„ვუსამძიმრებ "საყდარ ბებოს" და სრულიად საქართველოს!“
„ვუსამძიმრებ "საყდარ ბებოს" და სრულიად საქართველოს!“

13 დეკემბერს საინგილოში, კახის რაიონის ქართული სოფლის - ქოთოქლოს სამაროვანზე (ასე უწოდებენ ამ კუთხეში სასაფლაოს) ამავე სოფლის წმინდა სამების ტაძრის მრევლი და ეკლესიის ამოქმედების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი - მახარე ჯანაშვილი დაკრძალეს.


კახის რაიონის სოფელი ქოთოქლო (ისტორიული შუახევი) მართლმადიდებელი ქართველებითაა დასახლებული და ამჟამად იქ 200-მდე კომლი (700-მდე ადამიანი) ცხოვრობს.

 


მახარე ჯანაშვილს მის ოჯახთან და სოფლის მოსახლეობასთან ერთად დიდი ღვაწლი მიუძღვის კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოს წმინდა სამების ქართულ ეკლესიის აზერბაიჯანული კანონმდებლობით რეგისტრაციისა და ქართული მხარის ჩართულობით მისი ამოქმედების საქმეში, რასაც სოფლის მოსახლეობა თითქმის საუკუნის განმავლობაში ელოდა (ბოლო წირვა-ლოცვა ამ ტაძარში 1920 წელს ჩატარდა, რასაც კომუნისტური რეჟიმის 70-წლიანი ბატონობა მოჰყვა).


1988 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აზერბაიჯანის სულიერ ლიდერთან - შეიხ ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადესთან და აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმებით საინგილოში პირველი ქართველი მოძღვარი - მღვდელი დიმიტრი სუხიტაშვილი დანიშნა, რომელსაც კახში გამგზავრების წინ დეკანოზობა უბოძა. კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოში ჩასულ ქართველ მოძღვარს წმინდა სამების ქართულ ტაძარში სკოლა დახვდა, სადაც მერხები იდგა და მოსწავლეებისთვის შრომის გაკვეთილები ტარდებოდა, ხოლო საკურთხეველი ხანძრის გამო ნახევრად დამწვარი იყო (მას ზოგი ძველი საეკლესიო ნივთი დამწვარი დახვდა).

 

იმ დროს ტაძრის ძველი ზარი სამრეკლოდან ჩამოხსნილი იყო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სკოლა ზარს გაკვეთილების დასაწყებად იყენებდა. დეკანოზმა დიმიტრიმ, აწ განსვენებულმა მახარე ჯანაშვილმა, მისმა დედამ - ვერა ბერიკაშვილმა სოფლის მოსახლეობის ძალისხმევით ტაძრის შენობიდან სკოლის მერხები გაიტანეს, ეკლესია მოაწესრიგეს და ზარიც დაკიდეს. მიუხედავად ამისა, სოფლის მოსახლეობა ამის შემდეგაც ეკლესიის ამოქმედებას 30 წელზე მეტხანს, იობისებური მოთმინებით ელოდა.


ჯერ კიდევ საქართველოს დიასპორის მინისტრის - კოტე სურგულაძის ხელმძღვანელობისას (2012-2014) აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენელები, მოლაპარაკების შედეგად, დათანხმდნენ ტაძრის რეგისტრაციასა და ამოქმედებაზე, თუმცა ეს მხოლოდ 2019 წელს მოხერხდა, რამაც ადგილობრივი მართლმადიდებელი ქართველების დიდი სიხარული გამოიწვია. მამა დიმიტრი სუხიტაშვილმა (რომელიც ამჟამად თბილისის ქვაშვეთის ტაძრის დეკანოზია) ქოთოქლოს წმინდა სამების ეკლესიის ნახევრადდამწვარ საკურთხეველში 1988 წელს ნაპოვნი ძველი საეკლესიო ნივთები ახლადნაკურხ ტაძარს ამოქმედების შემდეგ, 2019 წელს დაუბრუნა. თბილისიდან საინგილოში ეს საეკლესიო ნივთები მახარე ჯანაშვილმა ჩააბრძანა.


ტაძრის მოვლა-პატრონობისა და ამოქმედების საქმეში, რასაც მრავალწლიანი შრომა უძღოდა წინ, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მახარე ჯანაშვილის დედას - ამავე სოფლის გერმანული ენის მასწავლებელს, 80 წლის ვერა ბერიკაშვილს, რომელსაც "საყდარ ბებოს" სახელით იცნობენ.


მახარე ჯანაშვილი 54 წლის იყო. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 90-იან წლებში მახარე ჯანაშვილი იყო ტაოკლარჯეთისა და კაბადოკიის პირველი მკვლევარი და პილიგრიმთა გზამკვლევი, ვინც დაიწყო ექსპედიციები და ქართველ მომლოცველთა ორგანიზებული ჩაყვანა თურქეთის ქართული სიწმინდეების მოსალოცად (იგი სრულყოფილად ფლობდა აზერბაიჯანულ და თურქულ ენებსაც).


იგი 10 დეკემბერს გარდაიცვალა თბილისში და 12 დეკემბერს გადაასვენეს მის მშობლიურ კუთხეში.


მახარე ჯანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და ოჯახს მიუსამძიმრა საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ.

ქართველი ენათმეცნიერი, თსუ-ის სრული პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ცირა ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს: "რა დასანანია... მახარე ჯანაშვილის გარდაცვალება ძალზე სამწუხაროა, დიდი დანაკლისია საინგილოსთვის და, საზოგადოდ, ჩვენთვის... ვფიქრობ, საჭიროა საინგილოს საკითხში ქართული სახელმწიფო სტრუქტურების გონივრული და კონსტრუქციული ქმედებები... საბჭოთა პერიოდში ახერხებდა საქართველო ხელი შეეწყო სტუდენტთა სწავლებისათვის საქართველოში. ასეთი კურსელებიც მყავდა. ახლა ამაზეც კი არავინ საუბრობს... არადა, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, გვაქვს კარგი ურთიერთობები საგანმანათლებლო საქმეში... უნდა გამოვიყენოთ ყველა ადამიანური რესურსი, რომ დაცული იყოს ინგილო ქართველთა იდენტობა... ბმა სამშობლოსთან ყველა სფეროში... ვუსამძიმრებ "საყდარ ბებოს" და სრულიად საქართველოს!"
აღსანიშნავია, რომ ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული აწ განსვენებულ მახარე ჯანაშვილსაც.


"ჩვენი მახარე... უწესიერესი ბიჭი, უერთგულესი ადამიანი თავისი მიწის... ექვსი წლის განმავლობაში გვიხდებოდა ორივეს გვეტარებინა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი... ვიყავით თანაკურსელები... მახარე იყო ის, ვინც თანაკურსელებიდან ერთ-ერთი პირველი გავიცანი... მოკრძალებული, ალალი, სიკეთით აღსავსე ბიჭი! უფალმა ნათელში გამყოფოს, მახარე, ჩვენო კარგო ადამიანო!" - წერს მ. ჯანაშვილის ერთ-ერთი კურსელი მზია ხაბეიშვილი. "ჩვენი ალალგულა მახარე, თსუ სტუდქალაქიდან ვმეგობრობდით 90-იანებიდან. საოცარი კაცი. ღმერთმა აცხონოს..." - წერს მისი სტუდენტობის მეგობარი ლევან ხაჭაპურიძე.


"ძალიან სამწუხაროა, ასეთი ღირსეული ადამიანების წასვლა ამქვეყნიდან. ყველაფერი კარგად მახსოვს პირველი დღიდან. მახარე ჯანაშვილი - სოფ. ქოთოქლოს ღირსეული ადამიანი და ტაძრის ამოქმედების ერთადერთი, დაუღალავი პატრიოტი ადამიანი იყო. ღმერთმა გაანათლოს მისი სული" - წერს ამ კუთხის წარმომადგენელი ემზარ სუყაშვილი.
"რა სამწუხაროა! საუკეთესო მოგონებები ტაო კლარჯეთან და კაბადოკიასთან, მახარეს სახელთან ასოცირდება. ღმერთმა ნათელში გამყოფოს!" - წერს კომენტარებში ერთ-ერთი პილიგრიმი შორენა ნაჭყებია, ციცო გემაზაშვილი კი ამატებს - "მახარე ძმაო ჩვენი პილიგრიმები და მე არ დაგაკლებთ ლოცვებში მოხსენიებას!"

მართლაც მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის მშობლიური საინგილოს მიწა! უფალმა გაანათლოს მახარეს უკვდავი სული!


ბეჭდვა
1კ1