24 ოქტომბერს მამა საბას (კუჭავა) დაბადების დღეა
24 ოქტომბერს  მამა საბას (კუჭავა) დაბადების დღეა
ერის ჯვრის მტვირთველი

ეს ინტერვიუ  არქიმანდრიტ საბასთან (კუჭავა) გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ჩავწერე. სათაურიც თავად შეურჩია. ფოტოც თავისივე შერჩეული მოგვაწოდა (რასაც ვაქვეყნებთ). მის უწმინდესობას საიუბილეო თარიღებს ულოცავდა და დღეგრძელობას უსურვებდა. მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მამა საბა, მრავალი ადამიანის-ერისა თუ ბერის სულიერად და ხორციელად დამპურებელი მოძღვარი. წავიკითხოთ მისი სულიდან და გულიდან ამოსული ეს სიტყვები. კვლავაც დაგვლოცეთ მამა საბა!

- ყოველ ადამიანს აქვს ღვთისგან დაკისრებული თავისი ჯვარი... ეს არის მისი ინდივიდუალური გზა, რომელიც უფალთან მიმყვანებელია. უდიდესი ჯვარი მიაქვს ჩვენს პატრიარქს თავის მხრებზე. დიდია მისი დანიშნულება ღვთისა და ერის წინაშე. როგორც პატრიარქი ბრძანებს: ჯვრის ორი ხაზი-ვერტიკალური, ღვთის სიყვარულის  აღმნიშვნელია, ჰორიზონტალური კი ადამიანის, მოყვასის სიყვარულისა. საქართველოს მწყემსმთავარში ეს ორი სიყვარული ჰარმონიულად, ჯვრის სახოვნად არის გადაკვეთილი. ჯვარი, მაცხოვრის სიტყვის მსგავსად მძიმე და ამავე დროს ტკბილია.  მსურს მცირეოდენად მაინც წარმოვაჩინო უდიდესი პიროვნების - მისი უწმინდესობის მოღვაწეობა და  მონასტრის მამებთან ერთად  მივულოცო დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წელი, - ეს სიტყვები მახათას მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ საბას (კუჭავა) ეკუთვნის.

როდესაც საუბარი ეხება საქართველოს კთოლიკოს-პატრიარქს, უწმუნდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, ძნელია ერთი სიტყვით გამოთქვა და შეაფასო მისი პიროვნება და მოღვაწეობა, რადგან მისი უწმინდესობის ღვაწლი განუზომლად დიდი და მრავალმხრივია. იგი სახე და მაგალითია ჭეშმარიტი პატრიარქისა-ერის სულიერი მამისა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ძველ მამათა და მღვდელმთავართა მსგავსად თავის თავში შემომკრებელი და დამაუნჯებელია ღვთაებრივი სათნოებებისა, მისი სულიერი სიმაღლის საფუძველი მისივე სიმდაბლეა, სიბრძნის წყარო მისი ღვთისმოშიშებაა. როგორც ბრძანებს წმინდა წერილი: "დასაბამი სიბრძნისა შიში ღმრთისა".

უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე განეკუთვნება ეკლესიის იმ წმინდა მამათა კრებულს, რომელნიც სახარებაში საღვთო მარილად არიან წოდებულნი. მათი სულიერი ღვაწლით აჩერებს უფალი კაცობრიობის ბოროტისკენ სვლას. მისმა უწმინდესობამ უფლის მადლითა და ღვთისმშობლის მეოხებით მთელი ჩვენი ერი შემოაბრუნა ღვთისკენ. მის მიერ დასახული სულიერი ორიენტირი გამოიკვეთა სიტყვებში "ქართველნო ერთად ღვთისაკენ". ეს  არის უნიკალური მაგალითი და გამოვლინება მისი უწმინდესობის ღვთაებრივი სიბრძნისა და შინაგანი აღმატებულობისა. იგი უცილობლად მოისაზრება და დგას იმ მამამთავართა რიგში, რომლებიც სულიერ ბურჯად არიან დასახულნი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. იმ სულიერ ბურჯად, რომელთა ზედაც დგას ჭეშმარიტი სარწმუნოების უბრწყინვალესი თაღი.

თავისი საღვთო მოშურნეობითა და სულიერი სიმტკიცით,  მისი უწმინდესობა მსგავსია ილია წინასწარმეტყველისა. ღვთისადმი ერთგულებით მსგავსია ნოესი. როგორც ნოესგან წარმოსდგა და გამრავლდა ახლიდან ადამიანთა მოდგმა, ასევე უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სამოციქულო მადლით ახლიდან განამრავლა ქართული ეკლესია და მისი სასულიერო დასი, ეს არის უპრეცენენტო ფაქტი მსოფლიო ეკლესიების თანამედროვე ისტორიაში, ჩვენმა პატრიარქმა დაასხა ხელი საქართველოს ეკლესიის ყველა მღვდელმთავარს და სამღვდელოების სრულ უმრავლესობას. მისი ღვაწლითა და მონდომებით ქართული ეკლესია ფერფლისგან აღდგა, როგორც "საღმრთო ფენიქსი".

მისი უწმინდესობა მსგავსია ასევე აბრაამისა თავის ღრმა რწმენითა და ღვთისადმი უღალატო სიყვარულით. თავისი სიმშვიდით ემსგავსება მოსეს, რომელიც იყო ცოცხალი ხატი ღვთაებრივი სიმშვიდისა და მოთმინებისა. როგორც მოსემ გამოიყვანა ებრაელი ერი ეგვიპტის ტყვეობიდან, ასევე ჩვენმა პატრიარქმა "ჭეშმარიტად ახალმა მოსემ" გამოიყვანა ქართველი ერი ათეისტური ეპოქის სულიერი სიბნელიდან. როგორც მოსემ, სინას მთაზე, აცრემლებულმა და მუხლებზე მდგარმა გამოითხოვა წყალობა ღვთისაგან ებრაელი ერის განდგომილების საპატიებლად, ასევე უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ღვთისაგან განშორებული ერი ღმერთს შეავედრა და შეარიგა.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მოღვაწეობა მაშტაბური და მრავალმხრივია. მისი მისწრაფება ღვთისკენ გამოვლინდა არამარტო სულიერ მოღვაწეობასა და ღვთისმსახურებაში, არამედ სხვა მრავალ დარგში, მუსიკაში, ხატწერაში, ხელოვნებაში, ფილოსოფიაში, ანთროპოლოგიაში და სხვა.
სიყვარული სიყვარულს შობს, კურნავს და ამართლებს ყოველდღიურ ბოროტებას. უწმინდესმა ილია მეორემ მთელი თავისი გული საქართველოს მიუძღვნა, ცრემლად დაღვრილი ეს გულისცემა ქართველმა ერმა იგრძნო და მანაც მთელი გულით შეიყვარა პატრიარქი, მეორე ილია. ეს სიყვარული არის უძლეველი, ღვთისგან ნაკურთხი და მარადიული.     


ბეჭდვა
1კ1