განგაშის და გლოვის ზარმა ერთად ჩამოჰკრა საქართველოში
განგაშის და გლოვის ზარმა ერთად ჩამოჰკრა საქართველოში
არ დაგველია განსაცდელი. გლოვის დღე ახლახან გვქონდა ბათუმის ტრაგედიის გამო. ახლა კიდევ ეს ტრაგედია. ეს არ იყო ბავშვების მხოლოდ ერთი ჯგუფის კონფლიქტი, ყველა ვხვდებით, რომ ეს ჩვენი შვილების საერთო პრობლემაა - თითქოს ამ შემთხვევის სახით იფეთქა მათ თაობაში დაგროვებულმა აგრესიამ, ბოღმამ, ტკივილმა. თითქოს უცბად მივხვდით, რომ რაღაც დავაკელით ჩვენს შვილებს, რაღაც შეცდომა დავუშვით მათ წინაშე. განგაშის და გლოვის ზარმა ერთად ჩამოჰკრა საქართველოში. რაღაც უნდა შევცვალოთ დაუყოვნებლივ. ყველამ ერთად. ჩვენს შვილებს შველა სჭირდებათ! მთელი სახელმწიფო მანქანა ცდილობდა მათგან ათეისტურად მოაზროვნე თაობის ჩამოყალიბებას და მიზანს მიაღწია კიდეც. ჩვენ ვერ შევძელით მათი დაცვა უღმერთობისგან, უსიყვარულობისგან. იქნებ ეხლა მაინც, ყველამ ერთად ამოვიღოთ ხმა.

ელენე სალარიძე თავის ფეისბუქ-გვერდზე ასეთ პოსტს აქვეყნებს:
ჯერ ერთ გოგონას წაუვიდა გული, მერე – მეორეს. ეხუტებოდნენ ერთმანეთს გოგო-ბიჭები, ქვითინებდნენ, ბიჭები ცრემლს მალავდნენ, უფროსები იდგნენ გამტკნარებულები, თითქმის არავინ ლაპარაკობდა... მანქანიდან გადმოსვლა ვერ გავბედე. ვიჯექი მარტო და ვღრიალებდი უმწეობისგან... ჩამოვიდა კლასელებთან ერთად ჩემი მეცხრეკლასელი შვილიშვილი, მოკლულის ძმის კლასელი... თვალები ჩაწითლებოდა და თითქოს სიკვდილის შიში ჩასდგმოდა... მეც არ ვიცი, როგორ შევიკავე თავი, რომ არ მეკივლა... რატომ, შვილებო! რატომ! ჩხუბში დანა რა ვაჟკაცის საქმეა! ან რა გაჩხუბებთ, რა ვერ გაიყავით!.. ვაიმე, შვილებო, ვაიმე, უბედურო ქვეყანავ... სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა ამ სიცოცხლეწართმეულ ბიჭებს... აკმარე ღმერთო, ქვეყანას ამდენი უბედურება...

უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ლევანს და დავითს.
მათ გულშეძრულ მეგობრებს და თანატოლებს კი გთხოვთ, ილოცეთ მათი სულებისთვის.



ბეჭდვა
1კ1