შეკითხვა მოძღვარს
შეკითხვა მოძღვარს
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს სიონის ტაძრის წინამძღვარი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

- როცა ეკლესიურ ცხოვრებას ვიწყებთ, როგორ ამოვირჩიოთ სულიერი მოძღვარი?

- სულიერი მოძღვრის გარეშე, წარმატება სულიერ ცხოვრებაში შეუძლებელია. ამაზე წმინდა გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში ხაზგასმითაა საუბარი, სხვა წმინდა მამების შესახებ რომ არაფერი ვთქვათ. იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება ღვთის მოსაწონად წარვმართოთ, აუცილებელია სულიერი მოძღვრის ყოლა და მისი კურთხევით ცხოვრება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი პიროვნება იქნება ჩვენი მოძღვარი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოძღვარი უაღრესად პატივსაცემი პიროვნებაა, როგორც ღვთის მიერ ხელდასხმული და საღვთო მადლის და კურთხევის მატარებელი ადამიანი. ზოგჯერ ადამიანს ამა თუ იმ მოძღვართან არ ეძლევა საშუალება, სრულად წარმოაჩინოს თავისი სისუსტეები, ამიტომ ყურადღებით არის მოძღვარი შესარჩევი. ისეთი მოძღვარი უნდა შევარჩიოთ, რომ მასთან გულწრფელად ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები. თუ პიროვნება გარკვეულ უხერხულობას გრძნობს მოძღვართან, არ შეუძლია თავისი სულის დაფარული მოძრაობები გაანდოს მას და მთლიანად განაცხადოს მასთან საკუთარი სულიერი მდგომარეობა, თუ მას ერცხვინება მოძღვართან რაიმე ცოდვის აღიარება, ასეთი ურთიერთობა მისთვის ნაკლებად სასარგებლო იქნება, რადგან უპირველესი მიზანი ეკლესიაში მისვლისა, არის ის, რომ ადამიანს მოძღვარი მიეხმაროს საკუთარი თავის შეცნობაში, დაანახოს, სად დაეცა, როგორ წამოდგეს, რომ შესძლოს წმინდა ცხოვრებით ცხოვრება და ბუნებრივია, ასეთ დროს გულწრფელობას და ჯანსაღ ურთიერთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

ბეჭდვა
1კ1