ჩემს დაბადების დღეს ზეცაში უნდა შევხვდე
ჩემს დაბადების დღეს ზეცაში უნდა შევხვდე
არქიმანდრიტი იოანეს (გვაჯაია) საგულისხმო და სანუგეშო საუბრები საღვთისმეტყველო თემებზე "კარიბჭის" მკითხველს კარგად უნდა ახსოვდეს. მოძღვრის გულწრფელი, მადლიანი სიტყვა მუდამ ჩაგაფიქრებდა.

მამა იოანეს ერისკაცობიდან ვიცნობდი, მაშინ სტიქაროსანი იყო. როცა ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერს ვესტუმრე, იქ უკვე შემოსილი ბერი იოანე დამხვდა. რამდენიმე ხანში იღუმენის ხარისხი მიანიჭეს, მერე არქიმანდრიტის... ღვთის შეწევნით, მამა იოანე ორი - ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის და ავჭალაში, წყალსადენის დასახლებაში ნათლისღების სახლობის მამათა მონასტრის წინამძღვარი გახლდათ. ორივე მონასტერი დაამშვენა, კეთილმოაწყო, მაგრამ ღვთის განგებით წუთისოფლიდან საკმაოდ ახალგაზრდა გავიდა და ჩვენს თვალს მხოლოდ მიეფარა...

10 მაისს მამა იოანეს გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა, ხოლო 15 მაისს 38 წლისა გახდებოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე თურმე ხუმრობით ამბობდა, - ჩემს დაბადების დღეს ზეცაში უნდა შევხვდეო. საფლავის ადგილიც შეურჩევია, საფლავის ქვასთან კანდელიც დაუდგამს, თითქოს გრძნობდა ამქვეყნიურიდან მარადიულობაში გადასვლას. საკუთარ დაბადების დღესაც უფლის წიაღში, ზეცაში შეხვდა.

მამა იოანეს სულიერი მოძღვარი და სასულიერო ცხოვრების გზის გამკვალავი არქიმანდრიტი სერაფიმე (ჭედია) გვიამბობს:

- მამა იოანე სასულიერო სემინარიაში სწავლისას გავიცანი, მაშინ ერის ადამიანი იყო. თავად ხირსის მამათა მონასტრის წინამძღვარი გახლდით. ის ობლობაში გაიზარდა, დედ-მამა თვალითაც არ უნახავს. ბიცოლამ გაზარდა. მისი ერთი ბიძაშვილი, ახლა უკვე მღვდელ-მონაზონი იოსები, მამა იოანეს მიერ დაარსებულ ნათლისღების მონასტერში ცხოვრობს...

სტუდენტობისას მცირედი პრობლემები გაუჩნდა. მოვუსმინე, დავარიგე. მონასტერში ცოტა ხნით ცხოვრების ნება მთხოვა. ხირსის მონასტერში ცხოვრობდა და საბოლოოდ დარჩენა გადაწყვიტა. სასულიერო სემინარია დაამთავრა. მისი სადიპლომო ნაშრომის განხილვას, რომელიც წმინდა ილია მართალს უკავშირდება, უწმინდესი ესწრებოდა და ძალიან მოეწონა. ცოტა ხანში უწმინდესს ბერობაზე წარვუდგინე. ყველაფერი უწმინდესთან იყო დაკავშირებული - მისი აღკვეცაც, მორჩილებაც, დიაკვნობაც, წინამძღვრადაც მანვე აკურთხა. თუმცა, მე არ მინდოდა ხარისხობრივად ასე მალე წასულიყო წინ. გამოცდილებას უცბად ვერ იღებს ადამიანი. მორჩილება ცოტა ხანს მოუწია. 2003 წელს ბერად აღიკვეცა.

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით პეტერბურგში უნდა წავსულიყავი. მსახურება იქ უნდა გამეგრძელებინა. მარტო არ მინდოდა წასვლა და უწმინდესს ვთხოვე, თან დიაკვანი წამეყვანა და ეს მამა იოანე ყოფილიყო. რატომღაც ჩემი წასვლა გადაიდო და სამების ლავრაში დამტოვეს. აქაც ერთად ვიყავით..

ბერობაში პატრიარქმა სახელიც შეურჩია, იოანე ნათლისმცემლის სახელზე აღიკვეცა ბერად. ძალიან უყვარდა და სასოებდა იოანე ნათლისმცემელს.

***
მამა იოანეს ძალიან უყვარდა მშობელი დედა, თუმცა არასდროს ენახა. დედის ტკივილი ბავშვობიდან მოჰყვებოდა და შინაგანად წუხდა კიდეც. ბერობაში ეს ტკივილი უფრო გაუმძაფრდა. პატარა ბავშვივით იძახდა, - დედასთან მინდა, დედასთან მინდაო. ბოლო რამდენიმე წელი სულ საუბრობდა სიკვდილზე. ამის განცდა მუდამ გვაქვს, მაგრამ მას განსაკუთრებით ახასიათებდა. მაშინ ყურადღებას ნაკლებად ვაქცევდით... სიცოცხლეშივე დაიდო საფლავის ქვა და კანდელი. კანდელი დღესაც დევს. მხოლოდ საფლავის ქვა შევცვალეთ. ერთი მორჩილისთვის უთქვამს, - მოდი და ჩემს ცოდვებზე იტირე ხოლმეო. თითქოს წინასწარ იცოდა გარდაცვალება.

მამა იოანე ყველას უყვარდა. უწმინდესი ენდობოდა. რასაც ავალებდა, ყველაფერს პირნათლად აკეთებდა. უწმინდესს არაერთხელ უთქვამს, - სიტყვა დასრულებული არ მქონდა და უკვე გაკეთებული ჰქონდაო. მადლს ხელიდან არ უშვებდა. მამა იოანე ერობაში სულ რაღაცას ეძებდა და იპოვა კიდეც თავისი ადგილი. მისი ცხოვრება მონასტერში წამოსვლის შემდეგ რადიკალურად და მიზანმიმართულად შეიცვალა. მამა იოანე ჩემი პირველი აღკვეცილი ბერია. ხორციელი ძმა არ მყავს და ის იყო ჩემთვის ძმაც, მეგობარიც, შვილიც

***.
ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და ირგვლივ ყველაფერი მის ხელში მოწესრიგდა და დამშვენდა. მამა იოანეს გარდაცვალების შემდეგ გადაწყდა, ნაქულბაქევში დედათა მონასტერი დაფუძნებულიყო. მონასტრის წევრები მისი სულიერი შვილები არიან და ისინი აგრძელებენ მონასტრულ ცხოვრებას. მწირველი მღვდელი მამა ლუკა რუხაძე გახლავთ. ამავე მონასტერთან წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძრის მშენებლობის დაწყებაც მამა იოანეს სიცოცხლეშივე გადაწყდა. ტაძრის მშენებლობა მალე დასრულდება. ეს მამა იოანეს დამსახურებაა. ტაძრის მშენელობას უმთავრეს ფინანსურ დახმარებას უწევენ ბატონები: ნუგზარ დემეტრაძე და ბესარიონ ჭელიძე.

მშენებლები არიან ბატონები: ალექსანდრე ხვედელიძე და ბადრი მშვილდაძე.

ავჭალის წყალსადენის დასახლებაში მდებარე ნათლისღების სახელობის მამათა მონასტრის კეთილმოწესე კიMმამა გიორგი (ქობალია) გახლავთ. ვფიქრობთ, რომ მამა გიორგი მონასტერს უწინამძღვრებს. მონასტერში რამდენიმე ბერი ცხოვრობს, მათ შორის მამა იოანეს ბიძაშვილი.

უკვე ერთი წელი შესრულდა მამა იოანეს გარდაცვალებიდან. ღმერთმა ისეთი განსაცდელი არ მოგვივლინოს, რომ ჩვენი მიცვალებული, ყველაზე ახლობელი ადამიანი დაგვავიწყდეს.

***
მამა იოანე ლექსებს რომ წერდა, ეს შეიძლება ბევრმა არც იცის. ჩვენი ჟურნალის მკითხველს ვთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

დედა
ღამემ კალთა დამაფარა,
ჩამობნელდა მუქად,
მაინც ვხედავ შენს
წყნარ თვალებს
საყვარელო, დედავ!
გხედავ მაღლა ვარსკვლავებში,
ცის სიღრმეში გხედავ,
ხან მიცინი, ხან მიწყრები,
საყვარელო დედავ!
მინდა ტკბილდ დავიძინო
შენზე ფიქრში დედავ,
ეჰ! სიზმარში მთელი ღამე
შენ გხედავდე ნეტავ.


უწმინდესს
დღეს წირვაზე უწმინდესი მადლით სავსე წმინდა იდგა,
უფალ ღმერთსა ისე მიწვდა, მადლი მისი სხივად იქცა.
ღმერთო, დიდო, საკვირველო, მიეც ძალა დიდი ხნისა,
რომ იხილოს სიმშვიდე და სიყვარულიერის თვისა,
გმადლობთ, ღმერთო, რომ მოგვხედე ქართველ ერსა
და არ ტოვებ განსაცდელის ჟამსა ძნელსა,
უწმინდესო, თქვენი ლოცვით მოსცეს ღმერთმა ძალა ერსა.


წმინდა ილია მართალს
წმინდანის გული ივსება სულით,
როცა იზრდება სიყრმიდან რჯულით,
სიმართლე მისთვის იქნება ფუნჯი,
ვითარცა კვერთხი ხალხისთვის მწყემსი.
ტილო საქმისთვის, გული ხალხისთვის
მზრუნველი ძგერით და სიყვარულით
იქნა ერთგული, როგორც რჩეული
მამულისათვის ჯვარზე ვნებული.

ბეჭდვა
1კ1