ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ წუთისოფელი მომზადებაა მარადიულობისათვის
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ წუთისოფელი მომზადებაა მარადიულობისათვის
1. პირადი გამოცდილებით, როგორ უნდა გადაიტანოს ჭირისუფალმა ოჯახის წევრის ან ახლობელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარება?

2. რამდენად ეთანხმებით გამოთქმას, "დრო ყველაფრის მკურნალია"?

3. ილიას მკვლელობის შემდეგ რა მიგაჩნიათ საუკუნის ცოდვად, რომელიც შავ ლაქად დარჩება ქართველი ერის ისტორიაში?


ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ მეუფე თადეოზი (იორამაშვილი), ფილოლოგი ნანა ურიდია და ფიზიკოსი გიორგი გოგნიაშვილი.

მეუფე თადეოზი (იორამაშვილი), თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი.


ჩვენი უფლისა და მაცხოვრის ჯვარცმას მოსდევს აღდგომა, რომელსაც ყოველი სული დღესასწაულობს, ცა და ქვეყანა აივსო ნათლით, "ღმერთი უფალი გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა". აი, ეს არის ჩვენი იმედი, ჩვენი ნუგეში, განიხვნა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და ქრისტემ გაათავისუფლა მართალთა სულები, რომლებიც მანამდე თუმცა ტანჯვასა და წამებაში არ იყვნენ, მაგრამ არც ნათელში იმყოფებოდნენ, აღდგომილმა უფალმა გვანუგეშა, "რომელსა რწმენეს ჩემი, არა მოკვდეს, არამედ ცხონდეს და აქუნდეს ცხოვრება საუკუნო". და თუ ადამიანი ამას ირწმუნებს, გარდაცვალებისთანავე დაიმკვიდრებს უფლის სასუფეველს. თუ უფალთან ვიქნებით, სადაც უსაზღვრო ნეტარება და გამოუთქმელი ბედნიერებაა, რა უნდა იყოს ამაზე დიდი იმედი. რაც შეიძლება ხშირად გადავშალოთ საღვთო წერილი, ვიცხოვროთ მისი მცნებებით, სახარება რომ ჭეშმარიტებაა, თავად უფალმა გვიჩვენა თავისი ცხოვრებით.

ჩვენი სიყვარული გარდაცვლილი ახლობლებისადმი ლოცვით, განსაკურებით კი, ფსალმუნთა კითხვითა და მათი მოხსენიებით უნდა გამოვხატოთ, ასევე უდიდესი საქმეა მოწყალების გაცემა მიცვალებულთა სახელზე (შეძლებისამებრ, რასაკვირველია). როგორც სახარებაში წერია, უფალი მეორედ მოსვლის ჟამს იტყვის: "მოვედით ჩემთან, კურთხეულნო შვილნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ საუკუნითგან თქვენთვის გამზადებული ადგილი, რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი, მწყურვალე ვიყავ და მასვით, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ, შიშველი ვიყავ და შემმოსეთ, პყრობილი ვიყავ და მოხვედით სანუგეშოდ, ავადმყოფი ვიყავ და მომიარეთ". ასე რომ, მოწყალების საქმენი ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი ადამიანი გულკეთილია, ის თვითონაც გადარჩება და თავისი ლოცვითა და მოწყალებით სხვებსაც გადაარჩენს, მოწყალებამ არ იცის სარწმუნოება, მხოლოდ ერთობლივი ლოცვა არ შეიძლება მართლმადიდებლისა სხვა რწმენის ადამიანთან, თორემ სიკეთე და მოწყალება ყველაზე ვრცელდება და ჩვენს ლოცვასაც უფრო შეისმენს უფალი, თუ მოწყალებით ვიცხოვრებთ, გარდაცვლილებზე კი შესაწირს გავცემთ.

საკვირველი რამ მოხდა პეტრე ათონელის ცხოვრებაში. მეპურეს, რომელიც პურს აცხობდა, ყიდდა და თავს ამით ირჩენდა, ერთხელ, როცა პური ურმით მოჰქონდა, წმინდა ბერი დაედევნა - ერთი პური მიწყალობეო. ბერს უკან გაკვირვებული მოწაფე მოსდევდა, - მამაო, ამდენს რატომ ეხვეწები, რომ უნდოდეს, ხომ მოგცემდაო. წმინდა ბერმა ჩუმად გადაულაპარაკა, - მე მინდა მას სიკეთე გავაკეთებინო, გადარჩენის და ცხონების საშუალება მივცეო. ბევრი მუდარის შემდეგ, როგორც იქნა, აიღო ერთი პური და ისე გაბრაზებით ესროლა, ბერმა ძლივს დაიჭირა. გულში ჩაიხუტა პური და მადლობა გადაიხადა ამ მოწყალებისთვის. იმ ღამით მეპურეს სიზმარში ქრისტე ღმერთი ეჩვენა და უთხრა, - დღეს მე შენ დამაპურე, როცა პური მაჩუქეო. უფალს არ უხსენებია, რა იძულებით გაიღო მან ეს მოწყალება, რადგან არ უნდოდა მისი წარწყმედა, თანაც დაინახა მასში ის კეთილშობილებაც, რომელიც შემდეგ გამოვლინდა - პეტრე ისეთი დიდი მოღვაწე გახდა, თავისი თავიც კი გაყიდა ქვეყნისა და სარწმუნოებისთვის, ასე რომ, მოწყალების საქმე უდიდესია როგორც ჩვენი სულის საცხონებლად, ასევე ჩვენი მიცვალებულებისთვისაც, იგი სიცოცხლის განმწმენდელი, გამახანგრძლივებელი და გამაკეთილშობილებელია, რაც ძალიან სჭირდებათ ჩვენს გარდაცვლილ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს.

პავლე მოციქული ამბობდა, ქრისტეს აღდგომა რომ არ მომხდარიყო, ჩვენს სარწმუნოებას აზრი არ ექნებოდაო. 1000 წელიც რომ იცოცხლო, მერე ხომ მაინც წერტილი დაესმება შენს ცხოვრებას და მარადიულობისთვის ხომ ეს არაფერს ნიშნავს? ქრისტეს მოძღვრება კი მარადიულობასთან ზიარებაა, მარადიული სიხარული და ნეტარებაა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ წუთისოფელი მომზადებაა მარადიულობისათვის. მართალია, ახლობლის დაკარგვა დიდ სევდასთან და ტკივილთანაა დაკავშირებული და ეს მეტად ძნელი გზაა, რადგან, ჩვენი თავი რომ გამოვრიცხოთ, სხვა ადამიანზე სადარდებლით ხომ მაინც იქნება ჩვენი გონება დაკავებული, მაგრამ რწმენა და იმედი იმისა, რომ ყველაფერი ეს ერთი გაელვებაა, მალე დამთავრდება და მერე გადავალთ მარადიულობაში, გადაგვატანინებს ყველაფერს, მთავარია, ღმერთს არ დავცილდეთ, რათა მოგვცეს მადლი, წუთისოფლის ბილიკებზეც მშვიდობით გვატაროს და მომავალ ცხოვრებაშიც ცხონება მოგვანიჭოს.

2. ერთმა ბრძენმა თქვა, რაც დრო გადის, ტკივილი მით უფრო მატულობსო. ღვთის იმედით უნდა გადავიტანოთ ოჯახის წევრის გარდაცვალებით გამოწვეული დიდი დანაკლისი. მე 25 წლის შვილი დამეღუპა 2006 წლის 30 ნოემბერს, გიორგი თავისი ორივე ბებიის გარდაცვალების დღეს გავიდა ამ ქვეყნიდან. მეექვსე წელი დაიწყო და ტკივილი უფრო მიმძლავრდება, ამიტომ ღმერთია ჩვენი ერთადერთი იმედი და ნუგეში.

3. ილია უდიდესი პიროვნება გახლდათ, დედის მუცლიდან გამორჩეული, მართლაც სამაგალითო და საკვირველი.

1921 წლის შემდეგ ბევრი ილიასავით წმინდა ადამიანი გაუყენეს ილიას გზას, თუნდაც კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი, ვაჟა-ფშაველას ვაჟი ლევან რაზიკაშვილი, რომლის საფლავიც კი დაკარგულია, ილიას დისშვილი კოტე აფხაზი და სხვა არაერთი გამოჩენილი მამულიშვილი ჩვენი ერისა. ილიამ კარგად იცოდა, ვინ იყვნენ მარქსისტები და მარქსიზმს ებრძოდა. მას ეკუთვნის სიტყვები მარქსისტულ ლიტერატურასთან დაკავშირებით: "ისეთ ნაგავს შინ არ შემოვიტან, რომლის გადაყრაც გამიჭირდებაო". სწორედ ილიას შემდეგ დაიწყო უღმერთობის პერიოდი, ათეისტები უარყოფდნენ მაცხოვარს და წმინდა წერილს და, მაპატიოს უფალმა, წმინდა ნინოზეც ავრცელებდნენ ხმებს, თითქოს იგი არ შემოსულიყოს საქართველოში, რადგან ასეთი პიროვნება ისტორიაში არ არსებობდაო.


KARIBCHEნანა ურიდია, 57 წლის, ფილოლოგი, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ჟურნალ "მოზარტ"-ის პროდიუსერი. ჰყავს შვილები: მაია დათუაშვილი, ალექსანდრე ხუნდაძე, აწ გარდაცვლილნი: გიორგი დათუაშვილი და გოჩა ხუნდაძე.

1. როდესაც ოჯახიდან ადამიანი მიდის, ვინც არ უნდა იყოს იგი, ტკივილი შენს გულში მუდამ რჩება. როგორ უნდა გადაიტანო, ეს ძნელი სათქმელია, მე ვიტყოდი, რომ ეს უნდა ატარო, რადგან ამის გადატანა წარმოუდგენელია. თან ისე უნდა ატარო შენი სიმძიმე, რომ სხვა არ დაამძიმო. საერთოდ, მე ადამიანის გარდაცვალებაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ტრაგედია არის, ვთქვათ, ომი და საზოგადოების ზნეობრივი დაცემა, ამას შეიძლება მართლა ეწოდოს ტრაგედია, მაგრამ ის, რომ ადამიანი მიდის ცხოვრებიდან, ზოგი ადრე, ზოგი გვიან, ეს ჩვეულებრივია, თუმცა ყოველთვის მტკივნეულია ახლობლებისათვის. მე პირადად მაძლიერებს იმის რწმენა, რომ დადგება დრო, როცა მათ შევხვდები. ეს მაძლებინებს, ეს მატანინებს ამ სევდას და კიდევ ერთი: როდესაც ამხელა ტკივილი მოდის ადამიანთან, მისთვის ალბათ სასჯელივით არის მერე სიცოცხლე. თან, როცა არ იცი, რამდენი გაქვს მისჯილი. ჩემი შვილების გარდაცვალებამ ძალიან გამიიოლა იმქვეყნად გადასვლაზე ფიქრი და თანაც ვალდებული გამხადა, პირნათელი წარვდგე იმათ წინაშე მაშინ, როცა ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით.

2. დრო ამ შემთხვევაში მკურნალი ნამდვილად არ არის, მაგრამ იმ მხრივ გეხმარება, რომ სწავლობ მათ გარეშე ცხოვრებას, თანდათანობით ეჩვევი ახალ რეალობას, რაც დრო გადის, ტკივილი მატულობს, მონატრება მძაფრდება, ოღონდ ამის გამოხატულება უფრო უკანა პლანზე გადადის, თანდათან თითქოს ამ ტკივილსაც ეჩვევი, მაგრამ მონატრება, რაც დრო გადის, უფრო მძაფრდება. ალბათ შვილის გარდაცვალება სხვა ტკივილია, ისეთი, შინაგანად რომ მოდის. ლოცვებში, პირველ რიგში, მამას ვიხსენიებ, რატომღაც ეს თავისთავად ასე მოხდა, ჯერ მამა, შემდეგ შვილები. ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, თითქოს მამამ უნდა უპატრონოს მათ, რა თქმა უნდა, არა, რადგან ჩვენ ხომ არ ვიცით, ვინ ვისი საპატრონო გავხდებით. პირველი მონატრება, რაც მამაზე მქონდა, უფრო მომეძალა. შვილები უფრო შიგნიდან წამოსული ღრმა, გაუყუჩებელი და მოუშუშებელი ტკივილია, რომელიც წლებთან და მონატრებასთან ერთად კიდევ უფრო მძაფრდება, მამა კიდევ წინ იმიტომაც მყავს ალბათ დაყენებული, რომ უფრო წინამავალია თითქოს. ეს, აზრობრივად, რატომღაც ასეა.

3. საუკუნის ცოდვად დავასახელებდი გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში განვითარებულ მოვლენებს, რამაც თბილისში ძმათამკვლელი ომი და სისხლისღვრა გამოიწვია. ამ ურთიერთდაპირისრებას ერისა და საზოგადოების ორად გახლეჩა მოჰყვა, ეს იყო დიდი ტრაგედია, რომლის უმძიმეს შედეგებს დღემდე ვიმკით. სამწუხაროა, რომ ვერა და ვერ მოხდა ერის გაერთიანება. ეს მიმაჩნია ილიას შემდეგ დიდ ცოდვად, რომელიც აქამდე მოგვყვება და მისგან ვერ ვთავისუფლდებით.


KARIBCHEგიორგი გოგნიაშვილი, 50 წლის, ფიზიკოსი, მუშაობდა ოპტიკის ინსტიტუტში და თბილისის 56-ე სკოლის პედაგოგად. 1988 წლიდან არის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. მეუღლე - შორენა შამათავა, შვილები: 11 წლის თინათინი და 8 წლის ნინო 1998 წელს ბინაში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაეცვალა, რის შემდეგაც აღარ დაქორწინებულა.

1. მიჭირს ამ გამოცდილების გაზიარება, თუ შეიძლება ამას გამოცდილება ეწოდოს. ალბათ, ჩემი თავი დავარწმუნე და ეკლესიაც ამასვე მირჩევდა, რომ შეკითხვა, - რატომ მოხდა ასე, არასოდეს დამესვა, რადგან პასუხს ამ კითხვაზე ვერასოდეს იპოვი. უფლის იმედი არასდროს რომ არ უნდა დაკარგო, ამისთვის ალბათ იობისმაგვარი რწმენის გამომუშავებაა საჭირო, მრავალტანჯულ იობს ხომ ღვთისადმი უზომო სიყვარულმა მოუტანა სიხარული და კვლავ აღუდგინა ცხოვრება. მიუხედავად იმ უდიდესი განსაცდელისა, რომელიც იობს დაატყდა თავს, ალბათ მაინც მას უნდა მივბაძოთ, რომ იმედით განვიმსჭვალოთ მაშინ, როცა დიდი განსაცდელის წინაშე ვდგებით. თუ ამას შევძლებთ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაეკარგება აზრი ჩვენს ცხოვრებას, არავითარი მნიშვნელობა არ ექნება სიცოცხლეს და გამოდის, რომ სიყვარულიც ნაკლებად გვქონია ჩვენგან წასული, გარდაცვლილი ადამიანების მიმართ. როდესაც სულის უკვდავებისა და მომავალი ცხოვრების რწმენა აქვს კაცს, მან იცის, რომ მართალია, ძნელია, ამქვეყნად პატიოსნად იცხოვრო, მაგრამ თუ შეძლებ, სწორედ მაშინ მიუახლოვდები იმ სიყვარულს, რომელიც იობმა განიცადა. აი, ასეთი რჩევა შემიძლია მივცე ყველა ჭირისუფალს, რომელიც ოჯახის წევრის ან ახლობლის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს განიცდის.

2. ადამიანს კანი რომ ჰქონდეს დაზიანებული და აცლილი, ნიავის შეხებაც კი მტკივნეული იქნება, მაგრამ რაღაც პერიოდი რომ გადის, ეს იარა კი არ შუშდება, უბრალოდ, ტკივილს უძლებ და თანდათანობით ეგუები, რადგან ძნელია ამ ჭრილობის მოშუშება, შეუძლებელია მისი მორჩენა, მე ვერ წარმომიდგენია ადამიანი, ვისაც შეეძლება ამ ტკივილის გაყუჩება. ჩემი აზრით, ცდილობ, გონებით შეეგუო ამას, გულში კი მაინც რჩება იარა.

3. ილიას მკვლელობის შემდეგ, რაც ყველაზე საშინელება მოხდა, ალბათ ის იყო, რომ ქართველებმაც დაიწყეს ეკლესიების ნგრევა და ათეიზმმა ისე გაიდგა ფესვი, რჯული უარვყავით, საქმე იქამდე მივიდა, რომ ერის საუკეთესო ნაწილი, ის პიროვნებები, რომლებიც ქვეყნის გონებასა და სინდისს განასახიერებდნენ, ხელის ერთი მოსმით დახვრიტეს, დახოცეს, გადაასახლეს, სასულიერო პირებს წამებით ამოხადეს სული. ისე როგორც ილიას მკვლელობა, ამ საშინელ წლებში ჩადენილი ცოდვები დიდხანს გაგვყვება და თავის კვალს დატოვებს ჩვენი ერის ისტორიაში.
ბეჭდვა
1კ1