გარდაცვლილი ბავშვი ქრისტეს მიჰყავს თავისთან, ვითარცა პატარა ანგელოზი
გარდაცვლილი ბავშვი ქრისტეს მიჰყავს თავისთან, ვითარცა პატარა ანგელოზი
წმინდა მამათა დარიგებები
მამა პაისი ათონელს სთხოვეს:
- მამაო, ერთ ქალს ათი წლის წინ ბავშვი გარდაეცვალა. ახლა გთხოვთ, რომ მისთვის ილოცოთ, რათა იქნებ ძილში ნახოს შვილი და ინუგეშოს.

- ბავშვი მაშინ რამდენი წლის იყო? ამას მნიშვნელობა აქვს. თუ პატარა იყო და დედაც იმ მდგომარეობაშია, რომ გარდაცვლილი შვილის ხილვით სულიერ სიმშვიდეს არ დაკარგავს, მაშინ გამოეცხადება. ბავშვი რომ არ ესიზმრება, ამის მიზეზი თვითონ დედაა.

- მამაო, შეუძლია ბავშვს, რომ დედას კი არ გამოეცხადოს, არამედ სხვას?

- რა თქმა უნდა, ღმერთი ხომ ყველაფერს ჩვენს სასარგებლოდ მოაწყობს ხოლმე. როცა მეუბნებიან ახალგაზრდის სიკვდილს, ვწუხვარ ძალიან, მაგრამ ვწუხვარ ადამიანურად, ხოლო თუ საგნებს სიღრმისეულად გამოვიკვლევთ, ვნახავთ, რომ ადამიანს ასაკის მატებასთან ერთად ცოდვებიც უგროვდება და უფრო მეტად უწევს სულის ხსნისთვის ბრძოლა. ამა სოფლის მკვიდრნი რაც უფრო დიდხანს ცოცხლობენ, საკუთარი სულის გაუმჯობესების მაგივრად იუარესებენ მდგომარეობას ათასგვარი საზრუნავით, უსამართლობით და სხვა ამგვარით. ამიტომაც ის ადამიანები, რომელთაც ღმერთი ამ ცხოვრებიდან ბავშვობისას ანდა სიყმაწვილეში წაიყვანს, უფრო მეტს შეიძენენ, ვიდრე დაკარგავენ.

- მამაო, რატომ უშვებს ღმერთი ამდენი ახალგაზრდის სიკვდილს?

- უფალს ყოველი კაცი მისი სიცოცხლის ყველაზე ხელსაყრელ წუთს გაჰყავს, გაჰყავს განსაკუთრებული, მხოლოდ ამ კაცის სულის ხსნისთვის, გამოსადეგი საშუალებით. თუ ღმერთი ხედავს, რომ ადამიანი უკეთესი გახდება, მას ცოცხალს დატოვებს. მაგრამ თუ ჭვრეტს, რომ მომავალში უარესი შეიქნება, მაშინ მისი ცხონებისთვის ამ ქვეყნიდან გაჰყავს. ზოგიერთი კარგი ადამიანი იმიტომ მიჰყავს თავისთან, რომ სამოთხეშიც საჭიროა ყვავილის კოკრები. რა თქმა უნდა, მშობლებისა და ახლობლებისთვის ამის გაგება ადვილი არ არის. გარდაცვლილი ბავშვი ქრისტეს მიჰყავს თავისთან, ვითარცა პატარა ანგელოზი. ეს ხომ სასიხარულოა? მშობლები კი ამის მაგივრად გოდებენ. მათ ხომ არ იციან, ვინ გახდებოდა მათი შვილი დიდობაში, შეძლებდა კი სულის ცხონებას? 1924 წელს, როცა ჩემი ოჯახი მცირე აზიიდან ხომალდით წამოვიდა საბერძნეთში, ჩვილი ვიყავი. ხომალდზე უამრავი ლტოლვილი იყო. შეხვეული გემბანზე დავეწვინე დედას. ერთმა მეზღვაურმა შემთხვევით ფეხი დამადგა. დედამ იფიქრა, მოკვდაო და ტირილი დაიწყო. მეზობელმა ქალმა სახვევები გახსნა - საღ-სალამათი დავხვდი. მაშინ რომ მოვმკვდარიყავი, ნამდვილად სამოთხეში მოვხვდებოდი. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, რამდენი ვიღვაწე სულის ხსნისთვის, მაგრამ არ ვიცი, სამოთხეში მოვხვდები თუ არა.

მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ გარდაცვლილი შვილი სასუფეველში მათთვის მლოცველი ხდება. როცა თავად გარდაიცვლებიან, შვილები მათ სულებს სამოთხის კართან რიპიდებით ხელში შეეგებებიან. განა ეს ცოტა საქმეა? ბავშვებს, რომლებიც ავადმყოფობით გაიტანჯნენ ან დასახიჩრდნენ და ისე გარდაიცვალნენ, ქრისტე ეტყვის: "მოვედით სასუფეველში და აირჩიეთ საუკეთესო ადგილიო". ბავშვები კი ეტყვიან მაცხოვარს: "აქ მშვენიერია, უფალო იესო, მაგრამ გვინდა, ჩვენთან ერთად ჩვენი დედიკოც იყოსო". ქრისტე შეისმენს ბავშვების თხოვნას და საშუალებას მონახავს, რომ მათი დედიკოც აცხოვნოს.

რა თქმა უნდა, დედები მეორე უკიდურესობაში არ უნდა ჩაცვივდნენ. ზოგიერთი დედა დარწმუნებულია, რომ მისი გარდაცვლილი პატარა უკვე წმინდანია. ერთ დედას სურდა, თითქოსდა კურთხევის ნიშნად, თავისი გარდაცვლილი ვაჟის ნივთი მოეცა ჩემთვის, რადგან სჯეროდა, რომ ბავშვი უკვე წმინდანი გახდა. უარი ვუთხარი - აჯობებს, შენთვის დაიტოვო-მეთქი. ერთმა დედამ კი დიდ ხუთშაბათს შუა ტაძარში დაბრძანებულ ჯვარცმაზე ფაშისტების მიერ მოკლული შვილის სურათი მიამაგრა - ჩემი ვაჟიც ქრისტეს მსგავსად დაიტანჯაო. ტაძარში ღამისმთევარი ქალებიც იყვნენ. დედისთვის გული რომ არ ეტკინათ, არაფერი უთქვამთ. ან რაღას ეტყოდნენ? მას ხომ სული ტრავმირებული ჰქონდა.

* მამა გრიგოლმა ჰკითხა ღირს მამა ნიფონტს: რატომ იტანჯებიან ულმობელი ავადმყოფობებით პატარები, რა ცოდვა ჩაიდინეს ასეთი, რატომ უშვებს ღმერთი მათზე ამას?

ნეტარმა ნიფონტმა ბრძანა: - როცა განმრავლდება კაცთა ცოდვები და განუკურნებელი ხდება ადამიანთა ბოროტება, მაშინ უფალი თავისთან აღიტაცებს მათ შვილებს. დაუშვებს ბავშვებზე მრავალი სახის საშინელ ავადმყოფობას, რათა ამით მშობლებს სიწმინდისკენ მოუწოდოს. უცოდველი შვილების ტანჯვის მაყურებელნი ნუთუ არ შეშინდებიან და სინანულში არ ჩაცვივდებიან? ნუთუ არ ამოიძახებენ: ვაი ცოდვილებს, რამეთუ ჩვენი უსჯულოების გამო იტანჯებიან ჩვენი უმანკო ბავშვები! მაშ, რაღა გვეშველება უფლის მეორედ მოსვლისას, საშინელ სამსჯავროზე.

და თუ დაინახავს, რომ მშობლები არ გამოსწორდებიან და განაგრძობენ ცოდვის ქმნას, მაშინ უფრო მეტი სატანჯველი დაატყდებათ თავს, მშობლების სინანულისა და მოქცევისათვის გატანჯული მათი შვილები კი საუკუნო ცხოვრებაში ღვთისგან ამის გამო გვირგვინსა და პატივს მიიღებენ.

- მაგრამ, მამაო, წმინდა წერილი ხომ გვამცნობს, რომ ყველას თავისი საქმისაებრ მიეზღვება და არა სხვისი ცოდვებისთვის? - ჰკითხა ღირსმა გრიგოლმა. წმინდა ნიფონტმა მიუგო: - მოწყალე ღმერთი ხედავს კაცთა გულქვაობას და უგუნურებას. ზოგიერთი დიდებისმოყვარეობის გამო დიდ ღვაწლს იტვირთავს, ღმერთზე კი დრტვინავს და მწუხარებისგან სიკვდილსაც ითხოვს. ამიტომ ღმერთი როგორც შვილებს სჯის, ისე მშობლებს მოუვლენს სხვადასხვა განსაცდელს, რათა შვილების ავადმყოფობით განიწმინდოს მათი უსჯულოება, აღძრას ისინი სინანულისთვის და განმართლდნენ ღვთის საშინელ სამსჯავროზე. ასე რომ, იცოდე, ჩემო შვილო, უცოდველი ყრმები იტანჯებიან იმიტომ, რომ ამ უაზრო სიკვდილის გამო უხრწნელი სიცოცხლე მიიღონ, ხოლო შვილების ტანჯვის შემყურე მშობლები აღივსონ ჭეშმარიტი სინანულით.
ბეჭდვა
1კ1