,,სიკვდილი როცა მოვა, გულში ჩავიხუტებ და ვეტყვი: "დაგაგვიანდა"
,,სიკვდილი როცა მოვა, გულში ჩავიხუტებ და ვეტყვი: "დაგაგვიანდა"
29 ივლისს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს გარდაცვალებიდან 40 დღე შეუსრულდა

2019 წლის 20 ივნისს, განთიადისას, დილის 6 საათისათვის, ბაგრატის ტაძრის დიდმა ზარმა ქუთაისის მიძინებულ მცხოვრებთ მწუხარე ხმით ამცნო მწყემსთავრის გარდაცვალება,-ასე იხსენებს მეუფე კალისტრატეს პირადი სტიქაროსანი, ისტორიის დოქტორი, თეოლოგიის მაგისტრი ირაკლი ლორთქიფანიძე.

-მიტროპოლიტი კალისტრატე, ერისკაცობაში შოთა ილიას ძე მარგალიტაშვილი, დაიბადა 1938 წლის 20 ოქტომბერს, თელავის რაიონში, სოფელ ვარდისუბანში. 1956 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. 1967 წელს დაამთავრა ქ. ვორონეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტო-საინჟინრო ფაკულტეტი, 1975 წელს ჩაირიცხა თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1980 წელს. მოგეხსენებათ, 80-იან წლებში საქართველოში არ იყო ბევრი მოქმედი ეკლესია-მონასტერი. 1983 წლიდან ის ბეთანიის მონასტრის მორჩილია, იმავე წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღკვეცა ბერად და კალისტრატე უწოდა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე აკურთხეს იეროდიაკვნად. 2 აგვისტოს იეროდიაკონი კალისტრატე აკურთხეს მღვდელმონაზვნად, შემდეგ მიენიჭა იღუმენის წოდება. 1983 წლის აპრილიდან თელავის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 25 სექტემბერს ებოძა არქიმანდრიტობა. 1983 წლის 25 დეკემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში აკურთხეს ეპისკოპოსად და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად. ეპისკოპოსად კურთხევის დროს არქიმანდრიტ კალისტრატეს მიერ წარმოთქმული სიტყვა იმავე წლის ჟურნალ "ჯვარი ვაზისაში" დაიბეჭდა. მოვიტანთ ამონარიდს: "დღეს დიდი ღვთიური სიხარულია ჩემს გულში, რომელიც მთლიანად შეიწირა განგების ძალამ და მომიწოდა მღვდელმთავრად საქართველოს უძველესი ეკლესიის, ქუთაის-გაენათის ეპარქიისა.


KARIBCHE

მუხლს ვიდრეკ შემოქმედის წინაშე და ხმამაღლა აღმოვსთქვამ: "მწამხარ შენ, უფალო, და აღგიარებ!" ადრეც მუდამ ვგრძნობდი, განგების თვალი არ მტოვებდა მე. ჩემი დღევანდელი ეპისკოპოსად გამორჩევაც ამას ადასტურებს. "თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ! დიდია ღვთის ძალა, რომელმაც თქვენი წმიდა ლოცვით სამარადისოდ გულში ჩამახუტა საქართველოს სამოციქულო დედა ეკლესიას. ვიცი, ფრიად ძნელია ეს სამსახური, ვუძღვე უძველეს, მდიდარი ტრადიციების მქონე ჩვენს სამწყსოს, მაგრამ ღვთის მადლი და ძალა, ღვთის შეწევნა და თქვენი წმიდა ლოცვა შემაძლებინებს ამ დიდსა და საპასუხისმგებლო საქმეს."


-1983 წელს რა მდგომარეობა დახვდა მეუფე კალისტრატეს ეპარქიაში?
-სამწუხაროდ, უახლოეს წარსულში საქართველოში მოქმედი ეკლესია-მონასტრების რაოდენობა მცირე იყო. საბჭოთა ხელისუფლებამ დაანგია ან დახურა ეკლესიები. 1983 წელს ქუთაის-გაენათის ეპარქიაში იყო სამი მოქმედი ეკლესია და ერთი მონასტერი. ესენი იყო: ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი (გახლდათ ემბაზი დასავლეთ საქართვლოს მოსახლეობისთვის, რადგან სხვადასხვა კუთხიდან აქ ჩამოდიოდნენ მოსანათლად (ნათლისღებისთვის), ჯვრისწერისა (ქორწინებისათვის) და სხვა საეკლესიო წესების შესრულებისთვის), წმინდა გიორგის ტაძარი (გორაზე), მწვანეყვავილას მთავარამგელოზთა სახელობის ტაძარი და ერთი - მოწამეთას მონასტერი. იმ დროს ეპარქიაში სულ რამდენიმე სასულიერო პირი მსახურებდა.


ამჟამად ქუთაის-გაენათის ეპარქიაში არის 130-მდე ტრაპეზი და 150-მდე სასულიერო პირი.
კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მეუფე კალისტრატეს დიდი ძალისხმევით, საქართველოში სასულიერო განათლების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის თანახმად, გელათის მონასტერში 1990 წელს აღდგა გელათის სასულიერო აკადემია.
1995-1996 სასწავლო წლიდან ქუთაისში გაიხსნა გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ დაარსებული ქუთაისის სასულიერო სემინარია. 1995-1996 სასწავლო წლიდან ქ. ქუთაისში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი.
1985 წლის 14-27 მაისს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩერნობილის ტრაგედიის დროს, ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში, მეუფე კალისტრატე ჩაბრძანდა ჩერნობილში უკრაინელი ხალხის სულიერი თანადგომისათვის.
1993 წლის სექტემბერში, ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე დღეებში, აფხაზეთის ომის დროს, მეუფე იმყოფებოდა სოხუმში ქართველ მებრძოლთა გასამხნევებლად.
მეუფის მიერ საქართველოში აღდგენილია ხუთი : ზემო სვანეთის, ქვემო სვანეთის, ხონისა და სამტრედიის, ვანისა და ბაღდადის, ტყიბულის ეპარქიები, აღდგენილი და აშენებულია ასობით ეკლესია-მონასტერი.
მიტროპოლიტი კალისტრატე დაჯილდოებული იყო: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმიდა გიორგის ოქროს ორდენით; რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმიდა დანიელის ორდენით; რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმიდა ანთიმოზ ივერიელის დიპლომით; ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კირილესა და მეთოდეს ორდენით; ქართულ-რუსული საეკლესიო საძმოს "ძალისას" მიერ წმიდა ნინოს ორდენით; საქართველოს მთავრობის მიერ ღირსების ორდენითა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

მეუფე კალისტრატეს ყოველდღიური ტიპიკონი (ავადმყოფობამდე) ასეთი იყო:
ორშაბათს პარაკლისს ატარებდა ქუთაისის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში; სამშაბათსა და ოთხშაბათს - ყოვლადწმიდა ღვთისმშობილის ხარების ტაძარში; ხუთშაბათს - მონაცვლეობით წმიდა გიორგი ტაძრებში (გორასა და შაუმიანის ქუჩაზე), პარასკევს - ორ პარაკლისს აღავლენდა ბაგრატის ტაძრის ეზოში აღმართული ჯვარის წინაშე და შემდეგ ჯერ კიდევ დაუსრულებელი ბაგრატის ტაძარში; შაბათ დილით - წირვას აღავლენდა გელათის მონასტერში (ერთი პერიოდი მოწამეთაშიც) და შაბათ საღამოს მწუხრისა და ცისკრის ლოცვას ასრულებდა პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში; კვირა დილით - წირვას აღავლენდა პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში, ხოლო კვირა საღამოს მონაცლეობით პარაკლისს აღავლენდა მშენებარე მაცხოვრის შობის ტაძრის ტერიტორიაზე, შემდეგ ჯვრის სახელობის ტაძრის ადგილას.
ამის გარდა იყო ის ადმინისტრაციული საქმიანობა, რომელიც ეპარქიის ხელმძღვანელს ევალება.
მეუფის ღვაწლი მრავალმხრივია...

მეუფე კალისტრატემ გადმოასვენა სამშობლოში იმერეთის მეფე სოლომონ მეორე. მისი ღვაწლით გადმოსვენდა საქართველოში გაენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე (შარვაშიძე).
2012 წლამდე ეპარქიის მთავრი კათედრალი ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის ტაძარი იყო, ძალიან უყვარდა მეუფეს ეს ეკლესია, ხშირად ამბობდა: "მე ამ ტაძარმა გამზარდა, როგორც სასულიერო პირიო".
ქუთაისის პეტრე-პავლეს ტაძრის საკუთხეველში დაბრძანებულია ძველი ხატი მთავარანგელოზების მიქაელისა და გაბრიელის გამოსახულებით. მეუფეს ძალიან უყვარდა ეს ხატი. როცა საკურთხეველში შემოვიდოდა, წმიდა ტრაპეზს ეამბორებოდა, ხოლო, როცა მანტიას განიმოსავდა, მიდიოდა ამ ხატთან და ეამბორებოდა. ხშირად გვინახავს, აღნიშნული ხატის წინ თუ როგორ კითხულობდა ზიარების წინა ლოცვებს ან დავითის კანონებს (ფოტოც კი მაქვს ადრე გადაღებული).

მიტროპოლიტ კალისტრატეს მოღვაწეობის გვირგვინია გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო, 321 წლის მანძილზე ნანგრევებად ქცეული ბაგრატის ტაძარი, რომელიც მისი დიდი ძალისხმევით აღდგა და 2012 წლის 16 სექტემბერს თავად აკურთხა მისმა მეუფებამ.
პავლე მოციქული ჩამოთვლის იმ თვისებებს, რომლებიც უნდა ამკობდეს მღვდელმთავარს. მეუფე ბევრი დადებითი თვისების მატარებელი იყო, განსაკუთრებით გამოვყოფდი მის მიმტევებლობას. ყოველდღე საუფლო ლოცვაში ხომ პატიებას ვთხოვთ ცისა და ქვეყნის შემოქმედ ღმერთს. ამბობდა ხოლმე: "როცა ქუთაისში გამომიშვეს ეპისკოპოსად, დედაჩემმა დამაბარა (დედა იმერელი იყო): "არავინ არ დასაჯოო" და ვასრულებ დედის კურთხევასო".

წმინდა დავით მეფსალმუნე ბრძანებს: "სიმდაბლესა შინა ჩვენსა, მოგვიხსენა ჩვენ უფალმან". მისი ყოველდღიური ცხოვრება სწორედ სიმდაბლისა და უბრალოების მაგალითი იყო.
2018 წლის 20 ოქტომბერს დაბადებიდან 80  წელი შეუსრულდა, ხოლო 25 დეკემბერს - ეპისკოპოსად კურთხევიდან 35 წელი. დაახლოებით ერთი წლით ადრე დავიწყე მონოგრაფიის გაკეთება, რომელშიც არის ეპარქიის მოკლე ისტორია და მეუფის 35 წლიანი მოღვაწეობის ფრაგმენტები, ქადაგებები, ფოტოები. როცა მოვახსენე, რომ ამის გაკეთებას ვიწყებდი, მითხრა: "უწმიდესმა პატრიარქობის 40 წლისთავი არ აღნიშნა და მე როგორ აღვნიშნავო. გქონდეს ეგ მასალა და სხვა დროს ვნახოთო." აღნიშნულ წიგნს მიემატება კიდევ ერთი თავი მეუფის გარდაცვალების შესახებ და მომავალში აუცილებლად გამოვცემ.

მეუფემ არ იცოდა მაღალფარდოვანი საუბარი, ყოველთვის ზეპირად წარმოთქვამდა ქადაგებას, ხშირად იცოდა ციტატების მოხმობა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებებიდან.

ერთ-ერთ ქადაგებაში მიტროპოლიტი კალისტრატე ბრძანებს: "ჩვენ, ქართველები, ვართ ის ბედნიერი ერი, რომელმაც ორიათასი წლის წინ ეს სარწმუნოებრივი ჯვარი გავიბნიეთ გულში და ვერც ერთმა ბოროტმა ძალამ-ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა - ვერ ამოგვგლიჯა გულიდან. მადლობა ღმერთს ამისთვის!

თუკი დღეს განვიცდით სხვადასხვა მძიმე პრობლემებს, ეს ნიშანია იმისა, რომ ჩვენი სარწმუნოება და ჩვენი რწმენა არ არის ჯერჯერობით იმ სიმაღლეზე, რა რწმენაც ჰქონდათ ჩვენს დიდ წინაპრებს. სწორედ დღეს, ჩვენთვის მიმდინარე მძიმე ისტორიულ ჟამს, ყველამ უნდა მოვიპოვოთ სიმდაბლე, მორჩილება, სულგრძელება, გავხდეთ სულიერი მოქალაქენი ჩვენს ჯვარცმულ სამშობლოში."

უწმიდესი ეფრემ მეორე წერდა: "ჩვენგან დაფარულია ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი დღე, თუ ოდეს მიგვიხმობს მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი - ზეციური ახალი ცხოვრებისათვის და ამიტომ მღვიძარედ, მზად უნდა ვიყვნეთ, ვითარცა იტყვის სიტყვა ღმრთისა: "მეყვსეულად (მოულოდნელად) მსაჯული იგი მოვიდეს და თვითეულისა საქმენი განშიშვლდენ (ცხად იქნეს) და ვაი ჩვენ, უკეთუ შევხვდეთ მას დროს, - უდებებით, ღვაწლით და შრომით მჭლე და ღარიბნი!".

მეუფე გვეუბნებოდა: "ღვთის იმედი გქონდეთ და თქვენი მომრევი კაცი არ იქნებაო".
სიკვდილის არ ეშინოდა, ამბობდა: ,,სიკვდილი როცა მოვა, გულში ჩავიხუტებ და ვეტყვი: "დაგაგვიანდა".
ანდერძის თანახმად მეუფემ კალისტრატემ ქუთაისის საკათედრო (ბაგრატის) ტაძარში დაიდო სამუდამო განსასვენებელი.



ბეჭდვა
1კ1