ჩვენ გვაქვს სახარებისეული კანონი, რომლითაც არ შეიძლება უნათლავის წესის აგება და ნურც ის გვეგონება, რომ წესის აგება სასუფევლის ასპროცენტიანი გარანტიაა!
ჩვენ გვაქვს სახარებისეული კანონი, რომლითაც არ შეიძლება უნათლავის წესის აგება და ნურც ის გვეგონება, რომ წესის აგება სასუფევლის ასპროცენტიანი გარანტიაა!
ექსკურსიაზე მიმავალი 175-ე სკოლის მეექვსე კლასელთა ავტოსაგზაო შემთხვევამ თითოეული ჩვენთაგანი შეძრა. დაღუპულთა შორის პატარა გოგონა, ნინი შენგელია გახლდათ. "კარიბჭე" უსამძიმრებს პატარა ნინის მშობლებს, ახლობლებს... ღმერთმა დაუმკვიდროს ნინიკოს ლამაზ და სპეტაკ სულს ცათა სასუფეველი.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინი ამქვეყნიდან მოუნათვალი გავიდა და სამღვდელოება უარს აცხადებს წესის აგებაზე. თუმცა რამდენად ზუსტია ეს ინფორმაცია, არ ვიცით. ბევრი კრიტიკაც მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით. ამიტომ გვინდა მცირე განმარტება მოგაწოდოთ ამ საკითხზე.

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

- უპირველესად ამ მძიმე ტრაგედიას ვითავისებ, როგორც მოძღვარი და მამა. მშობლების განსაცდელი მძიმეა და აუტანელი, მითუმეტეს როცა მოუნათლავი გარდაიცვლება ადამიანი, ეს იქნება მოხუცი თუ ყრმა.

ჩვენ ვიცით, რომ მაცხოვარი განკაცდა ადამიანის გამოსახსნელად და დაგვიტოვა მცნება ნათლისღებისა. თავად უფალმა იღო ნათელი და ამ დროს განცხადდა წმინდა სამება კაცობრიობისათვის. ვის სჭირდებოდა ნათლისღება, უფალს? არა, რა თქმა უნდა. მან გვაჩვენა გამოხსნის გზა და გვითხრა: "ვინც არ იღებს ნათელს წყლისაგან და სულიწმინდისაგან ვერ შევიდეს ზეციურ სასუფეველში". ნეტარი პავლე მოციქული ბრძანებს: გახსოვდეთ დიდი სისხლითა ხართ გამოსყიდულნიო! ეს არ უნდა დაგვავიწყდეს . ისიც კარგად უნდა გავიაზრთ, რომ ნათლობა საშვი არ არის სასუფეველში შესასვლელი. როცა ვინათლებით აუცილებლად მთელი არსებით უნდა ვიყოთ მზად ამ დიდი მადლის მისაღებად. ნათლიები, როცა ყრმას ნათლავენ უნდა იყვნენ კარგი აღმსარებლები და მორწმუნენი, რათა გახდნენ მაგალითნი ნათლულისა! ეკლესია ყოველთვის ამზადებდა ადამიანებს ნათლობის მისაღებად, მაგრამ თანამედროვეობაში ეს წესი ცოტათი შესუსტდა, ისევ ადამიანთა სისუსტის გამო...

დღეს მძიმე ცხოვრება დადგა. არა მარტო სოციალურად, არამედ სულიერადაც. ეკლესიურობა და ღვთისმოსაობა უკვე ნაკლებად არის საინტერესო. სამწუხაროდ, ნათლობასაც კი გადავდებთ, ხოლმე მატერიალური პრობლემის გამო. ხშირად მსმენია მსგავსი სიტყვები: პურმარილი, ხომ უნდა გავაკეთო და ხალხი, ხომ უნდა მოვიწვიო, რომ დავალოცვინოო... აი სულიერებისა და ღვთისმოსაობის მატერიალურამდე დაყვანის პრობლემა! ქრისტეს უნდა ჩვენი ღრეობა, ნათლობის შემდეგ? ან ჩვენი ბრტყელბრტყელი სადღეგრძელოების წარმოთქმა? რა თქმა უნდა არა!

ხშირად ადანაშაულებენ ეკლესიას... როდესაც ხდება გარდაცვალება ადამიანისა მოუნათლავ მდგომარეობაში თუ რატომ არ უგებენ წესს? წარმომიდგენია, თუ, როგორ ურდა ამ პატარა ანგელოზს ნათლობა და სიხარული ქრისტეში ცხოვრებით. როცა მისი სურათი ვნახე, ცრემლებმა დამახრჩო, ცოცხალი თვალების სიღრმემ ისე შემძრა, რომ ვერ დავიტიე შინაგანი ტანჯვა. უფალი კაცთმოყვარეა და სულიერ მონდომებასაც შეუწირავს ადამიანს. ჩვენ გვაქვს სახარებისეული კანონი, რომლითაც არ შეიძლება უნათლავის წესის აგება და ნურც ის გვეგონება, რომ წესის აგება სასუფევლის ასპროცენტიანი გარანტიაა! არა, რა თქმა უნდა. დღეს ასეთი ცრუ შეხედულება ჩამოყალიბდა, რომ თითქოს წესის აგება ყველაფერს ნიშნავს! მერწმუნეთ, რომ თუ ჩვენ ქრისტესში არ ვიცხოვრეთ, უფალი ჩვენთვის უცნობი იქნება.

გზა მინდა დავულოცო გარდაცვილ პატარა გოგოს. მშობლებს კი ერთი სულიერი რჩევა მივცე. უფლის მოწყალება განუზომლად დიდია! მივანდოთ უფალს ის, რაც ჩვენთვის დაფარულია. მერწმუნეთ, დიდია კაცთმოყვარეობა მისი და მოწყალება. მოუკლებლივ იარეთ ეკლესიაში და ევედრეთ კაცთმოყვარე უფალს, რომ თქვენ მოგეტევოთ თქვენი შეცოდება. პატივისცემითა და დიდი სიყვარულით, ვიხრი ქედს მშობლების წინაშე.

ბეჭდვა
1კ1