"სად არის, სიკვდილო საწერტელი შენი?!"
"სად არის, სიკვდილო საწერტელი შენი?!"
ღმერთმა ყოველი კაცის სულს განუწესა სამი მდგომარეობის გავლა: დედის მუცელში, დედამიწაზე და საიქიოში (სულთა სამყაროში).

როგორც დედის მუცელში სულის სხეულთან შერწყმა მიუწვდომელია ადამიანის გონებისათვის, ასევე იდუმალებითაა მოცული სულის სხეულთან განშორებაც (ამ საიდუმლოს ამოხსნა მხოლოდ საკუთარი გამოცდილებითაა შესაძლებელი).

სიკვდილს, როგორც კაცობრიობის საერთო და გარდაუვალ ხვედრს, განკაცებული უფალიც დაემორჩილა, ამიტომ ჩვენც ყოველ წუთს უნდა ვიყოთ მზად მასთან შესახვედრად, იმისათვის, რომ აღვასრულოთ ჩვენი უცვალებელი და საბოლოო მისია დედამიწაზე. "მოიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდეს ღმერთს, რომელიც შთაბერა" (ეკლ. XII,7), - შეგვაგონებს წმინდა წერილი.

ეკლესიის გამოჩენილ მოძღვართა განმარტებით: "ჩვენ არ მოვმზადებულვართ პირველი დაბადებისთვის მიწაზე და არაფერი გვახსოვს ჩვენი პირველი მდგომარეობის შესახებ; მაშ, ახლა მოვემზადოთ მეორე დაბადებისთვის იმქვეყნიურ, სამარადისო ცხოვრებაში". წმინდა იოანე ოქროპირი აღნიშნავს: "სიკვდილი საზარელი და საშინელია მათთვის, ვინც არ იცის უზენაესი სიბრძნე იმქვეყნიური ცხოვრებისა, ვინც სიკვდილს ყოფის გამანადგურებლად მიიჩნევს, ცხადია, ასეთებისათვის სიკვდილი საზარელია. სხვა რომ არა, მარტო მისი სახელია მომაკვდინებელი, მისი უცნობი და უხილავი სიბრძნით თვალახელილნი და სიკვდილის გარდაცვალებად მაღიარებელნი, არ უნდა ვძრწოდეთ, არამედ გვიხაროდეს და გულარხეინად ვიყოთ, რამეთუ ვტოვებთ ამ წარმავალ ცხოვრებას და გადავდივართ სხვა ცხოვრებაში, დაუსრულებელსა და გაცილებით უკეთესში". როგორც ხედავთ, ქრისტიანული გაგებით, სიკვდილი უბედურებათა დასასრულს გულისხმობს.

სიკვდილზე წარმოდგენა მნიშვნელოვნად შეიცვალა და მან სულ სხვა დატვირთვა შეიძინა მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის შემდეგ; ადამიანის სხეულისათვის გარდაცვალება მიძინებად, მშვიდ ძილად მოიაზრება ყოველი მართლმადიდებლისთვის, რასაც ყოველი მორწმუნე მორჩილებითა და სიხარულით უნდა შეხვდეს. გარდაცვალებაში ხომ სულის სხეულებრივი ტყვეობიდან გათავისუფლება, ერთი ადგილიდან მეორეში, ხილულიდან უხილავ სამყაროში გადანაცვლება იგულისხმება, ამიტომ წმინდა იოანე ოქროპირი გარდაცვალებაში სულიერი განცხრომის დასაწყისს ხედავდა, რაც მას აღფრთოვანებით ათქმევინებდა: "სად არის, სიკვდილო, საწერტელი შენი?!"

ქრისტიანული მსოფლმხედველობით, უფალ იესო ქრისტეს სიკვდილშია ყოველი ქრისტიანის სიკვდილი, რომელმაც თავისი ღვთაებრივი მკვდრეთით აღდგომით სამარადისო სიცოცხლე გვაჩუქა, მართლმადიდებლური თვალსაწიერით, ქრისტეში გარდაცვალებულნი მარად უკვდავნი არიან. ამიტომ მათი რწმენით გარდაცვალება გამართლებულთათვის ღვთიური სიყვარულის ზეციური ნიშანია დაუსრულებელი სიყვარულის, სიცოცხლისა და ნეტარების სამეუფოში, საითკენაც მთელი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში მიილტვოდნენ წმინდანები და შეუდრეკლად ხვდებოდნენ თავს მოწეულ მრავალ განსაცდელსა და მწუხარებას: "გული მეტყვის განსვლად ქრისტეს თანა ყოფად და უმჯობეს ფრიად" (ფილიპ. 1, 23).

გავიხსენოთ სახარებიდან კაპერნაუმის სინაგოგის ერთ-ერთი უფროსის, ანუ მრევლის მთავარი ხუცესის იაიროსის 12 წლის ქალიშვილის აღდგინება ქრისტეს მიერ. გოგონას კაპერნაუმელი ექიმების ვერანაირმა წამალმა ვერ უშველა. სასოწარკვეთილი მამა, რომელიც ერთადერთი შვილის გადარჩენას ლამობს, მათეს სახლისკენ გაემართება მაცხოვართან შესახვედრად, გაარღვევს უფლის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა ალყას, უდიდესი თავმდაბლობით დაემხობა მის ფეხებთან და მუდარით ეტყვის: "ასული ჩემი კვდება, შესაძლოა აწღა, ვიდრე მე აქ მოვდიოდი, კიდეც აღესრულა; მოვედ და დასდევ ხელი შენი მას ზედა და ჰსცხონდეს!" როგორც ნეტარი თეოფილაქტე შენიშნავს, იაიროსს ჰქონდა რწმენა, მაგრამ არც ისე დიდი, რადგან სთხოვდა იესოს არა მარტო სიტყვის თქმას, როგორც ასისთავი, არამედ მისვლას და ხელის დადებას. იესო ცდილობდა ცეცხლად ექცია იაიროსის რწმენის მცირე ნაპერწკალი, მან შეისმინა უბედური მამის მწუხარე გოდება: "და აღსდგა იესო (ტრაპეზიდან) და შეუდგა მას". მოწაფენი და ხალხიც თან გაიყოლა. იაიროსს, რომელიც დარდით იტანჯებოდა, ვერ მოეძია საჭირო ძალა ყოველგვარი ეჭვისა და შიშის დასაძლევად, "ამასთან, მის სუსტ რწმენას მალე ელოდა საშინელი განსაცდელი, რისიც ეშინოდა, მაგრამ მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მისი ქალიშვილი სინამდვილეში უკვე მომკვდარიყო". და აი, რას მოიმოქმედებს ღვთაებრივი სიბრძნე იაიროსის რწმენის განსამტკიცებლად: დედაკაცმა, რომელიც 12 წელი სისხლის დენისაგან იტანჯებოდა, მანამდე მთელი თავისი ქონება გაყიდა და მკურნალობას შეალია, მაგრამ ვერანაირი შვება ვერ მიიღო და თავი უარეს მდგომარეობაში ჩაიყენა, როგორც კი მოისმინა ქრისტეს სასწაულებზე, მტკიცედ გადაწყვიტა მისულიყო ღვთაებრივ მკურნალთან, მონდომებით გაარღვია ზღვა ხალხის რკალი და ვინაიდან ქალური სიმორცხვით პირდაპირ ვერ გაბედა ეთხოვა უფლისათვის სატკივრის განკურნება, შეუმჩნევლად შეეხო "ფესუსა სამოსელისა მისისასა", მტკიცედ დარწმუნებული იმაში, რომ განკურნებას მიიღებდა, თუმცა, როგორც იოანე ოქროპირი ამბობს: "მას ჯერ კიდევ არ გააჩნდა სათანადო და სრული წარმოდგენა იესოზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იფიქრებდა, რომ შეძლებდა მისგან თავის დაფარვას. წმინდა მახარებელთა თხრობით, უფალმა მაშინვე მიმართა ხალხს კითხვით: ვინ შეეხო სამოსელსა ჩემსა? რადგან ვიგრძენი ჩემგან ძალის გასვლაო. უფალმა ამდენ ხალხში თავისი ღვთაებრივი მზერა განკურნებულს მიაპყრო და შემწყნარებლური შეხედვით აღძრა მასში აღიარების სურვილი. "და განიკურნა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან". მამათა განმარტებით, საკვირველი იყო უფლის სიმდაბლე, სასწაული, რომელიც მან მოახდინა, განკურნებულის რწმენას მიაკუთვნა: "სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ", - ეუბნება ის დედაკაცს. "ხედავ, ამ ქალის უპირატესობას სინაგოგის უფროსთან? - ამბობს იოანე ოქროპირი, - მან არ გააჩერა, არც ხვეწნა დაუწყო მას, არამედ თითებით, ოდნავ შეეხო მის სამოსელს და რომელიც ყველაზე ბოლოს მიეახლა, ყველაზე უწინ მიიღო განკურნება. სინაგოგის უფროსმა დიდებული მკურნალი შინ მიიწვია", მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა, როცა იმედი გაუჩნდა ამ სასწაულის შემდეგ, უცებ იაიროსს აცნობეს: "შენი ქალიშვილი უკვე აღესრულა, ამიტომ ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს, მკვდარს რაღა განკურნება უნდაო..." მაგრამ უფალმა არ მისცა საშუალება, რომ ამ საშინელი უწყებით თავზარდაცემული მამის სულში დაეჭვებას შეეღწია და მის დამშვიდებას შეეცადა: "ნუ გეშინია, იწამე და ცოცხალი იქნება". როგორც ღვთისმეტყველნი განმარტავენ, ქრისტეს სურდა, ყველანი დარწმუნებულიყვნენ ბავშვის სიკვდილში, რათა შემდგომ მის აღდგომაში ეჭვი არ შეჰპარვოდათ". სინაგოგის მთავრის სახლიც გამოჩნდა, საიდანაც მოტირალ ქალთა მოთქმა-გოდება და სამგლოვიარო მუსიკა მოისმოდა. ძველი აღმოსავლური ჩვეულების თანახმად, მიცვალებული გარდაცვალების დღესვე უნდა დაესაფლავებინათ. ამიტომ გოგონას ცხედარი უკვე განებანათ და მოემზადებინათ დასამარხავად. როგორც აღწერილია, უამრავი ხალხი დადევნებოდა უფალს, ვიდრე იაიროსის სახლამდე მივიდოდა. "და მივიდა იესო სახლსა მის მთავრისასა", კარებთან შეჩერდა, ხალხს დაუშალა მიყოლა და სახლში მხოლოდ განსვენებულის მამისა და სამი მოციქულის - პეტრეს, იაკობისა და იოანეს თანხლებით შევიდა "და იხილა მუნ მგოსნები (მუსიკოსები) და ერი, კრებული და შფოთი და ჰრქუა მათ: "არა მომკუდარ არს ეგე, არამედ სძინავს". მამათა განმარტებით, ასე ამოწურა რა სიკვდილის მეუფება ბოლომდე, მან არ დაუტოვა მას სახელიც კი: "არა მომკუდარ არს ეგე, არამედ სძინავს". ასევე მოიქცა იგი ლაზარეს აღდგინებისას, როცა თქვა: "ლაზარემ, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა". ამით გვასწავლის, რომ არ შევუშინდეთ სიკვდილს, რადგან სიკვდილი უკვე აღარაა სიკვდილი, არამედ ძილად იქცა, რადგან თავად მასვე ელოდა სიკვდილი სხვების მკვდრეთით აღდგომით, ადრევე ამზადებდა თავის მოწაფეებს ამის სამშვიდით და მამაცურად გადასატანად, რამეთუ მისი მოსვლით სიკვდილი ძილად გადაიქცა", - ამბობს ოქროპირი. სიცოცხლის მეუფემ საშინელი სიტყვები "იგი მოკვდა" უფრო დამამშვიდებელი სიტყვით შეცვალა: "სძინავს". "ამ სიმდაბლისათვის, მწუხარე და გამწარებული მშობლების ასეთი სიყვარულის მომცველი ნუგეშისათვის ზეციურმა მასწავლებელმა თავად მიიღო დაცინვა და გაკილვა იქ შეკრებილი ხალხისაგან: "ხოლო იგინი ეკიცხვიდეს მას". "აი, რწმენის გარეშე ცრუ სიამყე გონებისა! რაც არ ესმოდათ, იმას დასცინოდნენ. ისინი უღირსნი იყვნენ ყოვლისშემძლე ღმერთის სასწაულების ხილვისა. ჩანს, რომ იქ მყოფმა მუსიკოსებმა და მოტირალმა ქალებმა ადვილად მიატოვეს ყალბი ცრემლები და იწყეს იესოს უხეში დაცინვა", - აღნიშნავს მიტროპოლიტი ფილარეტი.

იესო სამი გამორჩეული მოციქულისა და ბავშვის მშობლების თანხლებით შევიდა იმ ოთახში, სადაც მიცვალებული ესვენა, აიღო ბავშვის გაცივებული ხელი და უთხრა ორი სიტყვა: "ბავშვო, წამოდექი", ანუ, როგორც სახარება მოგვითხრობს, "და უპყრა ხელი მისი (სიტყვებით) "ტალიფა კუმი" და მაშინვე "აღადგინა ქალი იგი". გოგონა წამოდგა, როგორც ძილისაგან ახალგამოღვიძებული და მაშინვე გაიარა. "სხვა სული კი არ ჩაუდგა მომკვდარს, - აღნიშნავს ოქროპირი, - არამედ დაუბრუნა სწორედ ის, რომელიც მისგან იყო გამოსული და როგორც ღრმა ძილისაგან, გააღვიძა ბავშვი. უფრო მეტად რომ დარწმუნებულიყვნენ მომხდარში, უფალმა იგი აიყვანა ხელში, რათა ამით გაეკვლია მისთვის გზა მისი აღდგომის რწმენამდე. მამამ სთხოვა: "დასდევ ხელი შენი მას ზედა", უფალმა კი უფრო მეტი მოიმოქმედა: ხელი მარტო კი არ შეახო, არამედ მკვდარი აიყვანა ხელში, აღადგინა იგი, რითაც გვაჩვენა, რომ მისთვის ყველაფერი იოლია.

ეს იყო პირველი გამოვლინება ქრისტე მაცხოვრის ღვთაებრივი ყოვლისშემძლეობისა სიკვდილზე, პირველი აღდგომა მიცვალებულისა. როდესაც იაიროსის შვილის აღდგინებაზე საუბრობს წმინდა იოანე ოქროპირი, შვილის დაკარგვით დამწუხრებულ მშობლებს ასე ანუგეშებს: სძინავს შენს შვილს, და არ მომკვდარა იგი: განისვენებს და არ დაღუპულა. იგი აღდგება და მიიღებს საუკუნო სიცოცხლეს, უკვდავებას და ანგელოზთა კუთვნილს. არ გესმის, რას ამბობს ფსალმუნთმგალობელი: "მოიქეც, სულო ჩემო, განსასვენებლად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყო შენ" (ფს. 117,7)? ღმერთი სიკვდილს უწოდებს სიკეთეს, შენ კი მწუხარებ. რამდენჯერ უფრო მეტს იზამდი, შენ რომ ყოფილიყავი გარდაცვლილის მტერი? თუ ვინმემ უნდა იტიროს, დაე, ეს ეშმაკმა გააკეთოს და იგლოვოს იმაზე, რომ ჩვენ მივდივართ უმაღლესი სიკეთის მისაღებად. სიკვდილი არის მშვიდი საყუდელი. ამქვეყნიურ ცხოვრებაზე ნათქვამია: "სოფელსა ამას ჭირი გაქუს" (ინ. 16,33), ხოლო მომავალზე: "ვაება და კვნესა კი უკუიქცევა" (ეს. 51,11). იქ სულიერი სასახლეა, ბრწყინვალე სანათურები და ზეციური ცხოვრება: რაღაზე უნდა იტიროს კაცმა?" - დასძენს წმინდა იოანე ოქროპირი.

წმინდა ღმერთშემოსილ მამათა განმარტებით, მაცხოვრის განხორცილებით დასაბამი დაედო ეშმაკის, ცოდვისა და სიკვდილის წინააღმდეგ ბრძოლას, ეს ბრძოლა იესო ქრისტეს ჯვარზე სიკვდილით კიდევ უფრო გაძლიერდა. "უფლის ჯოჯოხეთში ჩასვლით შეიმუსრა მისი ბჭენი, უფლის ბრწყინვალე აღდგომით კი დაგვირგვინდა გამარჯვება. უფალი აღდგა საფლავიდან ისე, რომ საფლავის ბეჭედნი ხელშეუხებელი დატოვა, როგორც შობისას არ შეხებია უბიწო დედის ქალწულებას. იგი აღდგა და გაგვიღო ბჭენი სამოთხისანი" (ნ. ვასილიადისი). როგორც წმინდა ათანასე წერს: უფლისათვის შეუფერებელი იქნებოდა მისი სხეულის საფლავში დაყოვნება, მან იმდენი ხანი დაჰყო იქ, რამდენსაც მისი სიკვდილთან ბრძოლა საჭიროებდა. ამით მას უნდა ეჩვენებინა, რომ იგი ნამდვილად მკვდარი იყო, ხოლო მესამე დღეს მისი ყოვლადუბიწო სხეული აღდგა სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლოებით - უხრწნელებითა და უვნებლობით შემოსილი. უფალს შეძელო ამ თვისებების გარეშეც აღმდგარიყო მკვდრეთით და სხეული ისევ ძალ-ღონით სავსე წარმოეჩინა, მაგრამ მან ეს შეგნებულად არ გააკეთა. იგი აღდგა მკვდრეთით მშვენიერი, გაბრწყინებული და გასხივოსნებული და თავისი ღვთაებრივი ძალის უნივთო სულიერი ნათლით გააბრწყინა სამყარო. "ვითარცა სიძე მშვენიერი, საფლავით აღმობრწყინდი შენ, სიტყვაო ღვთისაო, და სიკვდილისა საკვრელნი განხეთქენ შენ, ყოვლად ძლიერო, და პყრობილნი გამოიყვანენ და დაუცხრომლად გადიდებდეს შენ". როგორც გ. ფლორენსკი აღნიშნავდა, "ბოროტს ეგონა, რომ მოაკვდინა მეუფე დიდებისა, უფალმა კი ჯვრითა და აღდგომით კაცობრიობა განაახლა, რადგანაც ღვთის განკაცება, ანუ ადამიანურ ბუნებაში სიცოცხლის გამოცხადება აღდგომით დაგვირგვინდა". იესო ქრისტეს ღვთაებრივი შობიდან, მისი დიდებით ამაღლების მნიშვნელობასა და ადამიანთა გამოხსნის საიდუმლოს არაჩვეულებრივად განმარტავს წმინდა ბასილი დიდი: "იგი დედაკაცისაგან იშვა, რათა დაბადებულნი განეახლებინა. ნებსით ჯვარს ეცვა, რათა გარს შემოეკრიბა ისინი, ვინც ძალადობით იქნა ჯვარცმული, ნებსით მოკვდა, რათა აღედგინა ძალადობით მოკვდინებულნი, მან მიიღო სიკვდილი, მისი ბუნებისათვის მიუღებელი, და მით განაცხოველა სიკვდილს დამორჩილებულნი.

სიკვდილმა ქრისტე უმეცრებით შთანთქა, მაგრამ უმალვე შეიცნო, თუ ვინ შთანთქა. შთანთქა სიცოცხლე, მაგრამ თვითონვე იქნა შთანთქმული სიცოცხლის მიერ. შთანთქა ერთი და მის მიერ ყველა დაკარგა. მიიტაცა ვითარცა ლომმა და კბილები შეიმუსრა. ამიტომაც სიკვდილი დაკნინებულია და შეურაცხყოფილი. ჩვენ არ გვეშინია მისი, ვითარცა ლომისა, არამედ ფეხებით ვქელავთ, როგორც უსიცოცლო ტყავს!" ამიტომაც უწოდებენ აღდგომას სასწაულს სასწაულთა შორის, ყველაზე საოცარ მოვლენას, რომელიც ოდესმე უხილავს ან სმენია კაცობრიობას. აღდგომა არის არა მხოლოდ მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა, არა მხოლოდ ახალი ცხოვრების დასაბამი, რომლისკენაც იმ დღის შემდეგ დიდი სასოებით მიილტვის კაცობრიობა, ეს, უმთავრესად და უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ღმერთთან შერიგებაა, ეშმაკის სრული დამარცხება და სიკვდილის საბოლოო განადგურება.

აღდგომის ძლევამოსილების უდიდესი დასტურია ისიც, რომ რაც მეტად ებრძვის ადამიანი ცოდვას და ითვისებს აღდგომილი მაცხოვრის ნიჭებს, მით უფრო მტკიცდება რწმენა იმისა, რომ "ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე", რომ მან მოაკვდინა სიკვდილი, რომ ადამიანს მხოლოდ აღდგომის ძალით შეუძლია დაამარცხოს ეშმაკი, ცოდვა და სიკვდილი, ამიტომაც არავინ არის იმაზე მეტად უბედური, ვისაც არ სწამს ცხოვრების მომცემელი ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა, - წერს ნიკოლაუს ვასილიადისი თავის მონოგრაფიაში პავლე მოციქულის ეპისტოლეზე დაყრდნობით (1 კორ. 15,19). წმინდა გრიგოლ ნოსელი კი ამგვარად განავრცობს ამ საკითხს: "რადგანაც სიკვდილისგან ჩვენი ბუნება მთლიანად უნდა დახსნილიყო, უფალმა, ვითარცა დავრდომილს, დახმარების ხელი გამოგვიწოდა. ამით თავისი წმინდა ხელი ჩვენს გვამს შეახო. ის იმდენად მიუახლოვდა სიკვდილს, რომ ხრწნადს შეეხო, თავისი სხეულით დასაბამს აძლევს ჩვენი დაცემული ბუნების აღდგომას და თავისი ძალით თანააღადგენს სრულ ადამიანს. რადგანაც არ განაგდო, არამედ შეიწყნარა ჩვენი სხეული და აღდგომა ღვთაებასთან ერთად განადიდა, აქედან გამომდინარე, აღდგომა ცალკეული ნაწილებიდან ყველაფერზე გავრცელდა, ე.ი. ადამიანის სულზეც და სხეულზეც". სწორედ ეს აზრია გატარებული აღდგომის ერთ-ერთ საგალობელში: "ხრწნილება დაეცა და უხრწნელება აღმოეცენა, და კრულებანი ჟამთანი გახსნილ იქმნეს, ცანი და ქვეყანა და ქვესკნელი ერთბაშად იხარებენ, ვინაიდან აღსდგა რა ქრისტე, წარტყვენილ იქნა სიკვდილი..." ყოველთა წმინდათა კვირიაკეს კი ასეთი სიტყვებით ვგალობთ: "ჯვარცმული აღდგომილ არს დღეს, ხოლო ცთუნებული - კვლავ შეწყნარებულ არს, მორწმუნენი იხარებენ, რაჟამს სიკვდილი განიოტა ცხოვრებამან".
ბეჭდვა
1კ1