მშვიდობით, ჩემო ძმაო და მამაო, ჩემო ქრისტესმიერ საყვარელო უკეთილშობილესო მეგობარო!
მშვიდობით, ჩემო ძმაო და მამაო, ჩემო ქრისტესმიერ საყვარელო უკეთილშობილესო მეგობარო!
მამა ილია ჩიკვაიძე საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გულის ამაჩუყებელ მოგონებას გადმოგვცემს, რომელიც მეუფე დიმიტრის გვერდით გატარებულ მისი სიცოცხლის ბოლო წუთებზე გვიამბობს...

ხორნაბუჯისა და ჰერეთის მღვდელმთავარი მეუფე

დიმიტრი კაპანაძე გარდაიცვალა!
ჩვენ ერთ პალატაში ვიწექით, რეანიმაციაში.
ის იყო უბრალო და ნათელმოსილი ადამიანი, სასოებით და სიყვარულით სავსე, ბავშვის ღიმილში გაბრწყინებული თვალებით...
საერთო ბევრი აღმოგვაჩნდა; წარმოშობით ხარაგაულიდან იყო, კარგად სცოდნოდა ცხონებული ბაბუაჩემი, ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ ჩიკვაიძე, მამიდა, მამიდაშვილები, ორივეს გაგვიხარდა...

იმ დღეს საინგილოდან მღვდელმა დაურეკა, პატარა ბავშვივით ცას ეწია სიხარულით, მამაო, საინგილოდან დამირეკესო; ეს იყო ნათელი შტრიხი, მეუფე დიმიტრის სასუფევლისმიერი მდგომარეობისა, მისი სულიერი ბუნებისა; ერთ პურს ვჭამდით, ერთ ხილს, ერთ წყალს ვიხმევდით, მერე უეცრად გაურთულდა, იბრძოლა ნინო ჯაბაურის ბრიგადამ, გააფთრებით იბრძოლა, მდგომარეობა სტაბილური გახდა, სხვა ბოქსში გადაიყვანეს; ორკვირიანი რეანიმაციული მკურნალობის შემდეგ, შევძელი ფეხზე დადგომა, მომხსნეს ჟანგბადიდან, ხელებიც გამითავისუფლეს 24 საათიანი გადასხმების რეჟიმიდან, მივაკითხე მეუფეს, ვემთხვიე, დაველოცვინე, გაუხარდა, მადლობაო, იმ პერიოდში დროდადრო შემომითვლიდა ესა და ეს საჭმელი ჭამეო, სამი დღის წინ, გარდაცვალების წინა ღამეს კორვალჯი გამომიგზავნა, მამაოს წნევა აქვს, გულისთვის კარგიაო, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის ასეთი მდგომარეობისა, სულ საქმის კურსში იყო; გათენდა 23 იანვარი, თურმე მისი გარდაცვალების დღე...

ჩვეულებისამებრ მივაკითხე მეუფეს, ვემთხვიე სპეტაკ მარჯვენაზე, მოვეფერე, გაიღიმა, ჯვარი გამომსახა და თავზე ხელი დამადო, რა ვიცოდი მე უღირსმა, რომ მღვდელმთავრის ბოლო დალოცვა, მე ცოდვილს მხვდებოდა წილად; თვალებით შორს მიღმიეთში იმზირებოდა, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, უხილავად საკვირაო წირვაზე იდგა, მე ასე დავარქმევდი ამ ფაქტს _ ზეცაში მარადიულად გრძელდება წირვა...

მალევე შეუძლოდ გახდა, მთელი მედპერსონალი ჩაერთო რეაბილიტაციის უმძიმეს საქმეში, მაგრამ...

ექიმებმა ჩემს პალატაში შემიყვანეს, პოსტკოვიდურ პერიოდში თქვენი ასეთი ნერვიულობა არ შეიძლება, გთხოვთ პალატაში დარჩეთო, მე ცრემლებით ვთხოვდი უფალს, თუ იქნებოდა მისი წმინდა ნება, დაეტოვებინა ჩვენთვის მეუფე, ლოცვისას გაიღო პალატის კარი და მეუფე შემოვიდა, ტანზე თეთრი პერანგი ემოსა, ორივე ხელი მაღლა ასწია, ღიმილით დამიქნია, მერე ბაგესთან მიიტანა, თითქოს ამბორი გამომიგზავნაო და ხელებაღმართული ზემოთ დაიძრა, მემცხეთა, გამოვვარდი დერეფანში, მეუფის პალატიდან უკეთილშობილესი მედდა თამარ კობიაშვილი ცრემლიანი თვალებით გამოდიოდა, მეუფე იმ წუთს გარდაცვლილიყო;

და მე, ცოდვილ მღვდელს მერგო მძიმე ხვედრი, პირველი ცრემლიანი პანაშვიდი გადამეხადა, რეანიმაციაში, კოვიდინფექციის გართულების შედეგად მოწამეობრივად აღსრულებული უფროსი ძმისა და მღვდელთავრისათვის;
არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი ექიმების უდიდესი პროფესიონალიზმი და მოქალაქეობრივი ზნეობა, მათი თავდადება, კრისტალურობა, რელიგიური ცნობიერება, ესენი არიან ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენისათვის თავდადებული, მებრძოლი ლომები...
ჩემო მეუფევ! ჩვენი განზრახვა, რომ გაზაფხულზე, როდესაც ორივენი კარგად ვიქნებოდი, ავიდოდით ხარაგაულში და ჩვენი წინაპრების საფლავებს ერთად დავლოცავდით, განზრახვად დარჩა; ახლა , შენ უკვე ზეციდან აკურთხებ ყველას და ყველაფერს და უფლის წიაღიდან შეეწევი ჩვენი სულების ცხონებასა და გადარჩენას.

მშვიდობით, ჩემო ძმაო და მამაო, ჩემო ქრისტესმიერ საყვარელო უკეთილშობილესო მეგობარო!
იძინე მშვიდად შენს მყუდრო ძილში, ჩემო ტკბილო ადამიანო!

მაცხოვრის ნათლით განბრწყინვებულო, მოწამეობრივად აღსრულებულო მამავ და მღვდელმთავარო!..

ბეჭდვა
1კ1