დიდი გულის, დიდი სიყვარულის მქონე კაცი დააკლდა "კარიბჭის" პატარა ოჯახს...
დიდი გულის, დიდი სიყვარულის მქონე კაცი დააკლდა "კარიბჭის" პატარა ოჯახს...
„და მაინც ვძერწავთ საკუთარ სახეს იმ დღისთვის, როცა აღარ ვიქნებით“.
ო. ჭილაძე

იმ დღეს, როცა აღარ ხარ, სწორედ იმ საბედისწერო დღეს, ერთბაშად გამოაშკარავდება ამ სოფელში დარჩენილთა თვალწინ ყველაფერი, რაც გიკეთებია მოყვასის სიყვარულით, უფლის სახელით, გადაიშლება ერთ ამოსუნთქვად მთელი შენი ტკივილიანი გზა, გაცხადდება ბევრი დაფარული სიკეთე და სულიერ მანანად ეპკურება შენს დანატოვარ ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, სამშობლოს...

იმ ტკივილიან დღეს, როცა აღარ ხარ ამ სოფლისთვის და როცა გადაინაცვლებ მარადიულ სამყოფელში,  ერთბაშად მიხვდება ყველა, რომ მაინც იმაზე მეტი იყავი მათთვის, ვიდრე ეგონათ, ვიდრე იცოდნენ, ვიდრე გრძნობდნენ...

ვერც ცრემლიანი გამოსამშვიდობებელი წერილებით, ვერც თბილი მოსაგონარით ვერ იტყვიან იმას, რასაც მათი გულები იგრძნობს შენი დაკარგვის დღეს. შენ კი  ჩაგეღიმება ჩვეული თბილი ღიმილით და მშვიდი დუმილით ანუგეშებ.

***
დავცარიელდით...
დავცოტავდით...
დიდი გულის, დიდი სიყვარულის მქონე კაცი დააკლდა "კარიბჭის" პატარა ოჯახს...
და დღევანდელი საკაცობრიო ტკივილების ფონზე, კიდევ ერთი დიდი ტკივილი დაგვიტოვა - მის გარეშე ყოფნის...
აი, ამ "დიდი ბავშვის" გარეშე - ასე ვუძახდით მისი განსაკუთრებული ბავშვური სისუფთავის, გულუბრყვილობის, სიკეთის გამო...
არ გვინდა, თქვენც დაგამძიმოთ, ჩვენო მკითხველო, მაგრამ ახლა ძალიან გვიჭირს...
გთხოვთ, მოიხსენოთ თქვენს ლოცვებში ახალშესვენებული ამირან-ლაზარე სინაურიძის სული.
ღმერთო, შეიწყალე, მიუტევე შეცოდებანი და დაამკვიდრე მართალთა შორის!

***
საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი ამირან-ლაზარე სინაურიძე ოთხი ათეული წელია, ნაყოფიერად მოღვაწეობს ქართულ ჟურნალისტიკაში და ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებასთან თანამშრომლობის მდიდარი გამოცდილება დააგროვა.

აი, რას წერდა იგი თავისივე წიგნის - "მიმყვანელთ ჩვენდა ცნობად კეთილისა" - შესავალში:
"გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან, საქართველოში დაიწყო სულიერი გამოღვიძების და ეროვნული თვითშეგნების აღმავლობის შეუქცევადი პროცესი. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ჩემი აქტიური პოლიტიკიდან რელიგიური საკითხებით დაინტერესება, რაც უშუალოდ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის სახელს უკავშირდება. მაშინ სიონის ტაძრის მრევლთაგანი ვიყავი, ნინოობას, დავითობას და თამარობას საქართველოს ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო პროგრამა "მოამბეში" გავიდა ჩემი სიუჟეტები ამ წმინდანების ცხოვრებაზე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს არ გამორჩენია ეს მხედველობიდან და ერთხელ, როცა სიონში წირვა-ლოცვას ვესწრებოდი, ამდენ ხალხში, ჩემსკენ გამოემართა და სახეგაბრწყინებულმა მითხრა: "მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი საქმიანობისთვის, რასაც ეწევით, ასე განაგრძეთ..." _ ისე დავიბენი, საპასუხოდ ვერაფერი ვუთხარი, მაგრამ პატრიარქის შექებამ იმხელა სტიმული მომცა, მტკიცედ გადავწყვიტე რელიგიურ თემატიკაში მომესინჯა კალამი და შეძლებისდაგვარად, დღემდე ვასრულებ ამ კურთხევას.



წინამდებარე წიგნზე 2006 წლიდან დავიწყე მუშაობა და ორი წლის თავზე თითქმის დავასრულე, მაგრამ ვიდრე სპონსორი არ გამოჩნდა, ვერ შევძელი
მისი გამოცემა. 2007 წლიდან დაიწყო მათი გამოქვეყნება ჟურნალ "კარიბჭეში" და შესაბამისად, ამ დროიდან ვთანამშრომლობ "მედიაჰოლდინგ პალიტრასთან".
როდესაც ასეთი პიროვნებების ცხოვრებაზე გიხდება წიგნის დაწერა, ცხადია, სულიერი ბრძოლებიც მატულობს და თითქოს შენი ცხოვრებაც რადიკალურად იცვლება, მაგრამ მადლობა ღმერთს, შემწეობასაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე გრძნობ და უფრო სხვაგვარად აღიქვამ სამყაროს.


***
ბატონი ამირანის ბიოგრაფიას რომ გაეცნოთ, გაოცდებით, ისეთი მრავალფეროვანი და ბობოქარი შემოქმედებითი გზა აქვს გამოვლილი, მაგრამ ცხოვრების დაისზე ჟურნალ "კარიბჭეში" მოიყვანა ღვთის ნებამ და ამითი ძალიან ბედნიერი იყო, არც მალავდა, რომ სასულიერო თემატიკაზე მუშაობა მისთვის ყველაზე დიდი სიამოვნება გახლდათ და რუდუნებით ემსახურებოდა საქმეს, რომელიც მთელი არსებით უყვარდა.

იყო ღრმად მორწმუნე უფლისა, უპირობოდ ერთგული დედა ეკლესიისა,  ძალიან განიცდიდა იმ ქარტეხილებს, ბოლო დროს რომ დაგვატყდა თავს. მაგრამ კაცთმოყვარე ბუნების მქონეს, არასოდეს დასცდენია აუგი ვინმეზე.



***
გადაინაცვლა მარადისობაში უფლის ერთგულმა ჯარისკაცმა - ჩვენმა ამირან-ლაზარე სინაურიძემ. დაგვიტოვა დიდი სევდა, მონატრება და ტკივილი, მაგრამ ჩვენ ხომ, იმთავითვე უფლის სახელით შეკრებილები, ერთმა საქმემ გაგვაერთიანა. ეს არის ერთობა უფლის სადიდებლად და ხორციელი განშორება ვერაფერს აკლებს ასეთ ერთობას, რადგან თავად ღმერთია ჩვენ შორის, რამეთუ ღმერთი იყო ჩვენი ერთად ყოფნის მიზანიც.

აკი თავად მოიფიქრა ჟურნალისთვის რუბრიკა "სულთა კავშირი" და ბოლო დროს განსაკუთრებული გულმოდგინებით სწორედ ამ თემებზე მუშაობდა. განუწყვეტლივ ფიქრობდა გარდაცვალებაზე, მარადიულ სიცოცხლეზე...
ჰოდა, სადაც ვიქნებით, აქ თუ იქ, ჩვენს ერთობას ვერაფერი დაარღვევს, ბატონო ამირან, აწ უკვე ჩვენო იმქვეყნიურო თანამოაზრევ, იმედო და დასაყრდენო.
უფალს ვთხოვთ, შეიწიროს ლაზარეს კეთილი საქმეები, შეცოდებანი მიუტევოს და სასუფევლის მკვიდრი გახადოს.



ბეჭდვა
1კ1