გარდაცვალება და არა სიკვდილი
გარდაცვალება და არა სიკვდილი
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):

"გენიალურია ქართული სიტყვა გარდაცვალება, რაც გულისხმობს იმას,
რომ პიროვნება კი არ ქრება, არამედ იცვლება, სიცოცხლის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის...გარდაცვალება სინამდვილეში ხელახალი შობაა სხვა სამყაროში".
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II.


- რა კარგად გვიხსნის მისი უწმინდესობა ზემო აღნიშნულ ამონარიდში სიტყვა გარდაცვალების შინაარსს და მნიშვნელობას. დიახ, სიკვდილი არ არსებობს. ეს სრული ჭეშმარიტებაა, რაშიც პირადად ჩემზედ მოწევნულმა მოულოდნელმა განსაცდელმა დამარწმუნა. 1998 წლის 19 ივლისს ავტო საგზაო შემთხვევით გარდამეცვალა 27 წლის ვაჟიშვილი გიორგი ქათამაძე. მიუხედავად იმისა, უკვე ორი წლის აღკვეცილი მონაზონი ვიყავი, განსაცდელმა თავზარი დამცა, ცრემლი გამიშრა, მწუხარებამ მთელი ჩემი შინაგანი სამყარო მოიცვა. ეჭვიც კი მეპარებოდა, სრულ ჭკუაზე ვიყავი თუ არა. ასეთ მდგომარეობაში მყოფს, გადმომცეს უწმინდესის სიტყვები, რომ ღმერთი ნებისმიერ განსაცდელს, რაღაცის გამო გვიგზავნის. მიზეზი ჩვენთვის უცნობია, რადგან ეს ღვთის საიდუმლოა. ჩვენ მის საიდუმლოს ვერ ჩავწვდებით. ერთი, კი ყველამ კარგად უნდა დავიმახსოვროთ, მამა, შვილისთვის ცუდს არასდროს გაიმეტებს, ამიტომ უნდა მივენდოთ და გვწამდეს მისი".


ამ სიტყვებმა ძალა შემმატა, გამამხნევა, სიცოცხლის სურვილი დამიბრუნა. მე უნდა მეცოცხლა და მელოცა ჩემი შვილისთვის. თუმცა იყო პერიოდები, რომ ძალიან მენატრებოდა და უფალს ვთხოვდი, სიზმარში მაინც ეჩვენებინა ჩემთვის გიორგი. დრო გადიოდა, სურვილი კი სურვილად რჩებოდა. გარდაცვალებიდან ალბათ 5 წლის შემდეგ, მე შვილის ნახვის სურვილით დადარდიანებული, სულიერ და ფიზიკურ უძლურებაში აღმოვჩნდი. რამდენიმე დღე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი, ძალიან სუსტად ვიყავი, ვერც მონასტრულ ლოცვებს ვესწრებოდი და ვერც პირად კანონებს ვასრულებდი.

KARIBCHE
გაუთავებლად ვფიქრობდი გიორგიზე, მახსენდებოდა ჩვენი ურთიერთობის ცალკეული მომენტები და სულ უფრო მეტად ვგრძნობდი, როგორ მაკლდა ის სითბო და სიყვარული, რომელსაც ის ჩემს მიმართ იჩენდა. ასეთ მდგომარეობაში მყოფს დამიდგა ნანატრი ღამე. საოცარი სიზმარი ვნახე, ვიცი, რომ სიზმარს არ უნდა დაუჯერო, რადგან რთულია გაარკვიო, რომელი ძალისაგან არის ის, კეთილისა თუ ბოროტისაგან, მაგრამ იმდენად შთამბეჭდავი იყო და ჭკუის სასწავლებელი, რომ ამდენი წლების შემდეგ გადავწყვიტე მისი გასაჯაროვება. სიზმარი ასე დაიწყო: ვიმყოფებოდი ჩემთვის უცხო გარემოში, ერთ სართულიანი შენობაა, სადილს ვამზადებ. რაღაცისთვის გარეთ გამოვედი, ვხედავ მწვანე ბალახზე ჭირხლია დადებული, საშინლად ცივა.


ჩემგან საკმაოდ მოშორებით ზის ჩემი შვილი გიორგი, აცვია საზაფხულო ტანსაცმელი. დავინახე თუ არა, შიშის გრძნობამ შემიპყრო, ვიფიქრე გაცივდება-მეთქი და დავუძახე, შენობაში შემოსულიყო. ის დაღონებული წამოვიდა ჩემსკენ. ორივენი სახლში შევედით. ვეფერები და თან ვსაყვედურობ, ამ სიცივეში ასეთი ჩაცმული, როგორ გადიხარ გარეთ, გაცივდები მეთქი (სიზმარში არ მახსოვდა გარდაცვლილი რომ იყო). გაკვირვებულმა შემომხედა და მითხრა: "ეს სიცივე შენთვისაა და არა ჩემთვის, ნუ ნერვიულობ არ გავცივდებიო". ამ საუბარში გამახსენდა, რომ ის სადღაც იყო წასული და დიდი ხანი არ მენახა; ამიტომ შევეკითხე: "შვილო, როგორა ხარ, რამდენი ხანია არ მინახიხარ, ხომ არაფერი გიჭირს მეთქი". ყურადღებით დამაკვირდა და ასეთი პასუხი დამიბრუნა: "შენ რომ აქ ცუდათა ხარ, მე იქ კარგად როგორღა ვიქნებიო".


სიზმარში ამ პასუხისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ გამოღვიძებისთანავე გამახსენდა ეს სიტყვები და ძალიან ღრმად ჩამაფიქრა. მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ გარდაცვლილთა სულები ძალიან ახლოს არიან ჩვენთან, უბრალოდ ვერ ვხედავთ მათ. ისინი კი ჩვენს ყოველდღიურ ყოფას ადევნებენ თვალს და შესაბამისად ან ხარობენ, ან მწუხარენი არიან. ამის შემდეგ მივხვდი, რომ არ მქონდა უფელბა, ისე მოვქცეულიყავი, როგორც ვიქცეოდი. მე უნდა გამეგრძელებინა სიცოცხლე, ჩვეულებრივი მონასტრული ტიპიკონის მიხევით და მელოცა ჩემი შვილის სულის კეთილდღეობისთვის და რაც მთავარია, მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩემი შვილის სიტყვები მარტო მე არ მეკუთვნის, ის ეკუთვნის ყველას, ვისაც გარდაეცვალა ძალიან ახლობელი და საყვარელი ადამიანი.


ჩვენი გადამეტებული მწუხარებით, გაუთავებელი მოთქმა-გოდებით ვერაფერს ვცვლით, სულებს კი ვამძიმებთ და ვანაღვლიანებთ. მართალია ახლობლის დაკარგვა მოუშუშებელი ჭრილობაა, ის არ შეხორცდება, რადგან მონატრების სურვილი არასოდეს გაქრება, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით აუცილებლად მივხვდებით, რომ ჩვენი ახლობელი კი არ მოკვდა, არამედ გარდაიცვალა და სხვა, ჩვენთვის უცნობ სამყაროში გააგრძელა ცხოვრება. ღვთის მიერ დადგენილი კანონის მიხედვით, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენც მოგვიწევს ამქვეყნიური ცხოვრების დატოვება და მასთან შეხვედრა, ვინც ასე გვენატრებოდა და გვაკლდა.


სწორედ, მარადისობაში ერთად ყოფნის სურვილმა უნდა გაგვამხნეოს და გაგვაძლიეროს, განგვაწყოს ლოცვისთვის, გარდაცვალებულთა სულების საოხად მოწყალების გაღებისთვის და რაც ყველაზე მთავარია, თუ არა ვართ ეკლესიურები, აღმსარებელ-მაზიარებლები, სასწრაფოდ მივაშუროთ ტაძარს, შევარჩიოთ მოძღვარი და დავიწყოთ აქტიური სულიერი ცხოვრება, რითაც გავახარებთ და გავაბედნიერებთ ჩვენი ახლობლების სულებს.


კარგი იქნება, თუ არასოდეს დაგვავიწყდება, მისი უწმინდესობის ილია II-ის სიტყვები: "მაღალი თანამდებობა და სიმდიდრე ერთგულებას ვერ გაგვიწევს. ის მხოლოდ სამარის კარებამდე მიაცილებს ადამიანს და როგორც ორგული, იქვე დატოვებს. შემდეგ კი ადამიანი რჩება სულ მარტო და თან მიაქვს საქმენი კეთილნი ან ბოროტნი, რომელნიც ამქვეყნად გაუკეთებია".


ამიტომ არის, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული კეთილი საქმეების გამო ახლობელთა სულები ხარობენ, ბოროტი საქმეების გამო კი წუხდებიან. ისინი დიდი მონდომენით ელიან იმ სანატრელ დროს, თუ როდის გავალთ, რა თქმა უნდა მოძღვრის დახმარებით, ამცხოვრებისეული ცოდვების ლაბირინთებიდან, როდის ვიპოვით და ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვებით ღვთიური ცხოვრებით განათებულ გზას, იმ გზას, რომელიც ამქვეყნიდან გასვლის შემდეგ უფალთან მიგვიყვანს და შეგვისრულებს სანუკვარ სურვილს, მარადისობაში ვიყოთ მათ გვერდით, ვინც ასე გვენატრებოდა და თავდავიწყებით გვიყვარდა.

ბეჭდვა
1კ1