მეორედ მოსვლა და გარდაცვალება დაფარულია ყველასთვის
მეორედ მოსვლა და გარდაცვალება დაფარულია ყველასთვის
სიკვდილის შიში დამახასითებელია ადამიანური ბუნებისთვის, რადგან კაცთა მოდგმაში არაბუნებრივად შემოვიდა იგი, ამიტომაც ეშინია გარდაცვალების ადამიანურ ბუნებას და გაურბის მას. მეტად ამაღელვებლად აღწერენ მახარებლები უფლის მწუხარებას გეთსიმანიაში: "შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკვდილამდე", - ამბობს მაცხოვარი მოახლოებული ჯვარცმის წინ. "იწყო მწუხარებად და ურვად", "იწყო დასულებად და ურვად", "და იყო იგი ღუაწლსა შინა, უმეტესღა ილოცვიდა და იქმნა ოფლი მისი ვითარცა ცვარი სისხლისა", - აღნიშნავენ მათე, მარკოზ და ლუკა მახარებლები. ღვთისმეტყველთა სწავლებით, აქამდეც ჰქონდა მას განცდილი ადამიანური მწუხარებანი, ტიროდა ლაზარეს გარდაცვალებას, დასტიროდა იერუსალიმს, მაგრამ ყველა ეს მწუხარება იყო ძალზე მცირე იმ მწველ მწუხარებასთან, რითაც ახლა იყო სავსე მისი სული. "და წარვიდა მცირედ და დავარდა პირსა ზედა თვისსა", მოიდრიკა მუხლნი, პირით დაემხო მიწაზე და ილოცვიდა...

"ადამის ცოდვის გამო დედამიწა დაწყევლილი იყო შემოქმედისგან; ახლა ღმერთმა მოუხსნა ეს წყევლა, დაემხო რა სახით, ხელებგაშლილი თითქოს ეამბორებოდა და ეხვეოდა მას. უფალი დაეცა და დედამიწა გადაიქცა სიცოცხლის მიწად, ნაკურთხად. მიწა, მიწა, - შესძახებს დიმიტრი როსტოველი, - შეისმინე სიტყვა: ღმერთი სიტყვა დაემხო შენზე პირით, - როგორც მეგობარმა, დაიტირა უწინდელი შენი დაცემა და ახლა ხელახლა მოგეხვია, როგორც თავისიანს, მის წიაღში დაბრუნებულს..." მაცხოვარი ლოცვით შეჰღაღადებს ზეციურ მამას: "მამაო ჩემო! უკეთუ შესაძლებელ არს, - შენთვის კი ყოველივე შესაძლებელია, - თანა წარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე, ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ..." მამათა განმარტებით, როცა ამბობს: "თანა წარმხედინ ჩემგან", აჩვენებს თავის ადამიანურ ბუნებას, ხოლო როცა ამბობს, "არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ", ამით აჩვენებს თავის სიმამაცეს და სიმტკიცეს, რითაც ჩვენ გვასწავლის ღმერთის მორჩილებას, მიუხედავად ბუნების წინააღმდეგობისა" (წმინდა იოანე ოქროპირი). მაგრამ რას ნიშნავს ეს ვედრება და ლოცვა მამისადმი, რათა იგი იხსნას სიკვდილისაგან, ლოცვები კვნესითა და ცრემლით, უდიდესი შინაგანი წუხილით? მთავარეპისკოპოსი ინოკენტის განმარტებით, "სამართლიანია, რომ წამება უდიდესი გამოცდაა ყოველი ადამიანური სხეულისათვის, უდავოა, რომ წამება უფრო მეტად მტანჯველი შეიქმნა ადამიანთა გამომხსნელის უწმინდესი სხეულისათვის, რომელიც, იმის გამო, რომ ცოდვასთან არ ჰქონდა წილი, იყო შეუდარებლად მგრძნობიარე სატანჯველებისადმი". სამაგიეროდ, მაცხოვრის სიკვდილისა და გოლგოთაზე კაცობრიობის ხსნისათვის გაღებული უდიდესი მსხვერპლის შემდეგ ადამიანთათვის სიკვდილი გაცილებით უხიფათო გახდა, ვიდრე მანამდე იყო, რადგან ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ადამიანს გაეხსნა გზა უფლისაკენ, საუკუნო ცხოვრებისა და მარადიული ნეტარებისაკენ, სწორედ ესაა ადამიანთა გამოხსნის საიდუმლო ეშმაკის ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობისგან. სახარებაზე დაყრდნობილი ეკლესიური სწავლებით, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მართალთა სხეულები იესო ქრისტეს სხეულის მსგავსი იქნება, როგორც ქრისტეს სხეულმა განვლო დახშულ კარში, ასევე იქნება ნივთიერებათა განმსჭვალვის შემდეგ ადამიანთა განსულიერებული სხეულები, რომლებიც წარმოუდგენელ სიმსუბუქესა და თავისუფლებას შეიძენენ გადაადგილებისა და მოძრაობის დროს. მოციქულთა რწმუნებით, საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის შემდგომ ჩვენი სხეულიც განდიდდება და "თანა-ხატ-ექმნება" დიდების სხეულს. წმინდა ეფრემ ასურის სიტყვებით: "ყველანი ისეთ სხეულებს მიიღებენ, რომლებიც შესაბამისი იქნება მათი საკუთარი საქმეებისა. მართალთა სხეული მზის სინათლეზე შვიდგზის უფრო გაბრწყინებული იქნება, ხოლო ცოდვილთა სხეულები - ბნელნი და სიმყრალით აღსავსენი; და თითოეულის სხეული მის საქმეებს წარმოაჩენს, იმიტომ რომ თითოეული ჩვენგანი საკუთარ საქმეებს სხეულითვე ვატარებთ". ამიტომ გვირჩევენ წმინდა მამები, კეთილგონიერებითა და სიფრთხილით მოვეკიდოთ საკუთარ სხეულს, დავიცვათ ყოველგვარი მანკიერებისგან, ცოდვით არ შევბღალოთ და არ გავუძნელოთ ეს ნანატრი გარდაქმნა მეორედ მოსვლის ჟამს.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:
- მაცხოვრის მეორედ მოსვლასთან, ბოლო ჟამთან და გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხები ძალზე აწუხებთ თანამედროვე ადამიანებს. შეიძლება ამას ბოროტი ცნობისმოყვარეობაც ვუწოდოთ, რადგან უფალი თავის ქადაგებებში მრავალგზის შეგვაგონებს, რომ ჩვენთვის ამის ცოდნა არათუ აუცილებელი არ არის, არამედ საზიანო უფროა. სახარებაში უფალი ყოველთვის ხაზგასმით მიგვანიშნებს, რომ ისეთი მოვლენები, როგორებიც არის მეორედ მოსვლა და გარდაცვალება, დაფარულია ყველასთვის. მაცხოვარს იგავში კარგი შედარება მოჰყავს: როგორც ქურდი მოულოდნელად მოდის ჩვენი ბინის გასაძარცვად და წინასწარ არ გვაფრთხილებს ამის შესახებ, სიკვდილიც მოულოდნელად გვეწვევა, ამიტომ ყოველთვის ფხიზლად და მზად უნდა ვიყოთ მის დასახვედრად და არ მივცეთ საშუალება ბოროტებას, უფალი დაგვაკარგვინოს. ქურდი შუაღამეს არჩევს თავისი საქმისათვის, ჩვენი ცხოვრებაც ერთგვარი შუაღამეა ჩვენი ცოდვების გამო, ქურდი მაშინ გესხმის თავს, როცა არ ელი და ყოველთვის ხელსაყრელ დროს ნახულობს სახლის გასაქურდად, ასევე საიდუმლოებით არის მოცული ჩვენთვის საყოველთაო სამსჯავროსა და ჩვენს გარდაცვალებასთან დაკავშირებული ჟამის დადგომის წინასწარ ცოდნა. ბევრს აინტერესებს, რატომ არის ეს ჩვენთვის დაფარული? იმიტომ, რომ ადამიანის მთავარი მიზანი და დანიშნულება ამქვეყნად უნდა იყოს ცხონება. რომ ვცხონდეთ, უნდა გვიყვარდეს უფალი და ყოველ წუთს სიყვარულით ვემსახურებოდეთ მას, არ არის ამისთვის საჭირო რაიმე პერიოდის ცოდნა, როგორც, ვთქვათ, ზარმაცი სტუდენტები აკეთებენ, სესიების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე იწყებენ მეცადინეობას გამოცდის ჩასაბარებლად, მანამდე კი არ იწუხებენ თავს, რადგან ფიქრობენ, რომ ამისთვის არ სჭირდებათ განსაკუთრებული მომზადება. იმიტომ არ გვეუბნება უფალი, როდის დაგვიდგება გარდაცვალებისა და მეორედ მოსვლის ჟამი, რომ ადამიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს უფალთან შესახვედრად, რომ ვისწავლოთ ქრისტეს სიყვარული, ერთმანეთის სიყვარული და დაფასება, სიყვარულისთვის კი, მოგეხსენებათ, დრო და ჟამი არ არსებობს. ამ იგავში კიდევ ერთი საყვედური გამოსჭვივის სიმდიდრისმოყვარულთა და მცონარეთა მიმართ, კერძოდ ის, რომ ვინც თავის სულზე ნაკლებად ზრუნავს და მხოლოდ ქონების დასაგროვებლად ირჯება, საბოლოოდ წარიწყმედს სულს. ეს იგავი შეიძლება შეეხოს სამოქალაქო ხელისუფალთაც. ყოველმა ხელისუფალმა, თუ ის ბრძენი და კეთილგონიერია, ღვთისგან ნაწყალობევი ნიჭი საერთო კეთილდღეობისკენ უნდა წარმართოს, ხოლო თუ თავის სიმდიდრეს და შესაძლებლობებს მოქალაქეთა საზიანოდ გამოიყენებს, სამუდამოდ დაიღუპავს თავს და ამას მაშინ მაინც აუცილებლად მიხვდება, როცა გარდაცვალების დღე დაუდგება, რომელიც არავინ იცის, როდის გვეწვევა.

- როგორ უყურებს მართლმადიდებელი ეკლესია სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემას მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის შემდეგ?

- მამათა განმარტებით, ყოველ ქრისტიანს უნდა შესწევდეს ძალა, უშიშრად შეხვდეს სიკვდილს, ეს შესაძლებელია იმ ჭეშმარიტი მოძღვრების საფუძველზე, რომელიც მაცხოვარმა, როგორც ღვთაების განხორციელებულმა სიტყვამ, გვაუწყა და გვიანდერძა ადამიანებს. "ყველაფერში დავემორჩილოთ ღმერთს და არ შევეწინააღმდეგოთ მას, ჩვენი აზროვნებისთვის კიდევაც რომ მიუღებლად მოგვეჩვენოს მისი სიტყვები, დაე, იმისმა სიტყვამ მართოს ჩვენი ფიქრები და განსჯანი, მისი სიტყვა უტყუარია, ჩვენი გრძნობა კი ნამდვილად ცდება", - გვასწავლის წმინდა იოანე ოქროპირი.

ჩვენი გარდაცვალების ჟამი, მეორედ შობა, ჭეშმარიტი და მარადიული ცხოვრებისთვის ფრიად მნიშვნელოვანი და იდუმალია, თუმცა, სახარებასა და წმინდა წერილზე დაყრდნობით, შეგვიძლია გონივრულად და საფუძვლიანად ვიმსჯელოთ სიკვდილის საიდუმლოებაზე, ამის მაგალითი წმინდანებისგან უნდა ავიღოთ, რომლებიც მუხლჩაუხრელი ლოცვისა და თეთრად გათენებული ღამეების ხარჯზე მთელი ცხოვრება ელოდნენ თავიანთი გარდაცვალების დადგომის წუთებს.


არქიმანდრიტი სერაპიონი (ჯიშკარიანი):

"სცდების და სცდების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად..."

პიროვნულად, ყველა ჩვენგანისთვის, ყოველი წუთი, ბოლო ჟამი კი არა, ბოლო წუთი უნდა იყოს. ის რა ბერია, რომელიც ყოველ წამს სიკვდილს არ ელის, ღმერთთან შეხვედრას არ ელის. სასუფევლამდე რომ როგორმე მივაღწიოთ, უსაშინლესი სისწრაფით უნდა გავქანდეთ. ნათქვამია, იხსენ სული შენი და შენს ირგვლივ ათასობით კაცი ცხონდებაო. მე ჩემს სიკვდილზე კი არ ვფიქრობ, ველოდები მას, გული შემტკივა ყველა ადამიანზე, ყველა ადამიანი მოყვასია, რომელი სარწმუნოებისაც არ უნდა იყოს იგი. ქრისტემ გვასწავლა, რომ ყველა უნდა გვიყვარდეს, მტერი უნდა გვიყვარდეს და მისი სულის გადარჩენაზე ვიზრუნოთ, მაგრამ როგორ? მოდი, ჩვენ გზა გავუკვალოთ მათ, ღმერთმა გადაარჩინოს ყველა და ცხონების გზაზე ატაროს.

"დღე იგი უფლისაი, ვითარცა მპარავი ღამისაი, ეგრეთ მოიწევის", - ვკითხულობთ პავლე მოციქულის თესალონიკელთა მიმართ მეხუთე ეპისტოლეში, სიკვდილის გარდაუვალობაზე საუბრისას წმინდა იოანე ოქროპირი გვირჩევს: "როცა დაინახავ, რომ ვინმე ახლობელი წავიდა ჩვენგან, ნუ დრტვინავ, დააცხრე გული, ჩაუღრმავდი საკუთარ თავს, გამოიკვლიე სინდისი, დაფიქრდი იმაზე, რომ ცოტა მოგვიანებით შენც იგივე გელის, ჩვენ, ქრისტიანები, სწორედ ამით განვსხვავდებით ურწმუნოთაგან, საგნებს განსხვავებულად განვსჯით, სიკვდილზეც ასევე განსხვავებულად ვმსჯელობთ. ურწმუნო ხედავს გარდაცვლილს და მას მკვდრად მიიჩნევს, მე კი ვუცქერი ცხედარს და სიკვდილს ძილად მივიჩნევ". როგორც წმინდა იოანე განმარტავს, - ჩვენ ცხოვრებისეულ მოვლენებს ერთნაირი თვალებით ვუყურებთ, მაგრამ განსხვავებული გონებითა და აზრით. მართლმადიდებელი ქრისტიანი არა მხოლოდ ჭეშმარიტად და ჯანსაღად უყურებს სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემას, არამედ მხნედ და უშიშრად განსჯის, რადგან მომავალი ცხოვრების იმედი სულიერ ძალას მატებს. ქრისტეს ეკლესია ეხმარება თავის წევრებს, რათა მათ აწმყო და მომავალიც სახარებისეული სწავლებიდან გამომდინარე აღიქვამ. ჩვენ სრულად და ღრმად უნდა გვესმოდეს, რომ სიკვდილი ჩვენი ცხოვრების ერთი ეტაპია და განსაკუთრებული მოვლენა, რომელიც განსხვავებულია სხვა ცხოვრებისეული მოვლენისგან.

მართლმორწმუნე ადამიანი ნათლად აცნობიერებს, რომ სიკვდილის ჟამს შეწევნას ღვთისგან უნდა ველოდეთ, მხოლოდ მან, ჩვენმა შემოქმედმა ღმერთმა უწყის ადამიანის სულის სიღრმე, რომელიც მარადისობაში გადადის, მხოლოდ ღმერთი აღავსებს სულს ახალი ცხოვრების უტყუარი აღთქმით და იმისათვის, რომ გარდაცვალების ჟამს თავი ეულად არ ვიგრძნოთ, ლოცვით და უფლის სახელის მოხმობით შევხვდეთ მას, ყოველთვის გვახსოვდეს მაცხოვრის მანუგეშებელი სიტყვები: "და აჰა, ესერა, მე თქუენთანა ვარ ყოველთვის, ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ!"

ბეჭდვა
1კ1