3. თუ თავისი სიცოცხლე შეგნებულად დაამთავრა თვითმკვლელობით.

თუ რა ვიღონოთ ასეთი მიცვალებულებისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოძღვართან უნდა გავარკვიოთ.

ორმოცდღიანი მოსახსენებელი
ეკლესიაში არსებობს ტრადიცია მიცვალებულის მოხსენებისა კვეთაში ორმოცი დღის განმავლობაში. ტაძრებში, სადაც წირვა ყოველდღე მიმდინარეობს (სიონი, ანჩისხატი, სვეტიცხოველი, ალ. ნეველის სახელობის რუსული ეკლესია), ჭირისუფლის თხოვნით მიცვალებულს იხსენებენ კვეთაში ყოველდღე ორმოცი დღის მანძილზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიცვალებულის 40-დღიანი მოხსენება დიდი მარხვის პერიოდში.

მოხსენება საზოგადო პანაშვიდზე
როგორც ადრე აღვნიშნეთ, მიცვალებული შეიძლება მოვიხსენიოთ საზოგადო პანაშვიდზეც. ამისათვის ფურცელზე დაწერილი სახელი უნდა მივაწოდოთ მღვდელს.

მიცვალებული შეიძლება მოვიხსენიოთ, აგრეთვე, პირადად, დილის ლოცვების შესრულებისას შესაბამის ადგილას.

სანთლის ანთება
მიცვალებულის მოხსენების ერთ-ერთი ფორმაა სანთლის დანთება, რისთვისაც ეკლესიაში გამოყოფილია კუთხე მაცხოვრის ჯვარცმის გამოსახულებით.

სანთლის დანთება გარდაცვლილი ადამიანისათვის შეიძლება სახლშიც, ხატებთან ან მის სახელზე გაწყობილ სუფრაზე.

ტრადიცია მიცვალებულთა მოხსენებისა ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან მოდის, როდესაც იუდა მაკაბელმა იდუმიელთა წინააღმდეგ ბრძოლაში დახოცილ მებრძოლთა განსაწმედელად მსხვერპლი შეაწირვინა იერუსალიმში.

ახალ აღთქმაში მიცვალებულთა ლიტურგიული მოხსენება ყველაზე ადრე დაფიქსირებულია წმინდა იაკობ მოციქულის ჟამისწირვაში.

ამ ტრადიციას ასახავს ქართული სუფრაც: ჩვენ სადღეგრძელოში ვიხსენებთ გარდაცვლილ ადამიანებს და მათ სახელზე მივიღებთ ხოლმე ღვინოში ჩაწობილ პურს, რაც სიმბოლურად მიცვალებულის ზიარებას ნიშნავს. ზოგჯერ კი ჭიქიდან ღვინოს პურზე ან მიწაზე დავღვრით ხოლმე. ესეც სიმბოლურია და მიცვალებულისათვის ცოდვათა მიტევებას ნიშნავს, ისევე, როგორც ჯვარცმისას მაცხოვრის სისხლი დაიღვარა მიწაზე, გაჟონა და დაეწვეთა ჯვრის ქვეშ დასაფლავებული ადამის თავის ქალას და განწმიდა იგი პირველი ცოდვისაგან.

მოწყალების საქმე
მიცვალებულის სულს შეგვიძლია დავეხმაროთ მოწყალების საქმითაც, რამეთუ მის სახელზე გაკეთებულ სიკეთეს ღმერთი მას მიუთვლის. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელიბა აქვს მოწყალების გაღებას გარდაცვალებიდან პირველი ორმოცი დღის განმავლობაში, რაც მას პირად სამსჯავროზე წაადგება, ასევე შემდგომშიც. ყოველი ასეთი კეთილი საქმე მიცვალებულის სულს უდიდეს შვებას ანიჭებს. ამასთან, რაც უფრო შორეულ და უცხო ადამიანს დავეხმარებით, მით მეტია ღმრთის მადლი, რადგან ახლობელი ადამიანი თვითონ გადაგვიხდის სამაგიეროს, უცნობის ნაცვლად კი ჩვენ და ჩვენს მიცვალებულს ღმერთი დაგვლოცავს.

მოწყალების საქმე შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი:

საკურთხი
გარდაცვალების პირველსავე დღეებში მიცვალებულის სახელზე უნდა იკურთხოს მარილი, რომელსაც გამოვიყენებთ საკურთხის მომზადებაში.

საკურთხად იწოდება მიცვალებულის სახელზე მომზადებული ტრაპეზი: წანდილი, პური, ღვინო, ზეთი და სხვა საჭმელი. იგი მზადდება დასარიგებლად. მისი ნაწილი შეიძლება წავიღოთ ეკლესიაში და იქ დავტოვოთ, ან ჩვენ თვითონვე დავურიგოთ გაჭირვებულ ადამიანებს. საჭმლის დანარჩენი ნაწილი შეიძლება დავურიგოთ ახლობლებსაც ან გამოვიყენოთ სტუმრების გასამასპინძლებლად შინ, მაგალითად გარდაცვალების დღეს, მეორმოცე დღეს, წლისთავზე და სხვა ღირსსახსოვარ დღეებში.


ბეჭდვა
1კ1