შეკითხვა მოძღვარს
შეკითხვა მოძღვარს
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს სიონის ტაძრის წინამძღვარი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი , პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

- როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, როდესაც არ ვიცით, ვართ თუ არა ბავშვობაში მონათლული მართლმადიდებლური წესით?


- ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა მოძღვრისგან გულისხმობს გარკვეულ შემეცნებას საეკლესიო მოძღვრებისას.

როცა ნათლობის შესახებ გვიწევს საუბარი, ყველამ უნდა ვიცოდეთ, ნათლობა არის ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ ადამიანი ეკლესიის წევრი გახდეს და იშვას იგი სულიერად. ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ თუ ადამიანმა არ იცის, რომ ის მონათლულია, ასეთ შემთხვევაში, ყველა საშუალება უნდა იღონოს იმისთვის, რომ გაარკვიოს, მისი ნათლისღება აღსრულდა თუ არა მართლმადიდებელ ეკლესიაში, ხოლო თუ არავინ აღმოჩნება მის ახლობელ-ნათესავთა წრეში, რომელიც დაადასტურებს, ის ნამდვილად მონათლულია თუ არა, ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი მონათვლა, მხოლოდ წაკითხული იქნება ნათლობის ფორმულა: "უკეთუ მონა ესე ღვთისა (ან მხევალი ღვთისა) არა ნათელღებულ არს, ნათელს იღებს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა", რაც ერთგვარი თავდაცვა იქნება და ჩვენ დაზღვეულნი ვიქნებით იმისგან, რომ ადამიანი მოუნათლავი არ გავიდეს ამ ქვეყნიდან.

- ეკლესიური გაგებით, რა არის ადამიანის ბედნიერება?

- ჭეშმარიტი ბედნიერება ყოველთვის არის ის, რომ ადამიანი მთელი სისავსით აცნობიერებდეს საკუთარ დანიშნულებასა და მოვალეობას ამ წუთისოფელში და ღრმად ჩაწვდეს იმ სულიერ რეალობებს, რაც ჭეშმარიტებით არსებობს, ნამდვილი ბედნიერებაა, ადამიანმა იღვაწოს თავისი ქვეყნისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ, მოშიშებით გაატაროს თავისი მსხემობის, მწირობის ჟამი ამქვეყნად. განწმენდილი, ნაღვაწი, ღვთისა და მოყვასის სიყვარულში მთლიანად თავმიცემული, ბოლომდე დამაშვრალი წარდგეს ზეციური მეუფის წინაშე და მონაწილე გახდეს იმ მარადიული ნეტარებისა, რასაც ზეციური სასუფეველი ჰქვია.

ბეჭდვა
1კ1