სინანულისა და შინაგანი სრულყოფის გარეშე შეუძლებელია ღმერთთან მიახლება
სინანულისა და შინაგანი სრულყოფის გარეშე შეუძლებელია ღმერთთან მიახლება
გვესაუბრება შემოქმედის ეპარქიაში მდებარე სოფელ შრომის წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და სოფელ ჩიბათის წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრების
წინამძღვარი, დეკანოზი პავლე ქინქლაძე:


- ადამიანსა და ღმერთს შორის კავშირისთვის აუცილებელი პირობაა ურყევი რწმენა და თავდადებული სიყვარული, ეს ის მყარი საფუძველია, რომელზეც უნდა ავაშენოთ ჩვენი სულიერი შენობა. წმინდა წინასწარმეტყველმა, იოანე ნათლისმცემელმა თავისი ქადაგება შემდეგი სიტყვებით დაიწყო: "შეინანეთ რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი"(მთ.3.2). სინანულისა და შინაგანი სრულყოფის გარეშე შეუძლებელია ღმერთთან მიახლება, ქრისტესთან რომ ვიყოთ და მისი ყოვლის შემძლე შემწეობა რომ ვიგრძნოთ. ძალიან ხშირად ჩვენი თავი მიგვაჩნია მართალ, წმინდა ადამიანად და ამავე დროს არად ვაგდებთ ყოველდღიურ ცოდვებს, ასე ვფიქრობთ: მე არავინ მომიკლავს, ხოლო პატარ-პატარა ცოდვები კი ყველას აქვსო.


ამგვარი მსჯელობა ხომ დამღუპველია, მთა როგორც დიდი ქვებისგან, ასევე კენჭებისგან ხომ შედგება, ღვთის წინაშე უმნიშვნელო ცოდვა არ არსებობს, ყოველგვარი გარდახდომა უფლის მცნებისაგან შეურაცხყოფს მის სიდიადეს და გვაშორებს მას.


გავიხსენოთ წმიდა მამები როგორ ძრწოდნენ ღვთის წინაშე წარდგენისათვის, მაგალითად, მეფე დავით წინასწარმეტყველი, რომელიც წერდა: "უფალო, ნუ გულისწყრომითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე... არა არს მშვიდობაი ძვალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაისა, რამეთუ უსჯულოებანი აღემატნეს თავსა ჩემსა და ვითარცა ტვირთი მძიმედა მიმძიმდეს ჩემ ზედა" (ფს.37. 2.4.5).. ჩვენ კი როგორ უნდა გავკადნიერდეთ, გვაქვს რა იმხელა ღვაწლი მათი მსგავსი, სიყვარულისვთისადმი, შიში, სინანული, თავდადება?ამიტომ უნდა დავფიქრდეთ და გავიაზროდ ჩვენი ცოდვები.


ბოლოს მინდა ჩვენი პატრიარქის მონათხრობით დავასრულო: ერთი ადამიანი ტაძარში დადიოდა, აღმსარებელი იყო, მსახურება რომ დასრულდებოდა ეს ადამიანი არ მიდიოდა, რჩებოდა დიდხანს ტაძარში, ასე გრძელდებოდა დიდხანს, ერთხელაც მოძღვარი მივიდა ამ ადამიანთან და ჰკითხა: რაიმე ხომ არ უჭირდა, მან კი მზერა მაცხოვრის ხატისაკენ მიაპყრო და მიუგო: მე ვუყურებ უფალს, ის მიყურებს მე და ჩვენ ორნივე ერთად კარგად ვართო. უფალმა ინებოს, რომ ჩვენი გულები მუდამ გამთბარი ყოფილიყოს მისდამი სიყვარულით.



ბეჭდვა
1კ1