საუბარი არქიმანდრიტ კლეოპასთან (ილიე)
საუბარი არქიმანდრიტ კლეოპასთან (ილიე)
-რას ეტყვით მონასტრების მომლოცველ მორწმუნეებს?
-იცით, მორწმუნეები მონასტრებში ჩვენს გამო კი არ მოდიან, არამედ იმიტომ, რომ გულწრფელად სწამთ, რომ აქ მონასტრებში დიდი რწმენა ტრიალებს და მონაზვნების ცხოვრებაც უკეთესია. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ღმერთი მონასტრებს, ჩვენი, მონაზვნების გამო კი არ იცავს, რამეთუ ჩვენ ცოდვილები ვართ, არამედ, იგი მათ ქრისტესმოყვარე მორწმუნეების გამო იფარავს. რუმინელები ბაჯაღლო ხალხია! ერში ჩვენზე უკეთესი მორწმუნეები არიან!

ამიტომაც უდიდეს ვალად გვაწევს-საცთურად არ ვექცეთ მათ რწმენას და მათთთვის მსხვერპლად გავიღოთ საკუთარი თავი. წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს: "ნუვინ თავისასა ხოლო ეძიებნ" (1 კორ. 10,24), სხვაგან კი წერს: " ყოველთა ვექმენ ყოვლად, რაჲთა ყოველნი ვაცხოვნნე" (1კორ.9,22). ხოლო წმინდა ეფრემ ასური ამბობს: "შენგან დავარდნილი ყოველი ნატეხი, დაე მოყვასის სასიკეთოდ გადაიდოს".

მორწმუნეები თავიანთი სულებისთვის სარგებელს იღებენ, მონასტრების ღვთისმსახურებიდან, გალობიდან, მამათა რჩევებიდან, აღსარებიდან, კურთხევიდან, ლოცვიდან, სიკეთეს ვიღებთ ჩვენც მათი წმინდა რწმენიდან, სიყვარულიდან, გულწრფელობიდან, მოთმინებიდან, თავდაბლობიდან და მორჩილებიდან.

ასეთია ჩვენი მონასტრები-ღია ყველასთვის, განსაკუთრებით სოფლებიდან და ქალაქებიდან მოსული კეთილი ქრისტიანებისთვის. თვით განდეგილებიც კი, რომლებიც ტყეებსა და მღვიმეებში იმალებიან, თავიანთ კელიებში იღებდნენ მორწმუნეებს, დაარიგებდნენ და ლოცულობდნენ მათთვის და ჩვენი კეთილი ქრისტიანების პურის ნატეხი მათდამდეც აღწევდა.

- როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს მონაზვნებს ერისკაცებთან

-უპირველეს ყოვლისა ისინი არ უნდა ავაფორიაქოთ ჩვენი საქმეებითა და სიტყვებით. მისმინე რას ამბობს წმინდა ისააკ ასური: "მონაზონი რომელიც ერისკაცებს აცთუნებს, საუკუნოდ ვერ იხილავს ნათელს!"ხოლო წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ბრძანებს: "თუ დაინახავ ერისკაცებს შორის მოხდენილ სასწაულებს, მაშინ იცოდე, რომ არა შენს გამო, არამედ მათი სარწმუნოების გამო აღესრულა ეს სასწაული".

შემდეგ, უნდა გავუმასპინძლდეთ მათ და დიდი სიყვარული და მოწყალება ვუჩვენოთ, ისინი ხომ შორიდან მოდიან და ბევრი სიმძიმე აწევთ სულზე; ზოგიერთი მათგანი სნეულია, სხვას კი ბევრი ბავშვი ჰყავს.

მერე კი მათთვის რწმენით უნდა ვილოცოთ და არა ზერელედ. შემდეგ ქრისტიანული რჩევები უნდა მივცეთ და ვუთხრათ სანუგეშო სიტყვები. როგორც ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი: "ისე ძლიერ არაფერი სჭირდება მორწმუნეს, როგორც სანუგეშო სიტყვები".

-რამდენად კარგია, ერისკაცს აღსარების სათქმელად თუ მივიღებთ?

-აბა როგორ! აღსარება უნდა ვათქმევინოთ, რჩევა მივცეთ, ვაკურთხოთ, სულიერად დავეხმაროთ და როგორებიც მოვიდნენ მონასტერში, უკან იმნაირები არ გავუშვათ. რამდენი იშრომეს წმინდა ანგელოზებმა ისინი მონასტერში რომ მოეყვანათ, და ჩვენ კი მათ ზურგი უნდა შევაქციოთ? მერე კი მაგიდასთან დავისვათ, რომ ჩვენგან მშივრები არ წავიდნენ. ისინიც ხომ ჩვენ აქეთ გვაპურებენ ხოლმე. აი რას ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი: "ვინმე ზეციური ანგელოზებით ბრძენი, რომ იყოს, ანდა წმინდა ვითარცა წმინდა იოანე ნათლისმცემელი, მაგრამ სულიერი მრჩეველი არა ჰყავს, მას ცხონება არ ძალუძს". უდიდესი ნიჭია-მოძღვრობის მადლი! ანუგეშე, მიუტევე ცოდვები ადამიანებს, დაადე მას მაკურნებელი ეპიტიმია და მიეცი სულის მაცხონებელი რჩევები. თუკი შენ მხოლოდ ერთ სულს შეიძენ, მაშინ ის მთელ სამყაროზე უძვირფასესია!

-როდესმე თუ მოგსურვებიათ დასაყუდებლად ათონის წმინდა მთაზე წასულიყავით?

-მე ეს ახალგაზრდობაში მინდოდა, მითუმეტეს, რომ იქ ბიძაჩემი მელოდებოდა სქემმღვდელმონაზონი ვარლაამი (ვინტუ). მაგრამ არ მსურდა იქ საკუთარი ნებითა და კურთხევის გარეშე წავსულიყავი, რათა არ შემეცოდა ღვთის წინაშე და მერე სინდისს არ დავეტანჯე, რადგან საკუთარ ნებას მივყევი. მონასტრის წინამძღვარი, მოძღვარი და მიტროპოლიტი არასდროს არ მომცემდნენ ათონზე წასვლის ნებას. 1977 წლის შემოდგომაზე ათონის წმინდა მთა მოვილოცე.. გულისთქმამ დამიყოლია, მისი მაღალსამღვდელოებისთვის, ჩვენი მიტროპოლიტისთვის მეთხოვა, რომ ჩემთვის ათონზე დასახლების კურთხევა მოეცა. როცა არქიმანდრიტ იუსტინე (პოპოვიჩი) სერბს ვკითხე, რა იქნებოდა კარგი, ათონზე წავსულიყავი თუ სამშობლოში დავრჩენილიყავი, მან ასე მიპასუხა:

-თუ ათონზე წახვალ, ამით მთაწმინდის თაიგულს კიდევ ერთ ყვავილს შემატებ და მხოლოდ შენი სიწმინდისთვის ილოცებ. ხოლო თუ შენ სამშობლოში დარჩები და მორწმუნეებს შეხვდები, მრავალ მათგანს ასწავლი ცხონების გზას, უქადაგებ ქრისტეს, გამოზრდი მოწაფეებს, მაშინ თავადაც ცხონდები და სხვებსაც აცხონებ. ხოლო თუ ჩვენ მყუდროებისთვის განვმარტოვდებით, ვინ ასწავლის მათ ქრისტეს ნებას და დამოძღვრის ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ რწმენაში, განსაკუთრებით ახლა როცა გარშემო ურწმუნოება და სექტები გამრავლდა!

მამა იუსტინეს (პოპოვიჩი) ამ სიტყვებმა დამამშვიდა და ყოველთვის უარს ვეუბნებოდი ათონზე წასვლის გულისთქმას. მე ჩავთვალე, რომ მისი ბაგეებით თვით სული წმიდა მესაუბრებოდა.

ბეჭდვა
1კ1