შეკითხვა მოძღვარს
შეკითხვა მოძღვარს
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თელეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი მამა სერაფიმე ფილია.
- როდესაც ოჯახის წევრი გარდაიცვლება, შეუძლია თუ არა ჭირისუფალს არასამარხვო დღეებში 40 დღე იმარხულოს მისი სულის საოხად?

- შეიძლება, თუ ასეთი შინაგანი მოთხოვნილება აქვს, მაგრამ მხოლოდ მოძღვრის კურთხევით. ცუდი რა არის იმაში, რომ მე მარხვა მინდოდეს ახლობლის სულის შემწეობისთვის, მაგრამ პიროვნებამ ეს ინდივიდუალურად არ უნდა გადაწყვიტოს, ძალიან სახიფათოა, თუკი მოძღვრის დაუკითხავად ავიღებთ რაიმე ტვირთს. ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება ქრისტიანულ კანონიკას შეესაბამება. საზრდოობა აუცილებელია, მაგრამ ბევრი ჭამა, რომელიც ნაყროვანებაში გადაიზრდება, საზიანო. როდესაც მოძღვრის კანონით ცხოვრობ, რაოდენ ლაგამამოდებულიც არ უნდა გვეჩვენოს ის, მაშინ ვიღებთ სულიერ სარგებელს. მოძღვარმა იცის, ვის რა ტვირთის ტარება შეუძლია. თუ წიგნებს იმისთვის ვკითხულობ, რომ ეს სიამოვნებას მანიჭებს, ეს აღარ არის ღვაწლი, მაგრამ როდესაც არ მინდა და მაინც ვემორჩილები კურთხევას, ამას იწირავს ღმერთი. ზოგი ამბობს, ყოველდღიურად ფსალმუნის რამდენიმე კანონი შემიძლია წავიკითხოო. წაიკითხოს, მაგრამ იმდენი, რამდენის წაკითხვის კურთხევასაც მოძღვარი მისცემს, რომ იმ დონემდე არ მივიდეს, საერთოდ არ შეეჯავროს ფსალმუნების კითხვა. ქრისტიანობა, უპირველესად, ზომიერებაშია. სწორედ იმიტომ აქვს მოძღვრის ინსტიტუტს უდიდესი მნიშვნელობა, რომ მოძღვრისაგან ვისწავლოთ, მისი კურთხევით ცხოვრება შევძლოთ, ამის გარეშე სულიერ წარმატებაზე ლაპარაკი წარმოუდგენელია. აბა, ვის მოუპოვებია მადლი ქრისტიანული კანონების ზეპირად ცოდნითა და დაცვით მოძღვრის გარეშე? არავის.

- როგორ შევებრძოლოთ გონებაგაფანტულობას ტაძარში ყოფნის დროს?

- ნათლობის საიდუმლოს ჩატარების დღიდან, ე.წ. შეფუცვის ლოცვების წარმოთქმის შემდეგ, ეშმაკი უკვე გარედან ებრძვის ადამიანს აზრებისა და ფიქრების სახით. ზოგიერთს ეშმაკი წრმოუდგენია საშინელი შესახედავი რქებიანი არსება, ნახევრად ცხოველი და ნახევრად ადამიანი. არა. ის ფიქრები და აზრებია. წმინდა მამები იმასაც კი ამბობენ, რომ ბოროტ ძალას წმინდა ხატის წინაც კი შეუძლია ისეთი საშინელი აზრი მოგვაწოდოს, რომელიც წარმოსადგენადაც ძნელია. აი, სწორედ ეს ეშმაკისეული აზრები და ფიქრები გვებრძვიან ტაძარში, ამიტომ ძალიანაც რომ მოვინდომოთ, მაინც ვერ გავექცევით ასეთ ვნებებსა და აზრებს. როდესაც ადამიანი სწორ გზაზე დგას, მაშინ აბრკოლებს იგი ადამიანს, თორემ წარწყმედის გზაზე მდგართან ბრძოლას რა აზრი აქვს. ამიტომ ჩვენ ამას დათმენით უნდა შევხვდეთ, მაგრამ ვეცადოთ, ეს აზრი როგორც შემოვა თავში, მაშინვე მოვიშოროთ, რომ მან ჩვენს გულში არ შემოაღწიოს. თუ გულში დაიბუდა, ცუდია, რადგან აზრი უკვე ზრახვად გადაიქცევა, ზრახვიდან მოქმედებამდე კი ერთი ნაბიჯია. ისევ ვიმეორებ, ამან ჩვენ არ უნდა დაგვაბრკოლოს, რატომ მომდის ასეთი საშინელი, წარმოსახვითი აზრებიო. მთავარია, აზრის გაძევება შევძლოთ. არამც და არამც არ უნდა ვიფიქროთ ისე, თითქოს ტაძარში ფიქრითა და აზრით შემოტევა ჩვენი ცოდვილი და არასწორად განვლილი ცხოვრების ბრალია, და ვინაიდან ყოველივე ჩვენს ძალებს აღემატება, ხელი ჩავიქნიოთ ყველაფერზე, ასეთი დამოკიდებულებით ბოროტი ძალები მართლაც მიაღწევენ მიზანს. უნდა ვიცოდეთ, რომ სწორედ ამაში გამოიხატება ის უხილავი, სულიერი ბრძოლა, რასაც კაცთა მოდგმის მთავარი მტერი ეწევა ყოველი ჩვენგანის წინააღმდეგ, აბა, ხმლითა და ტანკებით არავინ არ დაგვიწყებს ბრძოლას ეკლესიაში. თუმცა, ყველაზე მეტი ნებისყოფა, გმირობა და თავშეკავება სწორედ ამ უხილავი ბრძოლის დროს გვჭირდება, რომ როგორმე მოვიგერიოთ ეს შემოტევები, რაც ყოველი აღსარების დროს უნდა ითქვას მოძღვართან.


ბეჭდვა
1კ1