გლოვის მგოსნები
გლოვის მგოსნები
"რაწამს კი დავიბადებით, იქვე საფლავი მზა არი..."
ყოფნა-არყოფნის მარადიული თემა, სიკვდილთან დამოკიდებულება განსაკუთრებით კარგად ჩანს მთის ხალხურ პოეზიაში. მას მიეკუთვნება სამგლოვიარო პოეზიაც. ამ მხრივ გამორჩეულია ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, მთიულეთ-გუდამაყარი და ხევი. მთა ოდითგანვე იყო ნამდვილი და მარადიული ღირებულებების საუნჯე და საცავი. სიტყვაძუნწ ხევსურებს ძველთაძველი ჭეშმარიტება შემოუნახავთ: "ჩვენ კი არა ვართ მთებში, მთები არიან ჩვენს არსებაშიო".

სამგლოვიარო პოეზიის კუთვნილებაა ხმით ნატირლები, მოსაგონარი ლექსები და ეპიტაფიები. მისი ერთ-ერთი მთავარი თემა გახლავთ სიკვდილ-სიცოცხლის ფილოსოფიური ჭვრეტა, "ათასფერად დაცდილი", "ტიალი წუთისოფლის" გმობა და მის ამაოებაზე, გაუტანლობაზე ჩივილი. სიკვდილს სიცოცხლის აზრით. უყურებენ, სიცოცხლეს - სიკვდილის აზრით; ხან აშინებთ სიკვდილი, რადგან იგი ულმობელია, არ იცის "ცოდვა-ბრალი" (შებრალება), მტაცებელი მგელივით წამოგვარდება", როდესაც არ ელი, მაშინ მოდის და "ერთ წამში აგვყრის იარაღს". იგი ისე გვცელავს, როგორც მინდვრად სათიბს, არ არჩევს, უკვე დაიყვავილა თუ ახლა იფურჩქნება... ყველა სიკვდილის ნადავლი ვართ. ხან კი მაღლა დგებიან სიკვდილზე, დასცინიან, აქილიკებენ კიდეც. ამ ლექსებში ხალასად და მარტივად არის გადმოცემული უდიდესი სიბრძნე: "წუთისოფლის სტუმრები ვართ" და სიკვდილთან შეხვედრა უეჭველი და გარდაუვალია ("სიკვდილს, რად დაჰღონებულხარ, სიკვდილი ღვთის ვალიაო"), მაშინ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ მას მოუმზადებლად არ შევხვდეთ. სიკვდილის წუთმა აღარ უნდა შეგვაშინოს. სიკვდილზე ფიქრი ღირსეულ ცხოვრებას, სიკეთის კეთებას გვასწავლის:

"რასაც ერთურთს გავახარებთ,
იმის მეტი რა შეგვრჩება,
სამი ადლი ტილოს მეტი
სამარეში რა ჩაგვყვება?"


უნდა "დავეხსნათ ჭორის კრეფასა, ძრახვასა მეზობლისასა", და "კარგი სახელი" ("კაი ყმის", გმირის) დავტოვოთ ამქვეყნად.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების გამგემ, ბატონმა ამირან არაბულმა სადოქტორო დისერტაციის თემად სამგლოვიარო პოეზია აირჩია. ამ პოეზიის უნიკალური ნიმუშები მან სოფელ-სოფელ მოიძია და შეისწავლა. ბატონ ამირანს რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.

- ბატონო ამირან, რა თავისებურებები ახასიათებს სამგლოვიარო პოეზიას?

- სამგლოვიარო პოეზია გარკვეული კუთხით დაკავშირებულია საგმირო მოტივებთან, საგმირო პოეზიასთან. პროფესორ ქსენია სიხარულიძეს აქვს გამოკვლევა, რომელიც ეძღვნება სამგლოვიარო და საგმირო პოეზიის ურთიერთობის საკითხებს. ერთსა და იმავე ლექსში შეიძლება შეგვხვდეს საგმირო და სამგლოვიარო მოტივი. ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ დატირება ხდებოდა კარგი ყმებისა და კარგი ვაჟკაცებისა, მტერთან ბრძოლაში დახოცილი ადამიანებისა. ამიტომ იყო იქ ამაღლებული, ჰეროიკული პათოსი და, რა თქმა უნდა, იყო გლოვაც. ყველაფერი ეს კი ჰარმონიულად თავსდებოდა ერთი ლექსის, ერთი ნაწარმოების ფარგლებში.

- "მგოსანნი გლოვისანი" ხმით ტირიან მიცვალებულს. რამდენად არის დაცული მათ გლოვაში ზომიერება?

- ბუნებრივია, როცა ადამიანი ტირის წასულს, გარდაცვალებულს, ამ დატირებაში იგი მწუხარების უმაღლეს გამოხატულებას აღწევს. აქაც იკვეთება მწუხარების გამოხატვის გრადაციები: მაღალი, დაბალი, - მაგრამ პესიმისტური, ხელჩაქნეულობის განწყობილება, მომავლის იმედის არქონა მათ გლოვაში ნამდვილად არ არის. ეს გლოვა არის გამოხატული უმაღლეს პოეტურ ფერებსა და ფორმებში, იმპროვიზებულად, ყოველგვარი დახმარების, ვინმეს ჩარევის გარეშე. დატირება სრულდება მიცვალებულის თავზე და ეს იღებს უმაღლესი პოეზიის სახეს. ხან რითმიანი არ არის, მაგრამ უნაკლო და გამართული რიტმი აქვს.

- თვითონ სულეთის, საიქიო სამყოფლის ხატი და მოდელი როგორ არის წარმოდგენილი ხმით ნატირლებში?

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქრისტიანული თვალთახედვისგან განსხვავებით, რომელიც სულის უკვდავებას ქადაგებს, ხმით ნატირლებში ასეთი ვითარება ასახული არ არის. აქ მიცვალებულის სულის იმქვეყნიური ყოფა წარმოდგენილია მატერიალურ ფორმებში. ე.ი. იქაც სხეულებრივად არსებობს ადამიანი და იქაც სჭირდება საკვები, ტანსაცმელი, ცხენი, თოფ-იარაღი. ამიტომ ხდებოდა, რომ (განსაკუთრებით მთაში) მიცვალებულს საფლავში თან ატანდნენ თავის საომარ იარაღს, რაიმე ისეთ ნივთს, რომელიც მის ხელობას ადასტურებდა.

ხმით ნატირლებში საიქიოს, იგივე შავეთის, სურათი ასეა წარმოდგენილი: ეს არის სფეროებად დაყოფილი სივრცე. იქ არის ჯოჯოხეთი და სამოთხე, სადაც მოხვედრა ამქვეყნად ადამიანის დამსახურების მიხედვით ხდება. რა ხდება საიქიოში? იქ იყო კუპრის ალმოდებული მდინარე ან ტბა ზედ გადებული ბეწვისა თუ ძუის ხიდით, რომელზეც მიცვალებულს უნდა გაევლო. ცოდვით დამძიმებული ხიდიდან ტბაში ვარდებოდა და იხრჩობოდა, იწვებოდა, თუ მართალი იყო, უვნებლად გააღწევდა გაღმა ნაპირზე. მსგავსი ვითარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მითოლოგიებშიც არის წარმოდგენილი, მათ შორის ბერძნულში (ქარონს - ბებერ მენავეს, მიცვალებულთა სულები მდინარეზე გადაჰყავს). მდინარის იქით გადაჭიმული დიდი მინდვრის შუაგულში იდგა ოთხთვალა ციხე. მას ჰქონდა დიდი კარები, რომლის აქეთ-იქით ძაღლები ება. ციხეში ისხდნენ "ბჭეები". ისინი ბჭობდნენ და სამუდამო სამყოფელს განუკუთვნებდნენ იქ მოხვედრილს. ციხის პირველ სართულზე ცოდვიანები თავსდებოდნენ, მეორეზე - შედარებით უცოდველნი, მესამე სართულზე აჰყავდათ გაუთხოვარი ქალები და უცოლო ვაჟები, მეოთხეზე - პირზე რძეშეუმშრალი ბავშვები.

- მაინც რას ემსახურებოდა დატირება, რა აზრს დებდნენ მასში?

- დატირების პირდაპირი დანიშნულება და ფუნქცია, შეიძლება ითქვას, აღმზრდელობითი იყო. ცუდ ადამიანს არავინ დაიტირებდა გულწრფელად, გულმდუღარედ და მონდომებით. როცა სოფლის რომელიმე მამაკაცი (ახალგაზრდა თუ მოხუცი) კვდებოდა, მას მიჰყვებოდა მოტირალთა დიდი ცრემლი და მწუხარების გამომხატველი სიტყვები. ადამიანს უქებდნენ განვლილ ცხოვრებას, ამქვეყნიურ ყოფას, ბრძოლას, საქციელს, ურთიერთობას სოფელთან, ქალთან, კაცთან, დიდთან თუ პატარასთან. ეს, რა თქმა უნდა, იყო ეთიკური, ზნეობრივი მაგალითი და მოწოდება მომავალი თაობებისთვის, რომ მათაც ეცხოვრათ ამაღლებულად, გმირულად, მისაბაძად. საბოლოოდ, ყველაფერი მიდიოდა მამულიშვილობასთან და სამშობლოს სამსახურთან.

- ყველას შეეძლო "გლოვის მგოსნობა"?

- გლოვის მგოსნობა, რა თქმა უნდა, ყველას არ შეეძლო. ეს სიკეთე თანდაყოლილი პოეტური ნიჭია, როგორც, ჩვეულებრივ, შემოქმედების ნიჭი. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ შედევრებია შექმნილი, იმდენად ძლიერი და მაღალი პოეტური სახეები, მეტაფორული და ხატოვანი აზროვნება მოჩანს ამ ნატირლებში და, საერთოდ, სამგლოვიარო პოეზიაში.

ნატირლებში ზოგჯერ მიცვალებულის ღირსებას გადაჭარბებულად და გაზვიადებულად წარმოაჩენდნენ, ხოლო თუკი ვინმე მართლაც იმსახურებდა ქებას, მაშინ იყო თავდაუზოგავი ხოტბა და დიდება. ამას თავისი გამართლება ჰქონდა.

- სიცოცხლის ხანმოკლეობა ზოგს ცხოვრებისადმი ჰედონისტურ დამოკიდებულებას უყალიბებს. როგორც პავლე მოციქული იტყოდა, წარმართები ამბობენ: "ვჭამოთ და ვსვათ, რამეთუ მოვსწყდებით"...

- ქართულ ხალხურ პოეზიაშიც არის მსგავსი მოტივები. მაგრამ ეს არსებითი მაინც არ არის ქართველი კაცის მსოფლგანცდისთვის (განსაკუთრებით ძველ ნიმუშებს ვგულისხმობ). სინანული უფრო მეტად ფუჭად გაფლანგული სიცოცხლის გამო იგრძნობა:

"ოხერო წუთისოფელო,
დაგცადე ათასფერადა.
ხორცო, გასუქე, გალაღე,
სულო, გაგიხე მტერადა.
არცა-რა კარგი იმან ქნა,
ვინც ოქრო დადვა კერადა".


ეს ლექსები მხატვრული და ზნეობრივი ღირსებით მაღალ დონეზე დგანან.

- რამდენად იგრძნობა ხალხურ პოეზიაში ის, რომ სიკვდილი შეუცნობელი საიდუმლოა?

- ხალხურ პოეზიაში სიკვდილი წარმოსახულია ანთროპომორფულ არსებად, მას ადამიანის სახე აქვს. იგი უხილავი, მიღმიერი სამყაროდან მოდის, შედის ადამიანთა სამყოფელში, სოფელში, გამოარჩევს კაცს ან ქალს და მიჰყავს თავისთან. ცელიანი კაცის ხატიც სიკვდილის სიმბოლოა. მაგრამ მაინც სულ იმაზეა ლაპარაკი, რომ სიკვდილი შეუცნობელია, თან მუხთალია - უცებ მოვარდება, კარზე მოგიკაკუნებს და გაიძულებს, გაჰყვე.

- ადამიანს უჭირს დაჯერება, რომ ერთ დღეს ისიც სხვებივით გაქრება ამ სოფლიდან. არადა, ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ამბობდნენ, რომ სიბრძნისმოყვარეობა სიკვდილზე ფიქრში მდგომარეობს...

- ალბათ არ დარჩენილა მსოფლიოს არც ერთი ცნობილი მოაზროვნე, ვისაც საკუთარი თვალთახედვა არ გაემჟღავნებინა და თავისი თვალსაზრისი არ გამოეთქვა სიკვდილ-სიცოცხლის დილემასთან დაკავშირებით. ადამიანის მთელი ცხოვრება არის სიკვდილისთვის მზადება. ამგვარი მიდგომა ქართულ მწერლობასა და ქართულ აზროვნებაშიც ძალიან ბუნებრივი და ჩვეულებრივი რამ არის. ადამიანი იბადება იმიტომ, რომ დაბადების დღიდან სიკვდილისთვის ემზადოს. ზოგი - კარგად, ზოგი კი ცუდად ემზადება ღირსეული სიკვდილისთვის.

ფიქრი სიკვდილზე ადამიანს აიძულებს, ლამაზად იცხოვროს, არავის არაფერი ავნოს და დაუშავოს, პირიქით, არგოს, დაეხმაროს, მხარში ამოუდგეს. დაუსრულებელი და უბოლოო არაფერი არ არის. ერთხელ მორჩება მისი ყოფნაც და ამიტომ ეს ყოფნა მან სიკეთის საკეთებლად უნდა გამოიყენოს...
ბეჭდვა
1კ1