გარდაიცვალა "კარიბჭის" თანამშრომელი - ხათუნა ჩიმაკაძე
გარდაიცვალა "კარიბჭის" თანამშრომელი - ხათუნა ჩიმაკაძე
გარდაიცვალა ჟურნალ "კარიბჭის" ოჯახის წევრი, ერთ-ერთი პირველი კორესპონდენტი, ბევრი საინტერესო და საგულისხმო სტატიის ავტორი ხათუნა (ნატალია) ჩიმაკაძე.
ხათუნა იყო გაზეთ "კვირის "პალიტრის" , ჟურნალ "კარიბჭისა" და გამომცემლობა "პალიტრა L" -ის ღვაწლმოსილი ლიტერატურული მუშაკი, საუკეთესო პროფესიონალი, კარგი მეგობარი, კარგი შვილების გამზრდელი დედა, გულისხმიერი და კარგი ადამიანი.

პანაშვიდები კვირას და ორშაბათს, დაკრძალვა სამშაბათს, 14 საათზე.
მისამართი: ზემო ვეძისის 59/2 (ტაშკენტის ქუჩის ბოლოში). ახალი მისამართით - მერი დავითაშვილის 11.

გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენოთ ახალშესვენებული ნატალიას სული.

სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა, ამინ!

აი, რას წერდა ხათუნა ჩიმაკაძე "კარიბჭის" საიუბილეო - მე-100 ნომერში:

ხათუნა ჩიმაკაძე (კორესპონდენტი):

"ყველაფერი იწყება და გრძელდება... ალბათ იმის მიხედვით, თუ როგორ მიიღებს შენს ნამოქმედარსა თუ ნააზრევს ხალხი, ის ადამიანები, ვისთვისაც იღვწი, იხარჯები. სული ხომ უმთავრესია, სულს სტკივა, უხარია, ნანობს... "კარიბჭე" სწორედ სულიერი საყრდენის, ბჭეთა ბჭის გაძლიერებას ემსახურება.

100 ნომერი, 100-ჯერ ცდა იმისა, რომ ადამიანებს ღვთის სიტყვა სწორად, მართებულად მივაწოდოთ. თავიდან, როცა დამავალეს, მრევლის აზრი შემეტყო ამა თუ იმ საკითხზე, მეკითხა, რას განიცდიდნენ ცოდვის ჩადენის ან მადლის ქმნის დროს, როგორ და როდის დაადგნენ ეკლესიისა და სულიერების გზას, შევშინდი. მეგონა, არავინ მიპასუხებდა... პირველ ნომრებზე მუშაობისას ფრთხილად და შემპარავად ვსვამდი შეკითხვებს, მერე და მერე, როცა ვიტყოდი, "კარიბჭიდან" ვარ-მეთქი, თუ ერთს ვეკითხებოდი რაიმეს და იქვე მეორე იდგა, ისიც ცდილობდა ეპასუხა... საკუთარ შეცდომებსა და ცოდვაზე ლაპარაკობენ იმის გამო, რომ უნდათ, სხვამ არ გაიმეოროს იგივე, მადლზე თხრობისას კი უფრო სხვის მაგალითს მოიყვანენ ჩემი რესპონდენტები... მეშინია, ზედმეტი არ მომივიდეს და ვცდილობ, სიტყვათა შერჩევისას სიფრთხილე გამოვიჩინო, რადგან ვაშასა და ქებისთვის არც ერთი ფრაზა, არც ერთი სიტყვა არ იწერება "კარიბჭეში", უფალი ხომ თავმდაბლობას გვასწავლის, და თუ რაიმეს ვაკეთებთ, თუ ღვთის სიტყვა შეძლებისდაგვარად მიგვაქვს ხალხთან, ისევ უფალი გვაძლევს ამის ძალას. სწორედ ამიტომაც თავს შევიკავებ და მხოლოდ იმას ვიტყვი, რაოდენ დიდი სიყვარულით ელის მრევლი "კარიბჭის" ყოველ ახალ ნომერს.

სიმშვიდითა და თავმდაბლობით და არა ფორიაქითა და ამპარტავნებით იხვეწება აზრები, ფრაზები... ღვთის სიტყვის მქადაგებელს ხომ მეტი მოეთხოვება."

ამ ლინკზე კი მის მიერ მომზადებულ წერილებს გაეცნობით:
ხათუნა ჩიმაკაძე
ბეჭდვა
1კ1