მიცვალებულთა მოხსენიების წესები დიდ მარხვაში
მიცვალებულთა მოხსენიების წესები დიდ მარხვაში
წმიდა ეკლესია დიდი მარხვის პერიოდში, ორმოცი დღის განმავლობაში იხსენიებს მიცვალებულებს. მარხვის დაწყებისთანავე მრევლის წევრები ჩამოწერენ მიცვალებულთა მოსახსენებელს, რომელსაც ეწოდება ორმოცდღიანი მოსახსენიებელი და დატოვებენ ტაძრის მესანთლესთან ან ტაძრის მსახურთან, რომელსაც დავალებული აქვს მოსახსენებელთა შეგროვება; მოძღვარი კი 40 დღის განმავლობაში ყოველდღიურად ატარებს პანაშვიდს და მოიხსენიებს გარდაცვლილთა სულებს.

გარდა ამისა, დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბთს არის მიცვალებულთა ხსენების დღეები და ამ დღეებში ტაძრებში ტარდება მათი სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.

დიდმარხვის შაბათობით წმინდა იოანე ოქროპირის წირვა ტარდება, კვირაობით კი - ბასილი დიდისა. ოთხშაბათობით და პარასკეობით კი ტარდება პირველშეწირულის ლიტურგია, სადაც ძღვენის შეწირვა არ ხდება და კვირას შეწირული ძღვენით ხდება მორწმუნეთა ზიარება.

მიცვალებულთა საყოველთაო, საზოგადო მოხსენიება დიდი მარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს დაწესებულია შემდეგი მიზეზით: დიდი მარხვის დროს მოხსენიება ყოველდღიურად ვერ ხერხდება საეკლესიო ღვთისმსახურების დროს, რადგან მოხსენიება დაკავშირებულია საღმრთო ლიტურგიასთან, რომელიც დიდ მარხვაში მხოლოდ შაბათს და კვირას ტარდება. ამიტომ დაწესებულია გაძლიერებული მოხსენიება დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს.

საკურთხი მიცვალებულთა სახელზე ამ დღეებში სამარხვო კერძებით მზადდება.
ბეჭდვა
1კ1