ტაძარი და ჩვენ
ტაძარი და ჩვენ
ლოცვები მიცვალებულთათვის
საეკლესიო ცხოვრებას განამტკიცებს ცოცხალი შეგნება და გრძნობა, რომ ჩვენი მიცვალებულები არაამქვეყნიური, განსხვავებული ფორმით, მაგრამ აგრძელებენ სიცოცხლეს სიკვდილის შემდგომ და არ ერთმევათ ამქვეყნად დარჩენილებთან სულიერი სიახლოვე. ამიტომ არ წყვეტს მიწიერი ეკლესია მათთან ლოცვით კავშირს: "რადგანაც მწამს, რომ ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე... ვერ განგვაშორებს სიყვარულს ღმრთისას უფლის ჩვენის ქრისტე იესოს მიერ" (რომ. 8,38-39). ამ სოფლიდან გასულებს თავიანთ მოძმეთაგან ესაჭიროებათ მხოლოდ და მხოლოდ შემწეობა - ლოცვა მათი ცოდვების მისატევებლად. "და ისეთია ჩვენი კადნიერება მის მიმართ, რომ როცა მისი ნებისამებრ ვთხოვთ რასმე, შეისმენს ჩვენსას. და რაკი ვიცით, რაც უნდა ვთხოვოთ, შეისმენს ჩვენსას, ისიც ვიცით, რომ მივიღებთ ყველაფერს, რასაც ვთხოვთ. თუ ვინმე ხედავს თავის ძმას, რომელიც სცოდავს არა მომაკვდინებელი ცოდვით, ითხოვოს და მისცემს მას სიცოცხლეს, ესე იგი, მას, ვინც სცოდავს, მაგრამ არა მომაკვდინებელი ცოდვით. არის მომაკვდინებელი ცოდვა; მისთვის როდი ვამბობ, ითხოვოს-მეთქი" (I ინ. 5,14-16). ეკლესია მისდევს მოციქულის ამ შეგონებას და ლოცულობს ყველა თავის შვილზე, ვინც გულწრფელ მონანულად აღესრულა. ეკლესია ლოცულობს მათზე, როგორც ცოცხლებზე, მოციქულის სიტყვების თანახმად: "არამედ თუ ვცოცხლობთ, უფლისთვის ვცოცხლობთ, ხოლო თუ ვკვდებით, უფლისთვის ვკვდებით და ამიტომ ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ. რადგანაც ქრისტე იმისთვის მოკვდა და აღდგა და ცხონდა, რათა იყოს უფალი ცოცხლებისაც და მკვდრებისაც" (რომ. 14,8-9). ლოცვის ღირსნი ვერ გახდებიან მოუნანიებელი ცოდვით გარდაცვლილნი, რომლებიც ეკლესიის გარეთ იყვნენ; ეს იოანე მოციქულის ზემოთ მოყვანილი სიტყვებიდანაც ჩანს...

ძველი აღთქმის ეკლესიაშიც არსებობდა მიცვალებულთათვის ლოცვის წესი. ამას წმინდა ისტორია ადასტურებს: იუდეველთა კეთილმსახური მეთაურის, იუდა მაკაბელის დროს, როდესაც ბრძოლის ველზე დაცემულთ ათვალიერებდნენ, მათ სამოსში იპოვეს საკერპო ძღვენი. მაშინ იუდეველებმა განადიდეს უფალი, "რომელმაც დაფარული განუცხადა მათ", დაიწყეს ლოცვა, ევედრებოდნენ ღმერთს, სრულიად მიეტევებინა მათთვის ეს შეცოდება. ხოლო იუდა მაკაბელმა გაგზავნა კაცი იერუსალიმში, რათა "ჩადენილი ცოდვის გამო მსხვერპლი შეეწირათ. ის მოიქცა მეტად ღირსეულად და პატივისცემით, რამეთუ აღდგომაზე ფიქრობდა" (2 მაკ. 12,39-45).

შემცოდეს შეიძლება მიეტევოს არასასიკვდილო ცოდვები როგორც ამ ცხოვრებაში, ისე სიკვდილის შემდგომაც. წმინდა წერილიდან ვიცით, რომ უფალ იესოს აქვს კლიტენი "სიკუდილისა და ჯოჯოხეთისანი" (გამოცხ. 1,18) და, მაშასადამე, ეკლესიის ლოცვითა და შეწირული უსისხლო მსხვერპლის ძალით მას შეუძლია მიცვალებულთათვის ჯოჯოხეთის დახშული კარის გახსნა.

როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ძველი ქრისტიანული ეკლესიის ყველა ლიტურგია ადასტურებს, რომ ეკლესიაში არსებობს ხსოვნითი ლოცვა მიცვალებულთათვის. ასეთებია: უფლის ძმის, წმინდა იაკობ მოციქულის, წმინდა ბასილი დიდის, წმინდა იოანე ოქროპირისა და წმინდა გრიგოლ დიოლოღოსის სახელებით ცნობილი ლიტურგიები; აგრეთვე რომაული, ესპანური, გალიური და მართლმადიდებლობიდან განხეთქილებაში გასული სექტების: იაკობინელების, კოპტების, სომხების, ეთიოპიელების, სირიელებისა და სხვათა ძველი ლიტურგიები. მთელი ამ სიმრავლის მიუხედავად, ერთიც არ მოიძებნება, სადაც არ იყოს მიცვალებულთათვის ლოცვები. ამასვე ამოწმებენ ეკლესიის მამები.

ეკლესია ლოცულობს მიცვალებულებზეც და ცოცხლებზეც, იგი მათზე შუამდგომლობს არა საკუთარი, არამედ უფალი იესო ქრისტეს სახელით (ინ. 14,13-14) და მის მიერ ყველას გამოსახსნელად ჯვარზე გაღებული მსხვერპლის ძალით. ამ ცხოველი ლოცვებისა და საღვთო მოწყალების შემწეობით ჩვენს ამ ქვეყნიდან გასულ მოყვასში ჩათესილი "ახალი ცხოვრების" თესლი, რომელმაც ამსოფლად აღმოცენება ვერ მოასწრო, თანდათანობით ღვივდება და იზრდება... უკეთურ და მოუნანიებელ გარდაცვლილთათვის ლოცვას ძალა არ გააჩნია; ზუსტად ამგვარ ცოდვილებს ეხება მაცხოვრის სიტყვები მდიდრისა და ლაზარეს იგავიდან: ისინი ვერ დააღწევენ თავს ჯოჯოხეთის ყველაზე ბნელ ნაწილს და ვერ გადავლენ აბრაამის წიაღში (ლკ. 16,27).

რასაკვირველია, ამქვეყნად ჩვენთვის უცნობია, თუ რა ხვედრი ელის თითოეულს სიკვდილის შემდგომ, მაგრამ სიყვარულით ლოცვა ფუჭი არასოდეს იქნება. თუ ჩვენი მიცვალებული მოყვასნი ღირსნი შეიქნენ ზეციური სასუფევლისა, მაშინ მათთვის ლოცვებს ჩვენზე ლოცვითვე უპასუხებენ. თუკი ჩვენი ლოცვები უძლური იქნება მათ შეეწიოთ, ყოველ შემთხვევაში, ისინი არც ჩვენ გვავნებენ რაიმეს. ფსალმუნთმგალობლის სიტყვებით: "ლოცვაი ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს" (ფს. 34,13); მაგრამ ისინი ჩვენთვისაც სასარგებლონი არიან.

მიცვალებულთა მოხსენიება
მიცვალებულთა სულებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროსკომიდიაზე მოხსენიება. სახელდობრ, ლიტურგიის პირველი ნაწილის, პროსკომიდიის (მსხვერპლშეწირვის, კვეთის) დროს მორწმუნეებს თავიანთ ახლობელ მიცვალებულთა მოსახსენიებლად მიაქვთ სეფისკვერები (ტრადიციულად მიცვალებულთათვის შევიძენთ ხოლმე ჯვრის გამოსახულებიან სეფისკვერს), რომელთაგან ხდება კვეთა და იმავდროულად აღნიშნულ მიცვალებულ პირთა სახელების მოხსენიება. წირვის დასასრულს, მორწმუნეთა ზიარების შემდეგ, ხდება ამ ნაწილთა ჩაშვება ბარძიმში, რომელშიც წმინდა ნაწილები განისვენებენ და ასე ხდება მათი შეხება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცთან და სისხლთან. ამ დროს მღვდელმსახური წარმოთქვამს შემდეგ სიტყვებს: "განბანე, უფალო, ცოდვანი აქა მოხსენიებულთა სისხლითა შენითა პატიოსნითა ლოცვითა წმიდათა შენთათა".

პროსკომიდიის გარდა, ღვთისმსახური ცოცხლებსა და გარდაცვლილებს კვერექსებში მოიხსენიებს (კვერექსი - მხურვალე, განგრძობილი ლოცვაა, რომელიც მოკლე მუხლებისაგან შედგება), ასევე პარაკლისებსა (ცოცხალთათვის) და პანაშვიდებზე (მიცვალებულთათვის).

პანაშვიდი
სიტყვა პანაშვიდი (ღამისთევის გალობა) მიცვალებულთა ლოცვითი მოხსენიებაა. მომდინარეობს უძველესი დროიდან, როდესაც პირველ ქრისტიანებს მხოლოდ ღამით, საიდუმლოდ შეეძლოთ ქრისტესთვის წამებულთა სხეულები გალობითა და ანთებული სანთლებით წაესვენებინათ. პანაშვიდზე ჩვენს დროშიც ანთებული სანთლებით დგანან იმის ნიშნად, რომ სწამთ მარადიული ნათელი ცხოვრება, პანაშვიდის დასასრულს ამ სანთლებს აქრობენ, რადგან ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრებაც ქრება და ხშირად გაცილებით ადრე, ვიდრე ჩვენ გვგონია.

ახალშესვენებულს ეკლესიაში უნდა გადავუხადოთ პანაშვიდი: პირველ დღეს, როცა გარდაიცვლება; მესამე დღეს, როდესაც პირველად წარდგება უფალთან; მეცხრე დღეს, როდესაც მეორედ წარდგება უფალთან; მეორმოცე დღეს, როცა ის პირად სამსჯავროზეა და ამის შემდეგ გარდაცვალების ყოველ წლისთავსა და დაბადების დღეზე. გარდა ამისა, ეკლესიაში წლის განსაკუთრებულ დღეებში დანიშნულია საზოგადო პანაშვიდები (ეს დღეები ყოველწლიურად უნდა ვნახოთ საეკლესიო კალენდარში), რომელთაც უნდა დაესწროს ჭირისუფალი. კარგი იქნება, თუ მეორმოცე დღისთვის მიცვალებულის სახელზე შევუკვეთთ წირვას, რომელსაც დაესწრებიან ოჯახის წევრები და მიიღებენ წმინდა ზიარებას შესაბამისად მომზადებულნი. ამის შემდეგ სასურველია, დროდადრო კვლავ შევუკვეთოთ წირვები. ძველი ტრადიციით, მიცვალებულისათვის შვიდი წირვა სრულდება.

მიცვალებულის მოხსენიების ერთ-ერთი ფორმაა სანთლის დანთება, რისთვისაც ტაძარში გამოყოფილია კუთხე მაცხოვრის ჯვარცმის გამოსახულებით.

პარაკლისი
პარაკლისი არის მოკლე ღვთისმსახურება, რომლის დროსაც ღვთისმსახური მლოცველთა სახელით მიმართავს უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და წმინდანებს.

ზოგჯერ პარაკლისებში ჩაერთვის აკათისტო (დაუჯდომელი - საგანგებოდ შედგენილი ლოცვა, რომლის დროსაც დაჯდომა არ შეიძლება) ან მცირე აიაზმა.

სავედრებელი პარაკლისის გარდა არსებობს განსაკუთრებული პარაკლისები: უფლის მიერ გარდამოვლენილი წყალობისათვის - სამადლობელი პარაკლისი, პარაკლისი სნეულისთვის, პარაკლისი მოგზაურისთვის, გვალვისაგან დასახსნელად, ხანგრძლივი ავდრის გამო, მიწის ნაყოფიერებისათვის, ბავშვების სწავლის დაწყების წინ.

თუ პანაშვიდი ან პარაკლისი შეუკვეთეთ, აუცილებელია, თავად ესწრებოდეთ მას და ღვთისმსახურთან ერთად მხურვალედ ლოცულობდეთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი კითხულობს თქვენს მიერ შედგენილ მოსახსენებელს.
ბეჭდვა
1კ1