სქემარქიმანდრიტ მამა მიქაელ კიკონიშვილის მონატრება
სქემარქიმანდრიტ მამა მიქაელ კიკონიშვილის მონატრება
მამა მიქაელ, ეს მცირე, მოკრძალებული წერილი ჩვენგან მონატრებად მიიღეთ.
რთული გზა განვლეთ საერო ცხოვრებიდან მღვდელ-მონაზვნობამდე. საფარა, ვარძია, ალავერდი, ხირსა, დავითგარეჯა - ის სულიერი კერებია, სადაც მოღვაწეობა გხვდათ წილად. უმეტეს ადგილებში წინამძღვრად ბრძანდებოდით. ბოლოს, ათეულ წელზე მეტია, თბილისში, წმინდა მირიან მეფისა და ნანა დედოფლის სახელობის ეკლესიას უძღვებოდით. ამ წმინდა კერაში გვქონდა პატივი თქვენი კალთის ქვეშ ვყოფილიყავით. გაზაფხულზე, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, სქემარქიმანდრიტის ხარისხში დაგადგინეს, ჩვენს მამა სერაფიმეს სახელად მიქაელი გიწოდეს. რამდენიმე თვეში კი, ღვთის ნებით, სრულიად მოულოდნელად, ფიზიკურად დაგვტოვეთ. თქვენმა ნათელმა სულმა უფლის საბრძანებელში დაიდო ბინა... ძალიან გვაკლიხართ, მამა მიქაელ. არასდროს დაგვავიწყდება თქვენი ღვთივსათნოება, სიწრფელე, უშუალობა, ინდივიდუალიზმი, თავისუფალი აზროვნება, სიბრძნე, სილაღე, სამართლიანობისა და ზომიერების გამძაფრებული შეგრძნება...

თქვენი ცხედარი ეკლესიის მიწას მიებარა 13 ოქტომბერს, წმინდანების - მირიანისა და ნანას ხსენების წინა დღეს. იმ დროს ცაზე, ღრუბლებს შორის მცირე ჯვარი გამოისახა... ყოველთვის გვმოძღვრავდით, ვყოფილიყავით ზომიერები, სიმბოლოებისა და თვალხილული სასწაულებისთვის ყურადღება არ მიგვექცია, ხიბლს რომ არ შევეცდინეთ. მაგრამ ფაქტია, ეს ღრუბლის ჯვარი დაკრძალვის წუთებში მრავალმა თქვენმა ჭირისუფალმა იხილა... ეს ის ჯვარია სიყვარულისა, თქვენი სულიერი შვილების გულებში რომ აღბეჭდეთ სამარადჟამოდ, ეს ის ჯვარია, თქვენი ქადაგებებით ნაძერწი, სანთლად რომ გვინათებს თქვენით დაობლებულ სულიერ შვილებს? თქვენ დაგვიტოვეთ ყველაზე მთავარი - ქრისტესმიერი სიყვარული და ამ სიყვარულში ცხოვრების სურვილი. ყოველ ლიტურგიაზე ჩაგვესმის თქვენი უჩვეულო ქადაგება და გალობა, ლოცვას რეფრენივით გასდევს თქვენგან თქმული:

"სიყვარული - ეს ის ძალაა, რომელსაც ახალი სიცოცხლის დაბადება ძალუძს. სიყვარული მეგობრისთვის თავგანწირვას შეგვაძლებინებს. სიყვარული აგვატანინებს დამცირებას. სიყვარული მოგვათმენინებს სხვისი აზრის საკუთარ ცხოვრებაში გატარებას და ანგარიშის გაწევას. სიყვარული დაგვაყენებს ღვთისკენ მიმავალ გზაზე და ეს გრძნობა სასუფევლის კარამდე მიგვიძღვება. მთავარია, ჩვენ გვქონდეს სიყვარულში ცხოვრების სურვილი... სიყვარულს უნდა ვევედროთ უფალს".

19 ნოემბერს 40 დღე შესრულდა თქვენი გარდაცვალებიდან. გვენატრებით, მამა მიქაელ, ღმერთს ვთხოვთ, სასუფეველში დაამკვიდროს თქვენი მაღალი და ნათელი სული. კრძალვით ქედს ვიხრით თქვენი ხსოვნის წინაშე.

მარად თქვენზე მლოცველი სულიერი შვილები, წმინდა მირიან მეფისა და ნანა დედოფლის სახელობის ეკლესიის მრევლი


ბეჭდვა
1კ1