ადამიანთა სიყვარულშია ხილულ ქვეყანაზე სასუფევლის პოვნა
ადამიანთა სიყვარულშია ხილულ ქვეყანაზე სასუფევლის პოვნა
მფარველი ანგელოზის ხმა:
"კიდევ რამდენი წელი აპირებ სიცოცხლეს? ოცდაათი, ორმოცი? რა თქმა უნდა, ეს ზუსტად არ იცი. დარჩენილი წლებიდან ერთ-ერთი შენი სიკვდილის წელი იქნება. სიკვდილი სიცოცხლის გზაზე იმ ადგილას გელოდება, სადაც არ ელი. იგი მკვლელს ჰგავს, რომელიც უღრან ტყეშია ჩასაფრებული, რათა მოულოდნელად თავს დაესხას გამვლელს. შენ მშვიდად მიდიხარ, ის კი გულში ისარს გიყრის".

ეკლესიური სწავლებით, სიკვდილი ყველა ადამიანისთვის ერთნაირი არ არის, თუმცა რაოდენ ულმობელიც არ უნდა იყოს იგი, შიშს არავითარი გამართლება არ აქვს. ცოდვილთა სიკვდილი რომ მეტად მძიმე და მტანჯველია, ამას დავით მეფსალმუნეც ადატურებს: "სიკვდილი ცოდვილთა ბოროტ არს" (ფს. 33,22). იოანე ოქროპირის განმარტებით, სიკვდილი ზოგადად არაფერია, მაგრამ ის მართლაც მძიმე და საშინელია მაშინ, როდესაც ადამიანი მოუნანიებელი ცოდვებით გადის ამ ქვეყნიდან. "სიკვდილი კი არ არის საშინელება, საშინელებაა სიკვდილის შემდეგ ტანჯვა, შესაბამისად, სიკვდილი არც სიკეთე არ არის, სიკეთეა სიკვდილის შემდეგ ქრისტესთან ყოფნა". წმინდა იოანე ოქროპირის სწავლებით, ჩვენ ცოდვილებზე უნდა ვტიროდეთ და ვმწუხარებდეთ განურჩევლად იმისა, ცოცხალია ის თუ გარდაცვლილი, რადგან ცოდვილები სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ, დაცილებულნი არიან ზეციურ მეუფეს და ამიტომაც იმსახურებენ ცრემლს ჩვენგან, მართალთათვის კი სიხარულს განვიცდიდეთ, რადგან ისინი ორთავ სოფელში ღმერთთან ახლოს იმყოფებიან.

რამდენადაც მძიმეა სიკვდილი ცოდვილი ადამიანისა, იმდენად მშვიდი და უშფოთველია მართალთა გარდაცვალებამდელი მდგომარეობა. "პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი ღირსთა მისთა" (ფს. 105,6). თუ რატომ უშვებს უფალი გამონაკლის შემთხვევებს, ეს უკვე ღვთის განგებულებაა და ძნელია ამ კითხვაზე რაიმე პასუხი. ამიტომაც არის, რომ გარდაცვალების მოახლოების წუთებში მართალი, ღვთისსათნო ადამიანებიც კი ძრწიან, იმის მიუხედავად, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მათ წინასწარ ეუწყებათ უფლისგან გარდაცვალების დრო და თარაღი და უფლის ანგელოზიც წინდაწინ ამზადებს მათ სულთა სამყოფელში გასამგზავრებლად.

წმინდა მარკოზ ფრაჩესკელთან აღსასრულის წინ, ღვთის ნებით, მამა სერაპიონი მისულა. ღირს მამას გულით გახარებია ამბა სერაპიონის ხილვა: "უფალმა წარმოგგზავნა ჩემთან, რათა შენ, შენი წმინდა ხელებით, ჩემი დაუძლურებული სხეული დასამარხად მოამზადო, ძმაო სერაპიონ! გთხოვ, ეს ღამე ჩემი ამ სოფლიდან განსვლის გამო მღვიძარებაში გაატაროო", უთხოვია ღვთისაგან მოვლენილი სტუმრისათვის. ლოცვის შემდეგ მამა მარკოზს უთქვამს: "ოდეს სული ჩემი სხეულს გაეყრება, გთხოვ, ამ მღვიმეში დამასვენო, ხოლო მღვიმის შესასვლელი ქვებით ამოქოლე, შენ კი შენს სენაკს დაუბრუნდიო". სერაპიონი ღირს მარკოზს შეევედრა, ისიც თან წეყვანა, მაგრამ პასუხად მიიღო: "არ ეგების, რომ აქ აღესრულო, რამეთუ სიკვდილს შენსავე სამყოფში უნდა შეხვდე. დიდია დღეი ესე. იგი უმჯობეს არს იმ დღეთა შორის, რომელნიც ამა ქვეყანასა ზედა გამიტარებია, უმჯობესია იმადაც, რომ ამ დღეს სული ჩემი ხორციელ სატანჯველებს განეშორება და ზეციური სავანის განსასვენებელს მიაშურებს; დღეს სხეული ჩემი თავს დააღწევს უამრავ სიძნელეს და სნეულებას და განსვენების ნათელი მიმირქვამს მკერდზე". ამ სიტყვებით წმინდანის მღვიმე მზეზე უმეტესმა ბრწყინვალებამ გააცისკროვნა. ღირსმა მარკოზმა სერაპიონს ხელი მოჰკიდა და უთხრა: "დაე, ჩემი უსიცოცხლო სხეული საყოველთაო აღდგომამდე დარჩეს იქ, სადაც ამდენი უშრომია და უამრავი განსაცდელი გადაუტანია. აქ არის სამკვიდრებელი ჩემი. შენ, უფალო, განაცალკევე სხეული ჩემი, რამეთუ სახელისა შენისა გამო დამითმენია სიყმილი და წყურვილი, სიშიშვლე და სუსხი ყინვათა, მძვინვარება ბოროტთა სულთა და იწროება ყოველი; გვედრი, დამბადებელო, თავად შენ შემმოსე საშინელი სამსჯავროს ჟამს დიდების სამოსით. მოიხილე და შეიწყნარე ღამისტეხით დაქანცულნი თვალნი და ფერხნი ჩემნი. აჰა, განესრულა დროებითი მიწიერი სიცოცხლე ჩემი, აქა შთენილი კი გისურვებ ცხოვნებას, ცხოვნდით ყველანი უკუნითი უკუნისამდე!"

ამის შემდეგ ღირსი მარკოზი ამბორით გამოეთხოვა ღირს სერაპიონს. უთხრა: "ცხოვნდი შენც, სერაპიონ! უფლის სახელით გაფიცებ, ჩემი სხეულიდან არაფერი აიღო". როცა სერაპიონმა ტირილი დაიწყო, ზეციდან ხმა მოისმა: "მომიტანეთ უდაბნოდან გამორჩეული ჭურჭელი, მომიტანეთ მქმნელი სიმართლისა, სრული ქრისტიანე და ერთგული მონაი ჩემი. განიხარე, განიხარე, მარკოზ! განისვენე სიხარულის ნათელსა და სულიერ ცხოვრებასა შინა!" მარკოზმა სერაპიონს მიმართა: "მუხლნი მოვიყაროთ, ძმაო!" ამ დროს გაისმა მთავარანგელოზის ხმა მარკოზისადმი: "განიპყარნ ხელნი შენნი!" და ეს ხმა სერაპიონმა გაიგონა. იგი ფეხზე წამოდგა და ხორციელი ბორკილებიდან უკვე თავდახსნილი მარკოზის გაბრწყინებული სული იხილა, რომელიც თავად ანგელოზთა მიერ იქნა ბრწყინვალე, სპეტაკი სამოსით განმშვენებული და საოცარი გალობით ზეცად აღყვანილი.

ის, რომ უბიწო სულის სხეულთან გაყრა სრულიად განსხვავებულია ცოდვილი სულის გამოსვლისგან, მაკარი ალექსანდრიელისადმი ანგელოზის გამოცხადებიდანაც ჩანს. მართალთა სულებს წმინდა ანგელოზები იცავენ და მიჰყავთ სინათლით, სიხარულითა და ნეტარებით აღვსილ ქვეყანაში, ისინი ხომ მიწაზეც ანგელოზებთან იმყოფებიან.

"სრულყოფილი მოღვაწენი მხიარულობენ განშორების ჟამს, - წერს წმინდა ეფრემ ასური, - იციან რა თავიანთი უდიდესი მოღვაწეობრივი შრომის, ურვის, მარხვის, თაყვანისცემის, ლოცვის, ცრემლების შესახებ, მათი სულები ზეიმობენ იმით, რომ გაწვეულნი არიან თავიანთი სხეულიდან განსასვენებელში".

მფარველი ანგელოზების ხმა:

"ქრისტიანს სიკვდილისა არ ეშინია. იგი მის მოსვლას მოუთმენლად ელის. სიკვდილი განსაკუთრებით სასურველია იმისათვის, ვინც ყოველთვის ანგელოზის ერთგული იყო. იგი დარწმუნებულია, რომ ზეციური მფარველი მას არც სიცოცხლის ბოლო წუთებში დატოვებს. ადამიანს უხარია, რომ ბოლოს და ბოლოს იხილავს მფარველ ანგელოზს, რომელიც მზადაა ზეციურ მამას წარუდგინოს მისი სული სიკვდილის წინ, ადამიანი ფიქრობს განვლილ სიცოცხლეზე, იხსენებს ანგელოზისგან მიღებულ სიკეთეს, იმ საშიშროებებს, რომელიც მის საფარველქვეშ ყოფნამ ააცილა, მის მიერ გამოგზავნილ ლოცვებს და წინასასიკვდილო აგონიისას შვებას გრძნობს".

ღირსმა დედამ, ათანასიამ, როდესაც ღვთისაგან ამ სოფლიდან გასვლის უწყება მიიღო, არც პური იხმია და აღარც წყალი დალია, მხოლოდ ფსალმუნებს გალობდა და დებსაც მოუწოდებდა: "იგალობეთ და ადიდეთ უფალი მარადის!"

მე-12 დღეს მან ფსალმუნის კითხვა ვეღარ დაასრულა და დებს სთხოვა: "შემეწიეთ, დებო, დაუძლურებულს, წადით ტაძარში და თქვენ დაასრულეთ ფსალმუნის გალობა, რადგან მე საამისო ძალა უკვე აღარ შემწევსო". დებმა ტირილით ჰკითხეს, რომელ ფსალმუნზე შეჩერდა და მე-19 ფსალმუნიდან განაგრძეს კითხვა. მერე ღირსმა დედამ დები გულში ჩაიკრა, ეამბორა და უთხრა: "დღეს განგეშორებით, ხოლო მომავალ საუკუნეში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს". ამ სიტყვების თქმა იყო და ათანასიას სახე მზესავით გაბრწყინდა. დებმა ისევ მოისმინეს მისი დარიგება: "სადღესასწაულო დღეს მსახურება არასოდეს დაუტეოთ, საეკლესიო გალობა, დაე, კეთილგამოჩინებული იყოს. ქვრივ-ობლებსა და უპოვართ ძალისაებრ თქვენისა შეეწიეთ, ჩემი უბადრუკი სხეული კი საღვთო ლიტურგიის შემდეგ მიაბარეთ მიწას..." ამის შემდეგ მან თვალები დახუჭა და სიკვდილის საყოველთაო ძილით განისვენა უფალში.

მფარველი ანგელოზის ხმა:

"რა არის სიკვდილი?

ესაა წუთი, როცა მფარველი ანგელოზი საპყრობილის კედლების მსგავსად ამსხვრევს ხორცს - ბორკილებს და ტყვეობიდან განთავისუფლებულ სულს ეუბნება: დრო დადგა, ზეცას უცქერდე! თანდათან იფანტება მიწიერი სიბნელე, ზეციური ნათელი ამობრწინდება, ფარდა იღება და მარადისობის ზღვარზე მართლმორწმუნე კაცის წინაშე უსაზღვრო ნეტარება იშლება.

რატომ უნდა გეშინოდეს სიკვდილის, იესო ქრისტემ დაამარცხა იგი და დაამსხვრია მისი ნესტარი. ქრისტიანი არ კვდება, იგი ტანჯვით აღსავსე სიცოცხლიდან ნეტარებაში გადადის. ნათლიის საიდუმლოს საშუალებით ადამიანი ახალ, მადლმოსილ სიცოცხლეს იღებს, ხოლო სიკვდილის გზით დიდების საუფლოში გადადის. აქ მთავრდება ადამიანისა და ანგელოზის მიწიერი მოგზაურობა".

მამა ალექსანდრე ელჩანინოვი 1934 წლის 24 აგვისტოს ნიცაში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ჩანაწერი მას სიკვდილის წინ თავის დღიურში გაუკეთებია: "მოვიდა ჩემთან N, დაბალი ხმით, მაგრამ ჯიუტად მსაყვედურობს ჩემს მცირედმორწმუნეობას და სულიერ უძლეველობას, რომ დავძლიო ჩემი ავადმყოფობა. არგუმენტად მოჰყავს ის, რომ ქრისტემ ჩვენ განგვათავისუფლა სხეულის მონობისაგან.

რა გინდა უპასუხო ამაზე?

KARIBCHEქრისტიანებში გამოჯანმრთელების ნიჭი არ არის ბუნების ძალებზე ყოვლისშემძლეობის ნიჭი. მრავალნი მართალნი იტანჯებოდნენ სიკვდილამდე უმძიმესი დაავადებებით. თვით მოციქული იყო ავად და სხვებს კურნავდა თავისი ჩრდილით. ეს აიხსნება იმით, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სიკვდილის ამ სხეულში და ვატარებთ ყველა შედეგს, რომელიც მას მოჰყვება საყოველთაო აღდგომამდე. მეორე - ჩემს სხეულში ვატარებ იესო ქრისტეს სიკვდილს.

ავადმყოფობის დროს მრავალი რამ გადავიტანე და ვიფიქრე, საშინელი და საეჭვოა ჩემი ცხოვრება. ძალიან თხელი ფირფიტით არის ის გამოყოფილი ტკივილისგან, ტანჯვისა და სიკვდილისაგან. და რა უძლურია ადამიანი ყველა ამ წყვდიადის წინაშე. როგორი სუსტი გვეჩვენება სულიერი ცხოვრება, რომელიც ვერ იტანს 40 გრადუს ტემპერატურას, სუსტდება ძლიერი ტკივილების დროს. საერთოდ, ავადმყოფობა ძალიან გამდაბლებს. ღმერთი არ გტოვებს უნუგეშოდ, მაგრამ მკაფიოდ ხედავ შენს უძლურებას და არარაობას. ამ საშინელებებისგან მხოლოდ ქრისტესადმი ერთგული სიყვარული და მასზე ჩაჭიდება გადაგარჩენს.

ბევრი მასწავლა ავადმყოფობამ. უფრო განმიმტკიცდა აზრი: თუ ქრისტესთან ხარ, ე.ი. ტანჯვასა და განსაცდელებთან ხარ და არა აქვს ქრისტიანს სხვა გზა, შინაგანი და გარეგანი ტკივილის გზის გარდა. და ვფიქრობ მრავალრიცხოვან და დაუსრულებელ ტკივილებზე მსოფლიოში, ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი დაუმსახურებელი და უდანაშაულო ტანჯვით შენდება უხილავი ღვთის სამეფო, იქმნება და გროვდება მისი ტანჯული სხეული - ქრისტეს ეკლესიაში".

მფარველი ანგელოზის ხმა:

ჩემს წარმოსახვაში ორი უფლისწული ცოცხლდება, რომლებსაც შორეულ ქვეყნებში ბრძოლაში სიმამაცით და გამარჯვებით გამოიჩინეს თავი. სამშობლოში დიდებით დაბრუნებულნი ხარობენ და მშობლიურ მიწაზე ენით აღუწერელი აღტაცებით ადგამენ ფეხს. მშობლიურ სახლთან მიახლოებულთ ზღურბლზე მსახურებთან ერთად მამა ეგებებათ. იგი მზადაა გამარჯვებულთა საკადრისი ნადიმის გადასახდელად.

ამრიგად, ისევ ვკითხულობ: რა არის სიკვდილი? ესაა წუთი, როცა გულმოწყალე ანგელოზი მომაკვდავის სარეცლისკენ იხრება და ოქროს გასაღებით სასუფევლის კარს უღებს".

"ჩემს საფლავთან გავლისას, გთხოვთ, მთელი სიყვარულით შენდობა თქვით დიდი ცოდვილისა. ყველას სიყვარული მიმაქვს, ადამიანთა სიყვარულშია ხილულ ქვეყანაზე საუფევლის პოვნა და მარადისობაში დამკვიდრება" (არქიმანდრიტ გაბრიელის ანდერძიდან).

მამა გაბრიელს სიცოცხლის ბოლო დღეებში დედა პარასკევა უვლიდა.

მონოზონი პარასკევა: "1995 წლის 1-ელ ნოემბერს მამა გაბრიელმა მთხოვა: "ამ ღამით ნუ დაიძინებ, ვილაპარაკოთო". ვერ ჩავწვდი ამ სიტყვების არსს და გადაღლილს ტახტზე ჩამომჯდარს ჩამთვლიმა. როცა გამომეღვიძა, მითხრა: - ხომ გთხოვე, არ დაგეძინაო. შემრცხვა და ვეღარაფერი ვუპასუხე. ტირილი დაიწყო: ბევრი განსაცდელი მოიწევა საქართველოზე და როგორ გაუძლებთო. თან ცრემლით შესთხოვდა უფალს ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყნის გადარჩენას და ხელით ოთხივ კუთხივ გადასახავდა ჯვარს. ცოტა ხნის შემდეგ დაიძახა, - "დედა, დედაო". ალბათ დედამისს ეძახის, ნეტავ აქ დარჩენილიყო, როცა გუშინ შვილის მოსანახულებლად ამოვიდა მონასტერში-მეთქი, თან იმწამსვე გამახსენდა ისიც, რომ მამა გაბრიელმა არ ისურვა მისი დარჩენა. თითქოს ჩემი ფიქრი დაიჭირა, უცებ მეუბნება: "დაო, დაო". როცა მის სარეცელს მივუახლოვდი, ლოცვა განაგრძო ისე, რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია, ამასობაში მღვდელმონაზონი საბა მოვიდა და წმინდა ზიარება მიაღებინა. მეორე დღეს მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა, თითქოს სახეც შეცვლილი ჰქონდა, შფოთავდა, წუხდა, სუნთქვაც გაუძნელდა, ხანგრძლივი ამოსუნთქვები დაეწყო. შევშინდი, გული ცუდად არ გაუხდეს-მეთქი და ფანჯარა გამოვაღე. უკმარისობა ჰქონდა და შევატყვე, ესიამოვნა სუფთა ჰაერი. როცა დედები შემოვიდნენ, დამწუხრებულებმა მითხრეს: "უკვე სულს ებრძვისო". სასწრაფოდ დავრეკე საპატრიარქოში. მალე მეუფე დანიელი მოვიდა ექიმებთან ერთად. როცა მეუფემ მისი ზიარება დააპირა, მამა გაბრიელმა ტუჩები მოკუმა და თავის გაქნევით მიახვედრა, - ვერ ვეზიარებიო. გულს აზიდებდა და ვეღარ გაბედა წმინდა ნაწილების მიღება. როცა მოსაღამოვდა, მეუფემ სულის გაყრის ლოცვები წაუკითხა. გარდაცვალებამდე ღიმილმოფენილი სახით, თვალმოუწყვეტლივ შეჰყურებდა წმინდა ნიკოლოზის ხატს. 2 ნოემბერს, ღამის ათის ნახევარზე გარდაიცვალა. ბოლომდე მეგონა, მოიხედავდა, რადგან მუცელში ჩამდგარი წყალი გარდაცვალების წინა დღეებში გაუქრა და ღვიძლის ფუნქციაც ნორმის ფარგლებში ჰქონდა, ექიმებიც გაკვირვებულები იყვნენ ამის გამო. როგორც ჩანს, ხორციელადაც განწმენდილი უნდა მიეღო უფალს. მამა გაბრიელის გარდაცვალებიდან 40 დღის თავზე დედამისი ანა ჩვენს მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა. გამახსენდა, ერთხელ მამა გაბრიელმა მითხრა: "დედის გარდაცვალება ძნელი იქნება ჩემთვის, ამიტომ მე უფრო ადრე გარდავიცვლებიო". მართლაც ასე მოხდა. მონაზონმა ანამ 4 წელი მონასტერში სულ ავადმყოფობაში გაატარა, 92 წლისა გარდაიცვალა. იმ კუბოში ჩავასვენეთ, რომელშიც მამა გაბრიელი თავის სიცოცხლეში წვებოდა. ახლა დედა-შვილი ერთმანეთის გვერდიგვერდ განისვენებს სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში".

მფარველი ანგელოზის ხმა:

"ქრისტიანო! წმინდა წერილს უსმინე: მთელი სიცოცხლის მანძილზე შენს ანგელოზთან ერთად იგალობე და სულის ამოსვლისას ანგელოზთა ხმაშეწყობილ გალობას გაიგონებ. მაშინ იტყვი: უფალო, შენს სახლში შემოვალ და შენს წმინდა ტაძარს თაყვანს ვცემ. ბედნიერია სული, რომელმაც ტანჯული და ტვირთმძიმე სხეული დატოვა და სიწმინდით ანგელოზს დაემსგავსა. მაშინ მის თვალწინ გადაიშლება უზენაესი მარადიულობის თვალშეუდგამ ნათელში ღვთაებრივი დიდებით გაბრწყინებული იესო ქრისტე, უფლის ტახტთან მდგომარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, წმიდანთა და ანგელოზთა გუნდი.

სული სამშობლოში ბრუნდება და ნეტარებით ტკბება".

(გაგრძელება იქნება)
ბეჭდვა
1კ1