ღმერთმა სასუფეველი დაგიმკვიდროთ, მეუფეო!
ღმერთმა სასუფეველი დაგიმკვიდროთ, მეუფეო!
ნიკორწმინდელ მიტროპოლიტს ელისეს (ჯოხაძე) თავისივე ანდერძის მიხედვით მშობლიურ სოფელში, შქმერში, მისსავე აგებულ ტაძარში 21 მარტს დაკრძალავენ. მეუფის ცხედარი სიონშია დასვენებული. 19 მარტს ეპარქიაში, ნიკორწმინდის ტაძარში გადაასვენებენ...

როცა მღვდელმთავრის კვერთხი ჩამაბარეს, ასეთი კურთხევა მომეცა: "მიიღე კვერთხი ესე, რათა დამწყსო რწმუნებული შენდა სამწყსო ქრისტესი. რომელსა რწმენეს შენი, იყავნ მათ ზედა კვერთხი და სიმტკიცე და რომელსა არა რწმენეს შენი და უდებ იქმნეს, მიაქციე მას ზედა საგვემელად კვერთხი ესე შენი სატანჯველად მისსა". ღმერთმა აღმასრულებინოს ეს კურთხევა, - ეს სიტყვები ნიკორწმინდელ მიტროპოლიტს ელისეს (ჯოხაძე) ეკუთვნის - ჩვენს სიყვარულითა და სითბოთი სავსე მეუფეს, საკუთარი ცხოვრების წესით რომ გვიქადაგებდა თავის სამწყსოს, თუ როგორ უნდა გევცხოვრა წუთისოფელში, როგორ გვყვარებოდა სამშობლო და მისი ყოველი კუთხე-კუნჭული, მშობლიური რაჭა.

KARIBCHEროგორც "მოაგარაკე" რაჭველი, სიხარულით ველოდებოდი სამეუფეო წირვის ჩატარებას. წირვის მერე მამაშვილურად, ჩვეული უშუალობით, უბრალოებით, თავმდაბლობით, წრფელი გულით მოგვესიყვარულებოდა ხოლმე და ლოცვა-კურთხევას თან გაგვატანდა. დრომ მართლაც სწრაფად გაირბინა...

წლების წინ მეუფეს ერთ-ერთ ინტერვიუში ვკითხე, თუ რას გაიხსენებდა საერო ცხოვრებიდან, რაც გულში დარჩა? მეუფის პასუხი ასეთი იყო: "ერთხელ, ერისკაცობაში, სიონის საკათედრო ტაძარში მივედი სალოცავად. იქ ერთ-ერთ მოძღვარს გამოველაპარაკე და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამყოფელი ვიკითხე. ეს მოძღვარი თავად პატრიარქი ეფრემ მეორე აღმოჩნდა. მან დამლოცა და დამმოძღვრა. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა სასულიერო პირთან. კიდევ, გამორჩევით მახსოვს საკუთარი ნათლობა. სკოლის მოწაფე ვიყავი, როცა სიონის ტაძარში მოვინათლე. ნათლობის საიდუმლო პროტოპრესვიტერმა პახუმმა (ობოლაძემ) შეასრულა".

ჩვენს გულებში კი მეუფე დარჩება, როგორც მაგალითი ყველა იმ დადებითი თვისებების მატარებელი ადამიანისა, რაც ჩვენს დროში ჰაერივით გვჭირდება.
თქვენს სამუდამო განსასვენებლად მშობლიური რაჭის, თქვენივე სოფლის, შქმერის მიწა აირჩიეთ. ღმერთმა სასუფეველი დაგიმკვიდროთ, მეუფეო!



ბეჭდვა
1კ1