შენ ტირი იმის გამო, რომ მიცვალებულმა მიგატოვა, მაგრამ არ ფიქრობ იმაზე, ვინც მან იპოვა
შენ ტირი იმის გამო, რომ მიცვალებულმა მიგატოვა, მაგრამ არ ფიქრობ იმაზე, ვინც მან იპოვა
წარმავლობიდან მარადიულობამდე მხოლოდ ერთ ნაბიჯი გვაშორებს. შემოზღუდულია მიწიერი სამყაროს საზღვარი, რომლის მიღმაც უსაზღვრობა და უსასრულობის უნაპირო ოკეანეა. ვიდრე ამ ზღურბლს გადავაბიჯებთ, ღმერთმა ყოველ ადამიანს მოუვლინა უერთგულესი მეგობრები ანგელოზთა და წმინდანთა სახით. "დაიბანაკებს ანგელოსი გარემოს მოშიშთა მისთა და იხსნეს იგინი", - წერია ფსალმუნში. ზეცა წარმართავს ყოველი ადამიანის ცხოვრებას. სწორედ ზეციურ ძალთა შემწეობით მივემართებით მარადიულობისაკენ. ამ გზამ მამის წიაღში უნდა დაგვაბრუნოს.

დაცემის შემდეგ ადამიანებმა დავკარგეთ სულიერი ხედვისა და უხილავი სამყაროს ჭვრეტის უნარი იმ მცირედი გამონაკლისის გარდა, რომელთაც უფლის სიყვარულითა და მისი მცნებების ერთგულებით შეძლეს გამიჯვნოდნენ ბოროტებას, გათავისუფლებულიყვნენ ვნებათა ტყვეობისაგან და საკუთარ თავზე გამარჯვებით დაეძლიათ წუთისოფლის ამაოება. შესაძლოა, ამგვარი მტკიცე ნებისა და სულით ძლიერ ადამიანებს გულისხმობდა დავით მეფსალმუნე: "რომელთა გიყუარ უფალი, მოიძულეთ ბოროტი, დაიცუნეს უფალმან სულნი წმიდათა მისთანი და ხელთაგან ცოდვილისათა იხსნეს იგინი" (ფს. 96,11).

საეკლესიო გადმოცემით, დაცემულ ანგელოზთა რიცხვი ერთობ დიდია, მაგრამ ნეტარი ანგელოზი უთვალავია და დემონებზე ბევრად აღმატებული, რაზედაც ქრისტეს მოციქულებიც მოწმობენ. უფლის საყვარელი მოწაფე იოანე მახარებელი, რომელიც ზეციურ ტაძარს ჭვრეტდა და ანგელოზთა ხმაშეწყობილი გალობა ჩაესმოდა, გადმოგვცემს: "და იყო რიცხვი მათი ბევრნი ბევრთაგანი და ათასნი ათასთაგანი" (აპოკ. 5,11). მოციქულთა განმარტებით, ზეციურ მხედრობათა რიცხვი ურიცხვი და უთვალავია, ისე, როგორც ქვიშის ან ვარსკვლავთა დათვლაა შეუძლებელი, ასევე მიუწვდომელია და წარმოუდგენელი განსაზღვრა ანგელოზთა რაოდენობისა.

ზეციურ ძალთა დასებისათვის გასაოცარი წესრიგი და სიმწყობრეა დამახასიათებელი, რაც უფლის ჭეშმარიტების, სიბრძნისა და სრულყოფილების სამშვენისია. ისინი სრულყოფილი ერთობით მორჩილებენ და ავსებენ ურთიერთს უმაღლესიდან უმდაბლესისკენ. "ქრისტეს დიდების ბრწყინვალება ეფინება რჩეულთ. ღვთაებრივი წიაღიდან მომდინარე სიცოცხლის წყარო მათ ზღვის მიქცევისა და მოქცევის დარად ავსებს. შთამბეჭდავია სრულყოფილი ერთიანობის ასეთი მრავალფეროვნება და ურიცხვი სიმრავლის ერთობა", - გადმოგვცემენ ღმერთშემოსილი მამები.

"იფიქრე არა იმაზე, რომ გარდაცვლილი აღარასოდეს მობრუნდება შენთან, არამედ იმაზე, რომ მალე შენც მასთან გადასახლდები, - გვაიმედებენ წმინდანები, - შენ ტირი იმის გამო, რომ მიცვალებულმა მიგატოვა, მაგრამ არ ფიქრობ იმაზე, ვინც მან იპოვა.

ჩვენ სიხარულით ვეგებებით ახალშობილს, მიუხედავად იმისა, რომ მშობიარე იტანჯება, ახალშობილი ტირის. ასევე ეგებებიან გარდაცვლილებს ზეცის მკვიდრნი, მიუხედავად იმისა, რომ ტირილით ვაცილებთ მათ".

წმინდა ვათოპედის დიდი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი, დედის გარდაცვალებით დამწუხრებული ქართველი ღვთისმსახურის, მამა გიორგისთვის ათონის მთიდან გამოგზავნილ სანუგეშო წერილში აღნიშნავდა: "იცოდეთ, რომ ახლობელ ადამიანებთან დროებით განშორებისას მწუხარებას იმედით უნდა დავუპირისპირდეთ. იმედი რწმენიდან ჩნდება. პავლე მოციქულიც ხომ ამას ამბობს: "თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღსდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთა მოიყვანს მასთან ერთად" (I თესალ. 4,14).

ქრისტეს აღდგომით სიკვდილი დაითრგუნა. ადამიანი წარმოადგენს სულისა და ხორცის უწყვეტ ერთობას, სიკვდილით კი სულისა და ხორცის ერთობა დროებით წყდება. სხეულისაგან სულის განსვლა საიდუმლოა, რომლის არსიც მხოლოდ ღმერთისთვისაა საცნაური. თუმცაღა ამ დროს სული მაინც ინარჩუნებს ღვთისშემეცნებას. სულისა და სხეულის დროებით განშორების შემდეგ, უფლის მეორედ მოსვლის ჟამს, სხეულს ადამიანი კვლავ დაიბრუნებს "მარადიულობით, ძლიერებითა და დიდებით".

ის, რომ სულები გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებენ სიცოცხლეს, კარგად ჩანს ჩვენს ცხოვრებაში მფარველი წმინდანების გამოცხადებით, რომლებიც უხილავ ბრძოლაში გვეხმარებიან, გვაძლიერებენ და სნეულებათაგან გვკურნავენ. განსაკუთრებულია თანამედროვე წმინდა მამების გამოცხადებები - არქიმანდრიტ ეფრემს რამდენიმე მაგალითიც მოჰყავს.

ნეტარი ბერის პორფირი კავსოკალიველის (გარდ. 1991 წელს) სულიერი შვილი საზღვარგარეთ იმყოფებოდა, როდესაც გარდაიცვალა მისი მოძღვარი, მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. ათენში დაბრუნებულმა რჩევა-დარიგებისთვის ბერს დაურეკა. ბერმა დაარიგა სულიერი შვილი და უთხრა: "ნუღარ დამირეკავ, რადგან გარდავიცვალე".

ნეტარი ბერი იაკობ ცალიკისი (გარდაიცვალა 1991წ.) თავისი მიძინებიდან სამი წლის მანძილზე ჩნდებოდა ხოლმე ათენში, კოალიციის მოედანზე და ხალხში დადიოდა; ესაუბრა და დალოცა ორი ქალბატონი. მიძინებიდან 7 წლის თავზე გამოეცხადა ახალაგზრდას და ასწავლა, როგორ დაეწყო ქრისტიანული ცხოვრება.

"გარდა გამოცხადებებისა, წმინდანთა სასწაულები იმის დამადასტურებელია, რომ ისინი არსებობენ, უსმენენ და იწყნარებენ ჩვენს ლოცვა-ვედრებას, გვეხმარებიან, რადგან აქვთ კადნიერება ღვთის ტახტის წინაშე დგომისა და ეს დიდი მადლიც მისგან აქვთ ბოძებული", - ნათქვამია არქიმანდრიტ ეფრემის მიერ მამა გიორგისადმი გამოგზავნილ წერილში.

მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში მამა გაბრიელის (ურგებაძე) საფლავთან ყოველთვის ხალხმრავლობაა. "არქიმანდრიტი გაბრიელი, 1929-1995" - გვამცნობს მისი საფლავის ქვა, რომელზეც მადლმოსილი ბერის ანდერძის ბოლო სიტყვებსაც ამოიკითხავთ: "ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია". ამ რწენით მან 66 წელი იცხოვრა დედამიწაზე. დღეს, როდესაც მისი გარდაცვალებიდან 16 წელზე მეტი გავიდა და კვლავ მისგან აღსრულებული მრავალი სასწაულის მოწმე და თვითმხილველი ვხდებით, ძნელია, ეჭვი შეიტანო ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში.

მამა გაბრიელს ლოცვითა და მოსაგრეობით, ფეხით ჰქონდა მოვლილი საქართველოს თითქმის ყველა ტაძარი და მონასტერი. საბოლოოდ მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის თავისი ხელით მოწყობილ კელიაში დამკვიდრდა და აქ გაატარა სიცოცხლის დარჩენილი წლები.

სალოსმა ბერმა თავისი ღვთისსათნო ცხოვრებით განამრავლა სულიერ შვილთა, თავისი საქმის მიმდევართა და მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა რიცხვი, დღეს ისინი სევდანარევი სიყვარულით იგონებენ საყვარელ მოძღვარს.

KARIBCHE2009 წლის აგვისტოში მამა გაბრიელის დაბადებიდან 80 წლის თავთან დაკავშირებით ვესაუბრეთ მის სულიერ შვილს, სამთავროს დედათა მონასტრის მონოზონს დედა პარასკევას.

- მამა გაბრიელის საფლავის კანდელიდან აღებულ ზეთს კურნების ძალა გააჩნია. მისი საფლავიდან მიწასაც იღებენ და მიაქვთ შინ ბოროტი ძალის განსადევნად, აგრეთვე იმისათვის, რომ ნევროზით შეპყრობილ ადამიანებს მშვიდი ძილის საშუალება მიეცეთ.

ერთხელ მამა გაბრიელის საფლავზე მოვიდა ქალბატონი და დაეჭვებით მკითხა: - ამ ზეთს რა ძალა აქვს, იქნებ კარგად ამიხსნათო. სანამ ვუხსნიდი, საიდანღაც კრაზანა გამოჩნდა და ქალს მკლავზე უკბინა. ქალმა შეჰკივლა. გაუწითლდა და გაუსივდა ნაკბენი. ვურჩიე, მამა გაბრიელის ზეთი გამოეყენებინა. როგორც კი ზეთი წაიცხო, ნაკბენი მაშინვე დაუამდა და ტკივილიც ჩაუცხრა. შემომჩივლა, - ვერ გავიგე, რატომ დამსაჯა ასე მამა გაბრიელმაო. კი არ დაგსაჯათ, თქვენს შეკითხვას თვითონვე უპასუხა, რადგან მე ასე კარგად ვერ აგიხსნიდით-მეთქი.

მამა გაბრიელი მიწაზე მოარული ანგელოზი იყო. მახსოვს, ერთხელ, როდესაც ქუჩაში გადიოდა და დედები მივაცილებდით, მოგვიბრუნდა და გვითხრა: "აბა, კარგად შემომხედეთ, სამონაზვნო ჩოხაში შარვლის ტოტები ხომ არ ჩანს, კაცი არავის ვეგონო, მე ხომ ბერი ვარო". დაკვირვებული ვარ, როცა მომენატრება ან რაიმე დახმარება მჭირდება, ცოტა ხნის შემდეგ პასუხს ვიღებ მისგან, ზოგჯერ ეს სხვა ადამიანის საშუალებით ხდება. ასე მაგალითად, როდესაც მისი დაბადების 80 წელი მოდიოდა, ჩემთვის ვფიქრობდი, ნეტავი როგორი იქნებოდა მამა გაბრიელი, ახლა რომ ცოცხალი ყოფილიყო-მეთქი. მისი საფლავის მოსალოცად ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა. მისი დაბადების წინა დღეს ერთმა ქალბატონმა მამა გაბრიელის საფლავის ქვაზე სხვა ნივთებთან ერთად პატარა, დახურული ტელეფონი დადო. ცოტა ხანში, როცა ტელეფონით სარგებლობა დააპირა, გაოცებული დარჩა, ტელეფონის ეკრანზე მამა გაბრიელის სურათი აღბეჭდილიყო. სურათს დავხედე, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს მამა გაბრიელმა ჩემს ფიქრებს უპასუხა, იგი ამ სურათზე საკმაოდ ასაკოვანი იყო. მე ეს სურათი სასწრაფოდ შევიყვანე ჩემს ტელეფონში, რადგან ჩავთვალე, რომ ეს ჩემი კითხვის პასუხად იყო გამოგზავნილი. ხალხიც იმიტომ მოდის მის საფლავზე, რომ, როგორც მიყვებიან, მათ სიზმარში ეცხადება მამა გაბრიელი და თითქოს ყველას ერთნაირად ეუბნება: "მოდით ჩემს საფლავზე, მომიყევით თქვენი გასაჭირი და დაეხმარებითო". იგი შეეწევა ავადმყოფებს, მებრძოლებს, განსაცდელში ჩავარდნილებს, გაჭირვებულ და მიუსაფარ ადამიანებს.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს ცხინვალი ისე იყო ჩაკეტილი, ამ ქალაქში ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა. ამ დროს ერთ-ერთმა ასმეთაურმა, რომელსაც ქართველი მეომრებისთვის მამა გაბრიელის ზეთი მიჰქონდა, თავისი მსუბუქი ავტომანქანით მოახერხა შუა ცხინვალში შესულიყო. მან მებრძოლებს უბრძანა, დაეტოვებინათ სანგრები და მამა გაბრიელის ზეთი ეცხოთ. როგორც კი ბიჭები ზეთის წასაცხებად გამოსულან, ყველა სანგარი აფეთქებულა. "ცხინვალი გრადის ტიპის დანადგარებით იბომბებოდა და ცეცხლში იყო გახვეული, - ჰყვებოდა ასმეთაურის ძმა, რომელიც ამ ომში იბრძოდა, - გრადი ხომ კილომეტრზე ანადგურებს ყველაფერს, ჩვენ მათგან სულ რაღაც 100 მეტრში ვიბრძოდით, მაგრამ ვინც კი გაბრიელის ზეთი იცხო (მათ შორის მუსლიმანებიც), ყველანი უვნებელნი გამოვედით იქიდან იმის მიუხედავად, რომ ყველაზე ბოლოს მოგვიხდა ცხინვალის დატოვება. ის მეომრები კი, ვინც უარი განაცხადა ზეთის წასმაზე, თითქმის ყველანი დაიღუპნენ, გადარჩენილთაგან კი ყველანი სამშობლოს მოღალატის ბრალდებით დააპატიმრეს", - გვიამბობდნენ ამ მოვლენების მონაწილე მებრძოლები.

მამა გაბრიელი განსაკუთრებულად შეეწევა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ერთი მანდილოსანი მიყვებოდა, - "საზღვარგარეთ ყოფნის დროს დაიკარგა ჩემი შვილის პასპორტი და თვითმფრინავის ბილეთი, მოგეხსენებათ, რა ძნელია უცხოეთში დოკუმენტების დაკარგვა. მას შემდეგ, რაც მამა გაბრიელს ვთხოვეთ დახმარება, 5 წუთში ეს დოკუმენტები ისე გაჩნდა ჩვენ წინ, ვინმე რომ გადმოგცემს და ხელში ჩაგიდებსო".

საბერძნეთში მცხოვრებმა ქალბატონმა კი ასეთი რამ მოგვიყვა: "ერთ საღამოს ხერხემალი ისე ამტკივდა, მოძრაობა აღარ შემეძლო. ლოგინში ჩავწექი და ვფიქრობდი, აღარ წამოვდგები, მირჩევნია, ასე მოვკვდე-მეთქი. როგორც ჩავთვლიმე, მამა გაბრიელი ვიხილე. კვერთხი მიწას დაჰკრა და მიწიდან უზარმაზარი მონასტერი აღმოცენდა. მოძღვარს დავედევნე, ფეხებში ჩავუვარდი და ვუთხარი: - რადგან ამოდენა მონასტრის აშენება შეგიძლიათ, ჩემს განკურნებასაც შეძლებთ-მეთქი. მამა გაბრიელმა ორჯერ შემომკრა კვერთხი ხერხემლის დაზიანებულ ადგილას, სიზმარშივე საოცარი შვება ვიგრძენი. მითხრა: "შენ უკვე გამოჯანმრთელებული ხარო". მეორე დღეს საწოლიდან წამოვფრიდი, თითქოს მეორედ დავიბადე. მას შემდეგ საერთოდ დამავიწყდა, რა არის ტკივილი".

ერთ უჩვეულო ამბავსაც გიამბობთ. ეს საფრანგეთში მოხდა. ქართველი დედა გულმხურვალედ ევედრებოდა თურმე უფალს, გაეცნო ისეთი მოძღვარი, რომელიც შვილის მოსახელე იქნებოდა და შემწეობას აღმოუჩენდა მის ოჯახს. ერთხელაც სიზმარში იხილა ბერი, რომელიც ასე გაეცნო: "მე მცხეთელი გაბრიელი ვარ, მზად ვარ, დაგეხმაროთ. როდესაც ტაძარში თქვენს მეგობარს შეხვდებით, უთხარით მას, დაჭრას ჩემი კაბა და ამ კაბის ნაწილები შეახვედროს მათ, ვისაც ჩემი დახმარება უნდაო". ის ქალბატონი მხატვარია და სანამ შაბათ-კვირას ქართველთა სათვისტომოს ეკლესიაში წავიდოდა, მეორე დღესვე გაუკეთებია წინა ღამით სიზმარში გამოცხადებული ბერის გრაფიკული პორტრეტი. ეკლესიაში იგი შეხვდა მეგობარს, რომელმაც მამა გაბრიელზე გამოცემული წიგნი აჩვენა და ურჩია, - წაიკითხე ეს წიგნი და მამა გაბრიელი შენს შვილს უმფარველებსო. როდესაც ქალბატონმა წიგნი გადაშალა და მამა გაბრიელის ფოტოსურათი იხილა, მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ფოტოსურათზე გამოსახული ბერი ზუსტად ის იყო, ვინც მან სიზმარში ნახა და პორტრეტიც დახატა, ხოლო ადამიანი, რომელსაც მამა გაბრიელის სამონაზვნო შესამოსელი უნდა დაეჭრა და გაჭირვებულთათვის დაერიგებინა, ის აღმოჩნდა, ვინც მხატვარს მამა გაბრიელის წიგნის წაკითხვა ურჩია. როგორც გაირკვა, სწორედ მას შეუკერავს მამა გაბრიელისთვის სამონაზვნო ჩოხა და ამის შემდეგ გადასულა საფრანგეთში საცხოვრებლად.

ამ ბოლო დროს ეს მანდილოსნები უფრო ხშირად ჩამოდიან საქართველოში მადლმოსილი საფლავის მოსანახულებლად და როგორც ამბობენ, დიდ შეწევნასაც იღებენ. მხატვარმა ქალბატონმა მამა გაბრიელის პორტრეტი ჩვენს მონასტერს შემოსწირა.

როდესაც საფრანგეთში დაბრუნდნენ, საქართველოს საპატრიარქოს სახელზე გამოგზავნეს წერილი, რომელშიც ყველა ამ სასწაულების შესახებ არის მოთხრობილი. ისინი სთხოვენ წმინდა სინოდს, განიხილოს საკითხი მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვისა.

დაბოლოს, როგორც მონასტრის დედებისაგან შევიტყვეთ, ადგილი, სადაც არქიმანდრიტი გაბრიელი და მისი დედა, მონოზონი ანა განისვენებენ, ადრე მონასტრის ნაგავსაყრელი ყოფილა და როდესაც მამა გაბრიელი იტყოდა, მე ნაგავსაყრელზე დამასაფლავებენო, წარმოუდგენლად მიაჩნდათ, სალოსი ბერის ხუმრობა ეგონათ.

ბერი გაბრიელის საფლავი დღეს ყველაზე ლამაზი და წმინდა ადგილია სამთავროში, რომელიც ყოველდღიურად უამრავ ხალხს იზიდავს. მის საფლავზე ზამთარ-ზაფხულ ყვავის მინდვრის ყვავილები, როგორც ხილული სიმბოლო შეუცნობელი მარადისობისა და ადამიანის სულის უკვდავებისა.
ბეჭდვა
1კ1