გავა დრო და ისევ ერთად ვიქნებით
გავა დრო და ისევ ერთად ვიქნებით
მამა გიორგი საბიაშვილის გახსენება
ორმოცი დღე გავიდა წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურის, დეკანოზ გიორგი საბიაშვილის გარდაცვალებიდან. "აღსრულებასა კაცისა მართლისასა არ მოაკლდეს სასოება", - ჩვენ გვწამს, რომ აწ უკვე მარადისობაში გადასული მისი სული ლოცულობს მისი ოჯახის წევრებისათვის, მრევლისა და სრულიად საქართველოსთვის.

მამა გიორგი საბიაშვილი დაიბადა 1958 წლის 27 მაისს. მისი ბავშვობა საკმაოდ მძიმე იყო. მე-3 კლასში სწავლობდა, როდესაც მამა დაუპატიმრეს. მიუხედავად ამისა, მაინც შეძლო საფუძვლიანი განათლების მიღება. შესანიშნავად დაეუფლა წყალბურთს. სკოლის დამთავრების შემდეგ, მამის რჩევით, მცხეთის სასულიერო სემინარიის სტუდენტი გახდა. სემინარიის ბიბლიოთეკაში წიგნებს ეწაფებოდა. "ასე შემოვიდა ჩემში მტკიცე სარწმუნოება, სასოება, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა", - წერს იგი ერთგან. პირველი აღსარება და ზიარება მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში არქიმანდრიტ პართენ აფციაურისგან მიიღო. შემდეგ მისი მოძღვარი გახდა დეკანოზი ანტონი (დღეს წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე), რომელთანაც ორი წელი მსახურობდა წმინდა მამა დავითის ეკლესიაში, მთაწმინდაზე. ყოველ შაბათ-კვირას ტარდებოდა წირვა-ლოცვა. მამა გიორგი იქ იყო მნათეც, მგალობელიც და მედავითნეც. სემინარიის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, სწავლა გააგრძელა ლენინგრადის სასულიერო აკადემიაში (1980-1984 წლები). მისი დამთავრების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის პირად რეფერენტ-მემატიანედ დაინიშნა. მისი მოვალეობა იყო, დაეფიქსირებინა ჩვენი ეკლესიის ცხოვრებაში მომხდარი ამბები, აღენიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტები, დასწრებოდა მიღებებს და სტენოგრაფიული ჩანაწერები გაეკეთებინა არქივისთვის. გარდა ამისა, აგროვებდა მასალებს საინფორმაციო ბიულეტენისთვის, რომელსაც შემდგომ რედაქტორობდა. პარალელურად, სიცოცხლის ბოლო წუთამდე ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში. 1988 წელს ჯვარი დაიწერა შესანიშნავ ადამიანზე, ქალბატონ ლია ქრისტესიაშვილზე.

მისი მღვდლად კურთხევა უჩვეულო და დაძაბულ ვითარებაში, ქართველი ხალხისთვის დაუვიწყარ 1989 წლის 9 აპრილს მოხდა. იმ ავბედით დღეს წირვაზე ხალხი ტიროდა. ყველას გაუკვირდა, როდესაც პატრიარქმა "აქსიოს, ვლადიმერის" (ასე ერქვა მას იმ დღემდე) ნაცვლად "აქსიოს, გიორგი" წარმოთქვა. "ვლადიმერი სლავურ-რუსული სახელია და უწმინდესი მოერიდა მის წარმოთქმას. კათოლიკოსმა გიორგი დამარქვა და თან მოაყოლა ქადაგება, რომ წმინდა დიდმოწამე გიორგი არის საქართველოს მფარველი. როგორც ის არის ძლევამოსილი, ასევე ჩვენი ერიც ძლევამოსილია და ვერავითარი ძალა ვერ მოერევა ქართველობას, საქართველო იქნება ძლიერი, თავისუფალი და გაბრწყინდება!" - წერს მამა გიორგი. ის ყოველთვის გრძნობდა წმინდა დიდმოწამე გიორგის შემწეობას და ერთგულად და პატიოსნად აღასრულებდა ღვთისა და ერის წინაშე მღვდლის მისიას.

და თუ როგორ ესმოდა ეს მისია, კარგად ჩანს წლების წინანდელი ერთ-ერთი ინტერვიუდან:

"მღვდელი საიდუმლოებებს პირადად თავისთვის კი არ ატარებს, არამედ მრევლისთვის, რომელთა შესრულების დროსაც მორწმუნე ქრისტიანებს მისგან უხილავად გადაეცემათ მადლი ღვთისა".

"მღვდლის განწყობა და მზადყოფნა ლოცვისთვის - ეს არის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი პირობა, რათა მოძღვარმა მოიპოვოს სულიერი ავტორიტეტი მრევლში. ასამაღლებლისა და კვერექსების წარმოთქმისას მოძღვრის ხმაში უნდა იგრძნობოდეს წრფელი ლოცვის სული, ლოცვის მადლი კი მხოლოდ თავმდაბლობითა და მორჩილებით მიიღწევა. ჭეშმარიტი მოძღვარი უნდა იყოს არა მარტო მლოცველი, არამედ ლოცვის მასწავლებელი. ამისთვის კი მან სინანულისკენ უნდა მოუწოდოს მრევლს, რამეთუ მხოლოდ ჭეშმარიტი, გულწრფელი სინანული გვაძლევს საშუალებას, მივეახლოთ ღმერთს და ვიქონიოთ მასთან ცოცხალი ლოცვისმიერი კავშირი. მოძღვარი უნდა ასწავლიდეს მრევლს, რომ ადგილი, სადაც იბადება ლოცვა, არის ადამიანის გული. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "იპოვე საკუთარი გულის კარი და დარწმუნდები, რომ ეს არის კარი ზეციური სასუფევლისა".

მამა გიორგის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ოჯახის სიწმინდის მიმართ. "ეკლესიის არსებობის პირველი საუკუნეებიდან დედამიწაზე მის ერთგულ შვილებს მიეცათ სიცოცხლის ორი გზა: წმინდა ქრისტიანული ქორწინება და წმინდა ქრისტიანული უბიწოება. ბერული გზა, კერძოდ, ნებაყოფლობითი უარის თქმა ქორწინებაზე, უმანკოება ღვთის სასუფევლის გამო, არის განსაკუთრებული მადლიანი საჩუქარი ზეციური მამისა ზოგიერთი გამორჩეული ადამიანისთვის, რათა ისინი მთელი გულით მხოლოდ ერთ ღმერთს მიეცნენ. ორივე გზა არის მშვენიერი, მაგრამ ღვთის უხილავი მადლის თანადგომის გარეშე შეუძლებელი. თითოეულისთვის საუკეთესოა ის, რაც უფრო ესადაგება მის მოწოდებას, მის პირად ქარიზმას. ქორწინების ანუ გვირგვინობის საიდუმლოში იკურთხება ერთიანობა მამაკაცისა და დედაკაცისა ერთობლივ სიყვარულში და ეძლევათ მათ კურთხევა ბავშვების გაჩენისა. მეუღლეთა კავშირი, ანუ ოჯახი, სახეა ერთობლივი სიყვარულისა ქრისტესი და ეკლესიისა, ამიტომ სიცოცხლის სრული ერთიანობა ქმრისა და ცოლისა არის პირველი ნაბიჯი საყოველთაო ერთობისა ღმერთთან. ამიტომაც ოჯახს ხშირად ეძახიან "პატარა ეკლესიას". წმინდა იოანე ოქროპირი მეუღლეთა ერთობლივ სიყვარულს საიდუმლოს ეძახის. გვირგვინობის საიდუმლო. ისევე, როგორც ევქარისტიული კავშირი, გრძელდება მთელი სიცოცხლის მანძილზე, ამიტომ საერთო ეკლესიური და საქორწინო ერთიანობა სამუდამოდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. როგორც კანას ქორწილში იყვნენ უფალი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ასევე ეკლესიაშიც და ყველა ქრისტიანულ ოჯახშიც ისინი მუდამ უხილავად იმყოფებიან". მამა გიორგისა და ქალბატონ ლია ქრისტესიაშვილს სამი შვილი შეეძინათ: სალომე, მირანდა (მარიამი) და მირიანი.

ქალბატონი ლია ქრისტესიაშვილი: - ბოლო დროს ძალიან ბევრს მუშაობდა. ღამეებს ათევდა. ძალიან თბილი, ყურადღებიანი და მოსიყვარულე იყო როგორც მამა, შვილი, ძმა, მეუღლე, მოძღვარი... ყველას ტკივილი და საწუხარი იცოდა, ამხნევებდა. დაკრძალვაზე უამრავი ხალხი მოვიდა, გულწრფელი ცრემლით დასტიროდნენ. ბავშვები მოჰყავდათ და მიცვალებულს ხელზე აამბორებინებდნენ. ერთი წლის წინ ოპერაცია გაიკეთა. წინა დღეს მარჯანიშვილის თეატრის ბილეთები შეიძინა. რა ეთეატრებოდა, მაგრამ იმის ჯავრი აწუხებდა, სულ მსაყვედურობ, რამდენი წელია, თეატრში არ წაგიყვანივარ, იქნებ რამე დამემართოს, არ მინდა ეს სურვილი აუსრულებელი დაგრჩეს და გული დაგწყდესო. ახლა სიმწრით ვიგონებ და ვნანობ, რომ ზოგჯერ ვსაყვედურობდი და ვეწუწუნებოდი, ჩემთვის აღარ გცალია-მეთქი. ისეთი დაღლილი მოდიოდა შინ, სავარძელში დაჯდომისთანავე ჩაეძინებოდა ხოლმე. საყვედურზე მშვიდად და სიყვარულით მპასუხობდა: - მე აღარ გეყოლები, ლია, და მოგენატრებიო. გული მწყდება, რომ ისე ვერ ვუფრთხილდებოდი, როგორც იმსახურებდა, თუმცა ძალიან თბილი ურთიერთობა და სიყვარული გვქონდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა მღვდლის ცოლს ვთხოვო, გაუფრთხილდნენ მეუღლეებს. ჩვენ, ქალები, ბევრს ვთხოვთ მათ და ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, თუ რა მძიმე ჯვარია მოძღვრობა.

ბოლო დროს ძალიან დაკავებული იყო. თან ფეხები აწუხებდა და ამის გამო აუზზე დადიოდა (მოგეხსენებათ, ყოფილი წყალბურთელი იყო). გარდაცვალების დღესაც დილით აუზზე წავიდა, შემდეგ ეკლესიაში შეიარა (იმ კვირას მორიგე არ იყო), პანაშვიდი გადაიხადა. სტიქაროსნები იხსენებენ, მშვენიერ გუნებაზე იყოო. ხუმრობდა, თავისი სტუდენტობის ამბებს გვიყვებოდაო. მერე ყველას თბილად გამომშვიდობებია. მანქანა გარაჟში შეიყვანა თუ არა, მაშინ დაარტყა თრომბმა და გული გაუჩერდა. იმ წუთას ახლოს არავინ იყო. მერე მეზობლები მიეშველნენ, სასწრაფოს გამოუძახეს, მაგრამ... სულ მეუბნებოდა, მე თუ რამე მომივა, ძლიერი ქალი ხარ და ოჯახს მარტო გაუძღვებიო, მერე ბავშვებიც გაიზრდებიან და მხარში ამოგიდგებიანო.

4 წელი არსად დაუსვენია. მოხუცი (89 წლის) ბებია გვყავდა შინ (მამა გიორგის ალალი ბებიის და) და მას ვერ ტოვებდა ზაფხულობით. ჩვენ გვგზავნიდა ზღვაზე, სოფლად, თვითონ კი თბილისში რჩებოდა. ბებია ძალიან სიცოცხლისმოყვარე ქალი იყო. არასოდეს უნატრია სიკვდილი. მამა გიორგის გარდაცვალების ამბავი რომ გაიგო, ძალიან გამწარდა და ღმერთს სთხოვა, გამიყვანე ამ ქვეყნიდანო. ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო და ღმერთმაც ალბათ ამიტომ შეისმინა მისი ლოცვა. მამა გიორგიმ წაიყვანა. ორი მიცვალებული გავასვენეთ სახლიდან. ზოგჯერ ვიტყოდი ხოლმე, ბევრნი ვართ, ოთახები არ გვყოფნის-მეთქი. ახლა კი თითქოს გამოცარიელდა სახლი და სიმარტოვემ დაისადგურა. თუმცა მანუგეშებენ, ბევრჯერ იგრძნობთ მამა გიორგის ზეციურ დახმარებასო. თუნდაც ახლა, რომ ვეგუები მის გარეშე არსებობას, ამაშიც ვგრძნობ ღვთაებრივ შეწევნას. მწამს, რომ მამა გიორგი ზეციდან მეხმარება. ზოგჯერ სრულებით უცხო ადამიანები მოდიან, მანუგეშებენ, მეხმარებიან, ყველანაირად მხარში მიდგანან. უამრავი სასულიერო პირი, მღვდელი და ეპისკოპოსი მოვიდა. უწმინდესმა სახეზე გადახადა მიცვალებულს, დიდხანს უყურა და გაიხსენა ის წლები, როდესაც მამა გიორგი მასთან რეფერენტ-მემატიანედ მსახურობდა.

თვითონ ხომ ასეთი თბილი და ბავშვური ბუნების ადამიანი იყო მამა გიორგი, სხვებისგანაც რომ იღებდა ამ სითბოსა და სიყვარულს, ძალიან აკვირვებდა. მანქანის ხელოსანზე იტყოდა ხოლმე, სიყვარულით მეპყრობა და პატივს მცემსო. არადა, თვითონ რასაც გასცემდა, ის უბრუნდებოდა. ბავშვივით იყო. პატარა რამ უხაროდა და პატარა რამ სწყინდა. ბავშვებს სულ ეფერებოდა, სადაც ნახავდა, ზღაპრებს უყვებოდა. უხაროდა, როდესაც ისინი გაფართოებული თვალებით უსმენდნენ. გოდერძი ჩოხელის მოთხრობები უყვარდა განსაკუთრებით. სოფელში, როდესაც ჩვენი შვილები პატარები იყვნენ, თხილის ძირში დასვამდა ბავშვებს და უკითხვადა. თვითონაც მათთან ერთად ტიროდა. ვსაყვედურობდი: ბავშვებს გულს ნუ უჩუყებ-მეთქი. 1989 წლიდან იყო ამერიკის ერთ-ერთი შტატის მოქალაქე. სწყინდა, როდესაც ხანდახან ბავშვები ეტყოდნენ, - მამიკო, რატომ არ წავედით ამერიკაშიო. ეს არასდროს გაიმეოროთო. საოცრად პატრიოტი ადამიანი იყო და ვერ წარმოედგინა, რომ მისი შვილები ქართულად არ გაიზრდებოდნენ. ძალიან უყვარდა ხელოვნება. განსაკუთრებით ქართული ცეკვა. ბავშვები დაჰყავდა ქართულ ცეკვაზე. ქართული სულის გამოძახილია და უნდა იცოდეთო. ყველაფერ ქართულს ეტრფოდა. უყვარდა ქართული ხალხური სიმღერა. უხაროდა, როცა ბავშვები ფანდურზე და სალამურზე უკრავდნენ, მღეროდნენ. ბავშვების მიმართ მკაცრი არასოდეს ყოფილა. მხოლოდ არიგებდა მშვიდად, გახსოვდეთ, მღვდლის შვილები ხართ და სხვაზე მეტი მოგეთხოვებათო. კარგი მეზობლობაც იცოდა. შარშან ყველა ბინა აკურთხა ერთ დღეს. მადლიანი იყო.

ამ ბოლო დროს საბიაშვილების საგვარეულო კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს. მათი წინაპრები მესაქონლეები ყოფილან. ეს გაითვალისწინა და საგვარეულო დროშაზე ხარი გამოასახვინა. საბიაშვილების სალოცავი ყოფილა ლომისის წმინდა გიორგი. საგვარეულო ხატიც თავისი ხარჯებით დააწერინა. გული სწყდებდა, ცოტანი ვართ, სულ რაღაც 700 საბიაშვილი ცხოვრობს საქართველოშიო. პატრიარქმა მთავარანგელოზობას (საბიაშვილების სალოცავია) დალოცა მათი გვარი. ამ გვარის წარმომადგენლები ამბობდნენ, მამა გიორგიმ ეს მისიაც შეასრულა - შეგვკრიბაო.

ძალიან სიცოცხლისმოყვარული და ხალისიანი იყო. ბოლო დროს წუხდა, - თვალის დახამხამებაში გაირბინა ცხოვრებამ და ვერაფერი მოვასწარიო. სულ ჰქონდა უკმარისობის გრძნობა. მოუსვენარი სულისა იყო. ვურჩევდი, იქნებ სამეცნიერო ხარისხი დაიცვა-მეთქი (სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობა დიდი ხნის წინ ჰქონდა დაწყებული). საცაა, უნდა წავიდე იმ ქვეყნად და უფალს ჩემი სამეცნიერო ხარისხი არ სჭირდებაო.

ახალგაზრდა გავიდა ამ ქვეყნიდან და იმდენი სიყვარული დატოვა. დედა ელისაბედი (მამა ვიტალის საფლავს უვლის) ამბობდა, ამდენი წელია ამ ტაძარში დავდივარ და ამდენი ხალხი და ამდენი ეპისკოპოსი, მამა გიორგიმ აქ რომ მოგვიყვანა, ჯერ არ მახსოვსო. ყველა დიდი სიყვარულით იხსენებს. დიდი მადლობა ყველას, ვისაც გული დასწყდა, თუნდაც ერთი ცრემლი ჩამოუვარდა. კიდევ კარგი, რომ გვაქვს ასეთი სარწმუნოება. გავა დრო და ისევ ერთად ვიქნებით. ამ რწმენით ვამარცხებთ მისი არყოფნით გამოწვეულ გაუსაძლის ტკივილს. წესის ასაგებად რომ მიდიოდა, თვითონაც საოცარ ნუგეშს სცემდა ჭირისუფალს. რას ვიზამთ. მოდით, ნუ გამოვიძიებთ, თუ რატომ და რისთვის მოხდა ეს. ასე იყო საჭირო, კითხვებს ნუ დავსვამთ, ღვთის განგებას მაინც ვერ ჩავწვდებით და მივიღოთ ეს ყველაფერი მშვიდადო. ახლა მგონია, რომ ამ სიტყვებით მე მამხნევებს და მანუგეშებს. თემქის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ გიორგი კობაიძის დიდი თანადგომითა და უწმინდესის კურთხევით მამა გიორგი ჩვენივე სახლის ახლოს, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ეზოში დავკრძალეთ. ყოველ შაბათ-კვირას დავდივართ წირვა-ლოცვაზე და ვცხოვრობთ რწმენით, რომ ისევ ერთად ვიქნებით მარადიულ სამყოფელში. სულ მახსოვს მისი სიტყვები: მღვდელმა და მისმა მეუღლემ უნდა იცხოვრონ ფორმულით: "იცხოვრე ისე, თითქოს უნდა მოკვდე დღეს, და ამავე დროს ისე, თითქოს იყო უკვდავი... იმუშავე ისე, თითქოს ისტორია არასდროს დამთავრდება, ამავე დროს ისე, თითქოს ის ახლა მთავრდება".

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტი, წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის მედავითნე და სტიქაროსანი - გიორგი კუპატაძე: - მამა გიორგი მრავალი ღვთივსათნო და ადამიანური თვისებით იყო შემკული. კიდევ უფრო იზრდება პასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც ასეთი პიროვნება წლების მანძილზე შენი მასწავლებელი და გზამკვლევი იყო.

არ აკლდა იუმორი, თავმდაბლობა, გულწრფელობა, უშუალობა, მაღალი ინტელექტი და პასუხისმგებლობის გრძნობა ღვთისა და მოყვასის მიმართ. ღრმად ჰქონდა გამჯდარი ის უმთავრესი თავისებურება ქრისტიანისა, რომელსაც ზომიერების შეგრძნებას ვუწოდებთ. მამა გიორგის პიროვნებაში მკაფიოდ გამოსჭვიოდა შინაგანი თავისუფლება სულისა, რომელიც მან, როგორც კაცმა და როგორც სასულიერო პირმა, საკმაოდ ხანგრძლივი ქრისტიანული ცხოვრებისეული პრაქტიკისა და პატიოსანი სასულიერო მოღვაწეობის შედეგად მოიპოვა. იგი ძალიან გულწრფელი იყო პირად საუბრებში.

დეკანოზი გიორგი საბიაშვილი წლების მანძილზე საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აღორძინების გზაზე ხელახლა დამდგარი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერების საქმეში. იგი იყო პატრიარქ ილია მეორის მემატიანე, დიდი ხნის მანძილზე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ეწეოდა საგანმანათლებლო, სამეცნიერო მოღვაწეობას. განსაკუთრებით მდიდარი იყო მისი პედაგოგიური პრაქტიკა. თბილისის სასულიერო აკადემიაში თითქმის არ მოიძებნება სტუდენტი, რომელიც მისი პიროვნების მიმართ უდიდესი პატივისცემით არ იყოს განმსჭვალული. იგი ძალიან უშუალო იყო სტუდენტებთან და გულისხმიერი.

ის, რომ ყოველი ქრისტიანი რაც შეიძლება ხშირად უნდა ფიქრობდეს განვლილ ან მომავალში გასავლელ ცხოვრებაზე, ეს უდავოა, მაგრამ ასევე ძალზე მნიშვნელოვანია იმ ადამიანების ღვაწლისა და ამაგის არდავიწყება, რომლებმაც ჩვენი ცხოვრება ნათელი მიზნებისაკენ მიმართეს. ჩემი აზრით, დეკანოზი გიორგი საბიაშვილი მრავალი ახალგაზრდის ხსოვნაში თავისი პედაგოგიური და სამოძღვრო ღვაწლით სწორედ ასეთ მნიშვნელოვან პიროვნებად აღიბეჭდება. მაცხოვარი ბრძანებს: "...არა არს ხე კეთილი, რომელმან გამოიღოს ნაყოფი ხენეში... თითოეული ხეი თვისისაგან ნაყოფისა საცნაურ არნ". მამა გიორგი არის ის პიროვნება, რომელიც სწორედ თავისი კეთილნაყოფიერებით წარმოჩინდა ღვთისა და მოყვასის წინაშე.

ახლა, როცა მამა გიორგი უკვე ზეციური სამყაროს ბინადარია, უფრო სხვაგვარ წონასა და ძალას იძენს წლების წინ მის მიერ ნათქვამი სიტყვები: "ჩემს სულიერ შვილებს მინდა ჰქონდეთ ჯანისა და სულის სიმრთელე, არასოდეს გაჰქრობოდეთ სურვილი ლოცვისა, ხშირად იარონ ეკლესიაში, ხოლო როდესაც ამას ვერ მოახერხებენ, ილოცონ შინ, რადგან ღმერთი ჩვენს ლოცვას ყველგან ისმენს; დაე, მათი რწმენის მიხედვით უფალმა მიაგოს მათ წყალობა და კეთილდღეობა ყოველთვის, როდესაც ისინი ლოცვას არ დაიზარებენ".
ბეჭდვა
1კ1