რად არ ვიყავით ასე გულმოდგინენი, სანამ ეს ჟამი დაგვიდგებოდა?
რად არ ვიყავით ასე გულმოდგინენი, სანამ ეს ჟამი დაგვიდგებოდა?
"სცდების და სცდების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად..."
შოთა რუსთაველი

"ყველას დაუდგება მიწიერ ყოფასთან განშორების დღე.

გარდაცვალება, სინამდვილეში, ხელახალი შობაა სხვა სამყაროში. მორწმუნე ხარ თუ ურწმუნო, მნიშვნელობა არ აქვს, შენ წინაშე საუკუნო ნეტარებით ან სატანჯველით სავსე შეუვალი მარადიულობაა. მიწიერი ჩვენი სიცოცხლე წამისყოფაა, მომზადებაა უსასრულო ცხოვრებისთვის. ყოველი წელი, თვე და დღე გვაახლოებს იმ კარიბჭეს, როცა წარმავალიდან წარუვალში გადავინაცვლებთ", - წერს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თავის ერთ-ერთ საშობაო ეპისტოლეში.

სიტყვა სიკვდილი "უდიდეს და უსაშინლეს" საიდუმლოს იტევს. იდუმალებით არის მოცული ის წუთები, როდესაც სული სხეულს ეყრება და ადამიანი მიწიერიდან სულიერ სამყაროში, დროებითიდან მარადიულ ცხოვრებაში გადადის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თვალისათვის ყოველი ადამიანის გარდაცვალება სხვადასხვაგვარად აღიქმება, მომაკვდავს სულიერი ხედვა სიკვდილის დადგომამდე ეწყება, ხშირად ისინი ესაუბრებიან ახლობელ და მონათესავე სულებს. ამ სიკვდილისწინა მდგომარეობას სამედიცინო ენაზე აგონიას უწოდებენ, ეკლესიურად კი სულიერი ხედვის დასაწყისს. რუსული ემიგრაციული ეკლესიის არქიმანდრიტის, მამა პანტელეიმონის განმარტებით: "სული კაცისა მოსწრაფებულად და ადვილად დაუტევებს დროებითი ცხოვრების პირობებს და ხშრად სხეულის საბოლოო სიკვდილამდეც კი თითქოს უკვე მისი მიწიერი ჭურჭლის გარეთ ჰგიებს. აი, რით აიხსნება ისეთი საკმაოდ ხშირი მოვლენა, როგორიც გახლავთ ის, რომ ადამიანის სიკვდილის ჟამს, როდესაც სხეული ჯერ კიდევ ცოცხალია, კაცი, უფრო სწორად, მისი სული, უკვე განშორებულია სხეულს და მისთვის საყვარელ ადამიანებს.

კიდევ რამდენიმე წუთიც და ადამიანი მარადისობაში შეაბიჯებს. და როგორ მეყსეულად იცვლება ფორმა მისი ყოფისა! სული მისი ხედავს საკუთარ არსებას, ხედავს საგნებს (და ყველაზე უფრო შორეულთ); უკვე არა ხორციელი თვალით, არამედ გონებით; საგნებს შეიგრძნობს არა ხელით, არამედ გრძნობით, მოძრაობს არა ნაბიჯებით, არამედ ნებელობის ძალით და იქამდე, სადაც ადრე იგი უდიდესი ძალისხმევის შედეგად თუ მიაღწევდა და მიუახლოვდებოდა, ახლა უკვე წამისყოფით მიქრის... მისთვის აღარ არსებობს არავითარი ბუნებრივი დაბრკოლება და წინაღობა. ახლა იგი უკვე წარსულსაც უმზერს, როგორც აწმყოს და მომავალიც არც ისე დაფარულია, როგორც ადრე. მისთვის აღარც საათი არსებობს, აღარც დღე და აღარც მანძილი, არც მცირე და არც დიდი, ყოველივე ერთ მთლიანობაში - მარადიულობაშია შერწყმული".

ეკლესია საუკუნეების განმავლობაში აკვირდებოდა სიკვდილს მიახლოებული ადამიანების სულიერ მდგომარეობას, რომლის საფუძველზეც განმარტავს, რომ მართალთა გარდაცვალება განსხვავდება ჩვეულებრივი მოკვდავებისაგან. არქიმანდრიტი სერაფიმე როუზის შეხედულებით: "მხოლოდ მართლებთან ანგელოზთა და წმინდანთა მადლმოსილი მოვლინებისას შეიძლება იყო იმაში დარწმუნებული, რომ ჭეშმარიტად სხვა სამყაროს წარმომადგენლები გვსტუმრობენ. ჩვეულებრივ კი, მომაკვდავის მიერ გარდაცვლილ მეგობართა, ნათესავთა ხილვა შესაძლოა მარტოოდენ იმ უხილავი სამყაროს ბუნებრივ გაცნობას წარმოადგენდეს, რომელშიც ის შემდეგ უნდა აღმოჩნდეს", - აღნიშნავს როუზი. მისი განმარტებით, - ყოველივე ამას, როგორც ყველაზე თვალნათელ საშუალებას, ღმერთი იმისთვის უშვებს, რომ ადამიანს აცნობოს, - იმქვეყნიური სამყარო არც მთლად უცნობი იქნება შენთვის და სიცოცხლე იქაც იმ სიყვრულით არის გამსჭვალული, რომელსაც განიცდის ხოლმე ის ახლობელთა მიმართ. თავისი შეხედულების დასამოწმებლად, მამა სერაფიმე წმინდა თეოფანეს სიტყვებს გადმოგვცემს, რომლითაც ის მომაკვდავ დას მიმართავდა: "შენ იქ შეგხვდებიან მშობლები, ძმები, დები, სიხარულით შემოგეხვევიან შვილები, თაყვანი ეცი მათ და ჩვენი მოკითხვაც გადაეცი, თან ისიც სთხოვე, იზრუნონ ჩვენთვის. იქ უკეთ იგრძნობ თავს, ვიდრე აქ ხარ..."

წმინდანთა სწავლებით, სხეულის სიკვდილი "ერთადერთი ხილია", რომელსაც ვერავინ აუვლის გვერდს. სიკვდილი, რომელსაც საიქიო ცხოვრებაში გადავყავართ, მხოლოდ "საყოველთაო აუცილებლობა და ყველაფრის დასასრული" როდია, ან ოდენ ფიალა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა შესვას, იგი "ღვთაებრივი პირუთვნელი მახვილია", ყველას მიმართ დაუნდობელი. სიკვდილს არც მეფის ეშინია და არც მღვდელმთავარს მიაგებს სათანადო პატივს. არ ებრალება მოხუცი, არც სილამაზეს და სიჭაბუკეს ინდობს, არც დედისერთას თანაუგრძნობს, მას გულს არ ულბობს ცრემლები, არ არის პირმოთნე, ღირსება არად მიაჩნია და განურჩევლად ყველა მიჰყავს, ამიტომ თვით უდიდესი მამებიც კი შიშით ძრწოდნენ მისი მოახლოების ჟამს. აი, როგორ განიცდიდა ადამიანთა ხვედრს წმინდა ეფრემ ასური:

"ჰოი, რა მწარეა დღე სიკვდილისა და რა საშინელი და საზარელია ხილვა უცნობ პირთა... რამეთუ მაშინ სული ისე კრთის, როგორც შიშით შეპყრობილი ფრინველი; ხორცი ისე ძრწის, როგორც დასაკლავი პირუტყვი, ხოლო გონება ბნელდება, რაჟამს ხორციელი სნეულება შეგვეყრება. ყოველივე ეს გვახსოვს და ვფიქრობთ სიკვდილსა და სინანულზე, მაგრამ როგორც კი სენი განგვშორდება, ყოველივე გვავიწყდება. აღარც ვწუხვართ და აღარც ვიხსენებთ საუკუნო სატანჯველს, რომელიც ცოდვილთათვის არის გამზადებული. მართალთათვის სიკვდილი განსვენებაა და არ ეშინიათ მისი, მაგრამ ვაი მას, ვინც უგულისხმოა და უმეცარი ყოველივე ამისა. მოვა ის მიუკერძოებელი მსაჯული ცოცხალთა და მკვდართა განსასჯელად და ფიცხლად წარიტაცებს ცოდვილებს.

მაშინ სული გლოვით იტყვის: საით გავიქცე ან როგორ გადავურჩე მომავალ სატანჯველს მე, ასერიგად შებღალული ცოდვითა და ბრალით?

ხორცი მიუგებს: ვაი ჩემდა, შენს გადამკიდეს, სულო ჩემო, რამეთუ დასაბამს, როცა შეგიერთდი, ვიყავ უბიწო, ახლა გშორდები და შეგინებულ ვარ.

ეტყვის სული: შეწუხებული ვარ მე შენგან, სხეულო ჩემო, რამეთუ ბუნებით ვარ უცოდველი და შენი შემოსვით ავივსე ცოდვითა და ბრალით.

მიუგებს ხორცი: შენ შემიტყუე და მაცდუნე, რამეთუ ყოველი შენი ბოროტება გავიზიარე, შენს ნებას ვასრულებდი, შენს მოსაწონს ვშვრებოდი და წარვწყმდი.

ეტყვის სული: მე უფრო ვასრულებდი შენს ნებას, რადგან ბუნებით უბიწო ვარ და შენ მაიძულებდი მივყოლოდი შენს წესს, ვიდრე შენს ხრწნილებას არ მაზიარე.

მიუგებს ხორცი: ვაი ჩემდა, რამეთუ სიკვდილი მოგვადგა კარს და ჩვენი სიტყვა ამჟამად ამაოა.

ეტყვის სული: თუ უფალი შემიწყალებს და განმკურნავს ამ სენისაგან, შევინანებ ჩემს ცოდვებს.

ეტყვის ხორცი: კარგი სიტყვა გავიგონე შენგან, ჰოი, სულო ჩემო, მაგრამ რით ვირწმუნო, რომ აღასრულებ მას საქმით?

ეტყვის სული: თუ გადავურჩები ამ სენს, ყოველ ჩემს ცოდვას ცრემლით განვიბან ჭეშმარიტად და მარხვით განვიწმინდები.

ეტყვის ხორცი: თუ ამ სენს გადავურჩი, დავიტანჯავ თავს, შევაყენებ და აღარ აღვასრულებ ჩემს ბოროტ ნებას, შრომითა და მღვიძარებით დავადნობ სხეულს.

ეტყვის სული: თუ სიცოცხლეს ვპოვებ და სიკვდილს გადავურჩები, შენ სიწმინდის სახლად და სულიწმინდის სადგურად გაქცევ.

ეტყვის ხორცი: რად არ ვიყავით ასე გულმოდგინენი, სანამ ეს ჟამი დაგვიდგებოდა?

ეტყვის სული: მე შენს შემოერთებას ველოდებოდი და გულს ყოველდღე მოვაგონებდი სინანულს, მაგრამ ვიდრე განვემზადებოდი, მეწია სიკვდილი.

ეტყვის ხორცი: ვაი ჩემდა, რამეთუ სიბნელემ და სიკვდილის აჩრდილმა მომიცვა, დავიდევ საფლავად და ვიქეც მიწად და ნაცრად.

ეტყვის სული: მიგიშვი შენს ნებაზე და იმიტომაც წარვწყმდი.

ეტყვის ხორცი: ნეტავ არასოდეს შეგყროდი, რამეთუ მაცოცხლე მცირე ხანს და საუკუნოდ მომაკვდინე, განმაშორე მართალთა სამყოფელს და გამისტუმრე ჯოჯოხეთად.

ეტყვის სული: რატომ მანამ არ ვსაუბრობდით ასე, სანამ ერთად ვიყავით და ვფლობდით ჩვენს თავს?

ეტყვის ხორცი: რამეთუ ახლაღა გაცხადდა შენი საიდუმლო და შენგან შევიცან, რომ მტვრად და ნაცრად ვიქცევი საფლავში.

ეტყვის სული: ვაი ჩვენდა, ეს რა გვეწია, რამეთუ მოახლოვდა მოძალადე გამთიშველი ჩვენი და შენს მშვენიერ თვალებს ვხედავ დაბნელებულს, სიკვდილის ალმურმა მომიცვა ყოველი მხრიდან და დაშლის იგი ჩემს ძალსა და ხორცს და მთელ გვამს.

ეტყვის ხორცი: შეგიყვარე ყოველ არსზე მეტად და ვაი, რომ დღეს გშორდები. ამისთვის ვტირი და ვიგლოვ.

ეტყვის სული: არაფერი შემიძენია შენ გარდა სოფელში და აჰა, საცაა, დადუმდება შენი ბაგენ.

ეტყვის სულს ხორცი: ვაი ჩემდა, როგორ გავლიეთ ჩვენი დღეები უქმად და აი, მივდივართ მოუსყიდველი მსაჯულის წინაშე და ჩვენი ბოროტი საქმეებისთვის მიგვცემს ცეცხლსა საუკუნოსა.

ეტყვის სული: ჰოი, რა მწარეა სასმელი სიკვდილისა, საით გავიქცე მისგან, ან რა მივუგო იმ მსაჯულს ჩემი საშინელი, ბოროტი საქმეებისთვის.

და ასეთ ბრძოლაში რომ არის კაცი, რომელიც მიეახლა სიკვდილს, მისი სული და ხორცი რომ ძრწის შიშისა და ჭირისაგან, სიმწრის ოფლი რომ ასხამს პირზე, მაშინ გამოუბრწყინდება სახილველად საშინელი, ბრწყინვალე ანგელოზი, ზარდამცემი და მრისხანე, ხელთ ცეცხლის ლახვარი უპყრია, ჩასცემს და განგმირავს კაცს და წარიტაცებს მის სულს.

ჰოი, რა სასტიკია ეს ჟამი, ძმანო ჩემნო საყვარელნო, და რა საშინელია შეხვედრა იმ სულებთან, რომელნიც ჰაერში არიან განწესებულნი ცოდვილთა განსაკითხავად, ამისთვის გევედრებით ყველას, რათა იზრუნოთ თქვენი სულიერებისათვის, ვიდრე გვაქვს ნება და წუთისოფლის გემოთმოყვარებით ნუ დავკარგავთ საუკუნო კეთილს, რომელიც განუმზადა ღმერთმა მოყვარეთა მისთა, რომლისა არს დიდება და ხელმწიფება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე".

აი, ასე დიდებულად აგვიწერს სინანულის უდიდესი მოძღვარი, წმინდა ეფრემ ასური სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ადამიანის ხორცისგან სულის განყრის პროცესს, რომელიც მათი დიალოგის ფორმით არის გადმოცემული და ბევრ ჩვენგანს აუშლის ფიქრს.
ბეჭდვა
1კ1