შეხვედრა მოძღვართან
შეხვედრა მოძღვართან
ადამიანობა ღმერთთან ერთობას ნიშნავს...
18 მარტს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში ჟურნალმა "კარიბჭემ" მოძღვართან მკითხველების მორიგი შეხვედრა გამართა.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:

- რაღა უნდა გავაკეთო?! - იკითხავს თანამედროვე ადამიანი, - XXI საუკუნეში ქრისტეს მოწაფე, აღმსარებელი, მაზიარებელი და მარხული ვარ. რამდენ რამეს ვიკლებ, რამდენ რამეზე უარს ვამბობ და მაინც არ მაქვს მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა, რომლითაც მთებს გადავაადგილებდი...

რწმენის გარეშე ადამიანი არ არსებობს. ათეისტ რევოლუციონერებს ჰქონდათ ასეთი გამოთქმა: მე მწამს რევოლუციის! რას ნიშნავს "მწამს"? მართლაც, მათ არ იცოდნენ, რევოლუცია რა შედეგით დასრულდებოდა, მაგრამ სჯეროდათ, სწამდათ, რომ სიკეთეს მოიტანდა. მათ ჰქონდათ რწმენა, მაგრამ ვერ ასაბუთებდნენ მას. რწმენის გარეშე ისინი ამდენ უბედურებას ვერ მოახდენდნენ.

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი ამ საკითხს მთელ რიგ შრომებს უძღვნის. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა საზოგადოებასთან, ადამიანებთან... რწმენის გარეშე ეს ურთიერთობა შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ადამიანთან ურთიერთობა მხოლოდ რწმენას ეფუძნება: მე მწამს, რომ შენ არ მიღალატებ, მე მწამს შენი ერთგულებისა. თუმცა შესაძლოა მწამდეს, რომ მოღალატეა.

რწმენა მეცნიერებაში, რწმენა ხელოვნებაში - ყველაფერში რწმენაა. თუმცა რელიგიური რწმენა სულ სხვა რამ არის. ადამიანი არ კმაყოფილდება მიწიერით და მიღმიერს ეძებს. თვით ის ფაქტი, რომ ჩვენ მიღმიერი სამყარო გვწამს, უკვე სასწაულია! თუმცა, ასევე სასწაულია, როცა ადამიანს არ სწამს. ლოგიკურად ვერც ერთს ვერ დაასაბუთებ. ჩვენ, ქართველები, საქართველოში დაბადებულ-გაზრდილები, ადვილი იყო, ტრადიციისამებრ, გავმხდარიყავით მართლმადიდებლები. აბა, დავფიქრდეთ: აქ რომ არ დავბადებულიყავით, ვიქნებოდით კი მართლმადიდებლები?!

ყოველი ჩვენგანი უნდა ეკითხებოდეს საკუთარ თავს: "რამდენად მტკიცე მართლმადიდებელი ვარ? რამდენად არის ჩემი, პიროვნული თავისუფალი არჩევანი მართლმადიდებლობა? თუ ჩემი მართლმადიდებლობა განპირობებულია იმით, რომ მე აქ დავიბადე, აქ გავიზარდე?.." თუ მხოლოდ ეს არის მიზეზი, შეგვიძლია ვიყვიროთ: ჩვენ არ ვართ მართლმადიდებლები! რამდენად გაცნობიერებული მაქვს მე ჩემი რწმენის ერთადერთობა? მარადიულ ხვედრში ამას აუცილებლად ექნება მნიშვნელობა - რამდენად თავისუფლად გააკეთა ადამიანმა არჩევანი, იყოს მართლმადიდებელი.

ჩვენ ღვთის შვილები ვართ და მოცემული გვაქვს უფლება, ვიყოთ კადნიერნი, სამყაროს შემოქმედს ვუწოდოთ მამა. ევქარისტიის კანონის ბოლოს, როცა იგალობება "მამაო ჩვენო", მღვდელი ხელაპყრობით შესთხოვს უფალს შენდობას კადნიერებისთვის, რომ, სულიერ შვილებთან ერთად, მას მამა უწოდოს. ეს კადნიერება თავხედობაში რომ არ გადაიზარდოს, მართლაც უნდა ვიყოთ შვილნი უფლისა - ჩვენი ზნეობითა და სიმტკიცით სარწმუნოებაში.

ადამიანობა ღმერთთან ერთობას ნიშნავს. ადამიანი ღმერთის გარეშე ეშმაკია, დემონია. ერთადერთი რელიგია, რომელიც ადამიანს ღმერთთან ერთად ამყოფებს - მართლმადიდებლობაა. საოცრება ის არის, რომ ადამიანად მოსვლის შემდეგ ღმერთი აღარ არის მხოლოდ ღმერთი, ის ადამიანიცაა. და ეს მარადიულია. სწორედ ეს გვწამს ქრისტიანებს და ნებისმიერი ნაბიჯი ამ მოძღვრებიდან - მარჯვნივ თუ მარცხნივ - უკან გადადგმული ნაბიჯია. ამიტომ უნდა შევიმეცნოთ ქრისტიანობა.

- გადის თვეები და მოძღვარს ვერ ელაპარაკები. აღსარება ზოგადია, ზიარებას სიხარული არ მოაქვს...

- ეკლესიაში იმისთვის მივედით, ღმერთი რომ ვიპოვოთ და სული გადავირჩინოთ. რა დროს კომპლექსებია! როგორ შეიძლება გაწუხებდეს რაიმე და არ მიხვიდე მოძღვართან?! რელიგიური კითხვები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს იცით რას ჰგავს? ადამიანს გული აწუხებდეს. მივიდეს ექიმთან და თქვას: არა, როგორ შევაწუხოო და უკან წამოვიდეს...

- როგორ უნდა გვესმოდეს სიტყვები: "განფხუარ გონებისა ჩემისაგან გულისსიტყვა უჯერო და ვნებული"?

- მომაცილე, განაგდე ჩემი გონებისაგან ავი ზრახვები. როცა ადამიანი, რომელსაც თავისუფალი არჩევანის გაკეთება შეუძლია, მიუღებელი ცხოვრებით ცხოვრობს, მაშასადამე, მისცა ეშმაკს საშუალება მის სულში შესვლისა. მამათა სწავლებით, ჩვენ უნდა შევიძულოთ თვით ბოროტი. ბოროტს შევიძულებ, მაგრამ თვითონ ადამიანთან როგორ გავაგრძელო ურთიერთობა? ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც ბოროტებას სჩადის, ძალიან რთულია... ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ადამიანის მიერ ჩადენილი ბოროტი საქმეების მიღმა ბოროტი სული უნდა დავინახოთ. ამით ეკლესია გვეხმარება, შევიბრალოთ ის ადამიანი და არ შევიძულოთ.

ჩვენ ჯვარცმულის მოწაფენი ვართ. უფალმა საოცარი რამ გვიანდერძა თავისი ცხოვრების წესით. როდესაც ჯვარზე კვდებოდა, ის არ წყევლიდა, არ შეაჩვენებდა და მით უმეტეს - არ ხოცავდა თავისი ღვთაებრივი ძალმოსილებით ცინიკოსებს და უღმერთოებს, არამედ ზეციერ მამას ევედრებოდა: მიუტევე, მამაო, რამეთუ არ იციან, რას იქმანო. ამით გვასწავლა, როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ.

ცხოვრებაში ადამიანს ბევრი გამოცდა აქვს. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ეს არის: გქონდეს ურთიერთობა ისეთ ადამიანთან, რომელიც თავისი ბოროტებით პირადად შენ გვნებს. შენ კი უნდა შეიბრალო ის. ე.ი. მტრის სიყვარული სიბრალულიდან იწყება. უნდა შეგებრალოს, რადგან ღვთის ხატია და თუ მართლაც აცნობიერებ, რა ელის, თუ ასეთ მდგომარეობაში დარჩება - აუცილებლად შეგეცოდება.

როცა ჩვენს ცხოვრებაში ასეთი ადამიანები ჩნდებიან, იცოდეთ - ღმერთი გვცდის და გვასწავლის.

- ერთ-ერთი მამა ამბობს: ღმერთს ვერ შეიყვარებ, სანამ არ შეიგრძნობ, მას როგორ უყვარხარო. როგორ შევიგრძნო ეს? ღვთის შეწევნა თუმცა ბევრჯერ მიგრძნია, მაგრამ მალევე დამვიწყებია...

- ღმერთს ვუყვარვარ - თეორიულად კი ვიცი, მაგრამ როგორ შევიგრძნო? მე მგონი, ადამიანმა არ იცის, რა უნდა გააკეთოს, რომ გაიგოს, ღმერთს უყვარს თუ არა.

ადამიანმა არჩევანი გააკეთა: ღმერთო, მე შენ მინდიხარ - და ამ არჩევანით ცხოვრობს. ქრისტე არის გზა და ჩვენ ამ გზაზე მივდივართ, იმის მიუხედავად, რას განვიცდით. უბრალოდ, ამ გზაზე ვდგავარ და მივდივარ. ვგავარ უდაბნოში მიმავალ ბედუინს, რომელიც ოაზისისკენ მიისწრაფვის. ეს მგზავრობა კი შესაძლოა ყოველთვის სასიამოვნო არც იყოს...

როცა ღმერთს უყვარხარ და ამას გრძნობ, ბედნიერი ხდები. და საკმარისია, ეს გჯეროდეს...

ერთ ქალბატონს ვეკითხები: რა არის თქვენი მიზანი-მეთქი. მპასუხობს: ჩემი შვილი და შვილიშვილებიო. რას ნიშნავს - მიზანი იყოს შვილი და შვილიშვილი? აღმსარებელი, მაზიარებელი ხართ და არ გცხვენიათ?! თქვენი მიზანი ღმერთი უნდა იყოს და უნდა ეცადოთ, შვილისა და შვილიშვილის მიზანიც უფალი გახდეს. მაშინ კი მარადიულად მოიპოვებთ მათ და აღარასოდეს დაკარგავთ-მეთქი, მივუგე.

რაც მეტად დაიხარჯები უფლისთვის, მით მეტად შეიგრძნობ მას.

- წამიკითხავს, თუ გასაბრაზებელია, უნდა გაბრაზდე, მაგრამ ისე, რომ სიმშვიდე არ დაკარგოო. გაბრაზება ხომ უკვე სიმშვიდის დაკარგვაა?

- ვისაც გაბრაზება არ შეუძლია, მკვდარია. განა შეიძლება უზნეობაზე შინაგანად არ ამბოხდე? ყველაზე უკეთესი მაგალითი გარეგნული მრისხანებისა, მაგრამ შინაგანი სიმშვიდისა ის შემთხვევაა, როცა მშობელი უბრაზდება შვილს. დავტუქსავთ პატარას პედაგოგიური მოსაზრებით, შევაშინებთ, თვალებით ვანიშნებთ, რომ ასე აღარ მოიქცეს... შინაგანად გვიყვარს იგი და ვეფერებით, მაგრამ გარეგნულად სიმკაცრეს, გაბრაზებას ვავლენთ.

- მამაო, ითვლება თუ არა ცოდვად, როცა ქალი შარვალს იცვამს?

- ცალსახა პასუხი ასეთია - მამაკაცური ტანსაცმელი ქალისთვის ცოდვაა, ისევე როგორც კაცისთვის - ქალისა. დაუშვებელია და მე კატეგორიულად ვკრძალავ, ტაძარში მსახურებაზე შარვლით მოვიდეს მანდილოსანი. ქუჩაში თუ შეიძლება შარვლით სიარული? ჩემს სულიერ შვილებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ეს არ არის კარგი, მაგრამ სასტიკად არ ვუკრძალავ. ისინიც, როცა ქუჩაში მხვდებიან, არ მემალებიან. ვფიქრობ, ეს სწორეც არის, ის ხომ შვილია, შვილი კი მამას არ უნდა ემალებოდეს. მთავარია მან იცის, რომ ეს არ არის მოსაწონი, მაგრამ მისი სულიერება, როგორც ჩანს, ჯერ არ მომწიფებულა ამისთვის...

ერთი რამ ცხადია, რომ ქალისთვის კაცის და კაცისთვის ქალის ტანსაცმელი ცოდვაა - ის ადამიანის შინაგან სამყაროს არასწორად აყალიბებს.

- შეიძლება თუ არა, მათხოვარი გამოარჩიო?

- გულწრფელად გეტყვით - მე გამომირჩევია. ხან მიმიცია მოწყალება, ხან - არა. როდის ვარ მართალი, ვერ გეტყვით - არ ვიცი. მაგალითად, არ მიყვარს ბავშვისთვის ფულის მიცემა. ისინი აშკარად ცუდ რამეს ეჩვევიან. გლახაკის ბუნება სხვაა, ისინი კი ხელოვნურად იქმნიან დაჩაჩანაკებულ სახეს. თუმცა ხანდახან შემცოდებია და მიმიცია კიდეც...

- ბავშვები ხშირად მეკითხებიან: მუსლიმანი, რომელიც მაჰმადიანად დაიბადა, არაფერი იცის სხვა აღმსარებლობის შესახებ, რატომ უნდა მოხვდეს ჯოჯოხეთშიო...

- ასე აუხსენით ბავშვებს: ვისაც არაფერი გაუგონია ქრისტეს შესახებ, თავისი სინდისით განიკითხება. სხვა რელიგიის აღმსარებელმა შეიძლება იმ იდეისთვის, რომელსაც მისი რელიგია ქადაგებს, თავიც გაწიროს. მთავარია, რამდენად გულწრფელად აკეთებს ამას და ეძებს თუ არა ღმერთს. შეიძლება ათეისტი იყოს და სამშობლოსთვის მოკვდეს, რადგან სამშობლოა მისი იდეა...

ის, ვისაც ჭეშმარიტების შესახებ არაფერი გაუგონია, თავისი სინდისით განისჯება, ისევე როგორც ქრისტიანი - სახარებით. ხოლო ცხონებისთვის აუცილებელია თავისუფალი არჩევანი - იყო ღმერთთან, რაც ქრისტეს გარეშე შეუძლებელია.

- ზიარების შემდეგ ყოველთვის დიდი განსაცდელები მხვდება, რომლებსაც ღირსეულად ვერ ვიღებ...

- უღირსად ზიარების შემდეგ განსაცდელი მოდის; თუ ღირსეულად ეზიარები - მაინც არის განსაცდელი...

ზიარების მერე სიხარული გაქვს, ვეღარ იტევ მას, ბედნიერი ხარ... საოცარი განცდაა! მაგრამ ასე მაშინ ხდება, როცა საკუთარ უღირსობის ხედავ, არ გავიწყდება, უღირსი რომ ხარ... თუ ასეა და განსაცდელი მაინც მოდის, ესე იგი ეშმაკი ამას არ გპატიობს. მაგრამ ნუ გეშინია!

განსაცდელის ღირსეულად შეხვედრას სწავლა უნდა, რაც თანდათანობით ხდება. თუ ის სიხარული ნამდვილია, ღირსეულად შეხვდები განსაცდელს და ის ღვთის სიხარულიც აღარ დაგეკარგება.

- მამაო, გარკვეული ხნის სულიერი ცხოვრების შემდეგ ადამიანი არჩევანის წინაშე დგება: ერისკაცობა თუ ბერობა. როგორ უნდა მოიქცეს, თუ ვერ გადაუწყვეტია, რა გზას დაადგეს?

- ადამიანი ოჯახს შექმნის თუ ბერობის გზას დაადგება - ეს ინდივიდუალური საკითხია და მოძღვართან უნდა გადაწყდეს. თუ ბერობა გადაწყვიტა, ასი პროცენტით უნდა სურდეს ეს. არ უნდა დაუშვას შეცდომა. არ იფიქროს, რომ ცხონება ბერობაში მეტად არის შესაძლებელი ანდა ბერობა იოლია, წუთისოფელში ცხოვრება კი ძნელი. თუ ადამიანი შეცდომით ირჩევს ბერობის გზას, არადა მოწოდებული იყო, ოჯახი შეექმნა, შვილები ჰყოლოდა, მაშინ ის იქ, მონასტერში, ვერასდროს ისწავლის ნამდვილ სიყვარულს...

სანამ არჩევანს გააკეთებდეს, ადამიანმა დიდხანს უნდა იცხოვროს ეკლესიურად. ამ საკითხში არ შეიძლება აჩქარება.

- მამაო, ორ წელზე მეტია, აღსარება აღარ მითქვამს. კურთხევის გარეშე თუ შეიძლება სხვა მოძღვრის აყვანა?

- შეიძლება. როცა ორი წელი აღსარებას არ ამბობ, შეიძლება ამას მრავალი მიზეზი ჰქონდეს. ერთ-ერთი შესაძლოა ისიც იყოს, რომ მოძღვარი არ გყავს - ის, ვისთანაც იყავი, შენი მოძღვარი არ ყოფილა. მოძღვარი მოგენატრებოდა, ის ხომ იგივე მამაა...

- მამაო, რას გვეტყვით, ვისაც მოძღვარი ჯერ არ გვყავს?

- საქმე მოსასწრებადაა! მოძღვრის პოვნა იოლი როდია. შესაძლოა ნახო მღვდელი, რომელთანაც პირველ ნაბიჯებს გადადგამ ეკლესიურ ცხოვრებაში, მაგრამ ის არ გახდეს შენი მოძღვარი. სულიერი მამაშვილობა წლობით ყალიბდება. ეს ძალიან რთული პროცესია.

- მიუხედავად ეკლესიურობისა, სიკვდილის პანიკური შიში მაქვს. როგორ დავძლიო?

- ეკლესიურობა ნიშნავს - მოკვდე ამ სოფლისთვის და იცხოვრო ქრისტესთვის. სიკვდილი არის შესაძლებლობა, მივიდეთ ღმერთთან. სიკვდილის ყველას ეშინია, მაგრამ ეს შიში ზღვარს არ უნდა გადავიდეს. ყოველ დილას მუხლებზე დადექი და თქვი: დიდება და მადლობა, ღმერთო, დღევანდელი დღის გათენებისთვის! და კიდევ: დღეს ჩემთვის ბოლო დღეა, უფალო, შენთან შეხვედრის დღეა, და შენი ერთგულებით მაცხოვრე!.. როცა სიკვდილი მოვა, უკვე მკვდარი უნდა დახვდეთ. სიკვდილი იცით რით გაშინებთ? მოვედი და ყველაფერი, რაც აქ გაქვს, წაგართმევო. გაიხსენეთ წმინდა ბასილი დიდი. მასთან იმპერატორის წარგზავნილი მივიდა და ემუქრებოდა. ის კი პასუხობდა: "რით მაშინებ? გადამასახლებ? კეთილი, მაგრამ უფალი ყველგანაა. წამართმევ რამეს? მე არაფერი მაბადია. მაწამებ? ისეთი სუსტი ჯანმრთელობა მაქვს, მხოლოდ პირველ დარტყმას გავიგებ, მერე კი გონებას დავკარგავ. მომკლავ? ამით იმასთან გამიშვებ, ვისაც მთელი არსებით ვესწრაფვი..."

შენი მიზანი ღმერთი უნდა გახდეს და ნელ-ნელა სიკვდილის შიშსაც დაკარგავ.

- მამა სატვირთო მანქანის მძღოლი იყო. ერთხელ ძარაზე ბავშვი აიპარა და როდესაც მანქანა ხიდის ქვეშ გადიოდა, თავი ამოყო. ხიდსა და მანქანას შორის გაისრისა... ეთვლება ეს ცოდვად მამაჩემს? არადა ვალდებული იყო, ძარა შეემოწმებინა...

- ღმერთმა აცხონოს ის ბავშვი!

მამას კი ცოდვად ეთვლება. არსებობს ასეთი ცოდვა - უნებლიე მკვლელობა.

შესაძლოა ეს შემთხვევა ღვთის დაძახება იყო - მამათქვენს თავისთან უხმო. თუმცა, ცხადია, ასეთ ბოროტებაში ეშმაკიცაა ჩარეული. ღმერთს რომ ხელი შეეშალა, ეს არ მოხდებოდა, მაგრამ არ შეუშალა. ამიტომ უფალი იმ ბავშვს აცხონებს, მაგრამ შენც გიხმობს.

ჩვენს ცხოვრებაში რაც ხდება, ჩვენთვისვე ხდება: სიკეთეც და ტრაგედიაც.

- გახლავართ სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. პრიზიორი. ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი შეჯიბრების წინ გადავწყვიტე, ლოცვები ინტენსიურად მეკითხა. ახლობლების რჩევით, ტელევიზორის ყურებასაც მოვუკელი. ამ დათმობაზე კი იმიტომ წავედი, რომ გამარჯვებისთვის მიმეღწია. უცებ საკუთარ თავში აღმოვაჩინე, რომ სულიერ სიმყუდროვეში სპორტული შემართება, ბრძოლის სურვილი დამეკარგა... როცა სასურველი პირველი ადგილი ვერ მოვიპოვე, ლოცვის ხალისი სრულიად დამეკარგა. გთხოვთ გამარკვიოთ, სულიერმა ცხოვრებამ რატომ უნდა შემიშალოს ხელი სპორტულ წარმატებაში და რატომ აღმოვჩნდი გაორებული.

- მრევლში ცნობილი სპორტსმენი მყავს, ევროპისა და მსოფლიო დონის. ერთხელ ვუთხარი: რაც შენ წარმატება გქონია, არც ერთი მათგანი შენი ცხონებისთვის მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანია ის, რომ როცა ხედავდი მოწინააღმდეგის სუსტ მხარეს, არ იყენებდი მას შენი გამარჯვებისთვის-მეთქი.

თუმცა სპორტული მიღწევებით შეგიძლია ასახელო შენი ქვეყანა. მთავარია, წარმატება და სულიერი ცხოვრება შევათანხმოთ.

"სულიერ ცხოვრებას ჩავუღრმავდი და ბრძოლის სურვილი დამეკარგაო..." უნდა შეწყვიტო სულიერი ცხოვრება? იქნებ შეცდომას უშვებ? იქნებ გგონია, სულიერი ცხოვრება იმას ნიშნავს, ყურებჩამოყრილმა იარო?

როგორ იბრძოდნენ ჩვენი მეფეები? იცით ალბათ, როგორ იბრძოდა დავით აღმაშენებელი, "გალობანი სინანულისანის" ავტორი; როგორ გადმოხეთქა მის პერანგში დაგროვილმა მტრის სისხლმა, როცა ქამარი შეიხსნა... წარმოგიდგენიათ ნაზად მებრძოლი დავითი? ქრისტიანობა სულაც არ ნიშნავს ბრძოლის დროს განაზებას.

შენ იმიტომ არ წაგიგია ის ორთაბრძოლა, რომ უკეთესი ქრისტიანი გახდი. და არც ლოცვა უნდა იკითხო სპორტული წარმატებისთვის - ჩვენ ღმერთთან ერთობისთვის ვლოცულობთ.

- აღსარებაში ნათქვამი ცოდვები, ხანდახან მგონია, რომ არ არის გულწრფელად მონანიებული. როგორ მოვიქცე? ხელახლა ჩავაბარო?

- რა არის აღსარება? აღმოთქვა ის, რაც გულში გაქვს და რასაც ღმერთი ხედავს. ჯერ უნდა დაინახო, მერე კი აღმოთქვა. თუმცა ბოლომდე მაინც ვერ იტყვი, იმიტომ, რომ ღმერთი უფრო მეტს ხედავს.

ნებისმიერ შემთხვევაში, მოძღვარს უნდა გაესაუბრო.

- მამაო, მოძღვართან ტყუილი ვთქვი, მაგრამ აღსარებაში ვერ ვუმხელ ამას - მრცხვენია...

- მე არ ვიცი, რას შეეხებოდა ეს ტყუილი... ზოგჯერ ტყუილს სიმართლის დამალვას ვუწოდებთ. მაგალითად, სიმართლე იმიტომ დავუმალე მოძღვარს, რომ გული არ მეტკინა, ახლა კი მაწუხებს ჩემი საქციელი... შესაძლოა უნდა დაგემალა კიდეც სიმართლე, რომ მას გული არ სტკენოდა. ასეა თუ ისე, ძალიან ძნელია კონკრეტული პასუხის გაცემა ასეთ ზოგად შეკითხვაზე... თუ პიროვნულად არ ატკენ გულს, მაშინ უნდა უთხრა: მამაო, ასეთი და ასეთი რამ მომივიდა, ისე მოხდა, რომ უეცრად ტყუილი გითხარით, მაპატიეთ და შემინდეთ... გულში ჩაგიკრავს და ამით დამთავდება ყველაფერი.

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვა
1კ1