სულთა კავშირი
სულთა კავშირი
შევიცვლებით უკეთესობისკენ...
აღდგომიდან 49-ე დღეს მართლმადიდებელი ეკლესია სულთაობას, სულის შაბათს აღნიშნავს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი მიცვალებულებისთვის.

ვესაუბრები თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ბრიტანული სკოლის რელიგიის ისტორიის პედაგოგს, რელიგიათმცოდნე მარიკა ჩხარტიშვილს:

- ქალბატონო მარიკა, რა მნიშვნელობა აქვს სულის შაბათს გარდაცვლილთათვის?

- უდიდესი მნიშვნელობა. დიდმარხვიდან დაწყებული, ეკლესია არ ივიწყებს და ყოველთვის განსაკუთრებულ პატივს მიაგებს ჩვენს მიცვალეუბლებს სულთმოფენობამდეც და ამ დღესასწაულის შემდეგაც, მთელი ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ სულთმოფენობის წინადღეს მათი მოხსენიება განსაკუთრებულია. არ არსებობს ამაზე დიდი დღე მიცვალებულებისთვის.

სულთმოფენობის დღესასწაულით გვირგვინდება ადამიანის ცოდვებიდან გამოსყიდვის პროცესი, რასაც საეკლესიო ენაზე იკონომია ეწოდება, ანუ ზრუნვა ადამიანის ცხონებისათვის, რომელიც იწყება მაცხოვრის განკაცებით და პიკს სულთმოფენობას აღწევს.

წმინდა ბასილი დიდი, რომელმაც ამ დღისათვის საგანგებო ლოცვები შეადგინა, ამბობს: ჩვენი მიცვალებულები, რომელთა სულებიც შესაძლოა ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ, ამ დღეს შესაძლებელია გამოიხსნას უფალმა ჩვენი ლოცვის წყალობით. ღმერთს უნდა ვევედროთ არა მხოლოდ ჩვენზე, ცოცხალ ადამიანებზე გარდამოავლინოს სულიწმიდის მადლი, არამედ გულმხურვალედ შევთხოვოთ, ჩვენგან წასულ გარდაცვლილებს ცხონება მიანიჭოს იმ მადლის მოქმედების შედეგად, რომელიც მათ სიცოცხლეში მოიპოვეს, რათა ისინიც გახდნენ მონაწილენი ამ უდიდესი დღესასწაულისაო.

- გარდაცვალებულთა რა მადლს გულისხმობს წმინდა ბასილი დიდი?

- თუნდაც სულიწმიდის ბეჭედი, რომელიც ადამიანმა ნათლობის დროს, მირონცხების საიდუმლოს წყალობით მიიღო. მის მიერ ჩადენილი ნებისმიერი სიკეთისა და ღვაწლისთვის, რომელიც ჩვენთვის დაფარულია. ჩვენ ხომ არც ის ვიცით, ვისი სული სად იმყოფება, ვინ სამოთხის ნეტარებას განიცდის და ვინ ჯოჯოხეთის სატანჯველშია?.. ეს მხოლოდ დაახლოებით შეგვიძლია ვივარაუდოთ გარდაცვლილის ცხოვრების წესიდან გამომდინარე. რამდენად იცავდა ესა თუ ის პიროვნება უფლის მცნებებს, თუ შორს იდგა მათგან? ადამიანური გონებით მაინც შეუძლებელია იმის განსჯა, სად იმყოფება ჩვენგან წასული სული, ეს შეუცნობელია, ამიტომაც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი წმინდა ბასილი დიდის შეხედულება, იგი სულის შაბათს, ყველა მართლმადიდებელს მოუწოდებს, ილოცონ გარდაცვლილი ახლობლებისთვის. ამ ლოცვას მათთვის გადამრჩენელი მნიშვნელობა ექნება, ეს უფლისთვისაც მეტად სათნოა, ღვთისთვის ხომ გარდაცვალება არ არსებობს, მისთვის ყველა ცოცხალია - "მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ისააკისა, იაკობისა, ღმერთი ცოცხლებისა და მკვდრებისა..." ამ დღეს ჩვენი ლოცვაც სწორედ იმის რწმენას გულისხმობს, რომ რახან უფლისთვის ყველა ცოცხალია, მით უმეტეს, ადამიანი თავისი უკვდავი სულით, ჩვენ ერთ სიბრტყეზე ვდგავართ მათთან ერთად გარკვეულწილად, ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენი პრიორიტეტი ის არის, რომ მათგან განსხვავებით, ჯერ კიდევ ვაერთიანებთ სულისა და ხორცის იმ ორ საწყისს, რაც ღმერთმა ყოველ ადამიანში ჩადო და ჩვენს ქმედებაში უფრო აქტიურები ვართ. შეუძლებელია ადამიანმა სრულყოფილებას მიაღწიოს სულისა და ხორცის გარეშე, ჩვენი მიცვალებულები კი ჯერჯერობით დაშორებულნი არიან თავიანთ სხეულებს ქრისტეს მეორედ მოსვლამდე.

ღვთისმეტყველთა განმარტებით, ეს დროებითი მოვლენაა, მაგრამ მაინც ადამიანთა სევდის მიზეზია. სხვათა შორის, სულ ახლახან, როდესაც მე და ჩემი შვილები ტაძრიდან გამოვედით, ერთ-ერთმა ბავშვმა მკითხა, ამ საფლავის ქვემოთ, მიწაში, ადამიანის ჩონჩხიაო? ვუთხარი, რასაკვირველია, საფლავში ადამიანის ძვლები განისვენებენ და მეორედ მოსვლის ჟამს, უფალი ყველას აღადგენს თავიანთი საფლავებიდან-მეთქი. როგორო, - გაუკვირდათ, როდესაც ღმერთი სამყაროს ქმნიდა, მაშინ არაფრისგან შექმნა ასეთი მრავალფეროვნება, მისთვის ხომ შეუძლებელი არაფერია, მით უფრო, უკვე ერთხელ არსებული მატერიის განახლება-მეთქი, ბავშვების დარწმუნება უფრო ადვილია, მოზრდილი ადამიანისთვის კი, ბევრისთვის ეს წარმოუდგენელია. არადა, ღვთისმეტყველები ამ საკითხს ასე განგვიმარტავენ.

- თუმცა, როგორც ვიცი, ჩვენი სხეულები შეიცვლებიან, აღარ იქნებიან მიწიერნი...

- როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, ჩვენ გამოვიცვლებით, არ ვიცით, როგორი იქნება ჩვენი საქე, მაგრამ, რასაკვირველია, შევიცვლებით უკეთესობისკენ და არ ვიქნებით ისეთები, როგორებიც დღეს ვართ, თუმცა ადამიანის შემადგენლობა აუცილებლად იქნება სული და ხორცი.

ამბობს, ადამიანი მხოლოდ სულისა და სხეულისაგან შედგებაო, საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის დროს, არა მხოლოდ გარდაცვლილთა სხეულების შეცვლა და განახლება მოხდება, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც ცოცხლები იქნებიან და ქრისტეს მეორედ მოსვლა, გარდაცვალების გარეშე მოუსწრებთ, შეიცვლება ჩვენი არსებობის სახე, ცვლილება ალბათ ფიზიკურადაც მოხდება. როდესაც ამ საკითხზე უხდებათ საუბარი, განმმარტებელთა ერთი ნაწილი სახარების იმ ადგილს იხსენებს, როდესაც ლუკამ და კლეოპამ მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ვერ იცნეს, ეს კი იმის წინაპირობაა, როგორ შეიძლება ადამიანი შეიცვალოს მკვდრეთით აღდგომის შემდეგო, თუმცა, ყველა აღიარებს იმას, რომ ადამიანის პიროვნულობა გარდაცვალების შემდეგაც ხელშეუხებელი დარჩება, დავრჩებით იგივე, როგორებიც პიროვნულად ვიყავით, ბუნება, შესაძლებელია, შეიცვალოს, პიროვნება კი - არა, რადგან პიროვნება ადამიანის ბუნებაზე მაღლა დგას. სხეული პიროვნებას უნდა მიესადაგებოდეს. აქ იგულისხმება პიროვნების განღმრთობა და როგორც ქრისტეს პიროვნება არ შეცვლილა აღდგომის შემდეგ, განღმრთობილი ადამიანის პიროვნებაც უცვალებელი დარჩება. ეს იმდენად რთული და ღრმა საღვთისმეტყველო საკითხია, თავად პავლე მოციქულიც კი თავს იკავებს განსაზღვრების ზუსტი ფორმულირებისაგან და მხოლოდ ერთი სიტყვით შემოსაზღვრავს ამ ცვლილების მნიშვნელობა - "სასიკეთო", რაც მეტად საიმედო და დამამშვიდებელი უნდა იყოს ჩვენთვის.

ამაღლების შემდეგ მოციქულები ერთად ელოდებოდნენ იერუსალიმში დაპირებული ნუგეშისმცემლის - სულიწმიდის მოვლინებას. დილის 9 საათზე, მოულოდნელად იერუსალიმში უცნაური ქარი ამოვარდა და ციდან გადმოსული, ხელთუქმნელი ცეცხლი მოციქულებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე, ზოგიერთმა შეიძლება ეს არ ირწმუნოს, როგორ შეიძლება ციდან ცეცხლის ენები გადმოვიდეს, ადამიანებს თავზე დაადგეს და სხვადასხვა ენაზე აამეტყველოსო. პირადად მე ამ ცეცხლს ვადარებ მაცხოვრის საფლავზე დიდ შაბათს გადმოსულ ღვთაებრივ ცეცხლს (რასაკვირველია, მოციქულებზე გადმოსული ცეცხლი გაათმაგებული და გაასმაგებული მადლისა იქნებოდა). ეს ორივე ცეცხლი ერთი ბუნების ღვთიური წარმომავლობის არის და სიხარულიც ძალიან მსგავსია იმისა, რაც დიდ შაბათს მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ხდება.

ღმერთმა გაანათლოს ჩვენი გული და გონება სულიწმიდის მადლით და ამ დღეს აღვლენილი ლოცვა შეეწიოს ჩვენს მიცვალებულებს.

ბეჭდვა
1კ1