ცრუ ვერ იხილავს ღმერთს, ქრისტე მის გულში არ გასხივოსნდება
ცრუ ვერ იხილავს ღმერთს, ქრისტე მის გულში არ გასხივოსნდება
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) სიცრუის შესახებ ამბობს: - სიცრუე სიყვარულის დაკარგვაა. ვინც წრფელად უყვართ, მას არ ატყუებენ: არ შეიძლება ორი გული სიცრუით იყოს შეერთებული. სიცრუე ფიქრობს, რომ მეორე მხარე უცხო, მტრული ბანაკია. ის, ვინც ცრუობს, თავის გულში ადამიანისადმი სიყვარულს ანადგურებს. ყოველგვარ ტყუილში ძალადობაა, ცრუს თავისი გეგმის განხორციელება და ამით სხვაზე მბრძანებლობა სურს. ადამიანი სიმართლეს ეძიებს, ის მზადაა ამისათვის მრავალი რამ გაწიროს, მას მოსძულდა ქვეყნად გამეფებული სიცრუე, იხუთება მასში, ეკლესიაში თითქოსდა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა უნდა და არა სიცრუის. თუკი ურთიერთობებში აქაც იმავე დიპლომატიას წააწყდება, იმავე უპრინციპობას საშუალებებში, იმავე პირფერობას და სამართლობას, მაშინ ის, სულიერად ჯერ ისევ განუმტკიცებელი, საკუთარ თავს ეუბნება: აქ არაა ის, რასაც ვეძებდი, აქ არ არის სიყვარული და სიმართლე. ეს, რა თქმა უნდა, ნაჩქარევი დასკვნაა, ეკლესია სიყვარულსა და სიმართლეს ასწავლის და ადამიანებს ცხოვრებაში მათი გატარების ძალას აძლევს, მაგრამ ეკლესიაში ახალმოსული ადამიანი სკოლაში ახალმისულ ბავშვს ჰგავს. მას სურათები და თვალსაჩინოებები სჭირდება, სხვაგვარად ვერ მიხვდება, რაზეა საუბარი. სექტანტებს რომ ჰკითხოთ, რატომ წავიდნენ ეკლესიიდან, მას რატომ დაშორდნენ, მნიშვნელოვანი ნაწილი გიპასუხებთ: იმიტომ, რომ ეკლესიაში სიყვარული ვერ ვიპოვეთ, ვერც სიმართლე და თავი უსარგებლოდ ვიგრძენითო. ისინი ეკლესიას პროტესტის ტალღაზე მომართულნი ტოვებენ, მაგრამ სექტებშიც იგივე "ქალბატონი სიცრუე" ხვდებათ. თითოეული ადამიანი ცოდვილია. "ყოველი კაცი ცრუ არს" - თქვა მეფსალმუნემ, მაგრამ აქ არ არის საუბარი ტყუილზე, როგორც ზნეობრივ სისუსტეზე, რომელსაც ყოველ ჯერზე საკუთარ დაცემად უნდა აღიქვამდეს ადამიანი, აქ იმ თვითკმაყოფილ სიცრუეზეა საუბარი, რომლის დროსაც უბედური ფიქრობს, რომ ამით სიკეთის გაკეთება და ღვთისათვის სათნოყოფა შეუძლია, სიცრუეზე, რომელსაც მისი სინდისია შეგუებული, სხვა სიტყვებით - საკუთარ სიცრუეზე, რომელიც მის სულს უკვე აღარ ტანჯავს.

ქრისტიანი მოწამენი ის ხალხია, ვინც სიცრუეს ჭეშმარიტება არჩია, ვინც იმიტომ მოკვდა, რომ არ ინდომა სიცოცხლე, რომელსაც თვალთმაქცობისა და მცირეოდენი გარეგნული სიცრუის ფასად სთავაზობდნენ; მაგალითად: გაჩუმებას იმ დროს, როცა სხვა პირები მათი სახელით წარმართულ რიტუალებში მონაწილეობდნენ. უფლის ღალატი მათ მდუმარებითაც არ ისურვეს. ჩვენი ეკლესია მოწამებრივი ეკლესიაა. სახარებისეული ცხრა ნეტარება - ეს მოწოდებაა მოწამეობისაკენ. ამისკენ თანამედროვე ქრისტიანებიც მიდიოდნენ და მიდიან, მაგრამ სიცრუე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი თავს სულ უფრო მეტად იჩენს. უძლურს მისით უნდა გაძლიერება, რევოლუციონერებს - თავიანთი უტოპიის ხორცშესხმა. ზოგიერთი ქრისტიანი მშვიდობის დამყარებასა და "ადამიანის ნუგეშისცემას" ამითვე ფიქრობს. განსაკუთრებულად მძიმეა, როცა სულიერი მამები ატყუებენ სულიერ შვილებს.

გაუგებარია, ფიქრობენ თუ არა ეს თვალთმაქცები, რომ სიცრუე დიდი ხნით დაიფარება? ან იქნებ თავიანთი მდგომარეობით სარგებლობენ? თვლიან, რომ პირისპირ ვერავინ გაბედავს, მათ მატყუარები უწოდოს? მაგრამ სულიერი შვილები ტყუილებში ჩირქის სუნს გრძნობენ. ასეთ დროს შესაძლოა შედეგები ტრაგიკული იყოს: ადამიანი ნდობას კარგავს და საკუთარ თავში იკეტება, მას სული გაუტყდა და სიცრუეს იგი ფსიქოლოგიური ავადმყოფობის მსგავსად ჩიხში შეჰყავს; მეორე - თვითონ იწყებს სულიერი მოძღვრის მოტყუებას; მესამე და ყველაზე უარესი - იწყებს ფიქრს, რომ ტყუილი კარგი საქმეა და მას "ცხოვრებისეულ სტრატეგიად" აქცევს. სწორედ ასე, "კეთილი სიცრუის" მეშვეობით, წარმოიშობიან იეზუიტები და წყალწაღებული არამზადები, რომლებიც ამავდროულად ყველაზე წმინდა სიტყვებს წარმოთქვამენ, ადამიანს ატყუებენ და თან ნათელი მზერით ჩასცქერიან თვალებში.

სიცრუე ჭაობია, რომელიც კაცს თანდათანობით ითრევს. ის მცირედიდან იწყება. "სულ ცოტათი წავიეშმაკებ და კეთილ მიზანს მივაღწევ", - ეუბნება საკუთარ თავს ადამიანი, შემდეგ კი სულ ღრმად და ღრმად იძირება მასში. ამიტომ სულიერმა მოძღვრებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ არა ნუგეში, არამედ სიმართლე მოეთხოვებათ. ჭეშმარიტება თავად უკეთ ანუგეშებს ადამიანს, ვიდრე ალერსიანი სიტყვები, რასაც იმედგაცრუება მოსდევს. სიმართლის მთქმელი კაცი დევნილია, მაგრამ ჩვენი ეკლესია მოწამეობის ეკლესიაა, რომელიც მსხვერპლს მოითხოვს. უფალმა დიადი აღთქმა დაგვიდო: სიმართლეს მოწყურებულნი განძღებიან რით? - ღვთიური მადლით. "ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ". ცრუ ვერ იხილავს ღმერთს, ქრისტე მის გულში არ გასხივოსნდება, ყოველგვარი სიცრუე - ეს სატანის სამეფოს განვრცობაა, როგორც დედამიწაზე, ასევე კაცის გულში.

***
სიცრუის მიზეზი მრავლადაა: სიმხდალე, გამორჩენა, გულის არტკენის სურვილი და ა.შ.

მაგრამ როგორი მიზეზიც უნდა იყოს, ამ დროს ივიწყებენ ღმერთს, რომელმაც თქვა: "მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხოვრება". თვით გოლგოთის მსხვერპლი ქრისტესი - ეს სიყვარულისა და ჭეშმარიტების შეერთებაა. სატანაზე გამარჯვება ქრისტეს მხოლოდ ღვთაებრივი სიძლიერითაც შეეძლო, მაგრამ ის ჯვარს ეცვა არა მარტო ჭეშმარიტების გამო, არამედ იმიტომაც, რომ თავადაა ჭეშმარიტება. უფალმა სატანაზე თქვა: "ის დასაბამიდან ცრუ და მკვლელია". სატანა ადამიანს სიცრუის მეშვეობით კლავს. იმას, ვისაც სიკეთის კეთება სიცრუის საშუალებით უნდა, დაე, ახსოვდეს, რომ მეკავშირედ ძველთაძველ ტყუილს - სატანას ირჩევს, რომელიც ახალ სიკეთედ არასდროს იქცევა, რომ ყველაფერი, რაც სიცრუეზეა დამყარებული, დაიღუპება.

ბეჭდვა
1კ1