ვინც მარადიული სიცოცხლით ცხოვრობს დედამიწაზე, მისი სიცოცხლე ორთავ სოფელში უკვდავია
ვინც მარადიული სიცოცხლით ცხოვრობს დედამიწაზე, მისი სიცოცხლე ორთავ სოფელში უკვდავია
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) და იღუმენია მარიამი (ჩხაიძე)


"გამახსენდა, როდესაც 1993 წელს სამთავროს დედათა მონასტერში მონოზონობის - სრულყოფილი სიყვარულის გზის საპოვნელად მივედი, მაშინ როცა ჯერ კიდევ ღვაწლით მაგალითი არ ყავდა ბერ-მონაზვნობას, ვკითხე ერთ-ერთ მოშურნე მონაზონს, თუ ვინ იყო ჭეშმარიტი ბერობის სახე ცხოვრების წესით იმ დროინდელ მონაზვნობაში. მან მიპასუხა, არის ასეთი მოღვაწე ბერი, რომელიც მაგალითია ჩვენთვის, მაგრამ ქალებს და მონაზვნებს სულიერ შვილად არ იყვანსო. მე გადავწყვიტე ჩავსულიყავი ბეთანიაში და შევხვედროდი მას, რადგან იმ დროს ერთი ადამიანიც არ არსებობდა, რომელსაც სჯეროდა ჩემი მონაზვნობის თანამედროვე ცხოვრების და მონაზვნობის მოულოდნელად გადაწყვეტილების გამო... მე მაშინ აღმოვაჩინე ბერი - მამა ლაზარე (აბაშიძე), რომელიც იყო უფლის წყალობის მორწმუნე, სრული განათლებული წმიდა ბერ-მონაზონთა ცხოვრების, გულისა და სულის მიღმა გარეგნულად მხედველ ადამიანთათვის გაუგებარ უფლის სასწაულებში ღმრთივგანბრძნობილი.
ის იყო ერთადერთი, რომელმაც სარწმუნოების სიმტკიცით მითხრა: "შენ ნამდვილი მონაზონი ხარ" (დედამ უფლისამ შემაძლებინოს, რამეთუ ნამდვილი მონოზონობა ყოველ დღივ ჯვარცმასა და თავგანწირულ საიდუმლო ცხოვრებაშია.). ამ დღის შემდეგ სიმტკიცით გავუდექი გზას, რომელ გზაზეც მარცნივ და მარჯვნივ მაყვედრებელნია, მოქილიკენია, გამკითხველნია, ცილისმწამებელნი და გულის ვერ დამნახველნია. მომეცა ძალა მოცინარ წუთისოფლის წრეში მიმეღო ყოველივე ურწმუნო და უიმედო ადამიანთაგან სიმდაბლით და არ მიმეხედა მათთვის, რომლებიც გიბრკოლებენ გზას ღმერთთან მისასვლელს, რომელთა მიხედვის შემთხვევაში ვერასდროს მიაღწევს ადამიანი ცხონების კართან.
მამა ლაზარემ მომცა მაგალითი და დამანახა კომუნისტური ტაძარ-მონასტერთა მნგრეველი რეჟიმით მიწასთან გასწორებულ მონასტერთა დაფარული საფუძველი, რომლის სიღრმესაც ვერა მტერი და ძალნი ბოროტისანი ვერ შეეხება, რომელ დედა-მონასტრის ფუძეზეც შენდება უფრო ძლიერი მონოზონობა.
მამა ლაზარეა, რომელიც ასკეტიზმის ხელოვნების სწავლებით მაძლევდა რწმენას, როგორ მეცხოვრა მონასტრულ საერთო საცხოვრებელში განმარტოებით, ჭეშმარიტი თავისუფლების ნათელი გონიერებით, რითაც განვჭვრიტე ურწმუნოებით გადაფარულ უკვალ-გზო მიწაზე ქართველთა მონოზონობის ღვაწლით გადარჩენილი კვალი ქრისტესი. მამა ლაზარეა, ვისთანაც ასკეტური მონოზონობის ცხოვრების მწყურვალე ვსაუბრობდი მონაზვნურ ეთიკაზე, მონაზვნობის გზის სირთულეებით სრულყოფილ სიღრმეებზე...
მადლობა მამაო ლაზარე, ჩემდამი გაწეული ღვაწლისათვის. შენ გმადლობ უფალო მასთან შეხვედრისათვის. შევსთხოვ მის წმინდა სულს, მომიტევოს და დამლოცოს ღვაწლით უკვდავების შემმოსველ გზაზე.
მწამს, რომ მამა ლაზარეს ბერული ნატერფალი სიცოცხლე უკვდავი იქნება.
მართალთა სამკვიდრებელიდან არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს მისი მეოხება.
შეხვედრამდე, მამაო ლაზარე..."
ბეჭდვა
1კ1