თუ ადამიანის სულში ქრისტე ცოცხლობს, მაშინ სიკვდილი მისთვის სიხარულია
თუ ადამიანის სულში ქრისტე ცოცხლობს, მაშინ სიკვდილი მისთვის სიხარულია
"ადამიანი სატანჯველად იბადება და ნაპერწკალივით მაღლა მიისწრაფვის", - წერია იობის წიგნში (იბ. 5,7). შრომით დაღლა, სხეულის ყოველგვარი უძლურება, ავადმყოფობა, მწუხარება, ტანჯვა და სიკვდილი პირველი ადამიანების ცოდვის შედეგია (კ. ზორინი), ამდენად, ცოდვა სხეულისა და სულის სნეულებათა, თითოეული ჩვენგანის ტანჯვისა და სიკვდილის სათავედ გვევლინება. "არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა, არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად", - ამბობს მაცხოვარი (მარკ. 2; 17). მართლმადიდებლური თვალთახედვით, "ავადმყოფობა მორწმუნის სულს აწრთობს, განწმენდს მას, როგორც ცეცხლი ოქროს".

მძიმე ავადმყოფობას რომ წმინდანები უდიდესი მორჩილებითა და ღვთის განგებულებისადმი მინდობით იტანდნენ, ამის დასტურად გამოდგება იღუმენია ფილოთეას საუბარი ბერ პაისი ათონელთან:

" - გერონდა, რაზე უნდა ფიქრობდეს ადამიანი თავის დაბადების დღეს?

- თავისი სიკვდილის დღეზე და ემზადებოდეს ამ დიდი მოგზაურობისთვის.

- ექიმმა თქვა, რომ სიმსივნის დასასუსტებლად ჯერ დასხივებაა საჭირო, შემდეგ კი - ოპერაცია.

- გასაგებია. ჯერ ავიაცია დაბომბავს, შემდეგ კი შეტევაზე ჯარები გადავლენ. მე მირჩევნია, პირდაპირ ზევით ავიდე და გიამბოთ, რა ხდება იქ, ზოგიერთი ხანშიშესული ადამიანიც კი მწყობრიდან გამოდის, თუ ექიმი სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს, მას უნდა სიცოცხლე, მაგრამ რისთვის? გასაკვირია! როდესაც სიცოცხლე ახალგაზრდას სურს, ეს კიდევ გასაგებია. გასაგებია, თუ იმიტომ მკურნალობს, რომ ტკივილებს გაუმკლავდეს ან შეძლოს საკუთარი თავის მიხედვა. ამ შემთხვევაში მკურნალობას აზრი აქვს.

- ჩვენ უფალს ვევედრებით, გაგიხანგრძლივოთ სიცოცხლე.

- რისთვის? განა ფსალმუნში არ წერია, რომ ჩვენი სიცოცხლის ვადა 70 წელია (ფს. 89-10)?

- მაგრამ მეფსალმუნე იმასაც ხომ ამბობს: "უკეთუ ძლიერებასა შინა ოთხმეოც წელ" (იქვე)...

- მართალია, მაგრამ მერე ამბობს: "უმრავლესი მათი შრომაი და სალმობაი" - ასე რომ, საიქიო ცოხვრებაში მოსვენება მირჩევნია!

- ხომ შეიძლება, ადამიანი თავისი თავმდაბლობით თვლიდეს, რომ საიქიო ცხოვრებისთვის სულიერად ჯერ მზად არ არის და სურდეს, კიდევ ცოტა ხანს იცოცხლოს, რათა მოემზადოს?

- ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ რა იცის ასეთმა ადამიანმა, რომ უფრო ცუდი არ გახდება, თუკი მეტხანს იცხოვრებს?

- თუკი ადამიანი უმეგობრდება, ურიგდება სიკვდილს?

- გააჩნია, როდის. თუ ადამიანის სულში ქრისტე ცოცხლობს, მაშინ სიკვდილი მისთვის სიხარულია, მაგრამ არ არის სწორი, გიხაროდეს სიკვდილი იმიტომ, რომ ამ ცხოვრებამ დაგღალა. როდესაც ადამიანს უხარია სიკვდილი - ამ სიტყვის კარგი გაგებით, მაშინ სიკვდილი მას შორდება და რომელიმე მშიშარასთან მიდის! როდესაც სიკვდილი გინდა, მაშინ არ კვდები. ადამიანს, რომელიც არხეინად, უდარდელად ცხოვრობს, სიკვდილის ეშინია, რადგან ამქვეყნიურ ცხოვრებას მისთვის სიამოვნება მოაქვს და არ სურს სიკვდილი. თუ ასეთს სიკვდილს უხსენებენ, მაშინვე იტყვის: "ხეზე დააკაკუნე!" თუ განსაცდელში მყოფი იტანჯება ტკივილით, მისთვის სიკვდილი ხსნაა, ის ასე ამბობს: "რა საწყენია, რომ სიკვდილი არ მოდის ჩემს წასაყვანად... ალბათ გზად რაღაცამ დააბრკოლა".

სიკვდილი ბევრს არ სურს. ადამიანთა უმეტესობას უნდა, რაღაც მოასწროს ამ ცხოვრებაში და ამიტომ არ უნდა სიკვდილი. მაგრამ კურთხეული ღმერთი ყველაფერს ისე აწყობს, რომ ადამიანი მომწიფებული გარდაიცვალოს. რაც არ უნდა ითქვას, სულიერი ადამიანი, გინდ ახალგაზრდა და გინდ ასაკოვანი, უნდა ხარობდეს იმითაც, რომ ცოცხალია და იმითაც, რომ სიკვდილი მოუწევს.

ადამიანს, რომელიც წუთისოფლისთვის მოკვდა და სულიერად აღორძინდა, არ აქვს სიკვდილის შიში, იგი მას სიხარულით ელოდება, იმიტომ რომ ამ გზით ქრისტესთან მივა და მის გვერდით გაიხარებს. მაგრამ იგი ამ ცხოვრებაშიც ხარობს, რადგან აქაც ქრისტესთან ერთად ცხოვრობს და ამქვეყნადაც გრძნობს სამოთხისეული სიხარულის ნაწილს. ასეთი ადამიანი თავის თავს ეკითხება, ნუთუ სამოთხეში იმაზე დიდი სიხარული არსებობს, რომელსაც მე აქ, მიწაზე განვიცდი? ასეთები დიდი თავგანწირვითა და კეთილსინდისიერებით იღვწიან, რადგან მუდამ ახსოვთ სიკვდილი, მუდამ ფიქრობენ მასზე, ემზადებიან მისთვის და ამარცხებენ ამქვეყნიურ ამაოებას".

ზირაქის სიბრძნე შეგვაგონებს: "ნუ დააყოვნებ სნეულის მონახულებას, რომ შეგიყვარონ ამგვარი საქმისთვის" (ზირ. 7,35). ბიბლიური სწავლებით, ექიმი არის ღვთისთვის სათნო, მაღალი დანიშნულებისა და სულიერი პასუხისმგებლობის მქონე პირი, რომელიც სიკვდილს ხელიდან ართმევს მსხვერპლს. კ. ზორინის განმარტებით, მკურნალობის საქმეში ეკლესია ყოველთვის თავისებური სახის ღვთისმოქმედებას ხედავდა, რადგან ავადმყოფის მომსახურება უფალმა იესო ქრისტემ ღვთისმსახურებას გაუთანაბრა: "სნეული ვიყავ და მომხედეთ მე... რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანს ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მათ. 25-36,40), - იტყვის ის განკითხვის დღეს. "მომხედეთ" - აქ ნიშნავს იმას, რომ ავადმყოფს საკუთარი სულის ნაწილი მისცე.

გადმოცემა ინახავს მინიშნებას ზეციურ მფარველზე, მთავარანგელოზ რაფაელზე.

"ანგელოზი უდიდეს სიხარულს გრძნობს, როცა ხედავს, რომ შენ, ჩემო საყვარელო ძმაო, წმინდა სურვილით ხარ აღვსილი და მუხლჩაუხრელად ადგახარ ზეცისკენ მიმავალ გზას, - შეგვაგონებს ჩვენი მფარველი ანგელოზი, - სიცოცხლე წუთიერი სარბიელია. დედამიწა ადგილია, სადაც ადამიანი სიკვდილამდე იტანჯება და ცრემლით დანამულ პურს ჭამს. როგორ ივიწყებ ზეცას და მიწიერ საზრუნავს უკავშირდები? ნუთუ აწმყოს გაელვება გატყვევებს? რატომ არ ფიქრობ მარადიულობაზე? დავუშვათ, განგებამ 100 წლის სიცოცხლე მოგანიჭა. რა მნიშვნელობა აქვს წელთა რაოდენობას მარადიულობასთან მიმართებით? ეს დრო უკიდეგანო ოკეანის მხოლოდ ერთი წვეთია. დღეები სწრაფად გარბიან და აღსასრულიც მალე მოვა, ბოლო დღე არც ისე შორსაა, ყველაზე სამუწხაროა ის, რომ არ იცი, როდის დადგება მიწიერი სიცოცხლის ბოლო დღე და საათი".

ვესაუბრებით თბილისის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარს დეკანოზ ვახტანგ ასათიანს:

- ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში სოლომონი "ეკლესიასტეში" ამბობდა, რომ გარდაცვალების შემდეგ ადამიანის ფიზიკური სხეული მიწას უბრუნდება, საიდანაც იგი ღმერთმა შექმნა, უკვდავი სული კი, რომელიც მას ღმერთმა შთაბერა, კვლავ ღმერთს უბრუნდება მის მეორედ მოსვლამდე. ასე რომ, წმინდა წერილში ბევრი უტყუარი ფაქტი არსებობს იმისა, რომ გარდაცვალების შემდეგ ადამიანის ცხოვრება კი არ წყდება, მისი მიწიერი ყოფა მთავრდება და იწყება ახალი ეტაპი მის სულიერ ცხოვრებაში.

წმინდა იოანე კიბისაღმწერელი გადმოგვცემს სულთა სამყაროში იმ ურთიერთდამოკიდებულების თაობაზე, რომელიც გადაცვლილ ადამიანთა სულებს შორის არსებობს. მამათა განმარტებით, მართალია, ადამიანი ანგელოზებისგან განსხვავებით საწყისშივე ორ განზომილებას ატარებს, სულიერსა და ფიზიკურს, მაგრამ დომინანტი არის სული, ამიტომ უნდა ვცდილობდეთ, მიწიერი ცხოვრება ღვთის მცნებათა დაცვით წარვმართოთ, რაც ძალზე ძნელია, რამდენადაც უამრავი ბარიერი გვეღობება წინ, მას შემდეგ, რაც პირველყოფილი შეცოდების გამო ჩვენი ბუნება დაზიანდა. ამიტომაცაა ნათქვამი, არ არსებობს ადამიანი, რომელი ცხონდა და არა სცოდაო. ფსალმუნში წერია: "შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ..." სწორედ ამ ნაკლის გამოსასწორებლად ცდილობს იგი, თავისი სულიერი ცხოვრება იმგვარად წარმართოს, რომ ზეციური გვირგვინი მოიპოვოს სასუფეველში, "სადა არა არს არცა ჭირი, არცა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი..." მაცხოვრის განმარტებით კი, ზეციური სავანეები უამრავია მამის სასუფეველში: "ჩემი კარით ვინც შევიდეს, უკეთუ მოკუდეს, მაინც ცხონდეს და საძოვარი ჰპოვოსო".

ადამიანის სული ყოველივეს ჭვრეტს და აღიქვამს სულთა სავანეში გარდაცვალების შემდეგ, იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე ჩვენ ვგრძნობთ და განვიცდით. გარკვეულ იერარქიულ მწკრივში, სადაც მისი სული განისვენებს, ღვთიურ ნათელსაც ჭვრეტს ანგელოზთა დასის საშუალებით, ახლობელთა და წინაპართა სულებსაც ხვდება და მიწიერ ცხოვრებასთანაც ამყარებს კავშირს, რადგან ღმერთმა ადამიანი "არა მცირედ ნაკლულად შექმნა ანგელოზებისა", ხოლო საყოველთაო განსჯისა და ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს, რომელშიც წმინდა ადამიანებიც მიიღებენ მონაწილეობას ანგელოზებთან ერთად, მიცვალებულთა საყოველთაო აღდგომის შემდეგ, ადამიანები უხრწნელი სხეულებით აღმოცენდებიან საფლავებიდან. როგორც ძვირფასი ლითონი ქურაში გამოიდნობა, ასევე განიწმინდება და ახალი, მარადიული სხეულით შეიმოსება ადამიანი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ და საბოლოო ადგილი მიეჩინება ცათა სასუფეველში, შეიქმნება ახალი კაცი, მასთან ერთად - ახალი ცა, ახალი მიწა, ყველაფერი შეიცვლება, მზე, მთვარე, ვარსკვლავები, პლანეტები, მატერიალური, ხილული სამყარო, უხრწნელი სხეული კი ხარისხობრივად ბევრად აღმატებული იქნება პირვანდელზე. ადამიანთა ქვეცნობიერება ხომ განუსაზღვრელი შესაძლებლობებისაა და შეუცნობელი. დღესაც არსებობენ ისეთი პიროვნებები, რომლებიც "ვერ დაიჭირა მიწიერმა ცხოვრებამ", ბევრი მათგანი გამოცხადებით ან ძილთაშორისი სიზმარეული ჩვენებით ამყარებს კონტაქტს გარდაცვლილ სულთან ან სულთა სამყაროსთან. მინდა ამ კითხვაზე პასუხი დავასრულო ერთი ფილოსოფოსის ნაამბობით: "მე, როგორც პეპელა, ისე წარმომესახა სიზმარში ჩემი თავი და როცა გამომეღვიძა, მიწიერ ყოფიერებაში უფრო არაკომფოტულად ვიგრძენი თავი, ვიდრე სიზმარში, როცა თავი პეპლად მქონდა წარმოდგენილი". დილემა შეიქმნა ამ სიზმრის შემდეგ - რომელი უფრო რეალური და ყოფიერების რომელი ფორმა უფრო მისაღები იყო მისთვის. აღწერდა, რომ პეპელაზე მსუბუქად, ჰაეროვნად გრძნობდა თავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფერადოვან ყვავილებზე ჯდებოდა და მათ გასაოცარ სურნელსა და ნექტარს შეიგრძნობდა. ამიტომ ამის შემდეგ ადამიანობა მართლაც მძიმე და ძნელი ეჩვენა. ვფიქრობ, მართლაც მძიმეა ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება და ვინაიდან არსებობს მარადიული სამყარო, სადაც ყველა ჩვენგანი გავემგზავრებით ადრე თუ გვიან, ამიტომ იმედი არასდროს არ უნდა დავკარგოთ.
ბეჭდვა
1კ1