შეკითხვა მოძღვარს
შეკითხვა მოძღვარს
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი (სხირტლაძე).

- ვართ მმაჩის ბიუროში სამოქალაქო წესით დაქორწინებულები. ეკლესიაში ჯვარი არ დაგვიწერია. ითვლება თუ არა ეს ცოდვად?

- როგორც ნათლობა, აღსარება, ზიარება და სხვა საეკელსიო საიდუმლოებები მიუტევებს ადამიანს ცოდვას, ასევეა ჯვრისწერაც. ეკლესიური ჯვრისწერის შემდეგაც მიეტევება დაქორწინებულებს თავიანთი ცოდვები, რაც დადებითად მოქმედებს მათ შთამომავლობაზე. თუ ადამიანში არ არის დარღვეული ღვთიური მცნება, არა იმრუშო, მაშინ ხდება იგი სრულყოფილი პიროვნება ზნეობრივადაც და სულიერადაც. ქრისტიანული ჯვრისწერის შედეგად ჭეშმარიტი წყვილი ერთიანდება თავის მეორე ნახევარში, როგორც ერთი ორგანიზმის ორი მე ანუ ის, რაც ადამ და ევაში ცოდვით დაირღვა, ქრისტემ ჯვრისწერით განკურნა, ამიტომ ეკლესიური ქორწინების უგულებელყოფა და მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებაზე დაყრდნობით ოჯახის შექმნა, ქრისტეს გამომხსნელი მსხვერპლის უგულებელყოფას ნიშნავს. ჩვენი დროისათვის დამახასიათებელი გახდა ქორწილების პომპეზური გადახდა, რატომღაც იმას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ 1000 ან 2000-კაციანი ქორწილები გადაიხადონ, მრავალფეროვანი სუფრა გაშალონ, იქეიფონ, კარგი დრო ატარონ, არადა, ყოველივე ეს აზრს კარგავს თუ ქორწინება ეკლესიურად არ არის ნაკურთხი. მხოლოდ სამოქალაქო წესით ქორწინების გაფორმება არ ჩაითვლება ჭეშმარიტ, დაუზიანებელ ერთობად ამ წყვილებს შორის და მათი მარადიული ცხოვრების მომასწავებლად მომავალ საუკუნეში, ამიტომ ხანდაზმულ ადამიანებს ვურჩევდი, ახლა მაინც დაიწერონ ჯვარი ეკლესიურად, რადგან ეს არასოდეს არის დაგვიანებული. "საიდუმლო ესე, დიდ არს", ხაზგასმულია ჯვრის წერაზე წმინდა წერილში. მხოლოდ ასე არ უნდა გავიგოთ, რომ ეს დიდი ბედნიერების, ღიმილის, უხვი პურ-მარილისა და მხიარულების გამომხატველი რიტუალია, ყოველივე ამასთან ერთად, ეს ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობაც და ურთიერთჯვართმტვირთველობასაც გულისხმობს ცხოვრებაში და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს (საუბრის დასასრული).

ბეჭდვა
1კ1